დმიტრი პესკოვი

დმიტრი პესკოვი: რუსეთის პრეზიდენტს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

203
(განახლებულია 18:48 09.07.2019)
დუმამ მიიღო განცხადება, რომლითაც რეკომენდაციას აძლევს მთავრობას, განიხილოს საქართველოს მიმართ სპეციალური ეკონომიკური ზომების გატარების მიზანშეწონილობის საკითხი და წარუდგინოს შესაბამისი წინადადებები პრეზიდენტს.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. გადაწყვეტილებას საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე იღებენ მინისტრთა კაბინეტი და რუსეთის პრეზიდენტი და ის ჯერ არ არის მიღებული, განაცხადა რუსეთის ლიდერის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა. 

სახელმწიფო სათათბირომ დღეს, სამშაბათს გამართულ პლენარულ სხდომაზე მიიღო განცხადება, რომლითაც რეკომენდაციას აძლევს მთავრობას, განიხილოს საქართველოს მიმართ სპეციალური ეკონომიკური ზომების გატარების მიზანშეწონილობის საკითხი და წარუდგინოს შესაბამისი წინადადებები პრეზიდენტს.

„თქვენ ხედავთ, როგორი ხისტი რეაქცია და ამასთან აბსოლუტურად ერთსულოვანი პოზიცია აქვთ დეპუტატებს ქართველი ტელეწამყვანის უპრეცედენტო საქციელის მიმართ. მაგრამ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა და, რა თქმა უნდა, საბოლოოდ – ქვეყნის პრეზიდენტი. და გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ამის თაობაზე მაშინვე გაცნობებთ“, — განაცხადა პესკოვმა.

სათათბიროში მთავრობის წარმომადგენელმა ალექსანდრ სინენკომ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტი დუმის განცხადების თაობაზე იმსჯელებს საქმიან საზოგადოებასთან და ექსპერტებთან, ამის შემდეგ კი რუსეთის პრეზიდენტს შესაბამის წინადადებებს წარუდგენს. 

„[განცხადება] ოპერატიულად განიხილება რუსეთის მთავრობაში და საქმიან წრეებთან, ექსპერტებთან, სამინისტროებთან და უწყებებთან დეტალური და ყოველმხრივი განხილვის შემდეგ ჩამოყალიბდება შესაბამისი წინადადებები სპეციალური ეკონომიკური ზომების გამოყენების შესახებ, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს გაეგზავნება“, — აღნიშნა სინენკომ პლენარულ სხდომაზე.

საქართველოში მღელვარება 20 ივნისს დაიწყო, როდესაც მართლმადიდებლობის პარლამენტთშორისი ასამბლეის პრეზიდენტმა, დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან რუსულად მიმართა შეკრებილებს. იმ დღეს დაწყებული ანტირუსული აქცია უწესრიგობაში გადაიზარდა, რის გამოც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა აქციის დასაშლელად. თუმცა პროტესტი დღემდე არ შეწყვეტილა.

203
თემები:
გინება პირდაპირ ეთერში - სკანდალი Rustavi 2-ის ირგვლივ (49)