საბაჟო სამსახური

რუსეთში ცხრა ტონა სანქცირებული ყველი გაანადგურეს

12
ყველის პარტია დოკუმენტების გარეშე ივლისის ბოლოს ბელგოროდის ოლქის გარეუბანში დააკავეს. თეორიულად ის შეიძლება ერთ-ერთ იმ ევროპულ ქვეყანაში ყოფილიყო დამზადებული, რომლის მიმართაც სავაჭრო ემბარგო მოქმედებს.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ბელგოროდის ოლქში, საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე ცხრა ტონა ყველი გაანადგურეს, განაცხადა რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარული მეთვალყურეობის ფედერალური სამსახურის (როსსელხოზნადზორის) რეგიონული განყოფილების პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა სვეტლანა ზაპოროჟჩენკომ.

 „საყოფაცხოვრებო ნარჩენების საქალაქო პოლიგონზე 45-ტონიანი გორგოლაჭი თითქმის ერთი საათი სრესდა ყუთებიდან გადმოყრილ ყველს. მიღებული ერთგვაროვანი მასა ორმოში ჩამარხეს“, — განაცხადა ზაპოროჟჩენკომ.

უწყების წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ ხუთშაბათს განადგურებული ცხრა ტონა ყველი დოკუმენტების გარეშე ივლისის ბოლოს ბელგოროდის ოლქის გარეუბანში დააკავეს. თეორიულად ის შეიძლება ერთ-ერთ იმ ევროპულ ქვეყანაში ყოფილიყო დამზადებული, რომელთა მიმართაც სავაჭრო ემბარგო მოქმედებს.

ზაპოროჟჩენკოს განმარტებით, რუსეთში აკრძალული სხვა პროდუქტების განადგურების რაიმე გეგმა ჯერჯერობით არ არსებობს. „თუ დააკავებენ, ესე იგი, გავანადგურებთ“, — განაცხადა ზაპოროჟჩენკომ.

გასულ კვირაში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას 6 აგვისტოდან აკრძალული პროდუქტების განადგურების შესახებ. ამის საფუძველზე მთავრობამ სანქცირებული სურსათის განადგურების წესები დაამტკიცა.

რუსეთმა 2014 წლის აგვისტოში შეზღუდა სასურსათო პროდუქციის იმპორტი იმ ქვეყნებიდან, რომელთაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებიდან. ამ აკრძალვაშია ხორცი, ძეხვი, თევზი, ბოსტნეული, ხილი და რძის პროდუქტები. 25 ივნისს რუსეთმა, ეროკავშირის სანქციების საპასუხოდ, რომელიც 2016 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდა, სავაჭრო ემბარგოს ერთი წლით — 2016 წლის 5 აგვისტომდე გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.


12