მერიამ კონკურსი „ჩვენი თბილისობა“ გამოაცხადა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„თბილისობისთვის“ ისეთი ღონისძიება უნდა მომზადდეს, რომელიც ხაზს გაუსვამს თბილისის არა მხოლოდ ისტორიულ და კულტურულ ფასეულობებს, არამედ მის როლსაც თანამედროვე სამყაროში.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერიამ დღესასწაულის საუკეთესო კონცეფციის გამოსავლენად კონკურსი „ჩვენი თბილისობა“ გამოაცხადა.

„კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს ან იურიდიულ პირს, ვისაც სურს ეს დღესასწაული უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდეს როგორც თბილისელებისთვის, ასევე, დედაქალაქის სტუმრებისთვის“, — ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში. 

როგორც მერიაში აღნიშნავენ, „ჩვენი თბილისობა“ საშუალებას აძლევს თითოეულ მოქალაქეს, საკუთარი მოსაზრებებითა და იდეებით აქტიურად ჩაერთოს და წვლილი შეიტანოს თბილისობის დღესასწაულის დაგეგმვაში

დღესასწაულის კონცეფცია უნდა ეხმიანებოდეს ქალაქის რეალურ გამოწვევებს და ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ხაზს გაუსვამს თბილისის ისტორიულ-კულტურულ მნიშვნელობას და ამასთან, წარმოაჩენს მის როლს თანამედროვე სამყაროში.

კონკურსანტებმა  ქართულ ენაზე შედგენილი პროექტი, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად, უნდა წარადგინონ თბილისის მერიის პირველ სართულზე (მის: შარტავას ქ.N7). პროექტების წარდგენა 2015 წლის 18 აგვისტოს 18:00 საათამდეა შესაძლებელი.

საკონკურსო კომისია, რომელსაც ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობს, მაქსიმუმ სამ საუკეთესო კონცეფციას გამოავლენს. 

„აღნიშნული კონცეფციები გახდება საჯარო და მოქალაქეებს შეეძლებათ ონლაინ ხმის მიცემის საფუძველზე განსაზღვრონ გამარჯვებულთა რიგითობა. იმ პროექტს, რომელიც მიიღებს ხმათა უმრავლესობას, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში,  დაემატება ხალხის ერთი ხმა“, — ნათქვამია განცხადებაში.

გამარჯვებული კონცეფციის ავტორი 14 000 ლარით, მეორე ადგილზე გასული — 9 000 ლარით, ხოლო მესამე ადგილზე გასული — 7 000 ლარით დაჯილდოვდება.

კონკურსის პირობებზე სრული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თბილისის მერიის ოფიციალურ საიტსა და "ფეისბუქის" გვერდზე. მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის ცხელი ხაზის ნომერია: 2 378 549.

 

ყველა ახალი ამბავი
0