საქართველოს პრემიერი ლგბტ საზოგადოების აქციის მშვიდობიანად გამართვით კმაყოფილია

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
”LGBT საქართველო” მთავრობისგან ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების დროულად შესრულებას მოითხოვს, რაც 14 მოსარჩელისათვის 33,5 ათასი ევროს გადახდას გულისხმობს.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თბილისში ლგბტ–სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვასთან დაკავშირებულმა აქციებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

17 მაისს არასამთავრობო ორგანიზაცია ”LGBT საქართველოს” წევრებმა იუსტიციის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მთავრობისგან ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების დროულად  შესრულებას მოითხოვდნენ. 

2013 წელს ლგბტ-ის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული აქცია, რომელშიც მონაწილეობას რამდენიმე ათეული ადამიანი იღებდა, მოწინააღმდეგეებმა ჩაშალეს. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაპირისპირების შედეგად 28 ადამიანი დაშავდა,მათ შორის სამი პოლიციელი და ერთი ჟურნალისტი.

 ”ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ ღირსეული და გამორჩეული ერი და ჩვენთვის მთავარია ჩვენი ქვეყნის ინტერესები. დავამტკიცეთ, რომ ვართ ცივილიზებული სახელმწიფო და ნამდვილად გვსურს ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერება“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აქციაზე წესრიგის ორგანიზებისთვის შსს-ს მადლობა გადაუხადა. 

არასამთავრობო ორგანიზაცია ”იდენტობამ”, რომელიც ლგბტ საზოგადოების წარმომადგებლების უფლებებს იცავს, სტრასბურგის სასამართლოში 2013 წელს აქციაზე დაზარალებული მონაწილეების სახელით სარჩელი შეიტანა. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ  საქართველოს ხელისუფლებას 14 მოსარჩელისთვის სამი თვის განმავლობაში 33,5 ათასი ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა.

”ჩვენი აქციით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას მოვითხოვთ. ეს პასუხისმგებლობა იუსტიციის სამინისტროს აკისრია. ვიმედოვნებთ, რომ ამ ვალდებულებებს სახელმწიფო დროულად შეასრულებს”, — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

გასულ წელს საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღედ გამოაცხადა.

 

ყველა ახალი ამბავი
0