ყურძენი

მთავრობამ მევენახეების სუბსიდირების გადაწვეტილება მიიღო

4
ბოლო პერიოდში მეზობელ ქვეყნებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, რამაც საქართველოდან ღვინის ექსპორტის შემცირება გამოიწვია, მთავრობამ სახელმწიფოს მიერ სუბსიდიის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავრობა რთველის ორგანიზებულად ჩატარებისთვის მაქსიმუმს გააკეთებს. პროცესში როგორც მეწარმეების, ისე მევენახეების ინტერესებს გაითვალისწინებენ, განაცხადა ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე.

ბოლო პერიოდში მეზობელ ქვეყნებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, რამაც საქართველოდან ღვინის ექსპორტის შემცირება გამოიწვია, მთავრობამ სახელმწიფოს მიერ სუბსიდიის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო, იუწყება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში კრედიტები ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე კვლავ გაიცემა. შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ ფასებს ბაზარი არეგულრებს, სახელმწიფო ყურძნის ფასს არ განსაზღვრავს და ფასების რეგულაციაში არ ერევა.

შეხვედრაზე იმსჯელეს „რთველი-2015“-ის ორგანიზებულად ჩატარების ხელშეწყობაზე, ასევე დარგში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე. 

 „რთველი-2015“-ის ორგანიზებულად ჩატარებისთვის თელავში საკოორდინაციო შტაბი შეიქმნება. შტაბის ფუნქციონირება მეწარმეებთან და მევენახეებთან სამინისტროს წარმომადგენლების კოორდინაციასა და აქტიურ კომუნიკაციას შეუწყობსხელს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის და უკრაინის ბაზრებზე ექსპორტი შემცირდა, სწორი მარკეტინგული პოლიტიკის წყალობით, მთელ რიგ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება, განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა.

გაფართოებული ფორმატით ჩატარებულ შეხვედრას ესწრებოდნენ 60-მდე კომპანიის, ასევე ღვინის ინდუსტრიაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.


4