კორონავირუსის ვაქცინა

ევროკავშირი „სპუტნიკ V-ს“ შესახებ სამეცნიერო დასკვნას მოამზადებს

36
სამეცნიერო კონსულტაციების შედეგების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია, თუმცა თავად რეგულატორის მიერ სამეცნიერო დასკვნის მომზადების ფაქტი სააგენტოს საიტზე აიტვირთება

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. სამკურნალო საშუალებების ევროპული სააგენტო (ЕМА) ახალ კონსულტაციებს აწარმოებს კორონავირუსის რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V–ს“ მწარმოებელთან, იუწყება РИА Новости ევროპულ სააგენტოზე დაყრდნობით.

აღინიშნება, რომ შეხვედრაზე განიხილებოდა საკითხი ვაქცინის ევროკავშირის ბაზარზე დაშვების თაობაზე.

„გუშინ ვაქცინის შემქმნელთან შეხვედრა შედგა, რათა განგვეხილა გეგმა, შესაძლო ვარიანტები ევროკავშირში დასაშვებად და EMA–სთან შემდგომი თანამშრომლობა“, — განაცხადეს ევროპული სააგენტოს პრესსამსახურში.

როგორც EMA–ში ამბობენ, შეხვედრაზე წარდგენილი იქნა განაცხადი ევროპელი რეგულატორისგან ვაქცინაზე სამეცნიერო დასკვნის მიღების თაობაზე, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება ევროკავშირის ბაზარზე გასვლის ნებართვის  მიღების პროცედურის დაწყება.

სააგენტოში განმარტეს, რომ სამეცნიერო კონსულტაციების პროცესი ყველა კომპანიისთვისაა ხელმისაწვდომი მათი პროგრამების (წამლების, ვაქცინების) მომზადების გასამარტივებლად.

EMA–ს წარმომადგენლის თქმით, კომპანიების სამეცნიერო კონსულტაციების შედეგების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია, თუმცა თავად რეგულატორის მიერ სამეცნიერო დასკვნის მომზადების ფაქტი სააგენტოს საიტზე გამოქვეყნდება.

მსოფლიოში პირველი ანტიკორონავირუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ რუსეთში 2020 წლის აგვისტოში დარეგისტრირდა. პრეპარატი გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის სამეცნიერო კვლევით ცენტრში შეიქმნა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელშეწყობით.

სპეციალისტები ვაქცინის უმნიშვნელოვანეს უპირატესობად ასახელებენ მის უსაფრთხოებას, ეფექტურობასა და ხანგრძლივი ნეგატიური შედეგების არარსებობას. რუსეთში „სპუტნიკ V–თ“ მასობრივი ვაქცინაცია 2020 წლის დეკემბერში დაიწყო. ამ დროისათვის პრეპარატი უკვე დარეგისტრირებულია არგენტინაში, ბელარუსში, პალესტინაში, სერბეთში, ბოლივიასა და ალჟირში.

 

36
თემები:
რუსეთი დღეს (765)

COVID-19 უკან იხევს: დსთ-ის ქვეყნებში ინფიცირების რიცხვი იკლებს

7
(განახლებულია 21:23 02.03.2021)
კორონავირუსი უკან იხევს, ამან უკვე სტაბილური სახე მიიღო, განაცხადეს „როსპოტრებნადზორში“. COVID-19-თან ბრძოლაში წარმატება მოიტანა ტესტირებამ, სოციალურმა დისტანციამ და ვაქცინაციამ.

შესაძლებელია თუ არა კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავება აცრის გარეშე? როდის დაარეგისტრირებენ რუსული პრეპარატი „სპუტნიკ V“-ს მსუბუქ ფორმას? გაქრება თუ არა ჩვენი ცხოვრებიდან COVID-19 სამუდამოდ? – იხილეთ ვიდეო.

7
დმიტრი პესკოვი

უწესებს თუ არა აშშ რუსეთს ახალ სანქციებს? პესკოვის კომენტარი

15
(განახლებულია 21:14 02.03.2021)
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის თქმით, ქვეყნის ხელისუფლებას არ სურს დაეყრდნოს მასმედიით გავრცელებულ ინფორმაციებს.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. კრემლში ჯერჯერობით არ კეთდება კომენტარი აშშ-ის მიერ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების თაობაზე, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეერთებული შტატები რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით 2 მარტს გეგმავდა.

„ალბათ უადგილოა კომენტარი ახალი სანქციებისა თუ რაიმე შეზღუდვების დაწესებაზე, რომლებიც ჯერ არ შემოღებულა. ჩვენ არ გვსურს დავეყრდნოთ მედიასაშუალებების ანონსებს იმასთან დაკავშირებით, თუ როდის და რა რესტრიქციები დაწესდება“, — განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.  

მოსკოვის სასამართლომ 2 თებერვალს გააუქმა ალექსეი ნავალნის მიმართ პირობითი სასჯელი „ივ როშეს“ საქმეზე და 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა საერთო რეჟიმის კოლონიაში გამოსაცდელი ვადის არაერთხელ დარღვევისთვის. მოსკოვის საქალაქო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია ნავალნისთვის პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლა. მას კოლონიაში დაახლოებით 2,5 წლის გატარება მოუწევს.

რუსეთმა არაერთხელ უარყო, რომ ნავალნის დევნას პოლიტიკური ხასიათი აქვს, რაც, სააგენტო РИА Новости-ს ცნობით, ასევე დაადასტურა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც. თუმცა მან რუსეთის ხელისუფლებას ალექსეი ნავალნისთვის შინაპატიმრობის მისჯის გამო კომპენსაციის გადახდა დააკისრა, რომელიც უკვე გადახდილია.

ალექსეი ნავალნის ინციდენტი

ალექსეი ნავალნი გასული წლის 20 აგვისტოს გადაიყვანეს ომსკის ჰოსპიტალში მას შემდეგ, რაც ის შეუძლოდ გახდა თვითმფრინავში. გამოკვლევის შემდეგ ომსკელმა ექიმებმა პაციენტის შეუძლოდ გახდომის ძირითად მიზეზად ნივთიერებათა ცვლის დარღვევა დაასახელს, რამაც სისხლში შაქრის დონის მკვეთრი ცვლილება გამოიწვია. ომსკელ მედიკოსებს ნავალნის სისხლსა და შარდში საწამლავის ნიშნები არ აღმოუჩენიათ.

მოგვიანებით ბლოგერი გერმანიაში გადააფრინეს. გერმანიის მთავრობამ სამხედრო ექიმებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის სუბსტანციითაა მოწამლული. კრემლში ამასთან დაკავშირებით ითქვა, რომ ბერლინს არ უცნობებია მოსკოვისთვის თავისი დასკვნები.

ამასთან რუსეთი აცხადებს, რომ გერმანიის დაზვერვას (BND) 1990-იანი წლებიდან აქვს წვდომა „ნოვიჩოკზე“, ხოლო კიდევ ოცი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, დიდი ბრიტანეთი, აშშ, შვედეთი და ჩეხეთი სწავლობდნენ მას. რაც შეეხება რუსეთს, მოსკოვის განმარტებით, პრეზიდენტის 1992 წლის ბრძანებულების შესაბამისად, ქვეყანამ შეწყვიტა ქიმიური იარაღის სფეროში სამუშაოების წარმოება, ხოლო 2017 წელს სრულად გაანადგურა ამგვარი ნივთიერებების არსებული მარაგი.

ოქტომბრის დასაწყისში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ნავალნის ორგანიზმში აღმოჩენილი ნივთიერებები არ არის შესული აკრძალული პრეპარატების ნუსხაში, თუმცა ისინი მახასიათებლებით „ნოვიჩოკის“ ანალოგიურია. მიუხედავად ამისა, ევროკავშირმა მაინც დააწესა ანტირუსული სანქციები.

15
თემები:
რუსეთი დღეს (765)
საქართველოში ბაზრობები ამუშავდა

საქართველოში ფასების ზრდამ პროგნოზს გადააჭარბა: „საქსტატის“ ახალი მონაცემები

0
(განახლებულია 23:13 02.03.2021)
თებერვალში ფასები შემცირდა ტანსაცმელზე (3,4%) და კომუნალურ მომსახურებაზე (0,4%). ამავე დროს ფასები სურსათზე გაიზარდა 1,1%-ით, სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურებაზე - 3,7%-ით, ტრანსპორტზე - 2,5%-ით.

თბილისი, 2 მარტი – Sputnik. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2021 წლის თებერვალი – 2020 წლის თებერვალი) 3,6% შეადგინა – 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის პირობებში, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“

2021 წლის თებერვალში, 2021 წლის იანვართან შედარებით, ინფლაციის დონემ 1,1% შეადგინა.

რუსული ხორბლის გაძვირება ქართველ მეწარმეებს ალტერნატივის ძებნას აიძულებს >>

„საქსტატის“ მონაცემებით, თებერვალში ფასები შემცირდა ტანსაცმელზე (3,4%) და კომუნალურ მომსახურებაზე (0,4%). ამავე დროს ფასები სურსათზე გაიზარდა 1,1%-ით, სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურებაზე - 3,7%-ით, ტრანსპორტზე - 2,5%-ით.

როგორ იცვლებოდა ინფლაციის დონე გასულ წელს

2019 წელს წლიურმა ინფლაციამ 7% შეადგინა. მის შესაკავებლად ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის სექტემბრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო. წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, ბოლოს იგი 2019 წლის დეკემბერში გაიზარდა. 

2020 წლის დასაწყისიდან ინფლაციის დონემ შემცირება დაიწყო – იანვარსა და თებერვალში მან 6,4% შეადგინა, მარტში – 6,1%, სექტემბერში – 3,8% და ამ დონეზე სამი თვე შენარჩუნდა. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ხელისუფლებამ 21 მარტიდან კარანტინი და კომენდანტის საათი დააწესა. ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებისთვის ეროვნულმა ბანკმა აპრილიდან სამ ეტაპად 8%-მდე შეამცირა მონეტარული პოლიტიკის ძირითადი განაკვეთი.

2021 წლის თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასები შემცირდა კომუნალურ მომსახურებაზე (21,2%).

ამასთან, წლის განმავლობაში სურსათი 6,2%-ით გაძვირდა, მათ შორის, რძე, ყველი და კვერცხი – 6,4%-ით, მზესუმზირის ზეთი – 34,3%-ით, ყავა და ჩაი – 12,4%-ით, პურპროდუქტები – 8,7%-ით. ხილი კი გაიაფდა 4,8%-ით. კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, 9,8%-ით გაიზარდა ჯანდაცვის სფეროს მომსახურების ფასებიც.

რა მოქმედებს საქართველოში ფასების დინამიკაზე

ბოლო ორ თვეში წლიური ინფლაციის დონე 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია. საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ის) ინფორმაციით, ეს დაკავშირებულია სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური ხარჯების სუბსიდირებასთან, რაც დროებით ხასიათს ატარებს. 

პანდემიის პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის (შესაბამისად, 200 კვტ/სთ და 200 მ3) ხარჯების დაფარვის შესახებ.

„როგორც წესი, ცენტრალური ბანკები მსგავსი ტიპის ეგზოგენური ფაქტორების გამო ინფლაციის დროებით გადახრებზე არ რეაგირებენ და ინფლაციის საშუალოვადიანი პროგნოზით ხელმძღვანელობენ. მიმდინარე პროგნოზის თანახმად, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 4%-ის ფარგლებში შენარჩუნდება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება“, – აღნიშნავს ეროვნული ბანკი.

 სებ-ის მონაცემებით, საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების მნიშვნელოვან ზრდასთან ერთად, რაც განსაკუთრებით იანვარში გამოიკვეთა, ინფლაციაზე აღმავალი ზეწოლა შენარჩუნებულია პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გახანგრძლივების ფონზე წარმოების ხარჯების ზრდისა და ლარის გაუფასურებული კურსის გამო.

„ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ასუსტებს ერთობლივი მოთხოვნის დაღმავალ გავლენას პროგნოზირებულ ინფლაციაზე, ხოლო ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის გამო გაცვლითი კურსის ცვლილების გადაცემა ინფლაციაზე საგრძნობია“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

რეგულატორის ინფორმაციით, რჩება გაურკვევლობის მაღალი დონე როგორც გლობალური ეკონომიკური აქტივობის აღდგენის დინამიკის, ისე ადგილობრივი დაკრედიტების ზრდის ტემპის თვალსაზრისით.

0