კონფრონტაციის საფრთხე: რუსეთის ელჩი ევროპაში ჰიპერბგერით რაკეტებზე კომენტარს აკეთებს

42
(განახლებულია 18:15 29.10.2020)
მანამდე პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა ნებაყოფლობით თქვას უარი რუსეთის ევროპულ ნაწილში რაკეტა 9М729-ის განთავსებაზე, ოღონდ იმ პირობით, რომ ნატო ასევე გადადგამს შემხვედრ ნაბიჯებს.

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ევროპაში გამალებული სარაკეტო შეიარაღება კონფრონტაციის პოტენციალს ზრდის, განაცხადა რუსეთის ელჩმა ვაშინგტონში ანატოლი ანტონოვმა.

ასეთი კომენტარით უპასუხა დიპლომატმა ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველის რობერტ ო’ბრაიენის ოთხშაბათის განცხადებას, რომ ვაშინგტონი მზადაა, რუსეთის შესაკავებლად ევროპაში ჰიპერბგერითი იარაღი და ბალისტიკური რაკეტები განათავსოს.

„ასეთი განზრახვა რეგიონულ და გლობალურ უშიშროებაში დისბალანსის საფრთხეს აჩენს და კონფრონტაციული პოტენციალის ზრდისკენ მივყავართ <...> თუ ვაშინგტონი მართლაც დაინტერესებულია „შეიარაღებაზე რეალური კონტროლით“, ამისათვის ევროპის კონტინენტზე სარაკეტო შეიარაღების გამალებული ზრდის ესკალაცია აუცილებელი არ არის “, — ნათქვამია ანტონოვის კომენტარში, რომელსაც საელჩო საკუთარ Facebook-გვერდზე აქვეყნებს.

მან „კონსტრუქციულ ალტერნატივად“ შეაფასა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინადადება, რომელიც მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებში დეესკალაციისკენ არის მიმართული.

„რუსეთი მზადაა უცხოელ პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევისთვის, რათა ევროპის კონტინენტზე და მსოფლიოს სხვა რეგიონებში ახალი გამალებული სარაკეტო შეიარაღება აღიკვეთოს“, — დაასკვნა ანტონოვმა.

საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების შესახებ ხელშეკრულებამ, რომლის მიზანიც გლობალური სტრატეგიული სტაბილურობის უზრუნველყოფა იყო, 2019 წლის 2 აგვისტოს შეწყვიტა მოქმედება, ვინაიდან აშშ ხელშეკრულებიდან გავიდა. ეს ნაბიჯი ვაშინგტონმა იმით ახსნა, რომ მოსკოვი ვალდებულებებს არ ასრულებდა. კერძოდ, შეერთებულმა შტატებმა რუსეთი შეთანხმებით აკრძალული რაკეტა 9М729-ის შექმნა–გამოცდაში დაადანაშაულა, მოსკოვში კი ირწმუნებიან, რომ რაკეტის მოქმედების რადიუსი არ აღემატება დასაშვებ 500 კმ-ს.

გასულ ორშაბათს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა ნებაყოფლობით თქვას უარი რუსეთის ევროპულ ნაწილში რაკეტა 9М729-ის განთავსებაზე, ოღონდ იმ პირობით, რომ ნატო ასევე გადადგამს შემხვედრ ნაბიჯებს. გარდა ამისა, მან ასევე შესთავაზა ალიანსს, შემოწმდეს Aegis Ashore-ს კომპლექსები ევროპის ბაზებზე და ასევე 9М729-ები კალინინგრადის ობიექტებზე.

თუმცა ევროპაში რუსეთის ლიდერის ინიციატივას სკეპტიკურად შეხვდნენ. კერძოდ, ბერლინში აღნიშნეს, რომ ასეთი იდეეები „ნდობას არ იმსახურებს“. ლონდონმა კი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა რუსეთი საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების ჩავარდნაში.    

 

42
თემები:
რუსეთი დღეს (675)
თვითმფრინავი ცაში

მოსაზრება: დაუბრუნდება თუ არა ბაიდენი რუსეთთან „ღია ცის“ ხელშეკრულებას

10
(განახლებულია 20:52 24.11.2020)
შეერთებული შტატების მიერ „ღია ცის“ ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე განცხადების გაკეთებიდან ექვსთვიანი ვადა ამოიწურა.

სოფია მელნიჩუკი

ვაშინგტონი აღარ მონაწილეობს ხელშეკრულებაში, რომელსაც რუსეთი „უხეშად არღვევდა წლების განმავლობაში“. ტრამპის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ქვეყანა იმ მოძველებული შეთანხმებებიდან გაჰყავს, რომლებიც „მოწინააღმდეგეს უპირატესობას ანიჭებს ეროვნული უსაფრთხოების ფასად“. ახლა მოსკოვი აპირებს მიაღწიოს შეთანხმებაში დარჩენილი გარანტიების შესრულებას. არსებობს თუ არა იმის შანსი, რომ ბაიდენის გუნდმა ისევ გახსნას ამერიკული ცა?

არ არსებობს შეთანხმება ნდობის გარეშე

თეთრის სახლის მოსკოვისადმი ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია — საინსპექციო ფრენების შეზღუდვაა აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის, ჩეჩნეთისა და კალინინგრადის თავზე. ამაზე პასუხად ამერიკელებმა ცა ალასკისა და წყნარი ოკეანის კუნძულების თავზე დახურეს.

ხელშეკრულების თანახმად, 2002 წლიდან 35 წევრ ქვეყანას სადაზვერვო ფრენების ჩატარება შეუძლია ერთმანეთის ტერიტორიებზე. მიღებული მონაცემები ხელმისაწვდომია ყველასთვის. ამასთან, თვითმფრინავები არ არის შეიარაღებული, ვიდეოაპარატურა წინასწარ მოწმდება, ხოლო ბორტზე გასაინსპექტირებელი ქვეყნის წარმომადგენელი იმყოფება.

2019 წელს „ღია ცის“ ხელშეკრულების ფარგლებში 1500-ზე მეტი ასეთი გაფრენა განხორციელდა. მაგრამ ქვეყნებს შორის კონტროლი და ნდობის განმტკიცება ერთადერთი მიზანი არ არის. აქ მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალებიც არის ხოლმე. მაგალითად, დონბასში კონფლიქტის დაწყების შემდეგ აშშ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილის თავზე ფრენებს კიევის მხარდაჭერის ნიშნად ახორციელებდა.

ბინძური თამაშები

„კრემლში ეს ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორად მიაჩნიათ ურთიერთნდობისა და შეიარაღების კონტროლის მხრივ. აშშ-ის გასვლა შეთანხმებიდან მას სიცოცხლისუუნაროს ხდის“, — აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

მაგრამ მოსკოვი მაინც განაგრძობს დოკუმენტის ნორმების დაცვას — რამდენიმე პირობის საფუძველზე, განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

პირველი: ევროპული ქვეყნები იძლევიან გარანტიას, რომ არ გადასცემენ თავიანთი ფრენების მონაცემებს აშშ-ს; მეორე: რუსული თვითმფრინავები შეძლებენ ინსპექტირება გაუწიონ ამერიკულ ობიექტებს ევროპაში. ჯერჯერობით არანაირი გარანტია მიღებული არ არის, რაც მოსკოვს კატეგორიულად არ აწყობს.

„საიდუმლო არ არის, რომ აშშ მოკავშირეებისგან მოითხოვს, ხელი მოაწერონ დოკუმენტებს, რომელთა თანახმადაც, ვაშინგტონის [„ღია ცის“ ხელშეკრულებიდან] გასვლის შემდეგ ისინი ამერიკულ მხარეს გადასცემენ მონაცემებს, რომლებსაც რუსეთის თავზე სადამკვირვებლო ფრენების შედეგად მიიღებენ, — ამბობდა კონსტანტინ გავრილოვი, რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი ვენაში. — ეს მარტო ხელშეკრულების დარღვევა კი არა, ბინძური თამაშებია ხელშეკრულების სფეროში, რომელიც ვაშინგტონის სტრატეგიის მსხვერპლად იქცა“.

„ეს სიგიჟეა“

აშშ-ის გასვლა „ღია ცის“ ხელშეკრულებიდან, პირველ რიგში, ვაშინგტონის ევროპელ მოკავშირეებს ურტყამს. მათთვის მნიშვნელოვანია ამერიკული თვითმფრინავების მიერ მოგროვებულ მონაცემებზე წვდომა. რამდენიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელმა სინანული გამოთქვა ვაშინგტონის გადაწყვეტილების გამო. „ჩვენ გვესმის, რომ იყო სირთულეები რუსეთის მხრიდან ნორმების დაუცველობის კუთხით, მაგრამ ეს, ჩვენი აზრით, არ არის შეთანხმებიდან გასვლის საბაბი“, — აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკო მაასმა.

საფრანგეთის საგარეო უწყებაში მიუთითეს, რომ შეერთებულმა შტატებმა არ წარმოადგინა მოსკოვის მიერ შეთანხმების დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ერთობლივ განცხადებაში ესპანეთმა, ბელგიამ, ფინეთმა, იტალიამ, ლუქსემბურგმა, ნიდერლანდებმა, ჩეხეთმა და შვედეთმა ხაზი გაუსვეს, რომ „ღია ცის“ ხელშეკრულება კვლავაც რჩება „ფუნქციონირებადად და სასარგებლოდ“.

თავად შტატებში ამ საკითხზე ერთსულოვნება არ არის. მაგალითად, სენატის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის წევრი რობერტ მენენდესი თეთრი სახლის ნაბიჯებს ასე აფასებს:

„პრეზიდენტმა ტრამპმა თავხედურად უარყო კანონი და ცალმხრივად გადადგა პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯი მას შემდეგაც კი, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა“.

„ეს სიგიჟეა“, — ასეთი კომენტარი გააკეთა აშშ-ის სამხედრო–საჰაერო ძალების გენერალმა და ეროვნული უშიშროების სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა, CIA-ს დირექტორმა მაიკლ ჰაიდენმა. ხოლო რეიგანის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ შულცმა, ჯორჯ ბუშის თავდაცვის მინისტრმა უილიამ პერიმ და ბარაკ ობამას არაოფიციალურმა მრჩეველმა სემუელ ნანმა წერილი გაგზავნეს თეთრ სახლში მოწოდებით, შენარჩუნდეს „ღია ცის“ ხელშეკრულება.

ხელშეკრულების დასასრული

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში მთელი მსოფლიო დარწმუნდა, რომ ის შეიარაღებაზე კონტროლით დაინტერესებული არ არის. 2018 წელს ამერიკის ლიდერმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვული გარიგებიდან გადის იმ მიზეზით, რომ თეირანი შეთანხმების პირობებს არ იცავს.

ერთი წლის შემდეგ იგივე ბედი ეწია საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების შესახებ შეთანხმებას, რომელსაც რონალდ რეიგანმა და მიხაილ გორბაჩოვმა მოაწერეს ხელი.

2020 წელს ადმინისტრაციაში არსებულმა წყაროებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თეთრ სახლში ბირთვული გამოცდების შესახებ მსჯელობდნენ — პირველად 1992 წლის შემდეგ. ეს იქნებოდა იმ მორატორიუმის დარღვევა, რომელიც აშშ-ზე, რუსეთზე, ჩინეთზე, ბრიტანეთსა და საფრანგეთზე ვრცელდება.

გაურკვეველია სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების (СНВ-3) ბედიც, რომელსაც 2010 წელს მოეწერა ხელი. მოლაპარაკებების მეორე რაუნდი სექტემბერში დასრულდა, შეერთებულმა შტატებმა რუსეთს მთელი რიგი დამატებითი პირობები შესთავაზა, რომელთა შორის არის შეუსრულებელი — შეთანხმებაში ჩინეთის ჩართვა. СНВ-3-ს ვადა თებერვალში ეწურება და РИА Новости-ს მიერ გამოკითხულ ექსპერტებს დიდი ეჭვი აქვთ, რომ მისი გახანგრძლივება მოხერხდება.

ასეა თუ ისე, „ღია ცის“ ხელშეკრულება, დიდი ალბათობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბოლო მსხვერპლი გახდება. ჯო ბაიდენისთვის ოფიციალური გამარჯვების მილოცვა ჯერ ადრეა, მაგრამ იმის ალბათობა, რომ ოვალურ კაბინეტს სწორედ ის დაიკავებს, დღითი დღე იზრდება.

ახლებურად შესვლა

ზოგ ექსპერტს მიაჩნია, რომ ბაიდენი უნდა დაფიქრდეს „ღია ცის“ ხელშეკრულებაში დაბრუნებაზე, მაგრამ ეს ალბათ არ მოხდება, მიაჩნია დმიტრი სუსლოვს — კომპლექსური ევროპული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორის მოადგილეს.

„აშშ-ში რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ჩამოყალიბდა მკაფიო პოზიცია: თუ ისინი შეიიარაღებაზე კონტროლის შეთანხმებიდან გადიან, უკან აღარ ბრუნდებიან. უფრო მეტიც, რუსეთისადმი პრეტენზიებს „ღია ცის“ ხელშეკრულებაზე შტატები ჯერ კიდევ ობამას ადმინისტრაციის დროს აცხადებდა. არსებობს კონსენსუსი თეთრ სახლს, პენტაგონსა და სადაზვერვო სამსახურებს შორის იმის შესახებ, რომ მოსკოვი სრულად არ იცავს და არღვევს დოკუმენტის ნორმებს“, — განაცხადა მან.

ამასთან, ექსპერტის თქმით, ხელშეკრულებაში დაბრუნება კონგრესის ზედა პალატის რატიფიკაციას მოითხოვს. იმის გათვალისწინებით კი, რომ პალატა შეიძლება კვლავ რესპუბლიკელების კონტროლქვეშ აღმოჩნდეს, ეს ახალ პრობლემებს შექმნის. ხოლო თუ ბაიდენი მაინც გადაწყვეტს წინამორბედის გადაწყვეტილების გაუქმებას, ამას დრო დასჭირდება.

„ამასთან, ახლა ტრამპი კიდევ დამატებით წინაღობებს ქმნის“, — აცხადებს ექსპერტი ოლეგ შკიროვი.

თეთრი სახლის გადაწყვეტილება ქვეყნის სამხედრო–საჰაერო ძალებს აიძულებს, თავიდან მოიშოროს თვითმფრინავები, რომლებიც სადამკვირვებლო ფრენებისთვის გამოიყენება.

„კონგრესი, რესპუბლიკელების მოქმედებების გამო, დიდი ხნის განმავლობაში არ გამოყოფდა სახსრებს მათი მოდერნიზაციისთვის. და ეს ბრძოლა „ღია ცის“ ხელშეკრულების ჩამოშლისკენ იყო მიმართული. სადამკვირვებლო თვითმფრინავების გარეშე ხელშეკრულებაში დაბრუნება კი უფრო რთული იქნება“, — მიაჩნია ექსპერტს.

გარდა ამისა, შაკიროვის აზრით, გასათვალისწინებელია ისიც, თუ ვინ დაიკავებს სავარძლებს ბაიდენის ადმინისტრაციაში. მაგალითად, მაიკლ კარპენტერი — საგარეო პოლიტიკის ყოფილი მრჩეველი ასევე ეწინააღმდეგებოდა აშშ-ის მონაწილეობას „ღია ცის“ ხელშეკრულებაში, ვინაიდან რუსეთი თითქოს ინფორმაციას აგროვებს ამერიკული ინფრასტრუქტურის შესახებ — ავი ზრახვებით.  

თუ უფრო მასშტაბურად ვიტყვით, ბაიდენის მთავარი იდეა — ევროპასთან ნდობის აღდგენაა, ხაზს უსვამს შაკიროვი. და იმის გათვალისწინებით, რომ ევროპისთვის ხელშეკრულება მნიშვნელოვანია, შეიძლება აშშ მაინც დაუბრუნდეს ხელშეკრულებას მოკავშირეთა ხათრით — თუნდაც არა მაშინვე.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

10
თემები:
რუსეთი დღეს (675)
„ჯონ მაკკეინი“

„ეს რუსეთის ტერიტორიული წყლები არ არის“: აშშ-ის მეშვიდე ფლოტმა საზღვრის დარღვევა განმარტა

55
(განახლებულია 19:57 24.11.2020)
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკულმა ნაღმმზიდმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული წყლების საზღვარი დაარღვია.

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის მეშვიდე ფლოტის სარდლობამ განაცხადა, რომ ესკადრონული ნაღმმზიდი „ჯონ მაკკეინი“ პეტრე დიდის ყურეში თავისუფალი ნაოსნობის უზრუნველყოფის ოპერაციას ატარებდა, იუწყება РИА Новости.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკულმა ნაღმმზიდმა რუსეთის ფედერაციის საზღვარი დარღვია და ორი კილომეტრით შევიდა ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში პეტრე დიდის ყურეში. მას შემდეგ კი, რაც დიდი ნავსაწინააღმდეგო ხომალდ „ადმირალ ვინოგრადოვისგან“ გაფრთხილება მიიღო, მაშინვე ნეიტრალურ წყლებში გავიდა.

„თავისუფალი ნაოსნობის უზრუნველყოფის ოპერაციის ჩატარებით შეერთებულმა შტატებმა წარმოაჩინა, რომ ეს წყლები არ არის რუსეთის ტერიტორიული ზღვა და აშშ არ ეთანხმება რუსეთის განცხადებას, რომ პეტრე დიდის ყურე — ეს „ისტორიული უბეა“ საერთაშორისო კანონების თანახმად“, — განაცხადა აშშ-ის მეშვიდე ფლოტის სარდლობამ, რომლის პასუხისმგებლობის ზონაშიც შედის წყნარი ოკეანის დასავლეთი ნაწილი და ინდოეთის ოკეანის აღმოსავლეთი ნაწილი.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სისტემა, რომლის თანახმადაც პეტრე დიდის ყურე რუსეთის ტერიტორიული წყლების ნაწილია, 1984 წელს გამოაცხადა სსრკ-ის ხელისუფლებამ.

55
თემები:
რუსეთი დღეს (675)
ოპოზიციის აქცია. 14.11.2020

იქნება თუ არა აქციები? ოპოზიცია ყველა სცენარისთვის მზად იქნება

0
ქართული ოპოზიცია უკვე სამი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციებს მართავს და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ქართული ოპოზიცია ემზადება საპროტესტო აქციებისთვის, მაგრამ უშვებს, რომ ისინი გაუქმდება, თუ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დროს კონსენსუსის მიღწევა მოხერხდება. ასეთი შედეგით დასრულდა დღეს ორსაათიანი შეხვედრა, რომელიც ქართული ოპოზიციის ლიდერებმა გამართეს.

ოპოზიციამ ხელისუფლების კრიტიკას მკვეთრად უპასუხა >>

ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ამტკიცებენ, რომ ისინი გაყალბებულია. პარლამენტში გასული რვავე პარტია სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებს. საკითხის გადასაჭრელად აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ მათსა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის მოლაპარაკებების ორგანიზება მოახერხეს. ამ ეტაპზე უკვე ორი შეხვედრა გაიმართა.

„ოპოზიცია ვართ მუდმივად კონსულტაციების რეჟიმში, ველოდებით მესამე რაუნდს. „ოცნებას“ აქამდე, არათუ ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს კრიზისის განტვირთვისთვის, არამედ ყოველი მათი ნაბიჯი, დაწყებული ცესკო-ს ოქმების შეჯამების არგანხილვით, ვითომ მეორე ტურის ჩატარებით, სადაც ხალხი არ მივიდა, უფრო და უფრო აღრმავებს კრიზისს“, – განაცხადა  „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ.

დღეისათვის მოლაპარაკებებზე ოპოზიცია აყენებს მხოლოდ ერთ მოთხოვნას - ეს არის ხელახალი არჩევნები. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ეს არარეალური მოთხოვნაა.

„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას არ აპირებს >>

„მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განსახილველად, გარდა იმ მოცემულობის, რომლის თანახმადაც ყველა მხარემ პატივი უნდა სცეს მოქალაქეთა არჩევანს“, - განაცხადა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა გიგი მიქანაძემ.

ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი პარტია მზად არის განიხილოს ოპოზიციის სხვა წინადადებები.

ახალი აქციები

ოპოზიცია მოლაპარაკებების ჩავარდნას არ გამორიცხავს და აანონსებს საპროტესტო აქციას იმ დღეს, როდესაც ახალი მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება.

„გაგრძელდება აქციები, იქნება შეხვედრები სხვადასხვა ჯგუფებთან, საკანონმდებლო ორგანოს შეკრების დღეს, თუ არაფერი შეიცვლება, მოლაპარაკება წარმატებულად თუ არ დასრულდება, იქნება დიდი შეხლა-შემოხლა, ამაში ეჭვი არ მეპარება, რადგან ბევრი ადამიანი გამოვა გარეთ“, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, მესამე რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

„ჯერჯერობით ახალი არაფერია. მოლაპარაკებები გრძელდება, ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ ვიპოვოთ გზა და გამოსავალი, რათა წინ წავიწიოთ. ეს მნიშვნელოვანი დისკუსიაა. ჯერ არ ვიცით, როდის იქნება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ეს გარკვეული არ არის, და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

არჩევნების შედეგები

საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, პარლამენტში ცხრა პარტია მოხვდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „გირჩი“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.

თავისუფალი, თუმცა არა სრულყოფილი: საერთაშორისო ორგანიზაციებმა არჩევნები შეაფასეს >>

წინასწარი გათვლებით, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. შესაბამისად, ის შეძლებს ყველა კანონის მიღებას და მთავრობის ჩამოყალიბებას ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე. ერთადერთი საკითხი, რომელიც ოპოზიციის თანხმობას მოითხოვს - ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა.

0
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს