ალექსანდრ პეტროვი

„ჰოლივუდმა გამაშტერა“ უპოპულარესი რუსი მსახიობის გულახდილი საუბარი

146
(განახლებულია 17:42 30.07.2019)

რუსეთის უპოპულარესი ახალგაზრდა მსახიობი ალექსანდრ პეტროვი ლუკ ბესონის სურათში „ანა“ პარტნიორობას უწევდა ისეთ მსახიობებს, როგორებიც არიან ჰელენ მირენი, კილიან მერფი, ლუკ ევანსი.

„ანა“ ჯაშუშური ტრილერია და მოგვითხრობს უბრალო გოგონას ისტორიას, რომელიც დაქირავებული მკვლელი ხდება. ალექსანდრ პეტროვმა ფილმში მისი შეყვარებულის როლი შეასრულა.

ჰოლივუდში მიღებულ შთაბეჭდილებებზე ალექსანდრ პეტროვი თავად საუბრობს ინტერვიუში. 

ალექსანდრ პეტროვი ფილმ „ანას“ პრემიერაზე
© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova
ალექსანდრ პეტროვი ფილმ „ანას“ პრემიერაზე

- რა განსხვავებაა რუსეთსა და ჰოლივუდში კინოგადაღებებს შორის?

- როცა იქ პირველად მოვხვდი, მართლა გამოვშტერდი. ყველაფერი შვეიცარიული საათივით მუშაობს. გადასაღებ მოედანზე ოთხი-ხუთი ადამიანია, სხვას არავის უშვებენ. აბსოლუტური სიჩუმეა — ყველას აქვს ყურსასმენი გადამცემი, რომელსაც რუსეთში ჯერ არ იყენებენ. იქ მსახიობს არ ესმის ზედმეტი ხმები და უსარგებლო ინფორმაცია, მაგალითად, იმაზე, სად როგორი ჩარჩო დგას. მნიშვნელოვანია, რომ კადრში გამოჩნდეს და ყველაფერი გააკეთოს.

მეორე მომენტია მუშაობის მკაფიოდ განსაზღვრული სისტემა. მსახიობები გადაღებების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, პირველები მიდიან. ჯგუფი მუშაობს რვა საათი, მსახიობები — უფრო მეტს, ვინაიდან მათ სჭირდებათ რეპეტიცია, მომზადება. ამიტომ მე დილით ადრე მივდიოდი და მოედანს ყველაზე გვიან ვტოვებდი.

ეს ისაა, რასაც ჩვენ სულ ახლახან მივაღწიეთ: მსახიობები უნდა იყვნენ სრულ უსაფრთხოებაში, უნდა ჰქონდეთ სწორი მდგომარეობა — მათ განწყობაზე ხომ ბევრი რამაა დამოკიდებული, მათ შორის, მომავალი წარმატებაც. ამას ოსტატურად იყენებენ ფიოდორ ბონდარჩუკი, ლიოშა სიდოროვი, ჟორა კრიჟოვნიკოვი.

- ფილმში „ანა“ მოქმედება სხვადასხვა ადგილზე ხდება. თქვენ სად გიღებდნენ?

- ბელგრადში, ასევე პარიზში, სადაც მოსკოვის სცენებს ლუკ ბესონის გამაოგნებელ სტუდიაში ვიღებდით. იქ ფანტასტიკური გარემოა, ყველა ზონას თავისი ასისტენტი ჰყავს.

ჩვენთან ხომ ასეა, თუ ახალგაზრდა, უცნობი არტისტი ხარ, უნდა დაიმსახურო, რომ კოსტიუმი საგრიმიოროში მოგიტანონ. იქ კი საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ლუკ ევანსი ხარ, კილიან მერფი, საშა პეტროვი თუ საშა ლუსი. შენ გუნდის ნაწილი ხარ!

- გადაღებებიდან სამახსოვროდ თუ წამოიღეთ რამე?

- შევინახე ერთი სპეციალური წიგნაკი, რომელიც ყველას დაურიგეს. იქ ყველაფერი გაწერილია: სახელები, მისამართები, ტელეფონები, გადამღები ჯგუფის ელ-ფოსტის მისამართები. ეს ძალიან მოსახერხებელი იყო... 

- არ გაღიზიანებდათ თქვენი გმირის კლიშე, რომელსაც უცხოელები ხშირად მიაწერენ ხოლმე რუსებს?

- ვერ დაგეთანხმებით. მე სწორედ ის მინდოდა, რომ თავიდან ამეცილებინა ეს. არა მგონია, უცხოელებმა ეს აღიქვან, როგორც „რუსები ისევ ისეთები არიან“.

ფილმში რთული პერიოდია აღწერილი. მინდოდა პერსონაჟს მეტი ფაქტურა, სიცხოველე შეეძინა. მაგალითად, ფრანგ გრიმიორებთან ერთად გადავწვიტეთ, რომ ჩემი გმირი ალბათ თმას არ იჭრიდა. ამიტომ თავზე დამატებით ხელოვნურ თმას მაწებებდნენ.

ფილმ „ანას“ პრემიერა - მარცხნიდან მეორე საშა ლუსი, ბოლო - ალექსანდრ პეტროვი
© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova
ფილმ „ანას“ პრემიერა - მარცხნიდან მეორე საშა ლუსი, ბოლო - ალექსანდრ პეტროვი

ლუკ ბესონს ჩვენ ქვეყანაში არ უცხოვრია და არ იცის, როგორ გამოიყურება აქ ყველაფერი. ხშირად ვკამათობდით კონკრეტულ საკითხებზე, ვუმტკიცებდი, რომ ასე ვერ იქნებოდა. რუსეთში ფილმის წარდგენა ხომ მე მომიწევდა და მე მომკითხავდნენ, რატომ არ შეუსწორეო. ისიც ზოგ არგუმენტს ითვალისწინებდა, მეთანხმებოდა, ზოგზე კი მპასუხობდა, საშა, მე ვიღებ ფილმს საერთაშორისო ბაზრისთვის და ვიცი, ეს როგორ უნდა გავაკეთოო. ლუკი უფრო ფართოდ აზროვნებს, ვიდრე მე. 

- ერთხელ როგორღაც თქვით, რომ წარსულში არაერთხელ აღმოჩენილხართ ცუდ კომპანიაში... პეტრეს როლში პირადი გამოცდილება თუ გამოგადგათ?

- რა თქმა უნდა. ზუსტად ისეთივე არა, მაგრამ ქუჩა მაინც ქუჩაა...

- ლუკ ბესონმა რამე გასწავლათ?

- მირჩია, აუცილებლად მესწავლა ენა და მერწმუნა საკუთარი თავისა. მისი აზრით, რუსულ მენტალობას ახასიათებს შტრიხი — არ დაიჯერო ის, რაც ხდება. მეუბნებოდა, თქვენ არ გაქვთ ამერიკული ოცნება – ყველაფერი გამომივა, ეს ჩემია, ამას თან წავიღებო.

მართლა არ მჯეროდა, რომ ამ ფილმში ვითამაშებდი, არც საშა ლუსს (ქალის მთავარი როლის შემსრულებელი) სჯეროდა. მაგრამ ნელ-ნელა დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა, რათა ეს მიდგომა შევცვალო.

კიდევ, ლუკს ვკითხე, როგორ დაიწყე ფილმების გადაღება, როგორ იღებდი „ლეონს“, რას ნიშნავს ეს შენთვის-მეთქი. მიპასუხა, თითოეული ფილმი ჩემთვის მთელი ფილოსოფიააო. ნათქვამი გულზე მომხვდა. 

ალექსანდრ პეტროვი
© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova
ალექსანდრ პეტროვი

- რა გხიბლავთ როლის არჩევისას? ფილმის ფინანსურ მოგებაზე ფიქრობთ, პროექტის მნიშვნელობაზე კინოინდუსტრიისთვის თუ თქვენს შემოქმედებით გამოწვევებს აყენებთ წინა პლანზე? 

- ყველაფერს ერთად. მიზიდავს სიახლე, განსხვავებული გარემო. მინდა ჩემი თავიც გავაოცო და მაყურებელიც. ვფიქრობ, ცხოვრება ასეთიც უნდა იყოს, ყოველ ჯერზე ახალ გამოწვევას უნდა ლახავდე. კომფორტულ პირობებში ადამიანი კი არ ცხოვრობს, არამედ არსებობს...

მე მინდა რაღაც დრო დავყო არაკომფორტულ ზონაში. ჯერჯერობით ვგრძნობ იმის ძალას, რომ გავაოცო საკუთარი თავიცა და მაყურებელიც. როცა მივხვდები, რომ კოზირი შემომელია, თავად მოვძებნი და შევქმნი მას.

- თავისუფალი დრო თუ გრჩებათ?

- ახლა ძალიან დატვირთული არ ვარ... სისტემა შევიცვალე. წელიწადში ორ ფილმში ვმონაწილეობ. ადრე ერთბაშად ცხრა პროექტზე ვმუშაობდი დასვენების გარეშე და ამით კაიფს ვიჭერდი. ახლა მივხვდი, რომ ასე აღარ მომწონს, განსაკუთრებით, „ტექსტის“ შემდეგ.

- ამ ფილმში თამაში გაგიჭირდათ თუ ის თქვენთვის ერთგვარი გარდამტეხი მომენტი იყო?

- „ტექსტი“ ალბათ პირველი კინონაშრომია, რომელიც მინდა თავიდან ბოლომდე ვაჩვენო ჩემს ოსტატს, ლეონიდ ხეიფეცს. ამიტომ მეჩქარება დასრულება.

- თქვენზე ხუმრობენ, რომ ახლა ყველგან საშა პეტროვია. ამაზე როგორი რეაქცია გაქვთ?

- ნორმალური. მე ხომ თვითირონიის გრძნობა მაქვს და ფილმებში თამაშიც მიყვარს. ისე ხდება, რომ ეს ფილმები გამოსვლისთანავე აინტერესებს მაყურებელს. ჩემი თვითმიზანი არ არის, ვიყო ყველგან. არც არასდროს ყოფილა...

 

146
თემები:
ეს უცნაური რუსეთი (93)

რუსულმა გამანადგურებლებმა Су-27 აშშ-ის სადაზვერვო თვითმფრინავები ჩაიჭირა

216
(განახლებულია 22:50 07.08.2020)
რუსულმა გამანადგურებლებმა Су-27 შავი ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე აშშ-ის სადაზვერვო თვითმფრინავები ჩაიჭირა

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღებამ სტრატეგიული სადაზვერვო თვითმფრინავი RC-135 და საავიაციო პატრული Р-8А „პოსეიდონი“ აღმოაჩინა. მსგავსი შემთხვევა ცოტა ხნის წინაც მოხდა. დაახლოებით ერთი კვირის წინ რუსმა მფრინავებმა შავი ზღვის აკვატორიაში ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავები ჩაიჭირეს. დაწვრილებით - ჩვენს ვიდეოში იხლავთ.

216
ნავთობის ჩაღვრა მექსიკის ყურეში

შექმნილია ბიოპრეპარატი ნავთობროდუქტებისგან მიწისა და წყლის გასაწმენდად

80
(განახლებულია 19:59 07.08.2020)
ახალმა პრეპარატმა დაბალ ტემპერატურაზე 20 დღე–ღამეში 99,2%-ით გაწმინდა წყალსაცავი, რომელის საავიაციო საწვავით იყო დაბინძურებული

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. მეცნიერებმა შექმნეს პრეპარატი, რომელიც ნავთობპროდუქტების დაშლას ხდის შესაძლებელს დაბალ ტემპერატურაზეც კი, ნათქვამია რუსეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს საიტზე.

გავრცელებული ინფორმაციით, მეთოდს, რომელიც მიწისა და წყლის ნავთობპროდუქტებისგან გასაწმენდად გამოიყენება, სანქტ–პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგებმა და ენერგეტიკოსებმა მიაგნეს.

სპეციალისტებმა ბიოპრეპარატის მატარებელი ფოროვანი გრანულების მიღების ტექნოლოგია შეიმუშავეს, რომელსაც აქვს კიდეც უნარი, გაწმინდოს ნავთობისგან დაბინძურებული ადგილები.

ამისათვის ფოროვან გრანულებში იმობილიზდება მიკროორგანიზმების უჯრედები, რომლებიც „ჭამენ“ ნავთობპროდუქტებს. ამ უკანასკნელის დაშლის შემდეგ კი მიკროორგანიზმები იღუპება.

აღინიშნება, რომ ახალი ბიოპრეპარატი ბაზარზე უკვე არსებულ სხვა პრეპარატებზე ბევრად ეფექტური და ეკონომიურია. ექსპერიმენტის დროს ახალმა პრეპარატმა დაბალ ტემპერატურაზე 20 დღე–ღამეში 99,2%-ით გაწმინდა წყალსაცავი, რომელის საავიაციო საწვავით იყო დაბინძურებული.

80
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
გია ყანჩელი

10 აგვისტო გია ყანჩელის დაბადების დღეა

0
(განახლებულია 10:52 10.08.2020)
გენიალური კომპოზიტორს, არაერთი შესანიშნავი მუსიკალური ნაწარმოების ავტორს გია ყანჩელს  დღეს 85 წელის დღეს შეუსრულდებოდა

გია ყანჩელი 1935 წლის 10 აგვისტოს თბილისში დაიბადა. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოლოგის სპეციალობით. დიპლომის აღებისთანავე სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე, რომელიც 1963 წელს დაამთავრა. 1972-1990 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის ხელმძღვანელი. 1979 წელს იგი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა.

1995-1996 წლებში გია ყანჩელი ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენის სიმფონიურ ორკესტრში მიიწვიეს, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. თუმცა კავშირი საქართველოსთან და რუსთაველის თეატრთან არ გაუწყვეტია. მას ეკუთვნის რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისთვის შექმნილი მუსიკა („კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჰამლეტი“, „ქალი-გველი“, „მეთორმეტე ღამე“).

მუსიკის სპეციალისტები განსაკუთრებით აღნიშნავენ მის სიმფონიურ თხზულებებს. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

Композитор Гия Канчели
გია ყანჩელი

გია ყანჩელის შემოქმედებით მემკვიდრეობას განეკუთვნება ოპერა „და არს მუსიკა“ (1983 წ.), ექვსი სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1962 წ.); ლარგო და ალეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963 წ.); „სევდა ნათელი“ — ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985 წ.); მუსიკა სპექტაკლებისთვის „ხანუმა", „კავკასიური ცარცის წრე", „რიჩარდ III"; (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები). მუსიკა კინოფილმებისთვის „არ დაიდარდო", „ქვევრი", „არაჩვეულებრივი გამოფენა", „მიმინო", „შერეკილები", „როცა აყვავდა ნუში" და სხვა. 

1967 წელს ელდარ შენგელაია „არაჩვეულებრივი გამოფენის" გადასაღებად ემზადებოდა. მუსიკას იგი თავის პირველივე ფილმებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა და გამოცდილ კომპოზიტორებთან ერთად მუშაობდა, თუმცა მაინც არ იყო კმაყოფილი. მან მოგვიანებით განაცხადა, რომ სჭირდებოდა კომპოზიტორი „დრამატურგიული, მონტაჟური აზროვნებით“. ფილმზე მუშაობა თითქმის დაწყებული იყო, როცა ელდარ შენგელაიამ თავისი თაობის ხელოვანის გია ყანჩელის პირველი სიმფონია მოისმინა და მაშინვე გადაწყვიტა, რომ მისი მუსიკა „კინემატოგრაფიულია“. მართლაც, ყანჩელს აქვს უნარი, გამოხატოს ეპიზოდის განწყობა. „არაჩვეულებრივ გამოფენაში“ მუსიკა ძალიან დიდ როლს ასრულებს ფილმის აღქმასა და მაყურებლის განწყობის შექმნაში. 

1974 წელს ელდარ შენგელაიამ გადაიღო ფილმი „შერეკილები“, რომლის მუსიკაც ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული. მომღერალი ნანი ბრეგვაძე ფილმის მუსიკის შესახებ იხსენებს: „გია ყანჩელის მუსიკას კიდევ ერთი თავისებურება ახასიათებს. კომპოზიტორი თითქმის არასდროს იყენებს ფოლკლორს. ამ თვალსაზრისით ელდარ შენგელაიას გარკვეული პრობლემა შეექმნა „შერეკილებზე“ მუშაობისას. მთელი ეს ფილმი ხომ ფოლკლორული მოტივებისგან უნდა აწყობილიყო. ბოლოს გადაწყდა, ფილმის მუსიკა გია ყანჩელთან ერთად ჯანსუღ კახიძეს დაეწერა. ექსპერიმენტმა გაამართლა. მუსიკალური სიჭრელე ძალიან მოუხდა ამ ფილმ-ზღაპარს, მაყურებლის ხსოვნაში კი დარჩა გია ყანჩელის ვალსი, რომელიც მართლაც რომ ფრენის განწყობილებას უქმნიდა მაყურებელს. ვალსი მთელი ამ მხიარული და, ამავე დროს, ძალიან სევდიანი ზღაპრის კამერტონია. გია ყანჩელის მუსიკალური მოტივი არ არის „ფოლკლორული თემა“, მაგრამ თითქოს მიისწრაფვის ფოლკლორისკენ, ე.ი. ბუნებისკენ, რომელიც ფინალში ერთაოზის სიმღერაშია ჩაქსოვილი („ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა“). მუსიკალური დრამატურგიის ასეთი განვითარება, ერთი მხრივ, „შერეკილების“ იდეას გამოხატავს – ადამიანს შეუძლია გადალახოს ყოფის შეზღუდულობა, მონობის მარწუხები — მეორე მხრივ კი, გია ყანჩელის შემოქმედების თავისებურებას – კათარზისს, რომელიც მუდმივ ფონს ქმნის კომპოზიტორის საუკეთესო ნაწარმოებებში, მათ შორის — კინომუსიკაში“.

გია ყანჩელი მრავალი საერთშორისო პრემიის ლაურეატია

  • 1995 — ღირსების ორდენი
  • 1988 — საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი
  • 1987 — პრიზი „ნიკა“ კინომუსიკისათვის
  • 1981 — საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1981 — საკავშირო კინოფესტივალის სპეციალური პრიზი
  • 1981 — შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1977 — საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია
  • 2008 — ვოლფის პრემია ხელოვნებაში
  • საქართველოს სახალხო არტისტი

2015 წელის გია ყანჩელის 80 წლის აღსანიშნავი საიუბილეო კონცერტები ევროპის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა. პირველი კონცერტი 22 აგვისტოს ბერლინის ისტორიულ დარბაზში "კონცერტჰაუზში" შედგა. 28 სექტემბერს კი ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების სასახლეში ქართველი კომპოზიტორის იუბილე აღინიშნა.

გია ყანჩელი 2019 წლის 2 ოქტომბერს გარდაიცვალა, ის დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

„თამაშის დასასრული“ – რობერტ სტურუა სპექტაკლს გია ყანჩელის ხსოვნას მიუძღვნის>>

დიდებული კომპოზიტორის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ ქართული ხელოვნებისთვის, არამედ მთელი მსოფლიო საზოგადოებრიობისთვის. მას გარდაცვალების შემდეგ მიეძღვნა არაერთი საღამო და კონცერტი როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

0
თემები:
საქართველო და კულტურა