ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

არანაირი იდუმალი რუსული სული არ არსებობს: გერმანელი იენს ზიგერტი რუსეთში ცხოვრების შესახებ

გამოწერა

მოსკოვში ცხოვრების 26 წლის განმავლობაში რუსებმა იენსს განაწყენება და „გემრიელად“ გინება ასწავლეს. ამაზე და არა მხოლოდ, იენსი წერს წიგნში „რუსეთის სიყვარულის 111 მიზეზი“.

1991 წელს კიოლნს ესტუმრა ბელარუსის დელეგაცია, რომელიც ჩერნობილის ავარიის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს ეხმარებოდა, და ჩვენ საბჭოთა კავშირში მიგვიწვია. მაშინ წამლები ჩამოვიტანეთ და მინსკში გერმანელი ექიმები ჩამოვიყვანეთ. გამაკვირვა ბელარუსებისა და რუსების თბილმა დახვედრამ. ვიცოდი, რას სჩადიოდნენ გერმანელები საბჭოთა კავშირში ომის დროს და ქვეცნობიერად ველოდი დაძაბულ, მტრულ დამოკიდებულებასაც კი. მაგრამ ჩემი შიში არ გამართლდა.

© Jens Siegert / FBიენს ზიგერტი
არანაირი იდუმალი რუსული სული არ არსებობს: გერმანელი იენს ზიგერტი რუსეთში ცხოვრების შესახებ - Sputnik საქართველო
იენს ზიგერტი

პირველი, რაც მაშინ თვალში მეცა, იყო საცხოვრებელი რაიონები. აღმოჩნდა, რომ არ არსებობს თითქმის არცერთი მსხვილი საბჭოთა ქალაქი გარეუბნებში საცხოვრებელი სახლების უზარმაზარი მასივების გარეშე. მაშინ პირველად „შევიგრძენი“ რუკა: ჩემს წარმოდგენებში სსრკ იყო ძალიან შორს გერმანიიდან, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბერლინს მინსკიდან მხოლოდ 1100 კმ აშორებდა. რომამდე მანძილი ორჯერ გრძელია, მადრიდამდე - სამჯერ.

საჯარო vs პირადი

საჯარო სივრცეში რუსები თავშეკავებული არიან. ერთმანეთს თვალებში არ უყურებენ. სადარბაზოში ხშირად ერთმანეთს არ ესალმებიან, რაც გერმანიაში წარმოუდგენელია. საჯარო სივრცეში ყველა დაძაბულია, ადამიანები იმთავითვე მზად არიან, თავი დაიცვან უცნობებისგან, სახელმწიფოსგან, რადგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თანაც თავი დაიცვან სხვისი დახმარების გარეშე - ეს ბევრისთვის მწარე ისტორიული გამოცდილებაა.

მაგრამ საკმარისია ადამიანი უფრო ახლოს გაიცნო, საჯარო სივრციდან პირადში გადაინაცვლო, რომ იწყება ყველაზე საინტერესო. არავის აზრად აღარ მოუვა, თქვას, რომ რუსეთი ცივი ქვეყანაა.

წყენა, როგორც კომუნიკაციის ფორმა

რუსებს ხშირად სწყინთ. ამისათვის სრულებით არ ვიყავი მზად, როდესაც ამ ქვეყანაში პირველად აღმოვჩნდი. ეს სოციალური კომუნიკაციის განსაკუთრებული ფორმაა. შეიძლება ასეც ითქვას: თუ გინდა, შენი გრძნობები სერიოზულად აღიქვან, უნდა განაწყენდე. მუშაობის დროსაც კი.

რუსებს სწყინთ არა მხოლოდ კრიტიკა ან უყურადღებობა, ყველაფერი შეიძლება ეწყინოთ. სწორედ წყენით გამოხატავენ ადამიანები თავიანთ გრძნობებს. და იცით - უკვე მეც ვისწავლე განაწყენება. თავდაპირველად ამას შეგნებულად ვაკეთებდი, ახლა კი სულ უფრო ხშირად ვატყობ თავს, რომ გრძნობებს ბოლომდე ვეღარ ვაკონტროლებ.

 

მოსკოვის სიყვარული შეუძლებელია

მეგობრები მეუბნებიან, რომ გავრუსდი. ეს რას ნიშნავს? ჩემთვის ვიგინები ხოლმე. ისევე „გემრიელად“ გინება გერმანულად, როგორც რუსულად, უბრალოდ შეუძლებელია. გერმანული არანორმატიული ლექსიკა რუსულთან შედარებით „ვეგეტარიანულია“. თუ გინდათ გულიანად შეიგინოთ - რუსულად გინება ისწავლეთ.

მე და ჩემმა რუსმა მეუღლემ დავადგინეთ, რომ გერმანიაში ჩემი ყოფა არ იყო ასი პროცენტით გერმანული, ხოლო მოსკოვში - ევროპულ შტრიხებს ატარებს. ახლა, მაგალითად, სუფრას, რომელზეც პური არ დევს, ვერ მივუჯდები. გერმანიაში პური სუფრაზე მხოლოდ საუზმეზე ან ვახშამზე მოაქვთ, მაგრამ ძალიან იშვიათად - ცხელ კერძებთან. რუსეთში სუფრაზე პური ყოველთვის დევს. ავითვისე ასევე სმის რუსული კულტურა. მაგალითად, სადღეგრძელოს გარეშე ვერ ვსვამ. გერმანიაში წრუპვას ხშირად სასმელის დასხმისთანავე იწყებენ. აქ კი სადღეგრძელო - თანამესუფრეების ერთიანობის განსაკუთრებული ფორმაა.

მოსკოვში ვცხოვრობ, მაგრამ ეს ქალაქი არ მიყვარს. შეუძლებელია მისი სიყვარული: მეტისმეტად დიდია, ხმაურიანი და აგრესიული. და სწრაფად იცვლება. შეყვარებას ვერ მოასწრებ, რომ უკვე შეცვლილია. როგორც ევროპელების დიდ ნაწილს, მეც პეტერბურგი მირჩევნია. ის რეალური ქალაქი კი არა, უფრო საოცნებო ქალაქია. თავიდან ბოლომდე ადამიანის გამოგონილია.

ენაში არსებობს პასუხი ყველა კითხვაზე

უცხოელები რუსეთში, სულ მცირე, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში მაინც, მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ინგლისური ვერ დაეხმარება: ვერც ყოველდღიურ ყოფაში, ვერც ქვეყნის შეცნობის პროცესში. ენა მიგახვედრებს, რას წარმოადგენს ქვეყანა შიგნიდან. მაგალითად, იგივე სიტყვა „წყენა“ (обида) - რუსულში მას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე გერმანულში. რთულია ზუსტი ანალოგის მოძებნა. მაგალითად, გამოთქმას „Мне за державу обидно“ (სახელმწიფოს გამო მწყდება გული) ფილმიდან „უდაბნოს თეთრი მზე“ (სხვათა შორის, მის ნახვას ყველა უცხოელს ვურჩევ) - როგორ უნდა შეურჩიო ზუსტი ანალოგი გერმანულში? განსხვავებული მნიშვნელობები აქვს ასევე რუსულ სიტყვებს „правда“ (სიმართლე) და „истина“ (ჭეშმარიტება). გერმანულში მათ ერთი შესატყვისი აქვს. ან სიტყვა „зануда“ (ბოთე). გერმანულში არ არსებობს ზუსტად იმავე მნიშვნელობის ლექსიკური ერთეული!

არსებობს მოსაზრება, რომ რუსულის სწავლა რთულია. მთლად ასეც არ არის. უბრალოდ საჭიროა მიუდგე მას არა როგორც კონტინუუმს. ენის ათვისება სინუსოიდის მაგვარი დინამიკით ხასიათდება: ჯერ ერთ ადგილს ტკეპნი, შემდეგ კი ერთბაშად აკეთებ დიდ ნახტომს. მახსოვს, როგორი აღმოჩენა იყო ჩემთვის დეეპრიჩასტიე: ასე ელეგანტურად და ლაკონიურად შეიძლება აზრის გადმოცემა! მთავარია, არ გაჩერდე.

არ არსებობს არანაირი ფენომენი - „რუსული სული“!

რუსეთში 25 წელზე მეტია ვცხოვრობ და ხშირად მეკითხებიან, რატომ არ ვბრუნდები გერმანიაში. მიზეზი ერთია - ადამიანები. ჩემი მეუღლე, მეგობრები, ახლობლები. ვერ ვიტყვი, როგორია ჩემი დამოკიდებულება რუსეთისადმი. არსებობს დამოკიდებულება ცალკეული ადამიანებისადმი. და კიდევ პოლიტიკისადმი.

ყველა საუბრობს იდუმალ რუსულ სულზე, მაგრამ ასეთი ფენომენი არ არსებობს. ზუსტად ასევე შეიძლება ისაუბრო გერმანულ, ფრანგულ სულზე და ა.შ. ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს მენტალიტეტის ნაციონალური თავისებურებები. ცნება „რუსული სული“ რუსების სირთულესა და მრავალფეროვნებას აკნინებს.

გერმანიაში ამას წინათ გამოიცა ჩემი წიგნი „რუსეთის სიყვარულის 111 მიზეზი“. ეს არის ჩემი მცდელობა, ავუხსნა გერმანელებს, რას წარმოადგენს რუსეთი. ას თერთმეტი შტრიხი საერთო სურათზე. ვწერ ადამიანებთან შეხვედრებზე, კულინარიულ რეცეპტებზე, ფილმებზე, ქურდულ სამყაროსა და ხელისუფლებაზე.

პირველი ორი თავია: „რუსეთი მიყვარს იმიტომ, რომ ის ერთგვაროვანია“ და „იმიტომ, რომ ასეთი მრავალფეროვანია“. და ეს სიმართლეა. ალტაის მხარესა და მოსკოვში ადამიანები ერთ ენაზე საუბრობენ. გერმანიაში ოც-ოცდაათ კილომეტრს გაივლით და განსხვავებულ დიალექტს გაიგონებთ, განსხვავებულ არქიტექტურას დაინახავთ, ზოგჯერ კი განსხვავებულ კერძებსაც შემოგთავაზებენ. ამ გაგებით რუსეთი ძალიან ერთგვაროვანია. მაგრამ ამავე დროს ამ უზარმაზარ ქვეყანაში ას ოთხმოცზე მეტი ეროვნება ცხოვრობს. აქ არის ტუნდრაც და თითქმის სუბტროპიკებიც. სწორედ მრავალფეროვნებასა და ერთგვაროვნებაში ვლინდება ყველაზე უკეთ ნაციონალური თავისებურებები.

ყველა ახალი ამბავი
0