ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

რატომ არ გახდა მალტა რუსეთის გუბერნია

© photo: Sputnik / Yuri Somov / გადასვლა მედიაბანკშიმალტის დედაქალაქი ვალეტა
მალტის დედაქალაქი ვალეტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მალტის სუვერენული ორდენით დაინტერესდა რუსეთის იმპერია, რომელიც XIX საუკუნისთვის საგრძნობლად იყო მოძლიერებული და საზღვრებს იმ დროისთვის ხელმისაწვდომი ყველა პოლიტიკური ბერკეტის გამოყენებით აფართოებდა.

მალტა, თავისი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ყოველთვის იზიდავდა სხვადასხვა დროის ძლევამოსილ სახელმწიფოებს. ასე მაგალითად, XVI საუკუნეში  ამ ფორპოსტის ხელში ჩაგდებასა და მისი მეშვეობით დასავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში გასვლას თურქები ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.

მოგვიანებით მალტის სუვერენული ორდენით დაინტერესდა რუსეთის იმპერია, რომელიც XIX საუკუნისთვის საგრძნობლად იყო მოძლიერებული და საზღვრებს იმ დროისთვის ხელმისაწვდომი ყველა პოლიტიკური ბერკეტის გამოყენებით აფართოებდა. როგორც წესი, გეოპოლიტიკურ დავაში ყველაზე დიდი წონა ჯარისა და ფლოტის ძალას აქვს, მაგრამ იყო სხვა, უფრო ნატიფი მეთოდებიც, რომელთა გამოყენებასაც მეფის რუსეთი ცდილობდა. 

მარგალიტის, პლატინის, ოქროსა და ბრილიანტებისგან დამზადებული დიადემა - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
როგორ მოიპოვებდნენ რუსეთში მარგალიტს და როგორ ამზადებდნენ მისგან სამკაულს

რაინდთა ორდენის ბურჯი

მალტის ორდენი, იგივე წმინდა იოანეს ორდენი, ფართოდ ცნობილი ჰოსპიტალიერების ორდენის სახელით, ერთ-ერთი უძველესი კათოლიკური ორდენია, რომელიც XI საუკუნის ბოლოს ჯვაროსნებმა იერუსალიმის დაპყრობის შემდეგ დააარსეს და კუნძულებზე შექმნეს ფორპოსტები, რომლებიც ევროპელებს წმინდა მიწისკენ გადაადგილებას გაუადვილებდა.

როდოსი, თურქების მიერ მისი დაპყრობის შემდეგ კი მალტა - იერუსალიმისკენ მოსალოცად მიმავალ პილიგრიმებს მფარველობდნენ.

XVIII საუკუნეში ჰოსპიტალიერებს რთული დღეები დაუდგათ. რაინდების ერთმა ნაწილმა პროტესტანტიზმი მიიღო, იმატა შესუსტებული ორდენის ბატონობით შეწუხებული მალტის მოსახლეობის უკმაყოფილებამ, საფრანგეთში კი რევოლუცია მძვინვარებდა და ორდენის საკუთრების ხელში ჩაგდებას ცდილობდა... ამ ყველაფრის ფონზე რაინდებს დახმარება დასჭირდათ.

სწორედ ამ დროს რუსეთის იმპერია გამალებით აფართოებდა საზღვრებს - უკვე მიერთებული ჰქონდა ყირიმი და ნოვოროსია, გერმანელებთან იყოფდა პოლონეთს და ემზადებოდა ფინეთისა და კავკასიის დასაპყრობად. სახელმწიფოს ესაჭიროებოდა თავისი სამხედრო-პოლიტიკური წონის განმტკიცება სათანადო სტატუსით.

უკვე თითქმის საუკუნე იყო გასული მას შემდეგ, რაც რომანოვების სამეფო ეზიარა ევროპულ კულტურას, არქიტექტურას და სამეფოს ნაცვლად იმპერიის ტიტული დაისაკუთრა. მაგრამ მხოლოდ გაპარსული პირი და მოდური ტანსაცმელი არ იყო საკმარისი მიღწეული სიძლიერის თანაზომიერი პოლიტიკური სტატუსის დასამკვიდრებლად.

ევროპელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სამეზობლოში ისეთი კულტურული სახელმწიფოს არსებობას, რომელიც მაღალ იდეალებს გაიზიარებდა და არ იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ ძლევამოსილი იმპერია. 

Девушки фотографируются возле автомобиля ГАЗ-21 Волга - Sputnik საქართველო
„ჩაიკა“, „ვოლგა“ და სხვა - საბჭოთა პერიოდის რარიტეტული მანქანები

რუსეთის ინტერესი

საინტერესოა, რომ პეტრე პირველიც კი, რომელმაც ბალტიისპირეთი ჩრდილოეთის ომის შედეგად შემოიერთა, ცდილობდა ძალაუფლება განემტკიცებინა არა სამხედრო წარმატებისთვის დამახასიათებელი დაუნდობელი და სასტიკი მეთოდებით, არამედ დამარცხებულ მტერთან შეთანხმების გზით. ხელმწიფე შვედეთის სამეფოს ამ მიწების 2 მილიონ ვერცხლად მიყიდვაზე მოელაპარაკა. რაც შეეხება პეტერბურგისა და ლადოგის მიწებს, ასევე ომის დანარჩენ ტროფეის - ეს ტერიტორიები რუსეთს მანამდეც ეკუთვნოდა.

სწორედ ამ ვითარებაში გადაწყვიტა პავლე პირველმა, ახალი სიცოცხლე შთაებერა შუასაუკუნოვანი ორდენისთვის და 1797 წელს მათთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ეს უკანასკნელნი ყოველწლიურად მიიღებდნენ გარკვეულ დაფინანსებას, გადასცა მათ ვორონცოვის სასახლე პეტერბურგში და დაიწყო ციხე-სიმაგრის აღმართვა გატჩინაში. სანაცვლოდ რაინდებმა რუსეთის იმპერატორს მიანიჭეს მალტის ორდენის პროტექტორის ტიტული და დაიწყეს თავიანთ რიგებში „ბერძნული აღმსარებლობის“ რაინდთა გაწევრიანება. ერთ-ერთი ასეთი რაინდი გახლდათ ალექსანდრ სუვოროვი. 

მიჩნეულია, რომ ქრისტიანობა მალტაში თვით პავლე მოციქულმა იქადაგა. მით მეტი წონა შეიძინა იმპერატორის სახელმა, რომელმაც თავისი ფრთის ქვეშ მოაქცია უძველესი რაინდთა ორდენი. მსგავსი თბილი დამოკიდებულების ახსნა შუა საუკუნეების ორგანიზაციის მიმართ შეიძლება არა იმდენად იმპერატორის გატაცებით, რამდენადაც ევროპის საქმეებში რუსეთის მონაწილეობის მაგისტრალური ხაზით.

პავლე პირველის გამეფებამდეც და მისი მმართველობის პერიოდშიც, შემდეგ კი მისი მემკვიდრეების - ალექსანდრე პირველისა და ნიკოლოზ პირველის ეპოქაში, განსაკუთრებით კი ჩვენს დროში - რუსეთი ყოველთვის ძველებური წყობის დამცველის როლს ირგებდა და ცდილობდა, გარშემო შემოეკრიბა ძალები, რომლებიც ევროპული ტრადიციებისადმი განსაკუთრებულ პატივისცემას განიცდიდნენ. უძველეს რაინდთა ორდენს ამ სასიკეთო საქმეში მნიშვნელოვანი დახმარების აღმოჩენა შეეძლო.

შემდეგ მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა. 

ლენინისა და სტალინის ორეულები - Sputnik საქართველო
რატომ დადიან სტალინი და ლენინი დღემდე წითელ მოედანზე

რუსი მაგისტრი

1798 წელს ეგვიპტის დასაპყრობად დაძრულმა ნაპოლეონის ფლოტმა მალტას, მარაგის შევსების მიზნით, ნავსადგურში შესვლის ნებართვა სთხოვა. ნავსადგურში შესვლისას საფრანგეთის ჯარმა იქაურობა დაარბია და რაინდები მალტიდან გააძევა. ნაპოლეონ ბონაპარტი ორდენს სერიოზულ მოწინააღმდეგედ არ მიიჩნევდა და „რამდენიმე პრივილეგირებული ოჯახის გაზულუქებული ნაშიერების სარჩენ ორგანიზაციას“ უწოდებდა.

მომხდარმა რაინდები უზომოდ აღაშფოთა. მათ ჩათვალეს, რომ მალტელებმა კუნძული ფრანგებს განზრახ გადასცეს. შედეგად სრულიად რუსეთის იმპერატორსა და მწყალობელს, რომელიც ორდენის ბიუჯეტის 90%-ს ავსებდა, ორდენის წევრებმა უმაღლესი მაგისტრის ტიტული მიანიჭეს.

ბრწყინვალე სპეცოპერაცია ან, გნებავთ, მოვლენათა სასიკეთოდ განვითარებული ჯაჭვი, რომელმაც სრულიად რუსეთის იმპერატორის ტიტულს უძველესი და პრესტიჟული რაინდთა ორდენის მაგისტრის წოდება შესძინა, წარმატებით დაგვირგვინდა. ახალმა წოდებამ იმპერატორის ტიტული აიყვანა უბრწყინვალეს პიედესტალზე ჰაბსბურგების გვერდით, რომ აღარაფერი ვთქვათ სამეფო ღირსებების მატარებელ გოგენცოლერნებზე, ბურბონებსა და ჰანოვერებზე.

მართალია, დიდებული სტატუსი იმ მომენტისთვის ფორმალურ ხასიათს უფრო ატარებდა და რეალური ძალაუფლებით გამყარებული არ იყო, მაგრამ იმპერიაში უკვე იბეჭდებოდა რუკები, რომლებზეც ხმელთაშუა ზღვისპირეთში მალტა რუსეთის გუბერნიად იყო გამოსახული. თუმცა რეალურ ძალაუფლებასა და, მით უმეტეს, საზღვაო ბაზაზე საუბარი ჯერ ნაადრევი იყო. 

სახელმწიფო ბანკის შენობა  - Sputnik საქართველო
რა საერთო აქვთ რომანოვების ეპოქის რუსეთსა და ცინის ეპოქის ჩინეთს?

1800 წელს ადმირალმა ნელსონმა მალტიდან ფრანგების განდევნის შემდეგ პავლე პირველს, როგორც კანონიერ მმართველს, გაუგზავნა წერილი, რომლითაც ატყობინებდა, რომ მისი უდიდებულესობა  იმპერატორის ნებართვით, მართვის საბოლოო ფორმაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, მალტაში დროებით კომენდანტად ინიშნებოდა ინგლისელი. პავლე პირველი დასთანხმდა ნელსონის წინადადებას და კომენდანტს მალტის ორდენის რაინდის წოდებაც კი უბოძა, მაგრამ ცბიერმა ბრიტანელებმა სიტყვა არ შეასრულეს და მალტა თავიანთი ფლოტის მუდმივ ნავსაყუდელად აქციეს. 

როგორც ცნობილია, მოგვიანებით პავლე პირველი და ნაპოლეონი დაზავდნენ და რუსეთი ინგლისის კონტინენტურ ბლოკადას შეუერთდა, რამაც რუსეთის თავად-აზნაურთა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, ვინაიდან მათი ხორბლის მთავარი შემსყიდველი დიდი ბრიტანეთი იყო.

მეტიც, დღემდე დადის ხმები, რომ მეფის წინააღმდეგ შეთქმულებაში, რომელიც ხელისუფალის მკვლელობით დასრულდა, ინგლისელებიც მონაწილეობდნენ. დონის ჯარმა კი, რომელსაც მალტის გამო იმპერატორის შეურაცხყოფისთვის ვერაგი ბრიტანელების დასასჯელად ინდოეთისკენ ჰქონდა გეზი აღებული, მისი უდიდებულესობის გარდაცვალების შესახებ 1801 წელს ორენბურგის მხარეში შეიტყო.

მემკვიდრე ალექსანდრე პირველმა უარი თქვა მაგისტრის ტიტულზე, რიგით რაინდებს კი რუსეთის იმპერიაში ნელ-ნელა ჩამოართვეს პრივილეგიები და დამსახურებები.

დღეს მალტის სუვერენული ორდენი საერთაშორისო სამართლის სუბიექტადაა მიჩნეული და განსაკუთრებული სტატუსით სარგებლობს, რადგან არ წარმოადგენს არც სახელმწიფოს და არც საერთაშორისო ორგანიზაციას. მას აქვს მუდმივი ასოცირებული დამკვირვებლის სტატუსი გაეროში.

 

ყველა ახალი ამბავი
0