მედიკოსი ლაბორატორიაში

რუსმა მეცნიერებმა ნებისმიერი კორონავირუსის დამარცხების პოტენციური საშუალება აღმოაჩინეს

106
(განახლებულია 20:30 14.09.2020)
მკვლევარები იმედოვნებენ, რომ მათი აღმოჩენილი ბიომოლეკულები მომავალში გამოყენებული იქნება ახალი პრეპარატებისა და კორონავირუსული ინფექციების სამკურნალო მეთოდების შესაქმნელად

თბილისი, 14 სექტემბერი - Sputnik. კვლევითი უნივერსიტეტის „ეკონომიკის უმაღლესი სკოლის“ მეცნიერებმა შეისწავლეს ადამიანის მიკრო-რნმ-ის მოლეკულების როლი კორონავირუსებთან ურთიერთქმედებისას და, შესაძლოა, მათთან ბრძოლის მეთოდი აღმოაჩინეს, აღნიშნულია ჟურნალ PeerJ-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.

მიკრო-რნმ არის მომცრო ზომის რნმ, რომელიც პასუხისმგებელია პათოგენეზის რეგულირებასა და ვირუსების რეპლიკაციაზე. მათ შეუძლიათ სხვადასხვა ვირუსთან ურთიერთქმედება რამდენიმე შესაძლო მექანიზმის მეშვეობით.

სულ არსებობს შვიდი სახის კორონავირუსი, რომელიც ადამიანს შეიძლება შეხვდეს. ოთხი მათგანი HCoV-OC43, HCoV-NL63, HCoV-HKU1 და HCoV-229E – ფართოდაა გავრცელებული და ჩვეულებრივი გაციების სახით ვლინდება. დანარჩენი სამი – MERS-CoV, SARS-CoV და SARS-CoV-2 – იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ პნევმონიას და სხვა გართულებებს.

ჯანმრთელ უჯრედში მოხვედრისას ვირუსი იწყებს აქტიურ ურთიერთქმედებას შიდა უჯრედულ ბიომოლეკულებთან, რომელთა შორის არის მიკრო-რნმ-იც. პოტენციურად მათ შეუძლიათ ვირუსების რეპლიკაციის შეჩერებაც. ვირუსულ რნმ-თან დაკავშირებისას ისინი ანადგურებენ მას, ამიტომ მიკრო-რნმ-ის მძლავრ შეტევას შეუძლია ვირუსის გავრცელების შეჩერება. სუსტი ურთიერთქმედებისას კი ისინი უბრალოდ ანელებენ რეპლიკაციას.

ბოლო სცენარი მხოლოდ პათოგენის სასარგებლოდ მოქმედებს, რადგან ეხმარება უჯრედში სწრაფი იმუნური პასუხის თავიდან აცილებას.

უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოავლინეს ადამიანის მიკრო-რნმ-ის ოთხი ოჯახი, რომელთაც კორონავირუსის შვიდივე სახეობასთან დამაკავშირებელი საიტები გააჩნიათ.

SARS-CoV-ით ინფიცირებული თაგვების ფილტვებში მიკრო-რნმ-თან ვირუსის ურთიერთქმედების გაანალიზებისას მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ინფექცია რვაჯერ ზრდის hsa-miR-21-3p მოლეკულის ექსპრესიას. იგივე მიკრო-რნმ ფლობს ადამიანის ყველანაირი კორონავირუსის დათრგუნვის დიდ პოტენციალს.

მეცნიერებს გაუჩნდათ კითხვა, რატომ არ მოიშორა მუტაციის პროცესში ვირუსმა თავის რნმ-ში ამ მოლეკულასთან დამაკავშირებელი საიტები, რომლებიც იმუნური პასუხისას მის განადგურებას იწვევენ.

„პირიქით, ჩვენ ვხედავთ, რომ ვირუსი აგროვებს მათ თავის გენომში ევოლუციის პროცესში. ჩვენი კვლევები აჩვენებს, რომ ასეთი საიტები ადამიანის ყველა სახის კორონავირუსს აქვს და ისინი მნიშვნელოვან მუტაციას არ განიცდიან. ჩვენი ვარაუდით, ამგვარად ვირუსი იყენებს ამ მიკრო-რნმ-ს თავისი რეპლიკაციის შესამცირებლად დაავადების ადრეულ სტადიაზე, რათა აქტიური იმუნური პასუხი შეაფერხოს“, - აღნიშნავენ მკვლევარები.

მომდევნო ეტაპზე მეცნიერები გეგმავენ თავიანთი ვარაუდის შემოწმებას და იმის განსაზღვრას, შეუძლია თუ არა მიკრო-რნმ-ის ხელოვნურად შეყვანას და განადგურებას ვირუსის გამრავლების შეჩერება.

106
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1149)
სერგეი ლავროვი

მსოფლიო დაიღალა დაქსაქსულობით: ლავროვმა გაეროს გენასამბლეას მიმართა

14
(განახლებულია 19:06 22.09.2020)
ლავროვის თქმით, მსოფლიო საზოგადოების ერთ-ერთი მთავარ ამოცანად კვლავაც უნდა რჩებოდეს კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი, დიპლომატიური გზებით მოგვარება საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. მსოფლიო დაიღალა უთანხმოებებით, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს გენერალური ასამბლეისთვის ვიდეომიმართვის დროს.

აღნიშნული განცხადება ლავროვმა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების წევრი ქვეყნების სახელით გააკეთა.

„დღეს, სამწუხაროდ, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში გრძელდება შეიარაღებული კონფლიქტები. მათ ემატება თანამედროვეობის მწვავე საფრთხეებიც: საერთაშორისო ტერორიზმი, ნარკო- და კიბერდანაშაული, კლიმატის ცვლილება. მიმდინარე წელს ეს ჩამონათვალი კიდევ ერთი მრისხანე გამოწვევით შეივსო — კორონავირუსის პანდემიით, რომელმაც სერიოზული კრიზისული მოვლენების პროვოცირება მოახდინა სოციალურ-ეკონომიკურ და სხვა სფეროებში“, — აღნიშნა დიპლომატმა.

ლავროვის თმით, გლობალურ პრობლემებზე რეაგირება წლიდან წლამდე სულ უფრო რთული ხდება, განსაკუთრებით, მზარდი დაქსაქსულობის პირობებში. ამგვარი ვითარება, მისი აზრით, უკავშირდება ზოგი ქვეყნის სურვილს, არ გაუწიოს ანგარიში სხვა სახელმწიფოთა კანონიერ ინტერესებს, რასაც თან ახლავს უცხო ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევისა და ცალმხრივი სანქციების დაწესების მცდელობები, ასევე სიძულვილი და შეუწყნარებლობა.

„მაგრამ ისტორიის ბუნებრივ მსვლელობაში გარდატეხა ვერ მოხდება. დღეს საერთაშორისო არენაზე ფეხს მყარად იკიდებს ეკონომიკური ზრდის ცენტრები, ძლიერდება შეიარაღებული კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი გზით დარეგულირების აუცილებლობა, იზრდება ერთმანეთზე დამოკიდებულება. მსოფლიო დაიღალა გამყოფი ხაზების, სახელმწიფოების „თავისიანებად“ და „სხვისიანებად“ დაყოფით, მსოფლიო ითხოვს ყოველმხრივი ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის განვითარებას. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, გაეროს შექმნისას, 75 წლის წინ ჩამოყალიბებული მიზნები სულ უფრო აქტუალური ხდება“, — მიაჩნია რუს დიპლომატს.

ამასთან ლავროვმა აბსურდული უწოდა ისტორიის გადახედვის, ფაშიზმზე გამარჯვებაში წვლილის შემტანი ხალხების როლის შემცირების მცდელობას.

რუსეთის მთავარი დიპლომატის თქმით, თანამედროვე პირობებში გაერო ეფექტურ სტრუქტურად უნდა რჩებოდეს, რომელიც მკაცრად თავისი წესდების შესაბამისად იმუშავებს, არ შეიძლება დაიშვას გაეროს სისტემის ძირითადი ორგანოების მანდატების გაბუნდოვნება და მათი უფლებამოსილების დუბლირება.

ლავროვის თქმით, მსოფლიოს საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ ამოცანად კვალავაც უნდა რჩებოდეს კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი, დიპლომატიური გზებით მოგვარება საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, ხოლო უპირობო პრიორიტეტი — ეს ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობის გაფართოება უნდა იყოს.

სერგეი ლავროვმა მოუწოდა გენერალურ ასამბლეას, გადაკეტონ შეიარაღებაზე კონტროლის სისტემისთვის, განიარაღებისა და გლობალური სტაბილურობისთვის ხელის შეშლის მცდელობები.

 

14
თემები:
რუსეთი დღეს
სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია

გამოიცდება ადამიანებზე: რუსეთში კიდევ ერთი ვაქცინის ტესტირება იწყება

18
(განახლებულია 14:39 22.09.2020)
როგორც მოსალოდნელია, კვლევებში მონაწილეობას დაახლოებით 3 ათასამდე მოხალისე მიიღებს, რომლებიც ვაქცინაციის შემდეგ სტაციონარში იქნებიან იზოლირებული.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთ ანტიკორონავირუსულ ვაქცინაზე გასცა კლინიკური კვლევების ჩატარების უფლება. პრეპარატი ჩუმაკოვის სახელობის ცენტრშია დამზადებული.

„რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა ნებართვა, ჩატარდეს კლინიკური კვლევები ახალი კორონავირუსული ინფექცია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვირიონულ ინაქტივირებულ ვაქცინაზე, რომელიც რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ჩუმაკოვის იმუნობიოლოგიური პრეპარატების კვლევების ფედერალურ სამეცნიერო ცენტრში შეიქმნა“, — ციტირებს РИА Новости უწყების პრეს-სამსახურის განცხადებას.

როგორც მოსალოდნელია, კვლევებში მონაწილეობას დაახლოებით 3 ათასამდე მოხალისე მიიღებს, რომლებიც ვაქცინაციის შემდეგ სტაციონარში იქნებიან იზოლირებული 16 დღის განმავლობაში. ვაქცინის ტესტირება ჩატარდება ქალაქებში კიროვში, სანქტ-პეტერბურგსა და ნოვოსიბირსკში.

 

18
თემები:
რუსეთი დღეს
ცისფერი გალერეა

„ზამთრის მხატვარი“: თბილისში გურამ დოლენჯაშვილის გამოფენა გაიხსნა

0
ეს ფერმწერი საოცრად ხატავს ზამთრის პეიზაჟებს - მისი ნახატები ერთი შეხედვით ფოტოებში შეიძლება აგერიოთ

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ცნობილი ქართველი გრაფიკოსის, „ზამთრის მხატვრის“ - გურამ დოლენჯაშვილის რეტროსპექტული გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა.

დამთვალიერებლები შუქჩრდილის ვირტუოზული „თამაშით“ განთქმული ოსტატის სხვადასხვა ნამუშევრებს ნახავენ. დოლენჯაშვილის ნახატები, რომლებსაც ის უბრალო ფანქრით ხატავს, იმდენად რეალისტურად არის შესრულებული, რომ ბევრს ფოტოები ჰგონიათ.

„შუქჩრდილი ფანტასტიკურია, არის შეგრძნება, თითქოს მთვარის შუქი თვალს ჭრის. მის ნამუშევრებში სილამაზის სივრცეები ერთდროულად არსებობს - მაყურებელი მაკროსამყაროდან მიკროსამყაროში ხვდება, თანაც ისე, რომ სუნთქვა ჩერდება. კოსმიურად მშვენიერი ზეციდან - იმერელი გლეხის ურმამდე, თიხის ქოთნის უმცირეს ბზარამდე. ტოტებზე დადებული საოცრად რეალური თოვლიდან - კვლავ განუსაზღვრელი სიმაღლის ზეცაში, მთვარისკენ, კოსმოსში“, - წერს დოლენჯაშვილის შესახებ მოსკოველი ხელოვნებათმცოდნე რაისა ნესტერენკო.

გამოფენა 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

გურამ დოლენჯაშვილი 1943 წელს დაიბადა ქალაქ ქუთაისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. საქართველოს დამსახურებული მხატვარია, რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. 90-იანი წლებიდან ცხოვრობდა რუსეთში, ამჟამად ცხოვრობს საქართველოში.

დოლენჯაშვილის ნამუშევრები იყო გამოფენილი სხვადასხვა ქვეყნებში: ავსტრალიაში, ავსტრიაში, ინგლისში, არგენტინაში, ბელგიაში, ბულგარეთში, უნგრეთში, ვიეტნამში, გერმანიაში, ინდოეთში, ერაყში, კვიპროსში, კუბაში, მექსიკაში, მონღოლეთში, ნიდერლანდებში, ნიკარაგუაში, პოლონეთში, რუმინეთში, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, ჩეხოსლოვაკიაში, შვედეთში, შვეიცარიაში, იუგოსლავიასა და იაპონიაში.

დოლენჯაშვილის ნამუშევრები ასევე ინახება ტრეტიაკოვის გალერეაში, პუშკინის სახელობის მუზეუმში და მსოფლიოს მრავალ მუზეუმში.

0
თემები:
საქართველო და კულტურა