ვაქცინა „სპუტნიკ V“

რატომაა რუსული კოვიდ-ვაქცინა ეფექტური: რუსი ვირუსოლოგი განმარტავს

62
(განახლებულია 14:12 27.04.2021)
გამალეის სახელობის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ანატოლი ალტშტეინი საუბრობს, იცავს თუ არა ვაქცინა „სპუტნიკ V“ COVID-19-ის ბრიტანული შტამისგან, გადამდებია თუ არა ვაქცინირებული ადამიანი და რატომაა საჭირო პირბადის ტარება აცრის შემდეგაც.

ვირუსოლოგ ანატოლი ალტშტეინს მიაჩნია, რომ კორონავირუსი ამ დროისათვის უკვე დასუსტებულია, მაგრამ არც ისე მნიშვნელოვნად. უბრალოდ ადამიანები მიეჩვივნენ მის არსებობას, ხოლო მედიკოსებმა დაავადების მკურნალობა ისწავლეს. 2020 წლის მარტში კი, როდესაც ჯანმომ კორონავირუსის ეპიდემია პანდემიად გამოაცხადა, სურათი სულ სხვაგვარი იყო – დაავადებისგან ბევრი ადამიანი იღუპებოდა, განვითარებულ ქვეყნებშიც კი. ლეტალობა მაშინ დაახლოებით 10-15% იყო ევროპაში, სადაც მედიცინის მაღალი დონეა. თუმცა უკვე ორი თვის შემდეგ სიკვდილიანობის მაჩვენებელმა დაიკლო და ამ დროისათვის 2%-ს შეადგენს.

სააგენტო Sputnik-თან ინტერვიუში პროფესორმა ალტშტეინმა ისაუბრა, როგორ მოხდა ისე, რომ რუსმა მეცნიერებმა პირველებმა შექმნეს ვაქცინა.

„ჩემს კოლეგებს ძალიან დიდი წინასწარი გამოცდილება ჰქონდათ ამ სახის ვაქცინების შექმნაში. COVID-19-მდე რამდენიმე წლით ადრე მათ შექმნეს ვაქცინა Mers-ის (ახლოაღმოსავლური რესპირატორული სინდრომის კორონავირუსი) წინააღმდეგ. ეს ვაქცინა მაშინ ადენოვირუსული ვექტორის პლატფორმაზე შეიქმნა. ამასთან სწორად შეფასდა, რა ცილები და გენები უნდა ჩართულიყო ადენოვირუსში, რა დოზით, როგორ უნდა მომზადებულიყო ეს ადენოვირუსი, რათა ის ვაქცინად ქცეულიყო, რა დოზითა და რა თანმიმდევრულობით უნდა მომხდარიყო ვაქცინაცია. შედეგად – კარგი ვაქცინა გამოვიდა“, – განმარტა ალტშტეინმა.

მან აღნიშნა, რომ ძალიან დაეხმარნენ ჩინელები, რომლებსაც პირველებს შეეხო ეს ვირუსი. ჩინეთში საკმაოდ კარგადაა განვითარებული ვირუსოლოგია, მათ დაადგინეს დიაგნოსტიკის მეთოდები, პირველებმა გამოაქვეყნეს ვირუსის გენეტიკური თანმიმდევრობა და ეს მთელი მსოფლიოს მონაპოვარი გახდა.

ეს მონაცემები მიიღეს რუსმა ვირუსოლოგებმაც, რომლებიც მაშინვე ჩაერთვნენ ვაქცინის შექმნაში. 2020 წლის აგვისტოსთვის მათ უკვე ჩაატარეს კლინიკური კვლევების პირველი და მეორე ფაზა და დაარეგისტრირეს ვაქცინა.

„ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს მნიშვნელოვანი უპირატესობა სხვა ვაქცინებთან შედარებით ისაა, რომ მან კლინიკური კვლევების სამივე ფაზა გაიარა. განსაკუთრებით რთულია მესამე ფაზა. ამისათვის ათობით ათასი ადამიანია საჭირო და მასში აუცილებლად უნდა იყოს პლაცებოს ჯგუფი, ანუ ადამიანები, რომლებიც სხვა ვაქცინით ან „სატყუარათი“ იცრებიან. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება შედარდეს ვაქცინირებული ადამიანების შედეგები არავაქცინირებულებისას და ითქვას, არის თუ არა მოცემული პრეპარატი ეფექტური, ან რამდენად ეფექტურია ის“, – განმარტა ვირუსოლოგმა.

გამალეის ინსტიტუტის ვაქცინა იმდენად ეფექტური გამოდგა, რომ ებრძვის პრაქტიკულად ყველა შტამს, რომლებიც ახლა ვლინდება მსოფლიოში. ანატოლი ალტშტეინი დარწმუნებულია, რომ „სპუტნიკ V“ თრგუნავს სამხრეთაფრიკულ ვარიანტს, რომელზეც ახლა ბევრს საუბრობენ, ასევე ბრიტანულსაც.

ვირუსოლოგს მითად მიაჩნია იმის მტკიცება, რომ ცაკლეული რასები და ერები უფრო მეტად ან ნაკლებად ავადობენ კორონავირუსული ინფექციით, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებში დაავადება და ლეტალური შემთხვევების რაოდენობა ნამდვილად დაბალია. თუმცა ამასთან ბევრად ცუდადაა ვაქცინაციის საკითხი.

„განსხვავება არის ადამიანებს შორის, მაგრამ საკმაოდ ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, რომ რასები თუ ერები ნაკლებად ან მეტად ავადობენ, არ არსებობს“, – თქვა პროფესორმა.

ალტშტეინმა ასევე განმარტა, რატომაა საჭირო, რომ ვაქცინირებულებმა, რომლებსაც დიდი რაოდენობით ანტისხეულები გამოუმუშავდათ, მაინც ატარონ პირბადე. ამის მიზეზი ორია.

პირველი: ვაქცინაცია ახალი დაწყებულია და ადამიანების უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის აცრილი. ხოლო ვაქცინირებულები, რომლებსაც „რკინის გარანტია აქვთ, რომ მძიმედ არ დაავადდებიან და არ მოკვდებიან“, შესაძლოა ინფიცირებული იყვნენ და მათ არავაქცინირებულებისთვის ვირუსის გადადება შეუძლიათ. 

მეორე: ვაქცინირებულებისთვის ასეთი პრივილეგიის მიცემა კარგი არ არის, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ეპიდემიოლოგიურ ნორმებს აღარავინ დაიცავს, „ადამიანები არ გაიკეთებენ პირბადეს და დაიწყებენ მტკიცებას, რომ ვაქცინირებულები არიან“.

როგორც ანატოლი ალტშტეინი ამბობს, კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია, რომ ადამიანები აიცრნენ.

„მაკვირვებს ადამიანების შიში ნემსის მიმართ – ის ძალიან წვრილია, ვაქცინა კი გაღიზიანებას არ იწვევს, კოღოს ნაკბენს ჰგავს“, – აზუსტებს ვირუსოლოგი.

მისი თქმით, ვაქცინის გვერდითი ეფექტები ცნობილია: ტემპერატურამ შესაძლოა რამდენიმე საათის განმავლობაში აიწიოს. ამის შედარება კი იმ სარგებელთან და ეფექტთან, რომელიც ვაქცინას მოაქვს, უბრალოდ შეუძლებელია.

62
თემები:
რუსეთი დღეს (847)
„უკვდავი პოლკის“ ტრანსლაცია

სამ მილიონზე მეტი ანკეტა: „უკვდავი პოლკი“ ძალას იკრებს

22
(განახლებულია 22:53 05.05.2021)
კორონავირუსული პანდემიის გამო მასობრივი ღონისძიებები წელსაც მთელ მსოფლიოში კვლავ არასასურველად მიიჩნევა. ამიტომ მსვლელობა „უკვდავი პოლკი“ ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. პროექტი „უკვდავი პოლკი“ უკვე მეორე წელია ადასტურებს თავის პოპულარობას საზოგადოებაში: განაცხადების მიღება ორი კვირის წინ დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში შარშანდელ 2,5 მლნ ანკეტას კიდევ 800 ათასი დაემატა.

აქციას მხარი დაუჭირეს: ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი მსახიობის, სსრკ-ის სახალხო არისტის ვასილი ლანოვოის ქვრივმა, რუსეთის უკვდავი პოლკის ცენტრალური შტაბის თანათავმჯდომარემ, რუსეთის სახალხო არტისტმა ირინა კუპჩენკომ, რუსეთის სახალხო არტისტმა ოლეგ გაზმანოვმა, თეატრისა და კინოს მსახიობმა იგორ პეტრენკომ, მომღერალმა პოლინა გაგარინამ. 

გასულ წელს პოლკის ტრანსლაცია 20 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. წელს, პარტნიორების წყალობით, ტრანსლაციის ნაკადები რეგიონებზე დაიყოფა და თითოეული თავის ვეტერანს იმ ქალაქში დაინახავს, საიდანაც არის წარმოშობით. სწორედ ამიტომ ახალი განაცხადების მიღება 7 მაისამდე იქნება შესაძლებელი, რათა რეგიონული ნაკადების ფორმირება მოესწროს.

წელს უფრო დიდი ყურადღება ეთმობა კიბერუსაფრთხოების საკითხებს, ასევე მიღებული განაცხადების მოდერირებას. პოლკის კოლონებში სამხედრო დამნაშავეების მოხვედრის აღსაკვეთად 12 ათასი მოდერატორი მუშაობს, ესენი არიან რუსეთის უკვდავი პოლკის მოხალისეები, მოძრაობა „გამარჯვების მოხალისეებიდან“ და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან, ასევე „სბერბანკის“ ნეიროქსელი. ინფორმაციის დიდი მოცულობის გამო შემოწმებას შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს.

მოდერატორებმა უკვე აღკვეთეს უკვდავი პოლკის მწკრივში ნაცისტი დამნაშავეების ფოტოსურათების განთავსების მთელი რიგი პროვოკაციული მცდელობები. ამ მცდელობების უკან მდგომი ადამიანების შესახებ მონაცემები რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ წელს ძალაში შევიდა კანონი ნაციზმის რეაბილიტაციაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ, რასაც შეიძლება მიეკუთვნოს კიდეც ნაცისტი დამნაშავეების ფოტოების ონლაინ-მსვლელობაში ჩართვის მცდელობა.

ტრანსლაცია 9 მაისს, 15:00 საათზე დაიწყება, მისი ნახვა პროექტის საიტზე 2021.polkrf.ru არის შესაძლებელი. ასევე შესაძლებელია თვალის დევნება სოციალურ ქსელებში ВКонтакте და Одноклассники, ტელეარხებით და ასევე ონლაინ-კინოთეატრებზე ОККО, IVI.RU, MORE.TV და პლატფორმაზე Смотрим.ру.

აქცია „უკვდავი პოლკი“ პირველად ტომსკში გაიმართა. 2015 წელს „უკვდავი პოლკის“ მსვლელობაში რუსეთში დაახლოებით 12 მილიონმა კაცმა მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ ჩამოყალიბდა საერთო რუსული საზოგადოებრივი სამოქალაქო-პატრიოტული მოძრაობა „რუსეთის უკვდავი პოლკი“.

მოძრაობა „უკვდავი პოლკი“ - ეს არის იმის წარმოჩენის შესაძლებლობა, რომ გამარჯვებულების შთამომავლები არასდროს დაივიწყებენ წინაპრების გმირობას და დიდი გამარჯვების მნიშვნელობას. მარში ტრადიციულად 9 მაისს იმართება რუსეთში, ესტონეთში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და სხვა მრავალ სახელმწიფოში.

22
თემები:
მეორე მსოფლიო ომის ისტორია: ფაშიმზე გამარჯვება 2021
წიწიბურა

რუსეთის მთავრობამ ქვეყნიდან წიწიბურის გატანა დროებით აკრძალა

73
(განახლებულია 22:18 04.05.2021)
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო წიწიბურის ექსპორტს ქვეყნიდან ზღუდავს, რათა რუსულ ბაზარზე პროდუქციის საჭირო მოცულობა შენარჩუნდეს და ფასების მკვეთრი რყევა არ მოხდეს.

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. რუსეთის მთავრობის დადგენილებით, 5 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით ქვეყნიდან წიწიბურის გატანა დროებით იკრძალება. შესაბამისი დადგენილება სამართლებრივი ინფორმაციის ინტერნეტ-პორტალზე გამოქვეყნდა.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასულ კვირაში ქვეყნიდან წიწიბურის ექსპორტის დროებითი შეზღუდვის წინადადებით გამოვიდა. მიზეზად დასახელდა რუსეთის ბაზარზე პროდუქციის საჭირო მოცულობების შენარჩუნება და ფასების მკვეთრი რყევების თავიდან აცილება.

უწყებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთში მარცვლოვანი კულტურების წარმოების მიმდინარე მოცულობები მოსახლეობის მოთხოვნებს ძირითადი სახეობების ბურღულეულზე, მათ შორის წიწიბურაზე, სრულად უზრუნველყოფს. ამასთან, 2020 წლის ნოემბრიდან მსოფლიოში არსებული კონიუნქტურის ფონზე იმპორტიორ ქვეყნებში რუსული წიწიბურის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება.

თვითუზრუნველყოფის დონის შემდგომი ზრდის და სტაბილური ფასების შენარჩუნების მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2021 წელს ბურღულეული კულტურების ნათესების ფართობების ზრდას გეგმავს.

რუსეთში წიწიბურის ფასი წლის დასაწყისიდან იზრდება. უწყვეტი ზრდა მარტიდან ფიქსირდება. 19 აპრილის მდგომარეობით, 1 კგ წიწიბურა რუსეთში ღირდა 96 რუბლი, რაც დაახლოებით 4,4 ლარს უდრის.

საქართველოში 1 კგ წიწიბურის ფასი 3,5 ლარიდან იწყება.

73
თემები:
რუსეთი დღეს (847)
ნიკა მელია

როდის შეძლებს ნიკა მელია ციხის დატოვებას

0
(განახლებულია 19:26 08.05.2021)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად ევროკავშირის მიერ გადაცემული გირაოს თანხა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ  თბილისის საააღსრულებლო ბიუროს ანგარიშზე უკვე ჩარიცხა.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში  ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ნიკა მელიას სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვება დღესვე შეუძლია, განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა.

ოპოზიცირი პარტიის ლიდერი ნიკა მელია 2021 წლის 23 თებერვალს დააკავეს. 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. მანამდე, პროკურატურის მოთხოვნით, პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა, თუმცა ის კვლავ არის პარლამენტის წევრი.

ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად საჭირო გირაოს თანხა 40 000 ლარის ოდენობით  ევროკავშირმა გადაიხადა.

ევროპულმა ფონდმა  დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy) გირაოს თანხა გამოყო, ხოლო  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) კი აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა.

საიამ თბილისის საააღსრულებლო ბიუროს ანგარიშზე თანხა დაახლოებით 15:00 საათზე ჩარიცხა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, შესაძლოა, ეს თანხა ჯერ არ იყოს ანგარიშზე ასახული, მაგრამ არცაა აუცილებელი ანგარიშზე თანხის ასახვა.

„დადასტურებულია ევროკავშირის მხრიდანაც და ჩვენ მიერაც, რომ თანხა უკვე გაგზავნილია და გადარიცხულია. ამ პირობებში არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ პროკურატურა შუამდგომლობით წავიდეს სასამართლოში და სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით. შემდეგ, რა თქმა უნდა, ანგარიშზე თანხაც აისახება“, - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

მისივე განცხადებით, საია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მითითების მიხედვით მოქმედებდა. თავად ნიკა მელიასთან ორგანიზაციის წარმომადგენლებს ამ საკითზე კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ როგორც კი თანხის გადარიცხვის ოფიციალური დოკუმენტი ან თანხა აისახება ანგარიშზე, პროკურატურის წინადადება ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ძალაშია.

ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საქართველოს მთავრობამ და რამდენიმე ოპოზიციურმა ლიდერმა 19 აპრილს ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელმა შესთავაზა.

დოკუმენტის თანახმად, მელიამ ციხე ამნისტიის კანონის საფუძველზე უნდა დატოვოს, ასევე განიხილება მისი გათავისუფლება გირაოს საფუძველზე.

მიუხედავად გათავისუფლებაზე გარანტიისა, „ნაცმოძრაობა“ შეთანხმებაზე ხელმოწერასა და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს იმ დრომდე, ვიდრე მელია არ დატოვებს საპატიმროს.

2019 წლის 20-21 ივნისის „გავრილოვის ღამედ“ წოდებული პროტესტის შემდეგ აღძრული საქმეების ფიგურანტების ამნისტია ევროკავშირის შუამავლობით მხარეების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია.

საქართველოს პარლამენტში „მაისის არდადეგების“ შემდეგ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ორი ვარიანტი დარეგისტრირდება – ერთი უმრავლესობის, მეორე ოპოზიციის მიერ მომზადებული.

მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მიერ მომზადებული დოკუმენტების ვერსიები განსხვავდება ერთმანეთისგან – მხარეებს თავად ამნისტიის პროცესთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა აქვთ. ხელისუფლების სურვილია, რომ ამნისტია საქმის ყველა ფიგურანტს შეეხოს, მათ შორის პოლიციელებსაც და იმ შესაძლო პირებსაც, რომლებიც შეიძლება გამოძიებამ მოგვიანებით გამოავლინოს.

ოპოზიცია, პირველ რიგში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულთა და გასამართლებულთა ამნისტიისა და მათთვის ნასამართლობის მოხსნის წინადადებით გამოდის. ასეთ ბრალდებულთა შორის, რიგითი აქტივისტების გარდა, არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია.

გარდა ამისა, ოპოზიცია 20–21 ივნისის ღამეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ამჟამად ბრალდებული პოლიციელების ამნისტიაზეც თანახმაა, მაგრამ ამავდროულად იმ პირთა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების წინააღმდეგია, რომლებსაც პოლიტიკური თანამდებობები ეკავათ და მონაწილეობდნენ ბრძანებების გაცემაში.

0