ლავროვი: რუსეთი მზად არის საქართველოსთან ვიზების გაუქმების საკითხზე იმუშაოს

გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროკავშირთან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და რუსეთის მხრიდან ანალოგიური ქმედებები არ გამორიცხა.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება არ გამორიცხა, თუმცა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არქონას ხაზი გაუსვა.

 „რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უვიზო რეჟიმის შემოღება საქართველოს მოქალაქეებისთვის გამორიცხული არ არის. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ღია ვრჩებით საკითხის ერთობლივი, ყოველმხრივი დამუშავებისთვის“, — განუცხადა ლავროვმა გაზეთ „Известия“–ს.

რუსეთის პირველმა დიპლომატმა 2015 წლის ბოლოს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხი გაიხსენა. 

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძე: წარმატებულ ევროპულ პროექტს რუსეთთან დიალოგმაც შეუწყო ხელი

„შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ჩვენ მნიშვნელოვნად გავამარტივეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში შესვლის წესები. დღეს მათ შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ ჩვენს ქვეყანაში სტუმრობა კერძო პირის, ორგანიზაციის ან მუდმივად მცხოვრები უცხოელის მოწვევით“, — განაცხადა ლავროვმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ 2016 წელს საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციის მიერ გაცემული ვიზების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა.

„ამჟამად ვმუშაობთ სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე თვითმფრინავების ეკიპაჟებისთვის, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს შორის რეისებს ასრულებენ“, — აღნიშნა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სავიზო რეჟიმის საკითხებში მსოფლიოში არსებული საფრთხეების გამო „ავტომატური“ ნაცვალგების პრინციპის იმედად ყოფნა არ ღირს.

„საქართველომ გააუქმა ვიზები არამხოლოდ რუსებისთვის, არამედ კიდევ დაახლოებით 100 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ამასთან, უმეტესწილად — ცალმხრივად. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა იმ ქვეყნების მხრიდან, რომელთა მიზანსაც უცხოელი ტურისტების მოზიდვა წარმოადგენს. მაგრამ თანამედროვე სამყაროში, სადაც ტერორისტული და სხვა საფრთხეები სწრაფად იზრდება, არ შეიძლება ავტომატური ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობა“, — განაცხადა ლავროვმა. 

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

მაგალითად, ევროკავშირის მოქალაქეებმა ჯერ კიდევ 2006 წელს მიიღეს საქართველოში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა, თუმცა, ბრიუსელი მხოლოდ 2012 წელს დათანხმდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებას.

„შედგა მოქმედებათა დეტალური გეგმა, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად, ითვალისწინებდა ეროვნული კანონმდებლობის შეცვლას, რომლის შესრულების თაობაზე საქართველო რეგულარულ ანგარიშს აბარებდა. რამდენიმე წლის განმავლობაში ბრიუსელი თბილისთან ერთად გულმოდგინედ მუშაობდა კანონმდებლების, საგარეო-პოლიტიკური უწყებების, აღმასრულებელი ხელისუფლების ამ სფეროს სხვა ორგანოების ხაზით. და ეს პროცესი მხოლოდ ახლა უახლოვდება დასასრულს. მსგავსი მასშტაბური სამუშაოების ჩატარება რუსეთსა და საქართველოს შორის არარეალურია დიპლომატიური ურთიერთობების არქონის ფონზე, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს გაწყდა“, — აღნიშნა ლავროვმა.

ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში ვიზების გაუქმებას მხარი 2 თებერვალს დაუჭირა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცებით, ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლას წინ მხოლოდ ტექნიკური პროცედურები უდგას. მოსალოდნელია, რომ ეს მარტის ბოლოს – აპრილის დასაწყისში მოხდება. ამ გადაწყვეტილების წყალობით საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში 180 დღის მანძილზე 90 დღით ყოფნის შესაძლებლობა ექნებათ. 

წითელი მოედანი - Sputnik საქართველო
რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებას არ გამორიცხავს

წარმატებული პროექტის განხორციელებას, რომელიც საქართველოსთან ევროკავშირის სავიზო რეჟიმის გაუქმებით დაგვირგვინდა, რუსეთთან არსებულმა დიალოგმაც შეუწყო ხელი, განაცხადა ადრე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.

ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფორმატში ნარჩუნდება. 

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა. ასე უპასუხა თბილისმა მოსკოვის გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე.


ყველა ახალი ამბავი
0