გიორგი კვირიკაშვილი და დავით ნარმანია

ახალი"ძველი თბილისი" ანუ განახლებული აღმაშენებლის გამზირი

364
(განახლებულია 18:42 05.02.2016)
პროექტ „ახალი ტფილისის“ თანახმად, აღმაშენებლის პროსპექტის მონაკვეთზე ახალი საზოგადოებრივ-რეკრეაციული ზონები, ტურისტული მარშრუტები, მოედნები და გალერეები გაჩნდება.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. თბილისი ისტორიულ უბანში ნაწილობრივ აღდგება „გერმანული ბაღები“, რომლებიც XIX საუკუნეში 100 ჰექტარზე იყო გადაჭიმული. ამის შესახებ ქალაქის მერიის პროექტის, „ახალი ტფილისის“ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი. 

თბილისის მერია მასშტაბურ პროექტს — „ახალ ტფილისს“ იწყებს: საქართველოს დედაქალაქის ცენტრში, დავით აღმაშენებლის გამზირზე ახალი საზოგადოებრივ-რეკრეაციული ზონები, ტურისტული მარშრუტები, მოედნები და გალერეები გაჩნდება. ამ ტერიტორიაზე 1817 წელს გერმანელი კოლონისტები დასახლდნენ, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ ადგილის განვითარებაში, მათ შორის, ბაღების გაშენებაში. 

„ჩვენი კონცეფცია ამ პარკების მაქსიმალურად აღდგენას ითვალისწინებს. დედაქალაქის ცენტრში შესაძლებელია გაშენდეს რამდენიმე ათეული ჰექტარი ბაღი, რაც მწვანე გარემოს, ქალაქის ბუნებრივ გარემოს გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. ამას გარდა, პროექტის ფარგლებში შემუშავებულია პროექტი „ეკო-ბილიკები“, რომლებიც ამ ბაღებს დააკავშირებს, — განაცხადა პროექტის თანაავტორმა „ახალი ტფილისის“ პრეზენტაციაზე. 

ამას გარდა, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 47 სახლი, რომელთა ძირითადი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული, სრულად რესტავრირდება. პროექტის პირველ ეტაპზე, აღმაშენებლის გამზირიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე და მშრალი ხიდიდან გუდიაშვილამდე, სახლებისა და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მოხდება. მთავრობა სარემონტო სამუშაოების დასრულებას 2016 წელს გეგმავს.

დავით აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქცია
დავით აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქცია
 

„პროექტი წელს დასრულდება. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს. თბილისისთვის, თბილისში მცხოვრებლებისთვის ეს იქნება სრულიად ახალი სივრცე, შექმნის ძალიან პოზიტიურ განწყობას იმისას, რომ პროექტები ამ  სულისკვეთებით გაგრძელდება. ყველა შენობაზე განთავსდება კალენდარი, რომელზეც სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადები აისახება“, — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

პროექტი ითვალისწინებს კომუნიკაციების სრულად გამოცვლას, ინფრასტრუქტურის მოწყობას, საფეხმავლო ბილიკებისა და სამანქანე გზის რეაბილიტაციას, განათების ახალი სისტემის დადგმას. ამასთან, სამუშაოების დასრულების შემდეგ ტერიტორია სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. 

„აღმაშენებლის გამზირის ერთ ნაწილში დაგეგმილია, რომ საფეხმავლო გახდეს. ეს საბოლოოდ გადაწყდება მას შემდეგ, რაც მარშრუტები გადალაგდება ალტერნატიულ ქუჩებზე… დაგეგმილი გვაქვს, რომ ერთი ნაწილი ფოსტის შენობიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე, იყოს საფეხმავლო, სადაც განთავსდება ღია კაფეები“, — განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

დავით აღმასენებლის გამზირის რეკონსტრუქციის პროექტის პრეზენტაცია
დავით აღმასენებლის გამზირის რეკონსტრუქციის პროექტის პრეზენტაცია
 

პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქის ეკონომიკური აქტიურობა გაიზრდება და კიდევ უფრო მეტი ტურისტი გაჩნდება. 

„პროექტის მიზანია, რომ ქალაქი ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი და ეკონომიკურად აქტიური გახდეს. ამ არეალის ისტორიული სახე სრულად იქნება შენარჩუნებული… დაგეგმილია აღმაშენებელზე ფეხით სასიარულო ნაწილის მოწყობა, რომელიც მასშტაბით უფრო დიდი იქნება, ვიდრე შარდენის ქუჩაა“, — თქვა თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ბაიდარაშვილმა. 

პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება 21 მლნ ლარია, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი გაიღებს. 

 

364