პოეტი ალექსანდრე მეჟიროვი

საქართველოს მოყვარე და აზარტის მესაიდუმლე

42

 ვახტანგ კობაიძე

 თითქმის სამი ათეული წელი გავიდა ჩემი და გასული საუკუნის  ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო რუსი პოეტის, ვაჟა-ფშაველას პრემიის ლაურეატის, ალექსანდრე მეჟიროვის ბოლო შეხვედრიდან. დღემდე არასდროს მიფიქრია მასზე რამე დამეწერა, თუმცა, მისი ქალიშვილის, ზოია მეჟიროვას ინტერვიუმ გამახსენა ეს დიდებული პიროვნება. 

 ჩემს სამაგიდო წიგნებში ალექსანდრე მეჟიროვის 1985 წელს გამოცემული  კრებული „Закрытый поворот“ („ჩახერგილი მოსახვევი“) დევს. ეს წიგნი ჩემთვის იმითაც არის ძვირფასი, რომ ავტორისეული წარწერა ამშვენებს: „Вахтангу, на память о закритом повороте бытия, сердечно А. Межиров. 15.3.87. Переделкино“ (ავტოგრაფის სტილი დაცულია).

 1987 წელს, მარტში, მოსკოვში, ცნობილ ჟურნალისტ არმაზ სანებლიძესთან ერთად, საკავშირო კონფერენციაზე ვიმყოფებოდი. ვისარგებლე შემთხვევით და დავურეკე. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატობა მივულოცე. მეორე დღეს აგარაკზე, პერედელკინოში ვესტუმრე, თან ჩვენი მოსკოველი ოპერატორი, ვალერი შევცოვი გავიყოლე. გულღიად შეგვხვდა, კარმიდამო დაგვათვალიერებინა, მერე შინ შეგვიძღვა. მიუხედავად მარტის თვისა, თოვლი ჯერ ისევ იდო. ჩაი აადუღა, ტკბილეული და არაყი გამოიტანა. ჩვენც „ენისელი“, ჩურჩხელები და სხვა ქართული ნუგბარები შევმატეთ სუფრას. სტუმრობა საღამომდე გაგვიგრძელდა.

 ვალერი შევცოვი სინქრონულდ იღებდა ჩვენს საუბარს. საკმაოდ ხანგრძლივი მონოლოგი ჩავიწერეთ, თან სამახსოვრო ფოტოებიც გადავიღეთ. ბილიარდში მასტერ კლასიც ჩაგვიტარა. კარგ პოეტობასთან ერთად, ალექსანდრე მეჟიროვი  ბანქოს და ბილიარდის თავგადაკლული მოთამაშე იყო. თავის ლექსებშიც ხომ მოთამაშის როლი ლამის წინასწარმეტყველის დონემდე აჰყავს. მთელი არსებით იცავდა „ბილიარდისტის“ და „კარტოჟნიკის“ რეპუტაციას. 

 სიამოვნებით იხსენებდა საქართველოში გატარებულ დღეებს, თავის მეგობარ პოეტებს, იმ ადამიანებს, ვისთანაც უწევდა შეხვედრა. თითქმის ყოველ წელს ჩამოდიოდა თბილისში. შემოვლილი ჰქონდა დარიალის ხეობიდან ზღვისპირეთამდე ყველა კუთხე-კუნჭული. მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი თარგმანს უკავია. 40-იანი წლებიდან მოყოლებული ალექსანდრე მეჟიროვი იყო ქართული პოეზიის  ერთ-ერთი პროდუქტიული და საუკეთესო მთარგმნელი. მის პოეზიაში ჩნდება ქართული მოტივები. მთელი რიგი ლექსები უძღვნა საქართველოსა და ქართველ ხალხს. ახლო მეგობრობა აკავშირებდა გიორგი ლეონიძესთან, სიმონ ჩიქოვანთან, ირაკლი აბაშიძესთან, სხვა ქართველ პოეტებთან. 1984 წელს გამოსცა კრებული „теснина“  ქართველი პოეტების ლექსების თარგმანების ბრწყინვალე ნიმუშებით. ალექსანდრე მეჟიროვზე და მის პოეზიაზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, მე მხოლოდ ჩვენი შეხვედრის მცირე ეპიზოდი გავიხსენე.


42