ნუ ეძებთ განსხვავებას, ეძებეთ ქალი...

© FB/Natia Gogolashviliგოგონა სარკეში
გოგონა სარკეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
იყო ქალი – პატრიარქალურ საზოგადოებაში უკვე გამოწვევაა, და რას ნიშნავს იყო ქალი განსხვავებული ფიზიკური შესაძლებლობებით?! ეს პატარა გზავნილი ადამიანისგან, რომელიც თავად უმკლავდება უამრავ გამოწვევას, იმედია, კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს ამ თემაზე...

ნათია გოგოლაშვილი

როცა ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში საქართველოს მთავრობამ 3 მარტი დედის დღედ გამოაცხადა, რატომღაც გვეგონა, რომ ეროვნული დღესასწაულებით ადვილად შევძლებდით კალენდარში იმ  წითლად შეფერადებული დღეების გადაფარვას, რომლებიც ცნობიერში მაინც საბჭოთა ეპოქას უკავშირდებოდა. 

ალბათ ამის გამო იყო, რაღაც პერიოდი ჩვენში 8 მარტის აღნიშვნამ არაოფიციალური ხასიათი შეიძინა. მალევე მივხვდით, რომ ქალისთვის მხოლოდ დედობის ფუნქციის აღნიშვნის „ფუფნება“, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მსგავსად, არც ჩვენ გვაქვს. თუ მეოცე საუკუნის დასაწყისში ქალი მხოლოდ სამუშაო საათების შემცირებასა თუ საარჩევნო ხმის უფლებას ითხოვდა, დღეს იგი ეპოქის შესაბამის მოთხოვნებს აყენებს და უფრო თავდაჯერებულად ითხოვს თანაბარი პირობების შექმნას.

ამ თარიღის წარმოშობის შესახებ ცოტა ხნის წინ მსოფლიო აზრი ორად გაიყო. ერთნი ფიქრობენ, რომ ამ დღის არსებობა ამერიკელი მუშა ქალების პროტესტს უკავშირდება: 1857 წლის 8 მარტს ნიუ-იორკის ქუჩებში გამოსული ქსოვილების ფაბრიკის მუშა ქალები 12-საათიან სამუშაო დღეს, მცირე ხელფასსა და მზარდ სამუშაო დატვირთვას აპროტესტებდნენ. პოლიციამ დემონსტრაცია დაარბია. იყო მსხვერპლიც. ორმოცდაათი წლის შემდეგ კი ეს თარიღი ქალთა საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ლას-ვეგასის უნივესიტეტის პროფესორი და გენდერული საკითხების მკვლევარი კაპლანი ფრანგ კოლეგებზე დაყრდობით აცხადებს, რომ ეს უბრალოდ ლეგენდაა და ამის შესახებ მსოფლიომ მხოლოდ 1955 წელს  შეიტყო. პროფესორის აზრით, ეს ლეგენდა თვითონ ევროპელმა სოციალისტებმა შექმნეს. სინამდვილეში აშშ-ში ქალის (მხოლობითში) დღე მხოლოდ მაშინ აღნიშნეს, როცა ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ ქალთა კომიტეტი შექმნა და მას დღესასწაულის აღნიშვნა ოფიციალურად დაავალა.

ევროპაში ამ დღესასწაულის დასაბამად კლარა ცეტკინის პოლიტიკური ცხოვრების დაწყება მიიჩნევა. ცეტკინი გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო. მოგვიანებით ის კომუნისტურ პარტიას შეუერთდა. გერმანული გაზეთი „თანასწორობის“ (რომლის რედაქტორიც თავად გახლდათ) ფურცლებიდან იგი აქტიურად ლობირებდა პროლეტარიატის ინტერესებს. გაზეთს ლაიტმოტივად გასდევდა ჩაგრული პროლეტარიატისა და კიდევ უფრო ჩაგრული ქალთა "ტანჯული“ ხატი. კლარას ინიციატივით ევროპაში ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა 1911 წლიდან დაიწყო.

პირადად ჩემთვის კი ეს დღე, მრავალი წლის გასვლის მიუხედავად, მაინც ჩემ მერხზე დატოვებული იის პატარა კონასთან ასოცირდება. ალბათ იმიტომ, რომ მაშინ ნაკლებად ვფიქრობდი იმ დაბრკოლებებზე, რომელთა გადალახვაც სწორედ სქესის გამო მომიწევდა და თანაც ორმაგად. ორმაგად იმიტომ, რომ სქესს სტატუსი – შეზღუდული შესაძლებლობა ემატებოდა. დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში ყოველი მეათე ქალი სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება და ეს მთლიანად განსაზღვრავს პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებას. ცრურწმენები, ინფორმაციის დეფიციტი და არახელსაყრელი ფიზიკური გარემო ასეთ ქალებს უმეტესწილად ცხოვრების მიღმა ტოვებს. 

დღემდე ჩვენში არ ასებობს არანაირი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მათთვის თანაბარი პირობების შექმნას შეუწყობს ხელს. საერთაშორისო ხელშეკრულებით აღებული ვალებულებები კი ჯერ ისევ მხოლოდ ქაღალდზე რჩება…

ამ საკითხზე საუბარი შორს წაგვიყვანს და ამიტომ დღესასწაულსა და აქტუალურ საკითხეებს შორის პროპორციების გადანაწილება თქვენთვის მოგვინდია.

რაც შეეხება 8 მარტს, წლების წინ გაეროს ქალთა ფონდის მრჩეველმა გენდერულ საკითხებში აღნიშნა, რომ ამ თარიღს დიდი ხანია ჩამოსცილდა საბჭოური კონტექსტი და მას მხოლოდ ამ საკითხის ადვოკატირებისთვის და ამ თემაზე პედალირებისთვის იყენებენ. 

ალბათ ასე იქნება წელსაც, მაგრამ გარწმუნებთ — პროტესტის ნებისმიერ გამოვლენას სიყვარულით მოძღვნილი პატარა თაიგული ხელს სულაც არ შეუშლის.

 

ყველა ახალი ამბავი
0