დმიტრი პესკოვი

სავარაუდო თავდასხმა ჟურნალისტზე: პესკოვმა კომენტარი გააკეთა

89
(განახლებულია 19:12 17.06.2020)
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ დაკავებული რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვია, რომელიც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ნებისმიერი ეჭვი, თითქოს რუსეთის ხელისუფლებას ქართველ ჟურნალისტზე გიორგი გაბუნიაზე თავდასხმა სურდა, აბსურდულია და სიმართლეს არ შეესაბამება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა. 

როგორც საგენტო РИА Новости წერს, პესკოვმა ასეთი პასუხი რამზან კადიროვის განცხადების თაობაზე დასმულ შეკითხვას გასცა.

„არ გავაკეთებ ამაზე კომენტარს. ვიტყვი მხოლოდ ერთს, რომ, თუ გახსოვთ, თავდაპირველად ოფიციალურად ბრალდებები ინციდენტთან კავშირში ლამის რუსეთის ხელისუფლების მიმართ ისმოდა. ჩვენ იმთავითვე ვამბობდით, რომ ნებისმიერი ბრალდება ამ შემთხვევაში აბსურდულია და არ შეესაბამება სინამდვილეს“, — აღნიშნა პესკოვმა. 

მანამდე ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ასევე გააკეთა კომენტარი ბრალდებაზე, რომ გაბუნიას ლიკვიდაცია მისი დავალებით უნდა მომხდარიყო. კადიროვის თქმით, საერთოდ არ აინტერესებს „ვაი-ჟურნალისტი“, ხოლო თუ ვინმე მისგან რაიმე დავალებას იღებს, ის მას აუცილებლად ასრულებს.

საქართველოს უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურმა გასულ კვირაში სპეცოპერაციისას რუსეთის მოქალაქე დააკავა ყალბი საბუთების დამზადება–გამოყენების ბრალდებით. მოგვიანებით უწყებამ განაცხადა, რომ ის დაკავებულია დაკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში. სუს-მა მხოლოდ დაკავებულის ინიციალები გაამხილა — ვ.ბ. 

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ დაკავებული რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვია, რომელიც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა გასულ წელს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საჯაროდ შეურაცხყოფისთვის.

 

89
თემები:
რუსეთი დღეს (610)
ხაჭო

ხაჭო მამაკაცურ პოტენციას ამაღლებს: რეკომენდაციები ცნობილი პროფესორისგან

69
(განახლებულია 17:33 28.09.2020)
პროფესორი განმარტავს, რა სარგებლობა მოაქვს ხაჭოს და რატომაა მავნებელი ორგანიზმისთვის ცხიმგამოცლილი რძის პროდუქტები.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ხაჭო დადებითად მოქმედებს მამაკაცურ ჯანმრთელობაზე, ებრძვის შემოდგომის დეპრესიას და აუმჯობესებს განწყობას, აცხადებს პროფესორი ალექსეი ბუევეროვი.

„არსებობს მონაცემები, რომ ხაჭოს, მასში შემავალი მიკროელემენტების წყალობით, შეუძლია პოზიტიური გავლენა მოახდინოს მამაკაცის პოტენციაზე. ამასთან არსებობს მცირე კვლევა, რომ რეგულარული მიღების შემთხვევაში ხაჭოს შეუძლია აამაღლოს განწყობა და დაგეხმაროთ შემოდგომის დეპრესიასთან ბრძოლაში“, — აღნიშნა პროფესორმა.

მისი თქმით, ხაჭო მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, ცილებითა და ცხიმებით და მცირე რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს. გარდა ამისა, მასში შედის ისეთი მიკროელემენტები, როგორებიცაა კალციუმი, მაგნიუმი და თუთია.

ამასთან ბუევეროვი განმარტავს, რომ ცხიმგამოცლილი რძის პროდუქტების მავნებლობა უფრო მეტია, ვიდრე სარგებელი.

„ჯობს მიირთვათ ნაკლები და ნორმალური ცხიმიანობის ხაჭო — 5 ან 9 პროცენტიანი. ცხიმგამოცლილი რძის პროდუქტებისგან მავნებლობა უფრო მეტია, ვიდრე სარგებელი. როდესაც ადამიანი ცხიმებს საკმარისი რაოდენობით არ იღებს, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესი ირღვევა და იწყება ცხიმების დაგროვება. მეორეც: ცხიმგამოცლილი პროდუქტები უგემურია და ამიტომ მწარმოებელი მათში შაქარს ან შაქრის შემცვლელს ამატებს. ეს კი მავნებელია როგორც ნახშირწყების ცვლის, ისე სხეულის მასის მატების კუთხით. შეუძლია დიაბეტის განვითარებაც კი გამოიწვიოს, თუ ადამიანი ამისადმი გენეტიკურადაა მიდრეკილი“, — დააზუსტა პროფესორმა.

მისი თქმით, ხაჭოს დღიური ნორმა არ უნდა აღემატებოდეს 200 გრამს.

 

69
თემები:
სასარგებლო რჩევები
სტუდენტები ლექციაზე

იმ მოქალაქეთა საყურადღებოდ, რომლებიც პანდემიის გამო რუსეთში სასწავლებლად ვერ მიდიან

1088
(განახლებულია 20:59 25.09.2020)
წელს ქართველი ახალგაზრდობისთვის დაახლოებით 120 ადგილი გამოიყო რუსეთში უფასო განათლების მისაღებად, მაგრამ სტუდენტები პანდემიის გამო გამგზავრებას ვერ ახერხებენ

თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. სტუდენტები, რომლებმაც წელს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში თანამემამულეთა პროგრამის ფარგლებში ჩააბარეს, მაგრამ პანდემიის გამო სასწავლებლად გამგზავრებას ვერ ახერხებენ, თავიანთ უნივერსიტეტებს უნდა დაუკავშირდნენ. ამის შესახებ Sputnik-საქართველოს საქართველოს რუს თანამემამულეთა ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლაი სვენტიცკიმ განუცხადა.

მარტის შუა რიცხვებიდან საქართველოს საზღვრები პანდემიის გამო ჩაიკეტა. შედეგად საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც წელს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარეს ან არდადეგებზე სახლში იმყოფებოდნენ, ვერ ახერხებენ სასწავლებლად რუსეთში გამგზავრებას.

„პირველი და უმთავრესია, არავინ ინერვიულოს, ყველაფერი ძალაში რჩება, ისინი ისწავლიან. ყველა სტუდენტს, ასპირანტს ვურჩევდი, რაც შეიძლება სწრაფად დაუკავშირდეს ტელეფონით ან ინტერნეტით უმაღლესი სასწავლებლების დეკანატებს, რომლებიც უცხოელ მოქალაქეებთან მუშაობაზე არიან პასუხისმგებელი, და სთხოვონ სიტუაციის დეტალურად განმარტება“, - განაცხადა სვეტნიცკიმ. 

სვენტიცკის თქმით, ეს პრობლემა შეეხო არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არამედ სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც, რომლებმაც წელს პროგრამით რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარეს. როგორც მან აღნიშნა, ბევრი ასეთი მოქალაქეა, რომელთა ქვეყანაში შეშვება და საერთო საცხოვრებლებში განთავსებაა საჭირო.

„ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, ეს ზუსტად ვიცი. მთავარია, ხელი არ ჩაიქნიონ, რადგან ეს ბავშვები უკვე ჩარიცხული არიან უმაღლესებში“, - აღნიშნა სვენტიცკიმ.

ამასთან, ზოგიერთი სტუდენტი საქართველოდან უკვე შეუდგა დისტანციურ სწავლას რუსეთის უმაღლესებში.

„მე ბაუმანის სახელობის უნივერსიტეტში ჩავაბარე, ამჟამად დისტანციურად ვსწავლობ. უმაღლესთან კონტაქტს ვინარჩუნებ, დაუსწრებლად საერთო საცხოვრებელში ადგილიც კი გამომიყვეს. მაგრამ რუსეთში მოხვედრას ვერ ვახერხებ - საჭიროა სპეციალური მოსაწვევი, რომლის მიღებასაც მხოლოდ მაშინ შევძლებ, როდესაც საზღვრები გაიხსნება და ეპიდემიოლოგიური ვითარება მოგვარდება“, - განუცხადა Sputnik-საქართველოს ერნესტ შადინოვმა, რომელმაც უმაღლესში წელს პროგრამის ფარგლებში ჩააბარა.

საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან მოქმედი რუსეთის ინტერესების სექცია ყოველწლიურად კონკურსის წესით არჩევს საქართველოს მოქალაქეთა შორის რუსეთის უმაღლესებში ჩაბარების მსურველებს. რუსეთში სხვადასხვა ქვეყნიდან სტუდენტების სწავლების პროგრამა უკვე 15 წელია მოქმედებს. მთელი ამ წლების განმავლობაში მხოლოდ საქართველოდან რუსეთში განათლების მისაღებად ყოველწლიურად დაახლოებით 120 სტუდენტი მიემგზავრება.

1088
ავარია

ავარია ავტობანზე: არიან დაღუპულები და დაშავებულები

0
(განახლებულია 15:57 29.09.2020)
შემთხვევის გამო ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. თბილისი-სენაკი ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

სოფელ შავშვებთან ავარია დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. 

 გავრცელებული ინფორმაციით, ავტობანზე მოძრავი „ნისანის“ მარკის ჯიპი ტრაილერს შეეჯახა. ორი მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ორი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და „სასწრაფო დახმარების“ ეკიპაჟები.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა. საპატრულო პოლიცია ავტობანზე მოძრავ მძღოლებს შემოვლითი გზით სარგებლობისკენ მოუწოდებს.

გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში