YouTube-ის ოფისი ლოს-ანჯელესში

„როსკომნადზორი“: YouTube რუსული მედიის მუდმივ ცენზურას ეწევა

22
უწყების მონაცემებით, 2020 წელს YouTube-მა ცხრაჯერ შეზღუდა რუსული მედიის აკაუნტებზე წვდომა და სამჯერ - მათ მასალებზე, ხოლო 2021 წლის ოთხ თვეში დაიბლოკა რუსული მედიის სამი აკაუნტი და ხუთი მასალა

თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. „როსკომნადზორი“ აფიქსირებს რეგულარულ ცენზურას YouTube-ს ადმინისტრაციის მხრიდან რუსული მედიის აკაუნტებში განთავსებული კონტენტის მიმართ, იუწყება Interfax.ru უწყებაზე დაყრდნობით.

„როსკომნადზორში“ განაცხადეს, რომ 2020 წლის დასაწყისიდან მათ ვიდეოჰოსტინგის ადმინისტრაციას 29 წერილი გაუგზავნეს და რუსული მედიის წინააღმდეგ შეზღუდვების მოხსნა მოსთხოვეს (აქედან შვიდი წერილი განმეორებით გაიგზავნა), მათი უმრავლესობა უპასუხოდ დარჩა.

„ფილმები, რომლებიც რუსულ ფედერალურ არხებზე გადის და ასაკობრივ შეზღუდვას არ შეიცავს, YouTube-ს ადმინისტრაციის თვალსაზრისით, ხელმისაწვდომი მხოლოდ სრულწლოვანი მაყურებლისთვის უნდა იყოს. ბევრი ვიდეორგოლის ტრანსლირება ხდება მხოლოდ ვიდეოჰოსტინგზე ავტორიზაციის შემდეგ ან დამატებითი თანხმობის შემდეგ მოზრდილთათვის კონტენტის საყურებლად“, - განაცხადეს „როსკომნადზორში“.

უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ YouTube-ს მხრიდან იბლოკება ვიდეორგოლები, რომლებიც „მაყურებელს დასავლეთში მიღებულისგან განსხვავებულ პოზიციას აწვდის“.

„ვიდეორგოლები, რომლებიც მოგვითხრობს სიმართლეს ფაშიზმზე გამარჯვებაში რუსეთის მიერ შეტანილ ისტორიულ წვლილზე, ბესლანში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების შესახებ, გამოგონილი საბაბით იბლოკება. რუსეთის პრეზიდენტის მიმართვის ბლოკირებას НТВ-ს ოფიციალურ აკაუნტში YouTube-მა უნებლიე შეცდომა უწოდა“, - განაცხადეს უწყებაში.

„როსკომნადზორის“ მონაცემებით, 2020 წელს YouTube-მა ცხრაჯერ შეზღუდა რუსული მედიის აკაუნტებზე წვდომა და სამჯერ - მათ მასალებზე, ხოლო 2021 წლის ოთხ თვეში დაიბლოკა რუსული მედიის სამი აკაუნტი და ხუთი მასალა. მათ შორის შეზღუდვები შეეხო НТВ, „როსია 24“, ТВЦ, Russia Today და Sputnik-ის ოფიციალურ აკაუნტებს.

„YouTube-მა ასევე შეზღუდა ვიდეორგოლები, რომლებიც შეიცავდა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ჰიმნს და თავისი მოქმედებები ახსნა საავტორო უფლებების დარღვევით, რომელიც თითქოს უცხოურ მფლობელს ეკუთვნის“, - განაცხადეს „როსკომნადზორში“.

გარდა ამისა, „როსკომნადზორი“ აცხადებს, რომ YouTube-ს არ წაუშლია თითქმის 6 ათასი მასალა, რომელიც შეიცავს ბავშვთა პორნოგრაფიას, ექსტრემისტულ მოწოდებებს, პრონარკოტიკულ და სუიციდალურ კონტენტს და სხვა სოციალურად საშიშ ინფორმაციას 71 ათასი მასალიდან, რომელიც უწყებამ 2012 წლიდან გამოავლინა.

22
„უკვდავი პოლკის“ ტრანსლაცია

სამ მილიონზე მეტი ანკეტა: „უკვდავი პოლკი“ ძალას იკრებს

16
(განახლებულია 22:53 05.05.2021)
კორონავირუსული პანდემიის გამო მასობრივი ღონისძიებები წელსაც მთელ მსოფლიოში კვლავ არასასურველად მიიჩნევა. ამიტომ მსვლელობა „უკვდავი პოლკი“ ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. პროექტი „უკვდავი პოლკი“ უკვე მეორე წელია ადასტურებს თავის პოპულარობას საზოგადოებაში: განაცხადების მიღება ორი კვირის წინ დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში შარშანდელ 2,5 მლნ ანკეტას კიდევ 800 ათასი დაემატა.

აქციას მხარი დაუჭირეს: ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი მსახიობის, სსრკ-ის სახალხო არისტის ვასილი ლანოვოის ქვრივმა, რუსეთის უკვდავი პოლკის ცენტრალური შტაბის თანათავმჯდომარემ, რუსეთის სახალხო არტისტმა ირინა კუპჩენკომ, რუსეთის სახალხო არტისტმა ოლეგ გაზმანოვმა, თეატრისა და კინოს მსახიობმა იგორ პეტრენკომ, მომღერალმა პოლინა გაგარინამ. 

გასულ წელს პოლკის ტრანსლაცია 20 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. წელს, პარტნიორების წყალობით, ტრანსლაციის ნაკადები რეგიონებზე დაიყოფა და თითოეული თავის ვეტერანს იმ ქალაქში დაინახავს, საიდანაც არის წარმოშობით. სწორედ ამიტომ ახალი განაცხადების მიღება 7 მაისამდე იქნება შესაძლებელი, რათა რეგიონული ნაკადების ფორმირება მოესწროს.

წელს უფრო დიდი ყურადღება ეთმობა კიბერუსაფრთხოების საკითხებს, ასევე მიღებული განაცხადების მოდერირებას. პოლკის კოლონებში სამხედრო დამნაშავეების მოხვედრის აღსაკვეთად 12 ათასი მოდერატორი მუშაობს, ესენი არიან რუსეთის უკვდავი პოლკის მოხალისეები, მოძრაობა „გამარჯვების მოხალისეებიდან“ და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან, ასევე „სბერბანკის“ ნეიროქსელი. ინფორმაციის დიდი მოცულობის გამო შემოწმებას შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს.

მოდერატორებმა უკვე აღკვეთეს უკვდავი პოლკის მწკრივში ნაცისტი დამნაშავეების ფოტოსურათების განთავსების მთელი რიგი პროვოკაციული მცდელობები. ამ მცდელობების უკან მდგომი ადამიანების შესახებ მონაცემები რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ წელს ძალაში შევიდა კანონი ნაციზმის რეაბილიტაციაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ, რასაც შეიძლება მიეკუთვნოს კიდეც ნაცისტი დამნაშავეების ფოტოების ონლაინ-მსვლელობაში ჩართვის მცდელობა.

ტრანსლაცია 9 მაისს, 15:00 საათზე დაიწყება, მისი ნახვა პროექტის საიტზე 2021.polkrf.ru არის შესაძლებელი. ასევე შესაძლებელია თვალის დევნება სოციალურ ქსელებში ВКонтакте და Одноклассники, ტელეარხებით და ასევე ონლაინ-კინოთეატრებზე ОККО, IVI.RU, MORE.TV და პლატფორმაზე Смотрим.ру.

აქცია „უკვდავი პოლკი“ პირველად ტომსკში გაიმართა. 2015 წელს „უკვდავი პოლკის“ მსვლელობაში რუსეთში დაახლოებით 12 მილიონმა კაცმა მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ ჩამოყალიბდა საერთო რუსული საზოგადოებრივი სამოქალაქო-პატრიოტული მოძრაობა „რუსეთის უკვდავი პოლკი“.

მოძრაობა „უკვდავი პოლკი“ - ეს არის იმის წარმოჩენის შესაძლებლობა, რომ გამარჯვებულების შთამომავლები არასდროს დაივიწყებენ წინაპრების გმირობას და დიდი გამარჯვების მნიშვნელობას. მარში ტრადიციულად 9 მაისს იმართება რუსეთში, ესტონეთში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და სხვა მრავალ სახელმწიფოში.

16
თემები:
რუსეთი დღეს
წიწიბურა

რუსეთის მთავრობამ ქვეყნიდან წიწიბურის გატანა დროებით აკრძალა

67
(განახლებულია 22:18 04.05.2021)
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო წიწიბურის ექსპორტს ქვეყნიდან ზღუდავს, რათა რუსულ ბაზარზე პროდუქციის საჭირო მოცულობა შენარჩუნდეს და ფასების მკვეთრი რყევა არ მოხდეს.

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. რუსეთის მთავრობის დადგენილებით, 5 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით ქვეყნიდან წიწიბურის გატანა დროებით იკრძალება. შესაბამისი დადგენილება სამართლებრივი ინფორმაციის ინტერნეტ-პორტალზე გამოქვეყნდა.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასულ კვირაში ქვეყნიდან წიწიბურის ექსპორტის დროებითი შეზღუდვის წინადადებით გამოვიდა. მიზეზად დასახელდა რუსეთის ბაზარზე პროდუქციის საჭირო მოცულობების შენარჩუნება და ფასების მკვეთრი რყევების თავიდან აცილება.

უწყებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთში მარცვლოვანი კულტურების წარმოების მიმდინარე მოცულობები მოსახლეობის მოთხოვნებს ძირითადი სახეობების ბურღულეულზე, მათ შორის წიწიბურაზე, სრულად უზრუნველყოფს. ამასთან, 2020 წლის ნოემბრიდან მსოფლიოში არსებული კონიუნქტურის ფონზე იმპორტიორ ქვეყნებში რუსული წიწიბურის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება.

თვითუზრუნველყოფის დონის შემდგომი ზრდის და სტაბილური ფასების შენარჩუნების მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2021 წელს ბურღულეული კულტურების ნათესების ფართობების ზრდას გეგმავს.

რუსეთში წიწიბურის ფასი წლის დასაწყისიდან იზრდება. უწყვეტი ზრდა მარტიდან ფიქსირდება. 19 აპრილის მდგომარეობით, 1 კგ წიწიბურა რუსეთში ღირდა 96 რუბლი, რაც დაახლოებით 4,4 ლარს უდრის.

საქართველოში 1 კგ წიწიბურის ფასი 3,5 ლარიდან იწყება.

67
თემები:
რუსეთი დღეს
ეკატერინე ტიკარაძე

იგეგმება მედიის წარმომადგენლების მასობრივი ვაქცინაცია: ტიკარაძე დეტალებს საიდუმლოდ ინახავს

0
(განახლებულია 18:52 06.05.2021)
მინისტრის თქმით, მედიის წარმომადგენლები განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ და ვაქცინის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ვაქცინაციის პროცესში ახლო მომავალში მედიის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ ეთერში.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პრეპარატ AstraZeneca-თი მედპერსონალიდან დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, მედიის წარმომადგენლებს ექნებათ განსაკუთრებული პირობები, მათ შორის ვაქცინის შერჩევის შესაძლებლობაც.

„მედიასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმა, ამას ცოტა ხნით საიდუმლოდ შევინახავ და შემდეგ კვირაში დავაანონსებთ, თუ რა მიდგომა იქნება“, — აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, მედიაკომპანიებისგან ვაქცინაციასთან დაკავშირებით სიებს გამოითხოვენ.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. 25 მარტიდან კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.

იმ პირთა წრე, რომლებიც კორონავირუსზე უნდა აიცრან, კიდევ უფრო გაფართოვდა და უკვე არსებულს, პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ასევე ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში დასაქმებული ადამიანები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები დაემატნენ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში უკვე აცრილია 51.600 პირი, სრულად ვაქცინირებულია 7.873 ადამიანი.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები