ახალგაზრდული მოძრაობა ”7 ნოემბერი” საპროტესტო აქციებით იმუქრება

გამოწერა
ახალგაზრდული მოძრაობა ”7 ნოემბერი” საპროტესტო აქციებით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დედაქალაქში მცხოვრები მოხუცების და მიუსაფარი ადამიანების სოციალურ პრობლემებს არ გადაწყვეტს.

თბილისი, 21 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. ახალგაზრდული მოძრაობა ”7 ნოემბერი” საპროტესტო აქციებით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება დედაქალაქში მცხოვრები მოხუცების და მიუსაფარი ადამიანების სოციალურ პრობლემებს არ გადაწყვეტს, ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელიც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სამშაბათს საქართველოს პარლამენტის კანცელარიაში პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის სახელზე შეიტანეს.

”16 ივლისს საგანგებო პრესკონფერენციაზე ჩვენ თბილისში მცხოვრები მოხუცების და მიუსაფარი ადამიანების დაცვის შესახებ განვაცხადეთ. მაგრამ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამას ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ოფიციალური წერილით მივმართოთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს”, - განაცხადა სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე ”7 ნოემბრის” წარმომადგენელმა ირაკლი ბერაიამ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ ადამიანების დასახმარებლად ადეკვატურ ზომებს უნდა მიმართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე გახდება.

”საქართველოს ხელისუფლებამ მონიტორინგის ჯგუფი უნდა შექმნას, რომელიც, პირველ რიგში, შეისწავლის მოხუცების და მიუსაფრების მდგომარეობას და მათი უფლებების დასაცავად შესაბამის ზომებს მიიღებს”, - აღნიშნა ბერაიამ.

მისი თქმით, ახალგაზრდულმა მოძრაობამ მრავალი მასალა შეაგროვა, მათ შორის ფოტოები, რომლებიც მოხუცი და მიუსაფარი ადამიანების უმძიმეს ცხოვრებას ასახავს.

ბერაიამ აღნიშნა, რომ საკუთარ წერილზე პასუხს ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლები ათი დღის განმავლობაში დაელოდებიან, და თუ წერილზე რეაგირება არ იქნება, მოძრაობა პერმანენტულ საპროტესტო აქციებს დაიწყებს.

ყველა ახალი ამბავი
0