NASA-ს ასტრონავტის სკაფანდრი

დუმის დეპუტატი: ნატოს კოსმოსური გეგმები მსოფლიოს კატასტროფამდე მიიყვანს

103
(განახლებულია 15:55 20.11.2019)
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატს მიაჩნია, რომ რუსეთმა საპასუხოდ შესაბამისი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს და არ დაუშვას ნატოს მიერ კოსმოსის მილიტარიზაცია.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გეგმავს გამოაცხადოს კოსმოსური სივრცე საკუთარი მოღვაწეობის ერთ-ერთ სფეროდ, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი გამოსვლის ტრანსლაცია Twitter-ზეა გამოქვეყნებული.

​ალიანსის მეთაურის აზრით, კოსმოსური სივრცის ოპერატიულ სფეროდ აღიარება ხელს შეუწყობს კავშირის, ნავიგაციისა და წინასწარი გაფრთხილების სისტემების განვითარებას. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ კოსმოსში შეტევითი იარაღის განთავსება არ მოიაზრება.

ალიანსის ხელმძღვანელობისგან მსგავსი განცხადებები არ შეესაბამება სინამდვილეს, აღნიშნა რადიო Sputnik-ის ეთერში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ იური შვიტკინმა.

„სტოლტენბერგის განცხადება ეჭვს იწვევს და აშკარად [მოიაზრებს] აგრესიულ, დესტრუქციულ ქმედებებს სხვა სახელმწიფოების მიმართ... თავად ალიანსი, როგორც სამხედრო ორგანიზაცია, კოსმოსის მილიტარიზაციას ვარაუდობს და ამისთვის ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან ყველანაირი მცდელობა იქნება. ჩემი აზრით, ამას შეუძლია მსოფლიო კატასტროფამდე მიიყვანოს“, — განაცხადა შვიტკინმა. 

მისი თქმით, რუსეთმა საპასუხოდ შესაბამისი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს და არ დაუშვას ნატოს მიერ კოსმოსის მილიტარიზაცია. 

„პასუხი უნდა იყოს სარკისებური, თუმცა ისეთი, რომელიც არ დაუშვებს ჩვენი ქვეყნის ჩათრევას კოსმოსში გამალებულ შეიარაღებაში“, — მიაჩნია დეპუტატს. 

ნოემბრის დასაწყისში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჟურნალ Economist-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა „სრულად დაკარგა კოორდინაცია მოკავშირეებს შორის, რაც შეიძლება ტვინის სიკვდილად შეფასდეს“. მაკრონის ეს გამონათქვამი გააკრიტიკეს ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და ასევე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომლებიც არ იზიარებენ საფრანგეთის პრეზიდენტის შეფასებებს ნატოს მიმართ.

პარალელურად ცნობილი გახდა, რომ რუსეთი საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების შექმნას იწყებს აშშ-ის ქმედებებზე სარკისებური პასუხის გაცემის მიზნით, თუმცა არ აპირებს აღნიშნული რაკეტების განთავსებას სადმე მანამ, სანამ ისინი რომელიმე რეგიონში არ გამოჩნდება.

 

103
თემები:
რუსეთი დღეს (676)
COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა

ევროკავშირის წამლის სააგენტომ რუსულ ვაქცინაზე მოლაპარაკება დაიწყო

21
(განახლებულია 22:04 25.11.2020)
რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა უკვე შეიტანა განაცხადი ევროპის სამედიცინო ასოციაციაში პრეპარატის დასამტკიცებლად და არ გამორიცხა გერმანიაში მისი დამზადების შესაძლებლობა

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) დაიწყო მოლაპარაკება COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის მწარმოებელთან. იუწყება РИА Новости ევროკომისიის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით.

„ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) დაუკავშირდა მწარმოებელი და ახლა ისინი მოლაპარაკების პირველ ეტაპზე იმყოფებიან“, - აღნიშნა მან.

ამასთან, „რია ნოვოსტის“ თანამოსაუბრემ დააზუსტა, რომ ევროპის წამლის ასოციაციას არ მიუღია განაცხადი „სპუტნიკ V“-ს გაყიდვაზე ევროპაში, ვინაიდან ევროკომისია ჯერ არ ფლობს მონაცემებს რუსული ვაქცინის შესახებ.

ადრე რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა უკვე შეიტანა განაცხადი ევროპის სამედიცინო ასოციაციაში პრეპარატის დასამტკიცებლად და არ გამორიცხა გერმანიაში მისი დამზადების შესაძლებლობა.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მიმდინარე წლის აგვისტოში დაარეგისტრირა მსოფლიოში პირველი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, სახელწოდებით „სპუტნიკ V“. ვაქცინა სამკვირიანი შუალედით ორგანიზმში ორჯერ შეჰყავთ.

ვაქცინის კლინიკური კვლევის მონაცემების მეორე შუალედურმა ანალიზმა აჩვენა 91,4%-იანი ეფექტურობა პირველი ინექციიდან 28-ე დღეს და 95%-იანი ეფექტურობა 42-ე დღეს.

„სპუტნიკ V“ შედის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინების სიის ათეულში, რომლებიც კლინიკური ცდების მესამე ფაზის დასასრულთან და მასობრივი წარმოების დაწყებასთან ყველაზე ახლოს არიან. რუსეთმა ჯანმოში გაგზავნა შუამდგომლობა დაჩქარებული რეგისტრაციის თხოვნით.

21
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
ტერორისტული დაჯგუფების წევრის დაკავება

რუსეთში ტერაქტი აღკვეთეს: უსაფრთხოების ფედერალური სამსახური განცხადებას ავრცელებს

32
(განახლებულია 15:11 25.11.2020)
ბოლო ორი თვის განმავლობაში ძალოვანი სამსახურის წარმომადგენლებმა ტერაქტები აღკვეთეს მოსკოვში, ვოლგოგრადსა და სტავროპოლში.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. მოსკოვის რეგიონში რამდენიმე ტერორისტული აქტი აღიკვეთა, რომლებსაც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები ამზადებდნენ, იუწყება სააგენტო РИА Новости რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით.

„რადიკალი ისლამისტების სამყოფელებში აღმოჩენილი და ამოღებულია თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა დამაზიანებელი ელემენტებით, სხვა ნივთები და დოკუმენტები“, — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ რელიზში.

არსებული ინფორმაციით, ძალოვნებმა ვლადიმირის ოლქში დაჯგუფების ერთი წევრი დააკავეს, რომელიც წარმოშობით ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ქვეყნიდანაა. სად იმყოფებიან სხვა ეჭვმიტანილები, არ არის დაკონკრეტებული.

სააგენტოს ცნობით, უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს აქვს ინფორმაცია, რომ დაჯგუფების წევრები ეწეოდნენ „ბოევიკების“ გადაბირებას და ასევე აგროვებდნენ თანხებს ტერორისტული საქმიანობისთვის.

აღინიშნება, რომ ბოლო თვეებში ეს რუსეთში ტერაქტის აღკვეთის მინიმუმ მეოთხე შემთხვევაა. ამ შემოდგომაზე ძალოვნებმა ტერაქტები აღკვეთეს მოსკოვში, ვოლგოგრადსა და სტავროპოლში.

უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის ალექსანდრ ბორტნიკოვის თქმით, ბოლო ათი წლის განმავლობაში რუსეთში 150-ზე მეტი ტერორისტული თავდასხმა აღიკვეთა.

 

32
თემები:
რუსეთი დღეს (676)
სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილმა გაეროს უამბო, რა კეთდება საქართველოში ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის კუთხით

0
ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება და ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეულში შედის

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ოჯახში ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ გაეროს ოფიციალურ ონლაინ-ღონისძიებაზე.

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები ამ თარიღს 1981 წლიდან აღნიშნავენ. ამ დღეს 1960 წელს დომინიკას რესპუბლიკის ლიდერის, რაფაელ ტრუხილიოს ბრძანებით სასტიკად მოკლეს სამი და მირაბალები, რომლებიც რესპუბლიკის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეები იყვნენ. 1999 წლის 17 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისთვის ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

„ოჯახში ძალადობის პრევენცია და რეაგირება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება. ჩვენ უზრუნველვყავით, რომ მიუხედავად COVID-19-ს მდგომაროებისა, არანაირი შეფერხება არ არის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი სერვისების მიწოდებაში (თავშესაფრები, კრიზისის ცენტრები, ცხელი ხაზები); სახელმწიფომ ძლიერი მესიჯი გაუგზავნა ქალებსა და გოგონებს, რათა ძალადობის შემთხვევაში მათ მოიძიონ დახმარება და დაუკავშირდნენ სამართალდამცავებსა და სხვა მხარდამჭერ ორგანიზაციებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ოჯახურ ტირანებზე ელექტრონული მეთვალყურეობაზე, რომელიც საქართველოში წელს შემოიღეს.

„შემაკავებელ ორდერთან ერთად, ეს მექანიზმი დამნაშავის რეალურ დროში მონიტორინგისა და მსხვერპლთან, მსხვერპლის სახლთან, სამსახურთან თუ სხვა სივრცეებში მიახლოების აკრძალვის საშუალებას იძლევა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

თავის გამოსვლაში ზურაბიშვილმა გამოხატა მადლიერება გენერალური მდივნის მიმართ განსაკუთრებული მოწოდებისთვის – „მშვიდობა შინ“ და აღნიშნა, რომ ამ საკითხში ყველა ქვეყნის თანამშრომლობა პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზაა.

ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება და ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეულში შედის. 2020 წლის ცხრა თვეში საქართველოში ოჯახური ძალადობის 4 138 შემთხვევა მოხდა. ძალადობის მსხვერპლთა ძირითადი ნაწილია 25-დან 44 წლამდე ასაკის ქალებია. წლის დაწყებიდან ოჯახში ძალადობას 19 ქალი ემსხვერპლა.

0
თემები:
ადამიანის უფლებები საქართველოში