კურორტი თურქეთში

უბედური შემთხვევა ბოდრუმში: სასტუმროს აუზში ბავშვის ხელი ტუმბომ შეისრუტა

102
(განახლებულია 18:20 26.08.2019)
მკურნალობის ხარჯებს სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. თორმეტი წლის გოგონამ, რომელიც ბოდრუმის ერთ-ერთ სასტუმროში უბედური შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა, უკვე ოთხჯერ განიცადა კლინიკური სიკვდილი, იუწყება მასმედია.

მანამდე ანტალიაში რუსეთის გენერალურმა საკონსულომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის მოქალაქე გოგონა 18 აგვისტოს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში

გადაიყვანეს საავადმყოფოში. როგორც ირკვევა, ბავშვის ხელი აუზის მილმა შეისრუტა. საშველად მამა გადახტა, მაგრამ შვილის ხელის გამოთავისუფლება ვერ შეძლო. მის დახმარებას შვიდი მამაკაცი ცდილობდა, მაგრამ ტუმბოს გაჩერების შემდეგაც კი გოგონას ხელის გამოთავისუფლება მხოლოდ აუზის კედლის მონგრევით მოხერხდა.

შემთხვევის თვითმხილველებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, რომელმაც დაშავებული თავდაპირველად ბოდრუმის საავადმყოფოში გადაიყვანა, მოგვიანებით კი ბავშვი ქალაქ დენიზლის სახელმწიფო სამედიცინო კლინიკაში გადაგზავნეს.

აღსანიშნავია, რომ შემთხვევა სადაზღვევოდ ცნეს და მკურნალობის ხარჯებს სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებს გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში. გარდა ამისა, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი გოგონას მშობლებს ასევე ეხმარება ტურისტული კომპანიაც, რომელმაც უზრუნველყო ოჯახის დასვენება თურქეთის კურორტზე.  

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი ამ დრომდე დენიზლის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია და მისი ტრანსპორტირება გამორიცხულია. ექიმების შეფასებით, გოგონას მდგომარეობა „ძალიან მძიმე და არასტაბილურია“.

102
თემები:
რუსეთი დღეს (161)