ეუთოს შტაბ-ბინა

ეუთო: ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ქონების დაყადაღება გადაჭარბებულია

11
ქართული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაყადაღების გადაწყვეტილებამ შეიძლება საქართველოში მასმედიის პლურალიზმს შეუქმნას საფრთხე, განაცხადა ეუთოს წარმომადგენელმა მასმედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩმა.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ეუთოს წარმომადგენელმა მასმედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩმა კერძო ქართული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაყადაღების შესახებ გადაწყვეტილებას გადაჭარბებული და არაპროპორციული უწოდა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 აგვისტოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ქონების დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიის ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის წილის „უკანონოდ დათმობასთან“ დაკავშირებით, 5 აგვისტოს სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

 „სასამართლო აკრძალვამ, შესაძლოა, „რუსთავი 2“-ის თავისუფლად მუშაობაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს“, — აღნიშნულია სამშაბათს გავრცელებულ მიატოვიჩის განცხადებაში.  

„გადაწყვეტილება არაპროპორციული და გადაჭარბებულია და ამან, შესაძლოა, საქართველოში მასმედიის პლურალიზმს საფრთხე შეუქმნას“, — დასძინა ეუთოს წარმომადგენელმა.

2005 წელს ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს 100% წილს ფლობდა. 2005 წლის 26 დეკემბერს, ხალვაშმა 22% კომპანია „საქცემენტს“ გადასცა. ამ კომპანიის ერთპიროვნული მმართველი საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის გელა ბეჟუაშვილის მამა რობერტ ბეჟუაშვილიიყო. 2006 წელს ხალვაშმა დარჩენილი 78% კომპანია „ჯეო-ტრანს“-ს გადასცა, რომელიც ბიზნესმენ ბიძინა ნიჟარაძეს ეკუთვნოდა. 

 ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის აქციებმა არა ერთი მფლობელი გამოიცვალა. ამჟამად ტელეკომპანიის აქციებს ფლობენ: გიორგი გეგეშიძე —10%, ლევან ყარამანაშვილი — 50% და გიორგი ყარამანაშვილი — 40%.



11