შრომითი მიგრანტები

რუსეთში უცხოელებს შესაძლოა დროებითი ცხოვრების უფლება ჩამოერთვათ

37
(განახლებულია 14:50 09.07.2021)
რუსეთში მიგრაციული პოლიტიკის რეფორმების მიზანი - ეს იმგვარი მიგრაციული სიტუაციის შექმნაა, რომელიც რუსეთის ინტერესებს უპასუხებს

თბილისი, 9 ივლისის — Sputnik. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში უცხოელების შესვლისა და ყოფნის წესებში შესატანი ცვლილებები მოამზადა, რომელიც დროებითი ცხოვრების უფლების გაუქმებას ითვალისწინებს, იუწყება РИА Новости.

სამინისტრო მიგრაციის სამი რეჟიმის დაწესებას მოითხოვს: ხანმოკლეს (ჯამურად არაუმეტეს 90 დღისა კალენდრული წლის განმავლობაში), ხანგრძლივს (ჯამურად 90 დღეზე მეტი კალენდრული წლის განმავლობაში — მუდმივად ცხოვრების უფლების მინიჭების გარეშე) და მუდმივს (უვადო).

ამასთან უფლების მქონე უცხოელებს მიეცემათ შესაძლებლობა, შეცვალონ ქვეყანაში ყოფნის მიზანი რუსეთის ტერიტორიიდან გაუსვლელად.

გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს არაკეთილსინდისიერი მიწვეული პირების (ფიზიკურიც და იურიდიულიც) რეესტრის შემოღებას.

უწყების წინადადებებს შორისაა შრომითი მიგრაციის რეგულირება ორი საინფორმაციო რესურსის დახმარებით: უცხოელი დასაქმებულების რეესტრისა და დამსაქმებლების ელექტრონული რეესტრით.

გასული წლის მარტში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიგრაციული კანონმდებლობის რეფორმირების კუთხით დავალებების ჩამონათვალი დაამტკიცა. გეგმის კორექტირება, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთობლივად, უნდა მოახდინონ: მთავრობამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა და იუსტიციის სამინისტრომ.

აღინიშნება, რომ მიგრაციული პოლიტიკის მიზანი — ეს იმგვარი მიგრაციული ვითარების ფორმირებაა, რომელიც რუსეთის ინტერესებს პასუხობს. რეფორმების აუცილებლობა იმით აიხსნება, რომ არსებული საიმიგრაციო წესები არასაკმარისად ნათელი და უნიფიცირებულია.

37
თემები:
რუსეთი დღეს (937)
დმიტრი პესკოვი

„ნატო ჩვენი საზღვრების ირგვლივ“ რუსეთი საქართველოში Agile Spirit–ის წვრთნებს აფასებს

24
(განახლებულია 17:16 29.07.2021)
რუსულმა მხარემ არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება საქართველო–ნატოს თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე.

 

თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. საქართველოში მიმდინარე ნატოს წვრთნები ოფიციალური მოსკოვის მხრიდან ძალიან სერიოზულ მონიტორინგს ექვემდებარება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა, იუწყება РИА Новости.

საქართველოში რიგით მეათე ნატოს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2021 („მტკიცე სული") 26 ივლისს დაიწყო და  6 აგვისტოს დასრულდება.  წვრთნებში მონაწილეობს  700 ამერიკელი, 1.600 ქართველი და სხვადასხვა ქვეყნის 250 სამხედრო მოსამსახურე.

„საქართველოში მიმდინარე სამხედრო წვრთნები კიდევ ერთი დასტურია, რომ ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ ჩვენი საზღვრების ირგვლივ არის, არამედ ჩვენს საზღვრებს ეხება. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, რუსეთის მხრიდან ძალიან სერიოზული მონიტორინგის საგანია“, – განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან.

წვრთნები Agile Spirit 2011 წლიდან ტარდება და იგი აშშ-თან და ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტია. 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო სწავლება არ ჩატარებულა.

რუსულმა მხარემ არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება საქართველო–ნატოს თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე. როგორც ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, მოსკოვი არ ეთანხმება ოფიციალური თბილისის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ წვრთნები მოწოდებულია ხელი შეუწყოს შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობას.


24
თემები:
რუსეთი დღეს (937)
ჩრდილოეთის ნაკადი-2

„გაჭიანურებული თამაში“ პოლიტოლოგის მოსაზრება რესპუბლიკელი სენატორების ულტიმატუმზე

15
(განახლებულია 19:52 29.07.2021)
რუსეთში მიაჩნიათ, რომ დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა პოზიციები გაცვალეს და ახლა დემოკრატებს უწევთ იმის მტკიცება, რომ კრემლის აგენტები არ არიან.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორები აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობებზე ორი კანდიდატურის დაბლოკვით იმუქრებიან, თუ თეთრი სახლი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს ახალ სანქციებს არ დაუწესებს, იუწყება სააგენტო Bloomberg-ი.

„გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ პირდაპირ ვნებს შეერთებული შტატების, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. დამთავრების შემთხვევაში ეს პროექტი გაზრდის ვლადიმირ პუტინის დამღუპველ გავლენას ევროპაზე, გამოიწვევს უკრაინის მყიფე უსაფრთხოების დესტაბილიზაციას და წაახალისებს რუსეთის შემდგომ აგრესიას“, — ნათქვამია წერილში, რომელიც უკვე გაეგზავნა ფინანსთა მინისტრ ჯანეტ იელენს.  

იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გაზსადენის მიმართ „პოზიციას არ შეცვლის და ახალ სანქციებს არ დაუწესებს პროექტს“, სენატორები იმუქრებიან, რომ ფინანსთა სამინისტროში ორი კანდიდატურის — ბრაიან ნელსონისა და ელიზაბეტ როზენბერგის ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნას ჩააგდებენ. 

გარდა ამისა, რესპუბლიკელები მოითხოვენ იმ სასანქციო შეღავათების გაუქმებასაც, რომლებიც ბაიდენის ადმინისტრაციამ გაზსადენის ოპერატორ კომპანია Nord Stream2 AG-ს დაუწესა. ამ უკანასკნელმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა 99%-ით არის დასრულებული.

ამასთან დაკავშირებით რადიო Sputnik-ის ეთერში მოსაზრება გამოთქვა რუსეთის თანამედროვე სახელმწიფოებრივი განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა, პოლიტოლოგმა დმიტრი სოლონნიკოვმა.

მისი თქმით, რუსული გაზსადენის მიმართ წინააღმდეგობა შიდაპოლიტიკური დაპირისპირების იარაღად იქცა.

„ეს გაჭიანურებული თამაშია. ჩვენ ვხედავთ, როგორ გაცვალეს ადგილები დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა: ახლა დემოკრატებმა უნდა დაიცვან საკუთარი პოზიცია, დაამტკიცონ, რომ ისინი „კრემლის აგენტები“ არ არიან, რაშიც ისინი მანამდე რესპუბლიკელებს ადანაშაულებდნენ. გამოდის, რომ ახლა თავად ისინი არიან „აგენტები“. ის ფაქტი კი, რომ შეერთებულ შტატებში სხვადასხვა პოზიციები არსებობს და მარტო პრეზიდენტი არ განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს, ისედაც ცნობილია. ამ პოზიციის ავტორები სხვადასხვა ნაბიჯებს გადადგამენ ზეწოლის მოსახდენად, და ეს შენარჩუნდება მანამ, სანამ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ საბოლოოდ არ დასრულდება და ამუშავდება. მაგრამ თამაში იმაში მდგომარეობს, რომ ის მალე ამუშავდება. ამიტომ ფინანსთა სამინისტროში კანდიდატურების დანიშვნას გააჭიანურებენ. ეს არის ბრძოლა გავლენისთვის შეერთებულ შტატებში“, — მიაჩნია სოლონნიკოვს.

მიმდინარე წლის 21 ივლისს შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ შეთანხმებას მიაღწიეს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან დაკავშირებით. მხარეებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც ბერლინი იტოვებს უფლებას, კვლავ მოითხოვოს სანქციების დაწესება რუსეთისთვის იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი ენერგორესურსებს სხვა ქვეყნებზე ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის იარაღად გამოიყენებს. საკუთარი სანქციების დაწესების უფლებას იტოვებს ვაშინგტონიც.

შეთანხმების კიდევ ერთი პირობის თანახმად, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამუშავების შემდეგ ბერლინმა უნდა მიაღწიოს უკრაინის გავლით ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანზიტის გაგრძელებას.

გარდა ამისა, აშშ და გერმანია თითო მილიარდ დოლარს ჩადებენ უკრაინაში განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაში, ხოლო ბერლინი მხარს დაუჭერს უკრაინის ინტეგრაციას ევროპულ ენერგოსისტემაში. ამ საკითხში ქვეყანას ტექნიკური მხარდაჭერა გაეწევა.

15
თემები:
რუსეთი დღეს (937)
დავით ზალკალიანი

როგორ პასუხს გასცემს ქართული ხელისუფლება დასავლეთის კრიტიკაზე: ზალკალიანის ხედვა

0
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შარლ მიშელის შეთანხმების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და ამას ადასტურებს საქართველოს საარჩევნო კოდექსი

თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. დასავლეთისთვის ცნობილია საქართველოს მმართველი პარტიის არგუმენტები შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით და ახლა ჩვენ ვაწარმოებთ დამატებით კონსულტაციებს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

გუშინ მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ანულირებულად  გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით 19 აპრილს ხელმოწერილი კომპრომისული შეთანხმება. ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია მკვეთრი კრიტიკა დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომლებმაც ხელისუფლების პროდასავლურ კურსში ეჭვი შეიტანეს.

„მინდა, გითხრათ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში როგორც ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები, საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლები „ქართული ოცნებიდან“, ისე პირადად მე ვარ მუდმივ კონტაქტზე ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, იგივე შარლ მიშელის კაბინეტთან, რათა მათ ჰქონდეთ მკაფიო წარმოდგენა, თუ რასთან გვაქვს საქმე და რატომ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ეს გადაწყვეტილება. ჩვენი არგუმენტები მათთვის ამ დღეების განმავლობაში უკვე ცნობილია და დამატებითი კომუნიკაციაც იქნება, რომ კიდევ უფრო საფუძვლიანად გავაანალიზოთ, თუ რა სიტუაციაში ვართ“, - განაცხადა ზალკალიანმა „პირველი არხის“ ეთერში.

მან აღნიშნა, რომ ქვეყნის კურსი რჩება პროდასავლური და ამ არჩევანს განსაზღვრავს ქართველი ხალხი და მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი.

ამავე დროს მინისტრმა აღნიშნა, რომ შარლ მიშელის შეთანხმების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და ამას ადასტურებს საქართველოს საარჩევნო კოდექსი, რომლის საფუძველზე 2 ოქტომბერს ჩატარდება ადგილობრივი არჩევნები.

„ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას უკვე აქვს ოფიციალური მოწვევა ადგილობრივ არჩევნებზე და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში, იქნება ეს OSCE/ODIHR (ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი - რედ.), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგიონალური ბიურო, თუ სხვა დიდი საერთაშორისო ორგანიზაცია. ასევე ორმხრივად ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, დააკვირდეს ამ არჩევნებს. უფრო მეტიც, არჩევნები რომ დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარდება, ამის გარანტია არის ის ახალი საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი იყო“, – განაცხადა ზალკალიანმა.

სიტუაციის შეფასების მიზნით საქართველოში უკვე იმყოფება ევროპარლამენტარების ჯგუფი. გარდა ამისა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ემზადება კონსულტაციების მორიგი რაუნდისთვის საქართველოს პოლიტიკურ სუბიექტებთან.

 

0