ხედი მოსკოვზე

რუსეთი ღია ცის ხელშეკრულებიდან გასვლას მაისის ბოლომდე გეგმავს

29
(განახლებულია 13:54 27.04.2021)
რუსი დიპლომატის თქმით, იმის იმედი და მოლოდინი, რომ რუსეთი დათმობებზე წავა, არავის არ უნდა ჰქონდეს.

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. რუსეთი უახლოეს პერიოდში გავა ღია ცის ხელშეკრულებიდან, თუ ამჟამინდელი სტატუს-კვო შენარჩუნდება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კონსტანტინ გავრილოვმა ვენაში, სადაც ის სამხედრო უსაფრთხოებისა და შეიარაღების შესახებ მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

„სტატუს-კვოს შენარჩუნების შემთხვევაში ჩვენი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები შეთანხმებიდან რუსეთის მოსალოდნელი გასვლის თაობაზე 2021 წლის მაისის ბოლომდე დასრულდება“, — აღნიშნა გავრილოვმა.  

მისი თქმით, შესაბამისი კანონპროექტი რამდენიმე დღეში წარედგინება პრეზიდენტს, შემდეგ კი დუმასა და ფედერაციის საბჭოს გადაეცემა განსახილველად.  

დიპლომატს მიაჩნია, რომ ახლა „ყველაფერი ხელშეკრულების ჩაშლისკენ“ მიდის, თუმცა „რუსეთისგან ცალმხრივი დათმობების იმედი არავის არ უნდა ჰქონდეს“.

როგორც გავრილოვმა აღნიშნა, ქვეყნების ჯგუფი, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებიდან ვაშინგტონი გავიდა, მაინც ცდილობს, რუსეთს დააკისროს პასუხისმგებლობა „ღია ცის ხელშეკრულების გარშემო არსებული სავალალო მდგომარეობისთვის“.

დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ რუსული მხარე მზადაა, იმსჯელოს შექმნილ ვითარებაზე პარტნიორებთან, თუმცა პრაქტიკული განხილვები მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ვაშინგტონი „გასაგებად“ განაცხადებს, რომ ღია ცის ხელშეკრულებაში დაბრუნებას გეგმავს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ღია ცის ხელშეკრულება გასული წლის 22 ნოემბერს დატოვა, რის შემდეგაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 15 იანვარს გაავრცელა განცხადება ხელშეკრულებიდან ქვეყნის გასვლის თაობაზე.

29
თემები:
რუსეთი დღეს (847)
„უკვდავი პოლკის“ ტრანსლაცია

სამ მილიონზე მეტი ანკეტა: „უკვდავი პოლკი“ ძალას იკრებს

16
(განახლებულია 22:53 05.05.2021)
კორონავირუსული პანდემიის გამო მასობრივი ღონისძიებები წელსაც მთელ მსოფლიოში კვლავ არასასურველად მიიჩნევა. ამიტომ მსვლელობა „უკვდავი პოლკი“ ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. პროექტი „უკვდავი პოლკი“ უკვე მეორე წელია ადასტურებს თავის პოპულარობას საზოგადოებაში: განაცხადების მიღება ორი კვირის წინ დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში შარშანდელ 2,5 მლნ ანკეტას კიდევ 800 ათასი დაემატა.

აქციას მხარი დაუჭირეს: ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი მსახიობის, სსრკ-ის სახალხო არისტის ვასილი ლანოვოის ქვრივმა, რუსეთის უკვდავი პოლკის ცენტრალური შტაბის თანათავმჯდომარემ, რუსეთის სახალხო არტისტმა ირინა კუპჩენკომ, რუსეთის სახალხო არტისტმა ოლეგ გაზმანოვმა, თეატრისა და კინოს მსახიობმა იგორ პეტრენკომ, მომღერალმა პოლინა გაგარინამ. 

გასულ წელს პოლკის ტრანსლაცია 20 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. წელს, პარტნიორების წყალობით, ტრანსლაციის ნაკადები რეგიონებზე დაიყოფა და თითოეული თავის ვეტერანს იმ ქალაქში დაინახავს, საიდანაც არის წარმოშობით. სწორედ ამიტომ ახალი განაცხადების მიღება 7 მაისამდე იქნება შესაძლებელი, რათა რეგიონული ნაკადების ფორმირება მოესწროს.

წელს უფრო დიდი ყურადღება ეთმობა კიბერუსაფრთხოების საკითხებს, ასევე მიღებული განაცხადების მოდერირებას. პოლკის კოლონებში სამხედრო დამნაშავეების მოხვედრის აღსაკვეთად 12 ათასი მოდერატორი მუშაობს, ესენი არიან რუსეთის უკვდავი პოლკის მოხალისეები, მოძრაობა „გამარჯვების მოხალისეებიდან“ და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან, ასევე „სბერბანკის“ ნეიროქსელი. ინფორმაციის დიდი მოცულობის გამო შემოწმებას შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს.

მოდერატორებმა უკვე აღკვეთეს უკვდავი პოლკის მწკრივში ნაცისტი დამნაშავეების ფოტოსურათების განთავსების მთელი რიგი პროვოკაციული მცდელობები. ამ მცდელობების უკან მდგომი ადამიანების შესახებ მონაცემები რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ წელს ძალაში შევიდა კანონი ნაციზმის რეაბილიტაციაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ, რასაც შეიძლება მიეკუთვნოს კიდეც ნაცისტი დამნაშავეების ფოტოების ონლაინ-მსვლელობაში ჩართვის მცდელობა.

ტრანსლაცია 9 მაისს, 15:00 საათზე დაიწყება, მისი ნახვა პროექტის საიტზე 2021.polkrf.ru არის შესაძლებელი. ასევე შესაძლებელია თვალის დევნება სოციალურ ქსელებში ВКонтакте და Одноклассники, ტელეარხებით და ასევე ონლაინ-კინოთეატრებზე ОККО, IVI.RU, MORE.TV და პლატფორმაზე Смотрим.ру.

აქცია „უკვდავი პოლკი“ პირველად ტომსკში გაიმართა. 2015 წელს „უკვდავი პოლკის“ მსვლელობაში რუსეთში დაახლოებით 12 მილიონმა კაცმა მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ ჩამოყალიბდა საერთო რუსული საზოგადოებრივი სამოქალაქო-პატრიოტული მოძრაობა „რუსეთის უკვდავი პოლკი“.

მოძრაობა „უკვდავი პოლკი“ - ეს არის იმის წარმოჩენის შესაძლებლობა, რომ გამარჯვებულების შთამომავლები არასდროს დაივიწყებენ წინაპრების გმირობას და დიდი გამარჯვების მნიშვნელობას. მარში ტრადიციულად 9 მაისს იმართება რუსეთში, ესტონეთში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და სხვა მრავალ სახელმწიფოში.

16
თემები:
რუსეთი დღეს (847)
წიწიბურა

რუსეთის მთავრობამ ქვეყნიდან წიწიბურის გატანა დროებით აკრძალა

68
(განახლებულია 22:18 04.05.2021)
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო წიწიბურის ექსპორტს ქვეყნიდან ზღუდავს, რათა რუსულ ბაზარზე პროდუქციის საჭირო მოცულობა შენარჩუნდეს და ფასების მკვეთრი რყევა არ მოხდეს.

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. რუსეთის მთავრობის დადგენილებით, 5 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით ქვეყნიდან წიწიბურის გატანა დროებით იკრძალება. შესაბამისი დადგენილება სამართლებრივი ინფორმაციის ინტერნეტ-პორტალზე გამოქვეყნდა.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასულ კვირაში ქვეყნიდან წიწიბურის ექსპორტის დროებითი შეზღუდვის წინადადებით გამოვიდა. მიზეზად დასახელდა რუსეთის ბაზარზე პროდუქციის საჭირო მოცულობების შენარჩუნება და ფასების მკვეთრი რყევების თავიდან აცილება.

უწყებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთში მარცვლოვანი კულტურების წარმოების მიმდინარე მოცულობები მოსახლეობის მოთხოვნებს ძირითადი სახეობების ბურღულეულზე, მათ შორის წიწიბურაზე, სრულად უზრუნველყოფს. ამასთან, 2020 წლის ნოემბრიდან მსოფლიოში არსებული კონიუნქტურის ფონზე იმპორტიორ ქვეყნებში რუსული წიწიბურის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება.

თვითუზრუნველყოფის დონის შემდგომი ზრდის და სტაბილური ფასების შენარჩუნების მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2021 წელს ბურღულეული კულტურების ნათესების ფართობების ზრდას გეგმავს.

რუსეთში წიწიბურის ფასი წლის დასაწყისიდან იზრდება. უწყვეტი ზრდა მარტიდან ფიქსირდება. 19 აპრილის მდგომარეობით, 1 კგ წიწიბურა რუსეთში ღირდა 96 რუბლი, რაც დაახლოებით 4,4 ლარს უდრის.

საქართველოში 1 კგ წიწიბურის ფასი 3,5 ლარიდან იწყება.

68
თემები:
რუსეთი დღეს (847)
ვაქცინა Sinovac-ი

აშშ მხარს უჭერს: კოვიდვაქცინებზე პატენტები შესაძლოა დროებით გაუქმდეს

0
(განახლებულია 20:06 06.05.2021)
პატენტებზე უარის თქმა საშუალებას აძლევს ნებისმიერ ფარმაკომპანიას, აწარმოოს ნებისმიერი კოვიდვაქცინის ზუსტი ასლი ისე, რომ სასამართლო დავების შიში არ ჰქონდეს

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. აშშ−ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, დროებით შეჩერდეს COVID−19−ის ვაქცინებზე საპატენტო უფლებები, იუწყება CNBC აშშ−ის სავაჭრო წარმომადგენელ კეტრინ ტაისა და უშუალოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებებზე დაყრდნობით.  

მანამდე კოვიდვაქცინების საპატენტო უფლებების დროებით გაუქმების აუცილებლობაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) და ასევე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ვმო) განაცხადეს. ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა მაღალი შეფასება მისცა ჯო ბაიდენის ადინისტრაციის მხარდაჭერას ინტელექტუალურ საკუთრებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით აშშ თავის ლიდერობას ადასტურებს ჯანდაცვის გლობალური პრობლემების გადაჭრაში.

ვმო−ს ლიდერებმა მოუწოდეს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს, კვირის ბოლომდე აცნობონ ვაქცინებზე ინტელექტუალური საკუთრების წესების დროებით შესუსტებაზე შეთანხმების დეტალები. მათი თქმით, სამხრეთ აფრიკისა და ინდოეთის მიერ შეთავაზებული ინიციატივა საპატენტო დაცვაზე უარის თქმის შესახებ, დაეხმარება განვითარებად ქვეყნებს, გაზარდონ ვაქცინების წარმოება.

როგორც აშშ−ის სავაჭრო წარმომადგენელი კეტრინ ტაი აცხადებს, „COVID−19−ის პანდემიასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა საგანგებო ზომებს მოითხოვს.

 „ადმინისტრაციას მტკიცედ სჯერა, რომ ინტელექტუალური საკუთრება დაცული უნდა იყოს. მაგრამ იმისათვის, რომ ამ პანდემიას ბოლო მოეღოს, მხარს ვუჭერთ COVID-19−ის ვაქცინებზე ამ დაცვის გაუქმებას“, — განაცხადა ტაიმ.

როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში არსებულმა ანონიმმა წყარომ განაცხადა, ვმო−ში აღნიშნული საკითხის განხილვას გარკვეული დრო დასჭირდება. გამომდინარე იქიდან, რომ ორგანიზაცია გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე იღებს, მისი წევრი 164−ვე ქვეყნის თანხმობა იქნება საჭირო.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც კოვიდვაქცინებზე პატენეტების დროებით გაუქმებას აშშ−ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც დაუჭირა მხარი, ვაქცინების მწარმოებელი მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების, მათ შორის — Moderna−ს, BioNTech−სა და Pfizer−ის აქციები მკვეთრად დაეცა.

თეორიულად პატენტებზე უარის თქმა, საშუალებას აძლევს ნებისმიერ ფარმაკომპანიას, აწარმოოს ნებისმიერი კოვიდვაქცინის ზუსტი ასლი ისე, რომ სასამართლო დავების შიში არ ჰქონდეს ინტელექტუალური საკუთრების დარღვევის გამო.

0
თემები:
საერთაშორისო პანორამა