დომბა ტყეში

ცხოველთა მეფის დაბრუნება როგორ აღადგინეს რუსეთში გადაშენებული სახეობა

39
(განახლებულია 19:07 30.01.2020)
დომბა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძუძუმწოვარია, მამონტებსა და ბეწვიან მარტორქებთან ერთად გამყინვარების ეპოქის ფაუნის განუყოფელი ნაწილი.

თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. XX საუკუნის პირველი ოცდაათი წლის განმავლობაში დომბები პრაქტიკულად გადაშენდნენ. ამჟამად პოპულაცია აღდგენილია. მაგრამ საფრთხე სხვადასხვაგვარი არსებობს: მონათესავე პოპულაციებთან შეჯვარება, საძოვრების სიმწირე, ბრაკონიერები. იშვიათი სახეობის შენარჩუნებას ხელს უწყობს კვლევები და სელექციური სტრატეგია. „რია ნოვოსტიმ“ გადაწყვიტა, მკითხველს საგანგებოდ დომბებისთვის შექმნილ ნაკრძალში არსებული გარემო გააცნოს.

გამყინვარების ეპოქის სიმბოლო

დომბა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძუძუმწოვარია, მამონტებსა და ბეწვიან მარტორქებთან ერთად გამყინვარების ეპოქის ფაუნის განუყოფელი ნაწილი. დომბები ბინადრობდნენ ტერიტორიებზე პირინეის ნახევარკუნძულიდან დასავლეთ ციმბირამდე, ასევე კავკასიასა და სკანდინავიის ნახევარკუნძულზე. მათ არ ჰყავდათ ბუნებრივი მტერი და მარტივად გაუძლეს კლიმატის ცვლილებებსა და ადამიანის წინაპრების ექსპანსიას.

© photo: Sputnik / Vitaly Belousov
დომბა ბიოსფერულ ნაკრძალში

მაგრამ თანამედროვე ადამიანები მეტისმეტად სასტიკნი აღმოჩნდნენ. ამ ამაყი ცხოველების თავები ერთ დროს მონადირეების საპატიო ნადავლად ითვლებოდა. დომბებს ხორცისა და ტყავის გამოც ხოცავდნენ.

1920-იან წლებში ერთ დროს მრავალრიცხოვანი პოპულაციიდან მხოლოდ 48 ცხოველიღა შემორჩა ევროპის ზოოპარკებსა და კერძო მეურნეობებში. გადაწყდა სახეობის შესანარჩუნებლად ზომების მიღება.

დომბებისთვის ნაკრძალის გასახსნელად შესაფერისი ტერიტორია მდინარე ოკას სანაპიროზე, მოსკოვის ოლქის სამხრეთ საზღვარზე აღმოაჩინეს. ჯერ კიდევ XIX საუკუნის მიწურულს ბიოლოგებმა გაარკვიეს, რომ აქაური ფლორა განსაკუთრებული იყო. მიჩნეულია, რომ უნიკალური ბუნებრივი გარემო გამყინვარების ეპოქის გადმონაშთია. ამ ეკოსისტემის შესანარჩუნებლად 1945 წელს ტერიტორიაზე ნაკრძალი გაიხსნა.  

სწორედ აქ დაიდეს ბინა დომბებმა 1948 წლიდან. ხუთი სუფთა სისხლის დომბა პოლონეთიდან ჩამოიყვანეს. სწორედ მათგან დაიწყო სახეობის აღდგენა.

ჯოგის წინამძღოლი

ბუნებრივ გარემოში დომბები ჯოგებად ცხოვრობენ. ჯოგში 10-15 ცხოველია. ისინი ჯგუფებად ნაწილდებიან: მდედრები ხბოებთან ერთად, თავისუფალი მდედრები და ახალგაზრდა მამრები. დომბებთან მატრიარქატია, ყველა უფროს მდედრს ემორჩილება.

© photo: Sputnik / Vitaly Belousov
დომბების ჯოგი

ნაკრძალში ცხოველების ქცევა განსხვავებულია. ისინი ყოველდღიურად დიდი მონდომებითა და ზოგჯერ აგრესიულადაც კი იცავენ თავიანთ ტერიტორიას. მდედრებს ხბოს მოგება ყოველ წელს შეუძლიათ.

ნაკრძალის დათვალიერების საუკეთესო დრო ზამთარია, რადგან ამ სეზონზე დომბები საკვების ახლო-მახლო ტრიალებენ და მათი დანახვა მარტივად შეიძლება.

გვიან გაზაფხულზე ისინი ვოლიერების სიღრმეში გადაინაცვლებენ ხოლმე. მაგრამ ტურისტები ხელცარიელი რომ არ გაბრუნდნენ, საჩვენებელ ვოლიერში ყოველთვის იმყოფება ერთი-ორი „პენსიონერი“ დომბა.

ნაკრძალის თანამშრომლები ცხოველებს დღეში ორჯერ კვებავენ, მუდმივად ამარაგებენ წყლით, ანალიზებსაც ხშირად უკეთებენ.

წამოზრდილ დომბებს წლის ბოლოს ქვეყნის ეროვნულ პარკებში გზავნიან. ახალგაზრდა ცხოველები უფრო იოლად ეჩვევიან თავისუფლებას და უფროსი მდედრის ან მამრის წინამძღოლობით ჯოგს ქმნიან.

2017 წელს ერთი ასეთი ჯგუფი, რომელიც 12 ახალგაზრდა ცხოველისგან შედგებოდა, ნაკრძალის ქარიშხლისგან დაზიანებული ღობიდან გარეთ გავიდა. დომბებს რამდენიმე კვირა იჭერდნენ. საბოლოოდ, ნაკრძალის ტერიტორიაზე ისინი სამხედროებისა და მოხალისეების ძალისხმევით დააბრუნეს.

გენეტიკა

ბოლო წლებში ჩატარებულმა გენეტიკურმა კვლევებმა დომბებისა და მათი უახლოესი ნათესავების – ბიზონების ისტორიაში ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი. ცნობილია, რომ ორივე სახეობა ველური მოკლერქიანი ტყის ხარისგან დაახლოებით 1,5 მილიონი წლის წინ წარმოიშვა. დაყოფა დაიწყო, როდესაც ცხოველების ნაწილი ევრაზიიდან ახალი მიწების ასათვისებლად ჩრდილოეთ ამერიკაში გადავიდა.

ხმელეთის ის ნაწილი, რომლის გავლითაც ცხოველები ამერიკის კონტინენტზე გადავიდნენ, წყლით დაიფარა, ჩლიქოსნები სამშობლოსგან მოწყვეტილი აღმოჩნდნენ და მრავალი ათასწლეულის განმავლობაში განიცდიდნენ ევოლუციას. ამჟამად ბიზონების ორ სახეობას გამოყოფენ: ტყის და ველის ბიზონებს.

ევროპაში დომბების ორი ქვესახეობა ჩამოყალიბდა – დაბლობისა და კავკასიისა.

დომბები და ბიზონები ერთმანეთს ჰგვანან. მაგრამ საარსებო გარემო, იერი და ქცევა განსხვავებული აქვთ. ბიზონები უფრო მუქები არიან, აქვთ შედარებით ფართო მკერდი, რომელიც გრძელი და ხშირი ბეწვითაა დაფარული. ახალდაბადებული ხბოები ხასხასა ბალახის ფონზე მოწითალო-მოყვითალო ფერისა ჩანან. განსხვავების დანახვა ნაკრძალშიც შესაძლებელია.

თანამედროვე დომბების წინაპრები უჩვეულო „ჰიგსის ბიზონები“ იყვნენ, „ჩვეულებრივი“ პრეისტორიული ბიზონებისა და თანამედროვე ძროხებისა და ხარების ჰიბრიდები, რაზეც მეცნიერებმა შეიტყვეს ძველისძველი დნმ–ანალიზისა და საფრანგეთის გამოქვაბულებში აღმოჩენილი ნახატების წყალობით.

პერიოდულად სხვადასხვა გამოცემაში იბეჭდებოდა პუბლიკაციები იმაზე, რომ დომბების რუსულ პოპულაციაში ჰიბრიდები იყვნენ, რომლებიც დომბების, ბიზონებისა და ნაცრისფერი უკრაინული რქოსანი პირუტყვის შეჯვარების შედეგად დაიბადნენ.

ნაკრძალის დომბების დნმ შეადარეს დომბების სხვა პოპულაციების ანალიზებს, რომელთა სუფთა წარმომავლობა დამტკიცებული იყო, ასევე გაყინულ ბიომასალას. კვლევებში გერმანელი და პოლონელი მეცნიერები მონაწილეობდნენ. ეროვნული ნაკრძალის ბინადრები სუფთა სისხლის დომბები აღმოჩნდნენ.

ამჟამად სულ მსოფლიოში შვიდი ათასამდე ინდივიდია. ეს გადაშენებული სახეობის აღდგენისა და განსახლების ერთადერთი წარმატებული მაგალითია. თუმცა დომბა კვლავ იშვიათ ცხოველად ითვლება. რუსეთში დომბები წითელ წიგნში პირველ ნომრად არიან შეტანილი. და ამ სტატუსის ჩამორთმევა მათთვის ჯერ ნაადრევია.

39
თემები:
ეს უცნაური რუსეთი (92)
სასწრაფო დახმარება რუსეთში

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 400 ათასს აჭარბებს

8
(განახლებულია 14:57 31.05.2020)
რუსეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებული 9248 ადამიანიდან 3784-ს არანაირი კლინიკური გამოვლინება არ აღენიშნება

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 400 ათასს გადააჭარბა, გასულ დღე-ღამეში 9 268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება ახალ კორონავირუსულ ინფექციასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი.

ამასთან, 3784 პაციენტს არანაირი კლინიკური გამოვლინება არ აღენიშნება.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 23 მაისიდან პირველად ცხრა ათასს გადააჭარბა. ეპიდემიის დაწყებიდან რუსეთის 85-ვე რეგიონში დაავადებულთა საერთო რიცხვი 405 843-მდე გაიზარდა. დაფიქსირდა 4 693 ლეტალური შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 171 ათასზე მეტი პაციენტი.

რუსეთის რეგიონების უმრავლესობაში საყოველთაო თვითიზოლაციის რეჟიმი მოქმედებს: მოსკოვში საშვთა სისტემა დაწესდა. ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ, ჰიგიენის წესებისა და ორმეტრიანი დისტანციის დაცვისკენ.

ამასთან, რუსეთში COVID-19-ით ლეტალობა საშუალოდ 7,4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე მთლიანობაში მსოფლიოში. ამის შესახებ ადრე რუსეთის ვიცეპრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა. მისი თქმით, ასეთი დაბალი მაჩვენებელი უკავშირდება ინფიცირებულთა სტრუქტურაში პნევმონიების ხვედრითი წილის შემცირებას - 25%-დან 20,6%-მდე, დაინფიცირებიდან ჰოსპიტალიზაციამდე პერიოდის თითქმის ცხრაჯერ შემცირებას და ასევე მატების ტემპების 2,6-ჯერ კლებას.

8
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
ფავიპირავირის წარმოება COVID-19-ის სამკურნალოდ

რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი პრეპარატი დაარეგისტრირეს

138
(განახლებულია 11:32 31.05.2020)
პრეპარატის სავაჭრო დასახელებაა „ავიფავირი“, ხოლო საერთაშორისო დაუპატენტებელი ანუ ჯგუფური თუ ქიმიური დასახელებაა „ფავიპირავირი“

თბილისი, 31 მაისი - Sputnik. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი პრეპარატი დაარეგისტრირა. შესაბამისი ინფორმაცია წარმოდგენილია სამკურნალო საშუალებების სახელმწიფო რეესტრში, იუწყება РИА Новости.

„პრეპარატის სავაჭრო დასახელებაა „ავიფავირი“. საერთაშორისო დაუპატენტებელი ანუ ჯგუფური თუ ქიმიური დასახელებაა „ფავიპირავირი“, - ნათქვამია რეესტრში.

პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების პირველი რეგისტრირებული პრეპარატი, რომელმაც COVID-19-ის წინააღმდეგ კლინიკურ კვლევებში თავისი ეფექტურობა აჩვენა, „პირდაპირი ინვესტიციების რუსეთის ფონდის“ და კომპანიათა ჯგუფ „ქიმრარის“ მიერ შეიქმნა.

პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების პრეპარატმა „ავიფავირმა“ კლინიკური კვლევებისას თავისი ეფექტურობა აჩვენა და ის კორონავირუსის მექანიზმებს არღვევს. პრეპარატი საკმაოდ კარგად არის შესწავლილი, რადგან იაპონიაში გრიპის მძიმე ფორმების საწინააღმდეგოდ 2014 წლიდან გამოიყენება.

„ავიფავირის“ კლინიკური კვლევის შუალედური მონაცემები პრეპარატის COVID-19-ის მკურნალობისას მაღალ ეფექტურობას ადასტურებს. „პირდაპირი ინვესტიციების რუსეთის ფონდში“ აღნიშნეს, რომ ამჟამად „ავიფავირის“ კლინიკური კვლევის ფინალური ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც 330 პაციენტის მონაწილეობით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 21 მაისს დამტკიცდა.

138
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
განათლების სამინისტრო

საქართველოში  პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო

0
(განახლებულია 08:06 01.06.2020)
საქართველოს კანონმდებლობით, პირველ კლასში რეგისტრაციისთვის აუცილებელია, რომ ბავშვს 15 სექტემბრისთვის ექვსი წელი შეუსრულდეს

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოში 1 ივნისიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო, რომელიც 25 ივნისამდე გაგრძელდება, ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.

მესამე ეტაპზე დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე და მას ბავშვის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს. რეგისტრაციისთვის აუცილებელ ინსტრუქციას გაეცანით აქ.

რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. თუ დადგენილ ვადებში დოკუმენტაცია არ იქნება წარმოდგენილი, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი შეეხო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს. აღნიშნული ეტაპი 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით უკვე განხორციელდა, პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი 11 მაისიდან დაიწყო და 1 ივნისამდე გაგრძელდა.

კორონავირუსის პანდემიის გამო ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლაში აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენისა და რეგისტრაციის ვადები გაახანგრძლივა.

0
თემები:
განათლება საქართველოში