ნავთობის ჩაღვრა მექსიკის ყურეში

შექმნილია ბიოპრეპარატი ნავთობროდუქტებისგან მიწისა და წყლის გასაწმენდად

102
(განახლებულია 19:59 07.08.2020)
ახალმა პრეპარატმა დაბალ ტემპერატურაზე 20 დღე–ღამეში 99,2%-ით გაწმინდა წყალსაცავი, რომელის საავიაციო საწვავით იყო დაბინძურებული

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. მეცნიერებმა შექმნეს პრეპარატი, რომელიც ნავთობპროდუქტების დაშლას ხდის შესაძლებელს დაბალ ტემპერატურაზეც კი, ნათქვამია რუსეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს საიტზე.

გავრცელებული ინფორმაციით, მეთოდს, რომელიც მიწისა და წყლის ნავთობპროდუქტებისგან გასაწმენდად გამოიყენება, სანქტ–პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგებმა და ენერგეტიკოსებმა მიაგნეს.

სპეციალისტებმა ბიოპრეპარატის მატარებელი ფოროვანი გრანულების მიღების ტექნოლოგია შეიმუშავეს, რომელსაც აქვს კიდეც უნარი, გაწმინდოს ნავთობისგან დაბინძურებული ადგილები.

ამისათვის ფოროვან გრანულებში იმობილიზდება მიკროორგანიზმების უჯრედები, რომლებიც „ჭამენ“ ნავთობპროდუქტებს. ამ უკანასკნელის დაშლის შემდეგ კი მიკროორგანიზმები იღუპება.

აღინიშნება, რომ ახალი ბიოპრეპარატი ბაზარზე უკვე არსებულ სხვა პრეპარატებზე ბევრად ეფექტური და ეკონომიურია. ექსპერიმენტის დროს ახალმა პრეპარატმა დაბალ ტემპერატურაზე 20 დღე–ღამეში 99,2%-ით გაწმინდა წყალსაცავი, რომელის საავიაციო საწვავით იყო დაბინძურებული.

102
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (500)
ფარმაკოლოგიური ლაბორატორია

რევოლუციური გარღვევა: აღმოჩენილია ბუნებრივი ანტიბიოტიკი

27
(განახლებულია 14:38 23.09.2020)
ახლად აღმოჩენილი ანტიბიოტიკი პერსპექტიულია როგორც დამოუკიდებელი სამკურნალო საშუალება და ასევე როგორც კომპლექსური პრეპარატების ელემენტი

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ტიუმენის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს უნივერსალური ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც წამლის მიმართ პათოგენების რეზისტენტობას (გამძლეობას) ძლევს. კვლევის ტექსტი გამოქვეყნდა ჟურნალ Applied Biochemistry and Microbiology-ში.

ავტორები ირწმუნებიან, რომ აღმოჩენილი ნივთიერება ემერიცილიფსინ  A ხელს შეუწყობს  ბაქტერიებითა და სოკოებით გამოწვეულ ინფექციურ დაავადებათა უმრავლესობასთან ეფექტურ ბრძოლას როგორც ადამიანებში, ისე ცხოველებში.

როგორც ნაშრომის ავტორებმა განმარტეს, შესწავლილი ნივთიერების მთავარი თერაპიული მახასიათებელია ზემოქმედების უნივერსალობა. ემერიცილიფსინ  A-სგან დაუცველია ბაქტერიების არა მხოლოდ MDR და XDR ფორმები, არამედ პრაქტიკულად ნებისმიერი პათოგენური ეუკარიოტი, მაგალითად, მიცელარული სოკოები და საფუარი.

მეცნიერების თქმით, პათოლოგიებს შორის, რომლებიც ემერიცილიფსინ A- ს ბრძოლის საშუალებას მისცემს, არის სიმსივნეები, ასევე ყველა სახის ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები.

ემერიცილიფსინი A, ტიუმენის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალისტების აზრით, პერსპექტიულია როგორც დამოუკიდებელი სამკურნალო საშუალება, ისე როგორც კომპლექსური პრეპარატების ელემენტი. თერაპია შეიძლება ჩატარდეს ან ინექციების საშუალებით, ან ადგილობრივად — დაზიანებული ქსოვილის პირდაპირი დამუშავების გზით.

მომავალში, მეცნიერთა გუნდი უჯრედულ მოდელებთან მუშაობიდან პრეპარატის ლაბორატორიულ გამოკვლევებზე გადასვლას აპირებს.

27
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (500)

აშშ „ჩრდილოეთის ნაკადი - 2-ის“ წინააღმდეგ კოალიციას შექმნის: შეჩერდება თუ არა მშენებლობა?

18
აშშ-ში მოიფიქრეს ახალი მეთოდი, როგორ შეაჩერონ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი - 2-ის“ მშენებლობა. სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ამერიკელები კოალიციის შექმნას აპირებენ

რუსეთსი ამ იდეაში კიდევ ერთი სამხედრო ოპერაციის ჩატარების მცდელობა დაინახეს. იქ, სადაც აშშ-სთან კოალიციაა, ყოველთვის ომია, აღნიშნა ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს კომიტეტის ხელმძღვანელმა კონსტანტინ კოსაჩოვმა. რატომ გააკეთა მან ასეთი დასკვნები და შეძლებს თუ არა აშშ ევროპისათვის რუსული საწვავის მაგივრად საკუთარი გაზის მიწოდებას - იხილეთ ჩვენს ვიდეოში.

18
ზურაბ ვადაჭკორია

ქართველი დიზაინერი პოლონელ „არწივებს შორის“ და მისი ოცნების სახლი თბილისში 

0
(განახლებულია 14:54 23.09.2020)
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ პოლონეთში მცხოვრები დიზაინერის, ზურაბ ვადაჭკორიას საქმიანობასა და ცხოვრებას გაგაცნობთ.

უკვე 14 წელია პოლონეთში ცხოვრობს და ამ დროის მანძილზე ბევრის გადატანა მოუწია, თუმცა საკუთარი შრომისმოყვარეობის, ნიჭისა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით პოლონელების ნდობა ადვილად დაიმსახურა. თავიდან ორიგინალური ფორმის შანდლების დამზადება დაიწყო და მისი შეძენის მსურველებიც მალე გამოუჩნდნენ.

დღეს პოლონელები უკვე საკუთარი სახლის დიზაინისა და ინტერიერის მოწყობას ანდობენ. ვარშავის უნივერსიტეტში, ერთ საპასუხისმგებლო შეკვეთას კარგად გაართვა თავი და ადგილობრივი თეატრიდან შემოთავაზებაც მიიღო. პანდემიის დღეებში, სახლში ყოფნის დროს, მან პოლონეთში ჩასულ ბევრ ქართველს გაუწოდა დახმარების ხელი, სრულიად უანგაროდ... დანარჩენს მასალიდან შეიტყობთ.

ზურაბ ვადაჭკორია
ზურაბ ვადაჭკორია

- ბატონო ზურაბ, როგორი იყო თქვენი თბილისური ცხოვრება, რას საქმიანობდით სამშობლოში?

- თბილისელი ვარ, მთაწმინდის უბანში ვცხოვრობდი. ბავშვობიდან კარგად ვხატავდი და ჩხირკედელაობა მიყვარდა. იქიდან მოყოლებული თავდაჯერებული ვარ, რადგან რასაც ხელს მოვკიდებდი, ყველაფერი კარგად გამომდიოდა. თავიდან გრიბოედოვის თეატრში ვმუშაობდი დეკორატორად, შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში თავისუფალ თეატრში სხვადასხვა სახის სამუშაოებს ვასრულებდი.  ზარმაცი არასოდეს ვყოფილვარ, შრომა ბავშვობიდანვე მიყვარს და 16 წლიდან მოყოლებული სულ ვშრომობ. ინტერესი და საქმის კეთების სურვილი ყოველთვის მქონდა, მაგრამ საქართველოში სამწუხაროდ, საქმე ისე ვერ აეწყო, როგორც მინდოდა, ამიტომ იძულებული გავხდი, ქვეყანა დამეტოვებინა და უცხოეთში ჩამოვსულიყავი.

ზურაბ ვადაჭკორია
ზურაბ ვადაჭკორია

- პოლონეთში რომელ წელს ჩახვედით და ვინ იყო ის ადამიანი, ვინც პირველმა გამოგიწოდათ დახმარების ხელი?

- ვარშავაში 2006 წლიდან ვარ, ანუ უკვე 14 წელი. ოჯახსაც აქ მოვეკიდე: მყავს პოლონელი მეუღლე და ორი ვაჟი. პირველი ადამიანი, ვინც ამ  ქვეყანაში გვერდში დამიდგა, პოლონელი პაველ ფიალკოვსკი იყო. ეს კაცი ყველაფერში მეხმარებოდა, მე ჯერ ავტომობილების ზეთების ვაჭრობაში დავსაქმდი, შემდეგ ხელნაკეთ ნივთებს მივუბრუნდი. საცდელად რკინის მასალისგან შანდლების გაკეთება დავიწყე. მათ სპეციალური ტექნიკური დანადგარების მეშვეობით ვამზადებდი. მალე დავინახე, რომ ჩემი ნახელავი ადგილობრივებს ძალიან მოსწონდათ. მათი ყიდვის მსურველი, ჩემდა გასაოცრად, ბევრი აღმოჩნდა.

ზურაბ ვადაჭკორია
ზურაბ ვადაჭკორია

 - ვიცი, რომ სხვა სახის სამუშაოებსაც ასრულებდით, თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რომელი შეკვეთა იყო?

- ერთხელ შემთხვევით გავიცანი ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, ბატონი მარეკ მილერი (Marek Miller), რომელსაც ჩემი ნახელავი ძალიან მოეწონა და წინადადება შემომთავაზა ერთი სერიოზული შეკვეთა შემესრულებინა. პოლონეთის უნივერსიტეტი, თურმე, ორი წელია ეძებდა მხატვარ-დეკორატორს, რომელიც ერთ საპასუხისმგებლო სამუშაოს კარგად გაართმევდა თავს. საქმე ისაა, რომ ვარშავის უნივერსიტეტის შენობაში ერთი ძველი, ისტორიული ნაკეთობა-თაბაშირისგან დამზადებული ორი არწივის ფიგურაა, რომლის ქვემოთაც უნდა გაკეთებულიყო წარწერა: „Między orłami“ („არწივებს შორის“)- დაფაზე კი ამავე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებებისა და წარჩინებული სტუდენტების ფოტოები იქნებოდა გამოფენილი.

ზურაბ ვადაჭკორიას ხელნაკეთი შანდალი
ზურაბ ვადაჭკორიას ხელნაკეთი შანდალი

-თქვენამდე რატომ ვერ შეძლეს, ამ საქმის სირთულე რაში მდგომარეობდა?

-ადრე მცდელობა ჰქონდათ, რომ თაბაშირის მასალაზე წარწერა ლატუნისა და სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ასოებით გაეკეთებინათ, მაგრამ მცდელობა, ყოველ ჯერზე, მარცხით მთავრდებოდა. ბევრი ვიფიქრე და ბოლოს, თითოეული ასო თაბაშირისგან დავამზადე და ასოებზე თან, არწივის ფრთები დავატანე. ასეთი წარწერა არწივის გამოსახულებას ჰარმონიულად შეერწყა, შთამბეჭდავი გამოვიდა და უნივერსიტეტში ყველას მოეწონა. მითხრეს, რომ ეს სწორედ ის არის, რაც გვინდოდაო.

ზურაბ ვადაჭკორიას თაბაშირის ასოებისგან გაკეთებული წარწერა ვარშავის უნივერსიტეტში
ზურაბ ვადაჭკორიას თაბაშირის ასოებისგან გაკეთებული წარწერა ვარშავის უნივერსიტეტში

- ამ უნივერსიტეტის ქართველმა სტუდენტებმა თუ იციან ამ ფაქტის შესახებ?

- არ ვიცი, მაგრამ დამპირდნენ, რომ ნამუშევარს აუცილებლად მიაწერდნენ: წარწერა მხატვრულად ქართველმა, ზურაბ ვადაჭკორიამ გააკეთაო. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როდესაც შენს შრომას ასეთ მაღალ შეფასებას აძლევენ.

ზურაბ ვადაჭკორია
ზურაბ ვადაჭკორია

- დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდეგ სხვა სერიოზული შემოთავაზებაც გაჩნდებოდა...

- ასეც იყო, ამავე პროფესორმა რეკომენდაცია გამიწია და გამაცნო პოლონეთში არსებული კერძო თეატრის- „რეპორტაჟების ლაბორატორია“ მფლობელი, რომელმაც დეკორატორად მუშაობა შემომთავაზა, მაგრამ ანაზღაურებამ არ დამაკმაყოფილა და უარი ვუთხარი, ამასთან როგორც სპეციალისტს, უფრო მეტი განვითარების სურვილი მქონდა, თეატრში კი ეს ვერ მოხერხდებოდა. მერე „ტრი-დე“ პროგრამაში მუშაობა ავითვისე, ავეჯისა და ბინების შიდა ინტერიერის დაპროექტება დავიწყე და მათ დიზაინზეც ვმუშაობდი.

ზურაბ ვადაჭკორიას ხელნაკეთი შანდალი
ზურაბ ვადაჭკორიას ხელნაკეთი შანდალი

- ვინ არიან თქვენი შემკვეთები?

- ჩემი შემკვეთები გამოჩეული ხალხია, მათ შორის პოლონეთის სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები იყვნენ. პოლონეთის პარლამენტის წევრს ოფისი დავუპროექტე და მის დიზაინზეც ვიზრუნე. გადაუჭარბებლად გეტყვით, რომ ხარისხიანად ვმუშაობ და ამიტომ ბევრი მნიშვნელოვან შეკვეთას სწორედ მე მანდობენ, რაც ძალიან მახარებს და მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს.

ზურაბ ვადაჭკორიას ხელნაკეთი შანდლები
ზურაბ ვადაჭკორიას ხელნაკეთი შანდლები

- ყველა საქმეში პროფესიონალიზმის გარდა, პიროვნული თვისებებიც ფასდება...

 - ძალიან მეუხერხულება ამაზე საუბარი, მაგრამ შეკვეთის ხარისხიანად შესრულების გარდა, რაღა თქმა უნდა, აქ სპეციალისტის წესიერებასაც აქცევენ ყურადღებას. პოლონელები საიმედო პარტნიორები არიან, არ მახსენდება შემთხვევა, რომ მათ რაიმე საქმეში მოვეტყუებინე ან გავეწბილებინე, განსხვავებით ქართველებისგან, რომლებთან ურთიერთობასაც უკვე თავს ვარიდებ. ძალიან მწყინს ამას როცა ვამბობ და ეს ჩემს თავმოყვარეობაზეც მოქმედებს, მაგრამ სამწუხარო ფაქტია და ამას, ჯერჯერობით, ვერ გავექეცი...

ზურაბ ვადაჭკორიას სახლი საკუთარი დიზაინით
ზურაბ ვადაჭკორიას სახლი საკუთარი დიზაინით

- ეტყობა, ძალიან მწარე გამოცდილება გაქვთ...

-არ მინდა იმ კომპანიის დასახელება, ზოგადად ვიტყვი, რომ ვარშავაში ქართული ღვინის მწარმოებელი ერთი კომპანიიდან დამიკავშირდა პიროვნება, რომელსაც სახლი თავიდან ბოლომდე დავუპროექტე, სამუშაოს შესასრულებლად ადგილობრივი ხელოსნები ხელშეკრულებით ავიყვანე. მუშაობის დროს ერთმა მათგანმა თავისი სამუშაო ცუდად შეასრულა. მე ბოდიშის მოხდის შემდეგ მისი ხარვეზი მალევე გამოვასწორე. თუმცა იმ ადამიანმა ამ შემთხვევით ბოროტად ისარგებლა, რადგან ამის მერე არც სახლში შემიშვეს და დაპირებული თანხაც არ გადამიხადეს... იძულებული გავხდი, რომ დაქირავებული პოლონელი ხელოსნებისთვის შელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება საკუთარი ჯიბიდან გადამეხადა. ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ქართველებთან საქმეს აღარ დავიჭერდი...

ზურაბ ვადაჭკორიას სახლი საკუთარი დიზაინით
ზურაბ ვადაჭკორიას სახლი საკუთარი დიზაინით

- როგორც ვიცი, ეს გადაწყვეტილება ვერ შეასრულეთ, უფრო მეტიც, კოვიდის პერიოდში, როდესაც სამშენებლო სამუშაოები ყველგან და მათ შორის, პოლონეთშიც გაჩერდა, ქართველ ემიგრანტებს, თურმე, სრულიად უსასყიდლოდ ეხმარებოდით...

- რა ვიცი, გულმა მაინც ვერ გამიძლო... როცა სხვებთან ერთად მეც სახლში გამოვიკეტე, სოციალურ ქსელებში პოლონეთში ჩამოსული ქართველების პოსტებს ვკითხულობდი, სადაც ისინი დახმარებას ითხოვდნენ. მერე მათ ვუკავშირდებოდი, პირადად ვხვდებოდი და ვაკვალიანებდი... ამაზე ლაპარაკი ჩემი მხრიდან უხერხულია, მაგრამ რადგან მკითხეთ, გიპასუხეთ.

ზურაბ ვადაჭკორიას სახლი საკუთარი დიზაინით
ზურაბ ვადაჭკორიას სახლი საკუთარი დიზაინით

- თავად თუ გაქვთ საქართველოში საკუთარი დიზაინით დაპროექტებული ლამაზი სახლი?

- საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ. როდესაც 2012 წელს თბილისში ჩამოვედი, უზენაესი სასამართლოს გვერდით, ზუბალაშვილის ქუჩაზე არსებული საკუთარი სახლი დავანგრიე და თავიდან ბოლომდე ჩემი დიზაინით დავაპროექტე და ავაშენე. ეს არის სახლი, რომელსაც ხშირად წარმოვიდგენდი ოცნებაში, ახლა ის ჩემს მშობლიურ ქალაქშია და როცა ჩამოვდივარ, იქ ყოფნით ბედნიერი ვარ... დიდი სურვილი მაქვს, რომ აქ დავრჩე, მაგრამ რეალობა სხვანაირია. სამწუხაროდ, უცხო ქვეყანაში უფრო დიდი ასპარეზია. პოლონეთში საქართველოსა და მეგობრების დიდი ნოსტალგია მაქვს, მენატრება ჩემი ქალაქი, მისი ქუჩები. ალბათ ის დროც მოვა, როცა ოჯახთან ერთად აქ სამუდამოდ დავბრუნდები და ჩემს აშენებულ სახლში ბედნიერად ვიცხოვრებ...

 

 

 

0
თემები:
ქართველები უცხოეთში