ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი: კარბელაშვილი ცნობილი ნარკომანი და კრიმინალია

14
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, დეპუტატთან მიმართებით მსგავსი სიტყვების წარმოთქმა არ უნდოდა, თუმცა, იქვე დასძინა, რომ კარბელაშვილმა ეს „დაიმსახურა“.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატს გიორგი კარბელაშვილს „ცნობილი ნარკომანი და კრიმინალი“ უწოდა.

გუშინ საღამოს, სოფ. ოსიაურთან საპატრულო პოლიციამ დეპუტატ კარბელაშვილის ავტომობილი საგზაო წესების დარღვევის გამო გააჩერა. საჭესთან თავად კარბელაშვილი იჯდა, რომელიც, შსს-ს ინფორმაციით, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დეპუტატთან მანქანაში კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდა. სამართალდამცავებთან შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცავებმა კარბელაშვილის დაჯარიმება გადაწყვიტეს. შემთხვევა საპატრულო მანქანის ვიდეორეგისტრატორმა და პატრულის სამკერდე კამერამ გადაიღო, რომელიც შსს-მ მოგვიანებით გაასაჯაროვა..

„ეს არის პროვოკაცია, რომელიც დაგეგმა კარბელაშვილმა. საზოგადოებამ ნახა კადრები, როგორ შეურაცხყოფს საქართველოს პოლიციას ადამიანი, რომელიც არის ცნობილი ნარკომანი, კრიმინალი და თავზეხელაღებული, წლების განმავლობაში სააკაშვილის მონა“, — განაცხადა პრემიერმა ორშაბათს, 10 აგვისტოს ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, დეპუტატთან მიმართებით მსგავსი სიტყვების წარმოთქმა არ უნდოდა, თუმცა, იქვე დასძინა, რომ კარბელაშვილმა ეს „დაიმსახურა“.

პოლიციელმა საკუთარი ღირსება და მუნდირი დაიცვა, გარდა ამისა, არც ერთი ადამიანი, რა მდგომარეობაც არ უნდა ეკავოს მას საზოგადოებაში, დაუსჯელი არ დარჩება, დასძინა პრემიერმა.

ამჟამად გიორგი კარბელაშვილი თავისუფალია, რადგანაც დეპუტატის იმუნიტეტი იცავს. საქართველოს პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის შესახებ პარლამენტისთვის განცხადებით მიმართვას აპირებს.

მომხდარ ფაქტზე საქმე სსკ-ის („პირთა ჯგუფის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მუქარა ან ძალადობა“) მუხლით არის აღძრული, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 


14