საქართველოში ნაფიც მსაჯულთა შერჩევის წესი შეიძლება შეიცვალოს

© public domainსასამართლო, მართლმსაჯულება
სასამართლო, მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
არსებული კანონმდებლობით მოსმენის დაწყებამდე ტარდება მსაჯულთა შესარჩევი სხდომა. საქმის მთავარი მოსამართლე ამომრჩეველთა სიიდან ირჩევს 50 კაცს. ამ ადამიანებს ეგზავნებათ სპეციალური ანკეტა კითხვებით, რომელზეც წერილობით უნდა გასცენ პასუხი.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, „ქართული ოცნების“ წევრის გედევან ფოფხაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი შევიდა, რომელიც სასამართლო მოსმენების დაწყებამდე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის წესის შეცვლას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესაბამისი ცვლილებები დარეგისტრირდა პარლამენტის ბიუროზე, კომიტეტები მათ განხილვას 22 მაისს შეუდგებიან.

არსებული კანონმდებლობით, მოსმენის დაწყებამდე ტარდება მსაჯულთა შესარჩევი სხდომა – საქმის მთავარი მოსამართლე ამომრჩეველთა სიიდან ირჩევს 50 კაცს. ამ ადამიანებს ეგზავნებათ სპეციალური ანკეტა კითხვებით, რომელზეც წერილობით უნდა გასცენ პასუხი.

ფოფხაძის მიერ მომზადებული ცვლილების თანახმად, დაცვისა და ბრალდების მხარეებს უნდა მიეცეთ უფლება დამატებითი, დასაზუსტებელი კითხვები დაუსვან ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებს. პასუხები მიღებულ უნდა იქნას მოსამართლის მიერ დადგენილ „გონივრულ ვადაში“.

დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს დამატებით სიაში ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების რაოდენობის გაზრდას 30-დან 100 კაცამდე. დამატებითი სია აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ პირველი შერჩევის შემდეგ აცილებისა და თვითაცილების  შედეგად ნაფიცი მსაჯულობის 14 კანდიდატზე ნაკლები დარჩება —12 ძირითადი და 2 სათადარიგო.

ამასთან ნაფიცი მსაჯულის აცილების უფლებით ორივე მხარეს შეუძლია ისარგებლოს. 

იმ შემთხვევაში, თუ განსახილველი საქმის ბრალდება უვადო პატიმრობას ითვალისწინებს, ფოფხაძე აუცილებლად მიიჩნევს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა დაუსაბუთებული აცილების რაოდენობის შემცირებას ყოველი მხარისათვის 12-დან 10-მდე. დანარჩენ შემთხვევაში თითოეულ მხარეს აქვს მხოლოდ 6 დაუსაბუთებელი აცილების უფლება.

მხარეების თანხმობით დამტკიცებულ ნაფიც მსაჯულებს ეგზავნებათ წერილები პროცესის გამართვის დროისა და ადგილის მითითებით. საქმისაგან აცილების თაობაზე მოქალაქეს 2 დღის ვადაში ეცნობება. 

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში 2010 წელს შემოიღეს და მსჯავრდებულებს საკუთარი სურვილისამებრ შეუძლიათ ისარგებლონ სასამართლოს ამ ფორმით.

ყველა ახალი ამბავი
0