თბილისი, 8 მარტი — Sputnik. თბილისში სილამაზის კონკურსის „მის და მისტერ თბილისი 2016“-ის შესარჩევი ტური გაიმართება, აცნობეს Sputnik-ს კონკურსის ორგანიზატორ სამოდელო სააგენტო Best Models-ში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება 16-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შუეძლიათ, რომლებმაც შესაბამისი კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ: გოგონების სიმაღლე — 1,70 მ-დან ზემოთ, ვაჟების — 1,80 მ-დან ზემოთ.
„ჩვენ იმ ახალგაზრდებს ვეძებთ, რომლებიც შეძლებენ ღირსეულად და საინტერესოდ წარმოაჩინონ საკუთარი თავი. რადგან ეს სილამაზის კონკურსია, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა იმ პარამეტრების მქონე ახალგაზრდებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ ჩვენ მოთხოვნებს“, — განაცხადა პროექტის ორგანიზატორმა კახა ხაბეიშვილმა.
შესარჩევი ტური, რომლის შედეგად 20–20 კონკურსანტი გოგონა და ვაჟი გამოვლინდება, 28 მარტს ჩატარდება. კონკურსის ფინალი კი აპრილის ბოლოს გაიმართება.
„მის თბილისი 2016“-ის გამარჯვებული გარდამავალ ოქროს გვირგვინთან ერთად საჩუქრად ავტომობილსაც მიიღებს. „მისტერ თბილისი 2016“-ის გამარჯვებულის პრიზი კი ფინალის ბოლოს გახდება ცნობილი.
კონკურსზე გამოვლინდება საუკეთესო ათეული (5 ვიცე-მისი და 5 ვიცე-მისტერი), ასევე შეარჩევენ გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში: ფიტნესი, ფოტოგენურობა, ტელეგენურობა, ინტერნეტი, შარმი, სექსუალობა, სპორტი, ექსტრავაგანტულობა, არტისტულობა და სხვა.
საქართველოში სამოდელო სააგენტო Best Models-ის ორგანიზებით სილამაზის კონკურსი მეოთხე წელია ტარდება.