კორონავირუსის ვაქცინა

ცნობილი გახდა ტესტირების დეტალები: გამალეის ცენტრი ვაქცინის კვლევებზე საუბრობს

39
(განახლებულია 14:17 01.10.2020)
სულ კვლევებში 40 ათასი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, რომელთაგან 10 ათასს პლაცებო გაუკეთდება. ეს აუცილებელია ვაქცინის ეფექტურობის შესამოწმებლად.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. მოხალისეებმა, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინა „სპუტნიკ-V“-ს პოსტრეგისტრაციულ კვლევებში მონაწილეობენ, და ასევე ექიმებმა, რომლებიც მათ ცრიან, არ იციან, რომელს რა უკეთდება — ვაქცინა თუ პლაცებო, განუცხადა სააგენტო РИА Новости-ს გამალეის ცენტრის დირექტორმა ალექსანდრ გინცბურგმა.

„ეს მარტო კომპიუტერმა იცის, რომელმაც ყველაფერი დაშიფრა. ადამიანს ენიჭება კოდი“, — აღნიშნა მან.

გინცბურგმა დააზუსტა, რომ სწორედ ამ კოდის დახმარებით გამოირიცხება იმის შესაძლებლობა, რომ მოხალისეს ერთხელ ვაქცინა გაუკეთდეს, მეორედ კი — პლაცებო.

ვაქცინა „ეპივაკკორონა“
photo: press-service of Russian Federal Service for Surveillance on Consumer Rights Protection and Human Wellbeing (Rospotrebnadzor)

მისი თქმით, კვლევის მონაწილეები მხოლოდ მას შემდეგ შეიტყობენ, თუ რით აცრეს – ვაქცინით თუ პლაცებოთი, რაც ტესტირება დასრულდება.

აგვისტოში რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიოში პირველი ვაქცინა დაარეგისტრირა COVID-19-ის პროფილაქტიკისთვის, რომელიც გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ცენტრში შეიქმნა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან ერთად. პრეპარატი სახელწოდებით „სპუტნიკ V“ ორგანიზმში ორი კომპონენტის შეყვანას ითვალისწინებს სამკვირიანი ინტერვალით.

ვაქცინის პოსტრეგისტრაციული კლინიკური კვლევები მოსკოვში 7 სექტემბერს დაიწყო, ორი დღის შემდეგ პირველი მოხალისეები აიცრნენ. სულ კვლევებში 40 ათასი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, რომელთაგან 10 ათასს პლაცებო გაუკეთდება. ეს აუცილებელია ვაქცინის ეფექტურობის შესამოწმებლად.

 

39
თემები:
რუსეთი დღეს (635)
ჩრდილოეთის ნაკადი 2

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“: შეერთებულმა შტატებმა რუსული პროექტის მიმართ სანქციები გააფართოვა

45
(განახლებულია 21:35 20.10.2020)
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, სანქციების უშუალო ობიექტები იყვნენ მხოლოდ ის კომპანიები, რომელთა ხომალდებიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილეობდნენ.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ დაწესებული სანქციების ახალი ინტერპრეტაცია გამოსცა და განმარტა, რომ შეზღუდვები ეხება ყველა იმ უცხოურ კომპანიასა და პირებს, რომლებიც სხვადასხვა სახის მომსახურებას უწევენ გაზსადენის გაყვანაზე მომუშავე ხომალდებს.

შესაბამისი დოკუმენტი სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზეა გამოქვეყნებული.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, სანქციების უშუალო ობიქტები იყვნენ მხოლოდ ის კომპანიები, რომელთა ხომალდებიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილეობდნენ. მაგალითად, ასეთი იყო შვეიცარიული კომპანია Allseas, რომლის გემებმაც გაზსადენზე მუშაობა 2020 წლის იანვარში შეწყვიტეს სანქციების დაწესების შემდეგ.

ახლა კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განავრცო სანქციების ინტერპრეტაცია და განაცხადა, რომ შეზღუდვები ეხება ყველა იმ კომპანიას, რომლებიც სხვადასხვა სახის მომსახურებას (მათ შორის, ფინანსურს) უწევენ, ან მოდერნიზაციის საშუალებებსა და აღჭურვილობას აწვდიან რუსული გაზსადენის მშენებლობაზე დასაქმებულ ხომალდებს.

სახელმწიფო დეპარტამენტმა 30-დღიანი ვადა მისცა ასეთ კომპანიებს „საქმიანობის კეთილსინდისიერად“ შესაწყვეტად.

ამასთან მოსალოდნელია, რომ ის კომპანიები, რომლებიც გაზსადენზე დასაქმებულ ხომალდებს მსგავს მომსახურებას მიმდინარე წლის 2-დან 20 ოქტომბრამდე უწევდნენ, არ დაისჯებიან.

მანამდე გემთმფლობელების ურთიერთდასადაზღვევო კლუბების საერთაშორისო ჯგუფმა (IG P&I) გადაწყვიტა, არ დააზღვიოს ის ხომალდები, რომლებმაც შეიძლება მონაწილეობა მიიღონ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში. ამის შესახებ ცნობილი გახდა ცირკულარიდან, რომელიც ჯგუფის წევრი ყველა კლუბის სახელით გავრცელდა.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მოიცავს გაზსადენის ორი ხაზის მშენებლობას, რომელთა საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში და გაჭიმულია რუსეთის სანაპიროდან გერმანიამდე ― ბალტიის ზღვის გავლით. პროექტს ახორციელებს Nord Stream 2 AG ერთადერთ აქციონერთან – „გაზპრომთან“ ერთად. ევროპელი პარტნიორები ― Royal Dutch Shell, OMV, Engie, Uniper და Wintershall მშენებლობას სანახევროდ, ანუ თითოეული 950 მლნ ევროთი აფინანსებენ.

აშშ აქტიურად ეწინააღმდეგება პროექტს და ევროკავშირს სანაცვლოდ საკუთარ თხევად გაზს სთავაზობს. ასევე ეწინააღმდეგება უკრაინაც, რომელსაც რუსული საწვავის ტრანზიტის დაკარგვისა ეშინია. ეს ორი და კიდევ ევროპის ზოგი ქვეყანა პროექტს პოლიტიკურს უწოდებენ.

გასული წლის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა თავდაცვის ბიუჯეტი, რომელშიც შევიდა სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობაში მონაწილე კომპანიების წინააღმდეგ. შედეგად – მშენებლობა შეჩერდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 15 ივლისს გამოაქვეყნა ახალი რეკომენდაციები „სანქციების მეშვეობით მოწინააღმდეგის შეკავების შესახებ“ კანონის (CAATSA) ფარგლებში და მასში, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გარდა, ასევე ჩართო პროექტ „თურქული ნაკადის“ მეორე ტოტი, რომელზეც მანამდე სანქციები არ ვრცელდებოდა.

გაზსადენი „თურქული ნაკადი“ მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში დაიწყო. ის ორი ტოტისგან შედგება და თითოეულის სიმძლავრე 15,75 მლრდ კუბური მეტრია. პირველი ტოტის დანიშნულება — რუსული გაზის თურქი მომხმარებლებისთვის მიწოდებაა, ხოლო მეორე ტოტისა — სამხრეთ და სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპის მომარაგება ბუნებრივი აირით.

45
თემები:
მსოფლიო დღეს
რუსეთისა და აშშ-ს სახელმწიფო დროშები

რუსი ჰაკერების შეტევა მთელ მსოფლიოში: საელჩომ კომენტარი გააკეთა

14
(განახლებულია 20:04 20.10.2020)
ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთს არ აქვს და არც ჰქონია განზრახვა, ეწარმოებინა „დესტაბილიზაციის გამომწვევი ოპერაციები“ მთელ მსოფლიოში.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის საელჩო ვაშინგტონში უარყოფს აშშ-ის ბრალდებას რუსეთის მოქალაქეების მიმართ – ჰაკერული და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქმიანობის შესახებ მთელ მსოფლიოში, განუცხადა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს დიპლომატიური მისიის წარმომადგენელმა.

მანამდე აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ და გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ბრალი დასდეს რუსეთის ექვს მოქალაქეს იმაში, რომ ისინი ჰაკერული შეტევების სერიებს აწარმოებენ და მავნე პროგრამებს ავრცელებენ სხვა ქვეყნების ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის მიზნით. კერძოდ, მათ ბრალდებათ ვირუს NotPetya-ს გავრცელება 2017 წელს. ამერიკული მხარე ირწმუნება, რომ ეს პირები რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოზე მუშაობენ და სწორედ მათ განახორციელეს კიბერშეტევა, მათ შორის, სამხრეთ კორეის ოლიმპიადაზეც. თითქმის იმავდროულად დიდ ბრიტანეთში განაცხადეს, რომ რუსული დაზვერვა ასევე გეგმავდა კიბერშეტევას ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებზე მის გადატანამდე.

„სრულიად აშკარაა, რომ მსგავს საინფორმაციო საბაბებს არაფერი აქვს საერთო რეალობასთან და მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ ამერიკულ საზოგადოებაში გაღვივდეს რუსოფობიული განწყობები, დაიწყოს „კუდიანებზე ნადირობა“ და შპიონომანია. ყველაფერი ეს უკვე რამდენიმე წელია გვევლინება ვაშინგტონის პოლიტიკური ცხოვრების თავისებურებად. აშშ-ის ხელისუფლება თანმიმდევრულად ანგრევს ოდესღაც პრაგმატულ რუსულ–ამერიკულ ურთიერთობებს და ხელოვნურად ახვევს თავს საკუთარ მოსახლეობას რუსეთისა და ყველაფერ მასთან დაკავშირებულის ტოქსიკურ აღქმას“, — განაცხადა საელჩოს წარმომადგენელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს არ აქვს და არც ჰქონია განზრახვა – ეწარმოებინა „დესტაბილიზაციის გამომწვევი ოპერაციები“ მთელ მსოფლიოში.

„ეს არ პასუხობს ჩვენს საგარეო პოლიტიკას, ეროვნულ ინტერესებსა და ასევე ჩვენს გაგებას იმის შესახებ, როგორ იგება ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის. რუსეთი პატივს სცემს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს და არ ერევა მათ საქმეებში“, — დაამატა დიპლომატმა.

წყარომ საგარეო საქმეთა სამინისტროში РИА Новости-ს განუცხადა, რომ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ბრალდებები, თითქოს რუსმა ჰაკერებმა შეტევები განახორციელეს მათ შორის ტოკიოს ოლიმპიადის ორგანიზატორების მისამართითაც, დაუსაბუთებელია და შიდა აუდიტორიისთვისაა გამიზნული.

14
თემები:
რუსეთი დღეს (635)
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნება

0
(განახლებულია 10:04 21.10.2020)
საქართველოს განათლების სამინისტროს მონაცემებით, წელს ქუთაისის უნივერსიტეტში სწავლის სურვილი 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს, უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიალზე ​პირველკურსელები საზეიმო ფიცს დადებენ. 

ღონისძიებაზე სტუდენტებს მიესალმებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი და უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე თევზაძე.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი  პირველ ნაკადს მიიღებს სამ სპეციალობაზე – მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები და მენეჯმენტი, სამომავლოდ კი, სპეციალობათა რაოდენობა გაიზრდება.

KIU  ქუთაისის მახლობლად, ეკოლოგიურად სუფთა ზონაში, 153 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. საუნივერსიტეტო კომპლექსი მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სპორტულ და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. პროექტის ავტორი და მეცენატია ბიძინა ივანიშვილი.

პირველკურსელებს ელის თანამედროვე საცხოვრებელი, სტუდიური ტიპის ოთახები ავტონომიური გათბობისა და გაგრილების სისტემით, სააბაზანო ოთახით, საძინებლით, სრულად მოწყობილი სამზარეულოთი და სასწავლო სივრცით. ოთახები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, ყველა საჭირო ინვენტარითა და უწყვეტი ინტერნეტით. 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან, მათ შორის მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. აკადემიური პროგრამები შემუშავებულია სწორედ მიუნხენის უნივერსიტეტის პროგრამების საფუძველზე.

საქართველოს განათლების სამინისტროს მონაცემებით, წელს ქუთაისის უნივერსიტეტში სწავლის სურვილი 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა.

უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური გრანტის ფონდი, რომლის ფარგლებში დაფინანსდება სწავლის, სტუდენტური საცხოვრებლის გადასახადი და სტუდენტური სტიპენდია.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უნივერსიტეტის გახსნისა და სტუდენტების მიღების ცერემონია დღეს, 13.00 საათზე გაიმართება.

0
თემები:
განათლება საქართველოში