ქართულმა სასამართლომ ანასტასია გონჩაროვა კახა ბენდუქიძის შვილად აღიარა

© photo: Sputnik / David Khizanishvili / გადასვლა მედიაბანკშიკახა ბენდუქიძე
კახა ბენდუქიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანასტასია გონჩაროვამ განაცხადა, რომ მოიგო ბრძოლა და ქართულმა სასამართლომ ის კახა ბენდუქიძის შვილად აღიარა.

თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. ქართულმა სასამართლომ ანასტასია გონჩაროვა ქართული ეკონომიკური რეფორმების ავტორის კახა ბენდუქიძის შვილად აღიარა.

 იმის თაობაზე, რომ ბენდუქიძეს ქალიშვილი ჰყავს, ცნობილი მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ, 2014 წელს გახდა. გონჩაროვა ბენდუქიძის დაკრძალვაზე მივიდა და ოფიციალურად განაცხადა, რომ ბენდუქიძის შვილია. მან განმარტა, რომ ამ ფაქტს, თავისი დედის ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, მრავალი წლის მანძილზე მხარეები ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე არ ააშკარავებდნენ.

 გონჩაროვამ ასევე განაცხადა, რომ ბენდუქიძის მეუღლეს რომ ის მაშინვე ეღიარებინა, ყველაფერი შემდგომი სასამართლო გარჩევის გარეშე ჩაივლიდა.

 „განსაკუთრებით რთული ჩემთვის 2015 წელი იყო. 2015 წელი ჩემთვის შეიძლება ორი სიტყვით დახასიათდეს —„ბრძოლით“ და „მეგობრებით“. ბრძოლა უსამართლობისა და ამორალობის, სიჩლუნგისა და სიცრუის წინააღმდეგ. ბრძოლა მამაჩემის მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის. ბრძოლა იმის აღიარებისთვის, რომ ასეთი ვარ. გუშინ ამ ბრძოლაში გავიმარჯვე — ქართულმა სასამართლომ, ბოლოს და ბოლოს, კახა ბენდუქიძის შვილად მაღიარა“, — წერს ანასტასია გონჩაროვა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კახა ბენდუქიძე - Sputnik საქართველო
კახა ბენდუქიძის ქალიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო

 ანასტასია გონჩაროვა დედის გვარს ატარებს. ის 1990 წლის 1 ნოემბერს დაიბადა. 2013 წელს ლონდონში სამეფო კოლეჯი დაამთავრა. 2015 წლის ივლისში გონჩაროვამ საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე განცხადება შეიტანა.

 კახა ბენდუქიძე 2014 წლის 13 ნოემბერს ლონდონში გარდაიცვალა. ექსპერტიზის მონაცემებით, 58 წლის მეწარმის გარდაცვალების მიზეზი გადატანილი ოპერაციის შემდეგ გულის უკმარისობა გახდა.


ყველა ახალი ამბავი
0