ჰოლივუდი თამარ მეფის შესახებ ფილმს გადაიღებს - მასმედია

გამოწერა
ჰოლივუდში ქართველი თამარ მეფის შესახებ ფილმის გადასაღებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, განაცხადა ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში ცოტნე ბაკურიამ.

თბილისი, 20 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. ჰოლივუდში ქართველი თამარ მეფის შესახებ ფილმის გადასაღებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, განაცხადა ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში ქართველმა კონსულტანტმა, ყოფილმა პოლიტიკოსმა, ამჟამად აშშ-ში მცხოვრებმა ცოტნე ბაკურიამ.

ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს, მისი თქმით, ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი ბრედ პიტი შეასრულებს. 

”პროექტში ჩართულია ძალიან გავლენიანი ადამიანების ჯგუფი და ქართველი მეფის შესახებ ფილმის გადაღებით ორი წამყვანი კინოკომპანია დაინტერესდა. უკვე გამოყოფილია რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი, თუმცა პროდიუსერები ფილმის ბიუჯეტის 100 მლნ დოლარამდე აპირებენ გაზრდას”, - აღნიშნა ბაკურიამ, რომელიც ჰოლივუდის მსახიობთა და რეჟისორთა წრეებთან დაახლოებული პირია.

ამერიკული კინოინდუსტრიის დაინტერესება თამარ მეფის მართვის პერიოდით ბაკურია ისლამთან ურთიერთობის თემის აქტუალობით და მმართველი ქალის ფენომენით ხსნით. 

”ფილმი მე-12 საუკუნის საქართველოს შესახებ იქნება, როდესაც მცირე მართლმადიდებელი სახელმწიფო მუსულმანური სამყაროს წინაშე თავისი სიმძლავრით ბრწყინავდა. თვითონ ამერიკაში ქალი პრეზიდენტი ჯერ არ აურჩევიათ, ჩვენ კი ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში მმართველად ქალი გვყავდა, რომელმაც გააუქმა სიკვდილით დასჯა, შემოიღო ადვოკატის ინსტიტუტი... ეს ამერიკელებზე ძალიან დიდ შთაბეჭდილება ახდენს”, - განაცხადა ბაკურიამ.

მისი თქმით, თამარის როლის შემსრულებელი ჯერ შერჩეული არ არის.


ყველა ახალი ამბავი
0