младенец, ребенок

ოპოზიცია აბორტებზე კონტროლის გაძლიერებას ითხოვს

0
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” საქართველოს ჯანდაცვის მინისტრისგან დედათა და ბავშვთა საკითხებში სპეციალური სამსახურის აღდგენას და ქვეყანაში უკანონო აბორტების პრევენციისთვის მკაცრ კონტროლს მოითხოვს.

თბილისი, 7 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” საქართველოს ჯანდაცვის მინისტრისგან დედათა და ბავშვთა საკითხებში სპეციალური სამსახურის აღდგენას და ქვეყანაში უკანონო აბორტების პრევენციისთვის მკაცრი კონტროლის განხორციელებას მოითხოვს. ამის შესახებ ხუთშაბათს ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარემ ინგა გრიგოლიამ განაცხადა.

ასეთი რეაგირება მოახდინა ”ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ” ჟურნალისტური გამოძიების შედეგებზე, რომელმაც გასულ კვირაში თბილისის კლინიკებში უკანონო აბორტების განმხორციელებელი ექიმები გამოავლინა.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აბორტის ჩატარება ორსულობის 12 კვირის შემდეგ დაუშვებელია, თუმცა, ჟურნალისტების მიერ გამოვლენილი ექიმები მაღალი საფასურის სანაცვლოდ აბორტებს ორსულობის მერვე თვეზეც კი აკეთებდნენ. ფაქტთან დაკავშირებით სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სპეციალური სამსახურის მიერ გამოძიება მიმდინარეობს.

”სამედიცინო სისტემაში სერიოზულ კრიმინალთან გვაქვს საქმე და სამინისტროსგან ამ ფაქტის სერიოზულ და ობიექტურ გამოძიებას მოვითხოვთ”, - აღნიშნა გრიგოლიამ.

მისი თქმით, იმ დროს, როდესაც ქვეყნის მთავრობა ”ამტკიცებს, რომ ჯანდაცვის სისტემაში წარმატებული რეფორმები ხორციელდება, მათ ცხვირწინ დიდი ხნის განმავლობაში კრიმინალური სისტემა მოქმედებდა”.

როგორც გრიგოლიამ განაცხადა, ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” მონაცემებით, ”საქართველოში აბორტების სავალალო მაჩვენებლებია, კერძოდ, პარტიის ინფორმაციით, ძალიან ხშირად კეთდება ადრეული აბორტები, ესე იგი, 19 წლამდე, რაც ქალთა უნაყოფობაზე პირდაპირ მოქმედებს”.

”დღეს საქართველოში ოფიციალურად 38 ათასი უშვილო წყვილია რეგისტრირებული. ოფიციალური მონაცემების თანახმად, დარეგისტრირებულია 20 ათასი აბორტი, თუმცა, არაოფიციალური დათვლებით ეს რიცხვი 100 ათასს აღწევს”, - განაცხადა ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელმა თამთა დემურიშვილმა და აღნიშნა, რომ დღესითვის საქართველოში მედიკოსები აბორტების საწინააღმდეგო აგიტაციას, ფაქტობრივად, არ ეწევიან. 

ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული დედათა და ბავშვთა სამსახური 2005 წელს გაუქმდა. ეს სამსახური სრულ კონტროლს ახორციელებდა სამშობიარო სახლებზე, ბავშვთა საავადმყოფოებზე, კლინიკებზე, ქალთა კონსულტაციებზე და სხვა დაწესებულებებზე.

0