რას ელოდება რუსეთი საქართველოსგან: ლავროვმა მოსკოვის მოსაზრება გააჟღერა

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო უწყების პირველმა პირმა დაასახელა პირობები, თუ რა შემთხვევაში აღადგენს რუსეთი საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლას.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. რუსეთი საქართველოს ხელისუფლებისგან ანტირუსული განწყობის საფრთხეების გაცნობიერებას ელოდება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამოცემა Аргументы и факты-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

სახელმწიფო სათათბირო  - Sputnik საქართველო
რა თქვეს ქართველმა დეპუტატებმა რუსეთის დუმაში გამართულ შეხვედრაზე

საქართველო 20 ივნისიდან ანტირუსულმა საპროტესტო ტალღამ მოიცვა - მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. გავრილოვი თბილისში დელეგაციასთან ერთად მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. იმავე დღეს აქცია არეულობაში გადაიზარდა, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დაძაბულობამ პიკს მას შემდეგ მიაღწია, რაც Rustavi2-ის საავტორო გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში პუტინი და მისი გარდაცვლილი მშობლები უცენზურო სიტყვებით მოიხსენია.

„საქართველოს ხელისუფლებისგან ველოდებით, რომ დროულად გააცნობიერონ, თუ რამდენად საზიანო და საფრთხის შემცველია ანტირუსული ისტერიის გაგრძელება. ბოლოს და ბოლოს, მნიშვნელოვანია მთავრობამ საკუთარ თავში იპოვოს იმის ძალა, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეკომპანიის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ სამარცხვინო გამოხდომა დაგმოს, რამაც თავად ქართულ საზოგადოებაში გამოიწვია აღშფოთება", - განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო უწყების პირველმა პირმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურებას.

„აეროფლოტის“ თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
რუსეთი აღადგენს ავიამიმოსვლას და უვიზო რეჟიმს, თუ... წყარო პირობებს ასახელებს

„იმ შემთხვევაში, თუ ეს მოხდება, შეიქმნება საჭირო პირობები რუსეთის მიერ მიღებული გამაფრთხილებელი ზომების, მათ შორის საქართველოში ავიაგადაზიდვების აკრძალვის გაუქმების შესაძლებლობის განსახილველად. ჩვენ გვინდა მეგობრობა და თანამშრომლობა რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეთა საკეთილდღეოდ", - აღნიშნა ლავროვმა.

თბილისში ანტირუსული აქციებისა და პირველი პირების მკვეთრი განცხადებების ფონზე რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა, რუსეთის ტუროპერატორებმა კი საქართველოში ტურებზე განაცხადების გაფორმება შეწყვიტეს. საქართველოს ხელისუფლება შიშობს, რომ ასეთი ზომები ტურიზმის სფეროს დარტყმას მიაყენებს, რამდენადაც ბოლო წლებში საქართველოში ტურისტების რაოდენობით რუსეთი ლიდერობს.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. ამ დროისთვის ქვეყნებს შორის დიალოგი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და დიპლომატების ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0