ლუგარის ლაბორატორია

ონიშჩენკო: ლეგენდა ლუგარის ლაბორატორიაზე არცთუ დამაჯერებელია

33
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, აკადემიკოსმა გენადი ონიშჩენკომ ისაუბრა იმაზე, თუ რატომ შიშობენ რუსეთში თბილისთან ახლოს ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებით.

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოში არ არის ისეთი ინფექციები, რომელთა შესწავლაც დაცვის ისეთი მაღალი დონის მქონე ლაბორატორიას საჭიროებდეს, როგორიც თბილისში რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიაა, განაცხადა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის (РАМН) აკადემიკოსმა გენადი ონიშჩენკომ.

„Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გამართული ვიდეოხიდის მოსკოვი-ტალინი-თბილი-ნურსულთანი მიმდინარეობისას რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, რუსეთის ყოფილმა მთავარმა სანიტარიულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს ევროპისა და დსთ-ის ქვეყნებში წითელას ეპიდემიის შესახებ. ინფექციურ დაავადებებზე საუბრისას ქართული მასმედიის წარმომადგენლები შეეხნენ ლუგარის ლაბორატორიის თემას, რომელიც დაარსების დღიდან თბილისსა და მოსკოვს შორის კამათის ობიექტია.

„თქვენი პრაქტიკოსი მედიკოსებისთვის დაცვის ის დონე, რომელიც იქ არის, საჭირო არ არის. ღვთის წყალობით, თქვენთან არ არის ისეთი ინფექციები, რომლებისთვისაც ეს ლაბორატორიებია განკუთვნილი", – აღნიშნა ონიშჩენკომ.

აკადემიკოსის განცხადებით, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ლაბორატორიის მშენებლობა დასრულდებოდა, ექსპერტებმა მას მიაწოდეს მონაცემები იმის თაობაზე, რომ საქართველოში აშშ-ის სამხედრო ლაბორატორია შენდება.

Геннадий Онищенко в ходе видеомоста
© Sputnik / STRINGER
გენადი ონიშჩენკო ვიდეოხიდის მსვლელობისას

„მომაწოდეს მონაცემები, რომ მას აქვს ის სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომლებიც ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე არც ერთ სამედიცინო ლაბორატორიაში არ არის", – განაცხადა ონიშჩენკომ.

მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში არის მაღალი დაცვის მქონე სპეციალური განყოფილებები, სადაც არსებობს აღჭურვილობა პათოგენური მასალის დასაგროვებლად. 

„ლაბორატორიები, რომლებსაც გვაჩვენებთ, ის ლაბორატორიები არ არის. იქ არის სხვა ლაბორატორიებიც, უფრო მაღალი დაცვის მქონე, რომლებიც განკუთვნილია ამა თუ იმ კვლევის ჩასატარებლად. ამიტომ ის, რასაც ჩვენ გვაჩვენებენ, სპეციალისტებისთვის ნაკლებად დამაჯერებელი ლეგენდაა", – განაცხადა აკადემიკოსმა.

ონიშჩენკომ, ამასთან, განაცხადა, რომ მსგავსი ლაბორატორიები საბჭოთა კავშირის დროს არსად ყოფილა და არც ახლა არსებობს რუსეთის ტერიტორიაზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს ყურადღება დიდი ხანია მიაქცია. უწყება ამტკიცებს, რომ ამ დაწესებულების ჭერქვეშ მოქმედებს აშშ-ის სახმელეთო ჯარის სამედიცინო კვლევითი ქვედანაყოფი, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა საშიში ინფექციური დაავადებების შესწავლა.

მოსკოვის აზრით, ამერიკელი და ქართული ხელისუფლებები ყველანაირად ცდილობენ აშშ-ის არმიის ამ ქვედანაყოფის კვლევითი საქმიანობის დამალვას. ქართული მხარე ამტკიცებს, რომ ცენტრი მხოლოდ სამეცნიერო კვლევებით არის დაკავებული და ყველანაირი შეშფოთება მისი მართლსაწინააღმდეგო საქმიანობის შესახებ საფუძველს მოკლებულია.

33
თემები:
სკანდალი ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ (18)