იტალიის პოლიცია

ნამდვილი ამბავი: გაქურდული მომღერლისა და იტალიელი პოლიციელების უნიკალური დიალოგი

100
(განახლებულია 18:00 25.09.2019)
გაქურდულმა მომღერალმა დახმარებისთვის მოედანზე მყოფ პოლიციელებს მიმართა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისინი ინგლისურად არ ლაპარაკობდნენ, მარიამ კი იტალიური არ იცოდა.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ვენეციაში გაქურდულმა რუსმა ოპერის მომღერალმა მარია ოსტროუხოვამ პოლიციელებს, რომლებიც ინგლისურად არ ლაპარაკობდნენ, მომხდარი ამბავი საოპერო ფრაზებით აუხსნა. ამის შესახებ მომღერალმა თავად დაწერა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე.

ოსტროუხოვა წერს, რომ ვენეციაში ყოფნისას, როდესაც სან-მარკოს მოედანზე სეირნობდა, პასპორტი, საკრედიტო ბარათები და ფული მოპარეს. არადა, ორი დღის შემდეგ ლონდონში უნდა გაფრენილიყო. მომღერალმა დახმარებისთვის მოედანზე მყოფ პოლიციელებს მიმართა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისინი ინგლისურად არ ლაპარაკობდნენ. მარია ოსტროუხოვამ კი იტალიური არ იცოდა. მან გამოსავალს იმაში მიაგნო, რომ საოპერო არიებიდან „ამოკრებილი“ ფრაზებით აუხსნა სამართალდამცველებს თავისი გასაჭირი.  

პირველი ფრაზები მომღერალმა „ორფეოსიდან“ და „პოპეის კორონაციიდან“ აიღო, რომლებიც ასე ჟღერს: Son disprezzata e sconsolata! Io manco, io moro... („ყველამ მიმატოვა, გონებას ვკარგავ, ვკვდები“), და რითიც პოლიციელების ყურადღება მიიპყრო. მათ ისტერიკაში ჩავარდნილი ქალი დასვეს და წყალი დაალევინეს დასამშვიდებლად. 

ამის შემდეგ მომღერალი ერთხელ უკვე გაკვალულ გზას მიჰყვა და საგონებელში ჩავარდნილ პოლიციელებს შემდეგი საოპერო ფრაზა შესთავაზა: Che faro senza mio passaporte? Dove andro senza mio passaporte? („როგორ მოვიქცე უპასპორტოდ? სად წავალ უპასპორტოდ?“). და სამართალდამცველები მაშინვე მიუხვდნენ ტურისტს, რომ ის გაექურდათ. მათ მომღერალს ადგილობრივი ჯიბის ქურდების ფოტოები აჩვენეს. მარია ოსტროუხოვამ ჰიჯაბში გამოწყობილ გოგონაზე გაამახვილა ყურადღება, რადგან სწორედ ის დასჯახებოდა მანამდე ხიდზე.

„Ecco la donna maledetta! Vorrei smembrarla! - აი ეს წყეული ქალი! მსურს ავკუწო!“ — ასეთი იყო შემდეგი ფრაზა, რაღა თქმა უნდა, კვლავ ოპერიდან. 

რამდენიმე საათის შემდეგ მომღერალს პოლიციიდან დაუკავშირდნენ და განყოფილებაში დაიბარეს, სადაც პასპორტი და საკრედიტო ბარათები გადასცეს — ქურდს ისინი საზოგადოებრივ ტუალეტში გადაეყარა. ბედნიერმა მომღერალმა წესრიგის დამცველებს მადლობა „ჩვეულ სტილში“ გადაუხადა: Signore cavalliero! Vi benedico per la vostra bonta e gentilezza! („სენიორ რაინდო, კურთხეულ იყავით სიკეთისა და ალერსისათვის“). 

საბოლოოდ გაოგნებულმა პოლიციელებმა მარია ოსტროუხოვას გამომშვიდობებისას უთხრეს, რომ ის „ძალიან ელეგანტურად“ საუბრობდა იტალიურად.

 

100
თემები:
რუსეთი დღეს (181)