საქართველოს უზენაესი სასამართლო

შტატებმა ხელისუფლება შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა „ოცნებამ“ დამნაშავეები იპოვა

113
(განახლებულია 22:59 16.07.2021)
მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პარტნიორის სტრუქტურებს პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდიან

თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნამ ამჯერად სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების უკმაყოფილება გამოიწვია.

საქართველოს პარლამენტმა 12 ივლისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს ცხრიდან ექვსი კანდიდატი დაამტკიცა. კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობდა ოპოზიციის პროტესტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებების ფონზე, შეეჩერებინათ კანდიდატების დამტკიცების პროცესი სასამართლო რეფორმის გატარებამდე. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს მხოლოდ მმართველი პარტიის დეპუტატებმა.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირისა და აშშ-ის შუამდგომლობით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თაოსნობით ხელმოწერილი შეთანხმება ავალდებულებდა ხელმომწერ მხარეებს, შეეჩერებინათ „ყველა მიმდინარე დანიშვნა“ უზენაეს სასამართლოში „ამბიციური სასამართლო რეფორმის“ გატარებამდე.

კომენტარი გააკეთა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ აშშ იმედგაცრუებულია მოსამართლეთა დანიშვნით. ამასთან, მან შესაძლო სანქციებზეც მიანიშნა.

„სანქციები - ერთ-ერთია არსებულ ინსტრუმენტთა შორის... პარლამენტს შეეძლო ამ პროცესის შეჩერება. აშშ-ის მთავრობის, მათ შორის, სახელმწიფო მდივნის მიერ გაკეთებული განცხადებები არ ყოფილა ნაჩქარევი. ეს გახლავთ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის შეშფოთების გამომხატველი გზავნილი, რომელიც აღქმული უნდა იყოს სერიოზულად და არ უნდა იყოს იგნორირებული“, - განაცხადა დეგნანმა.

ოპოზიცია სანქციების მოლოდინში

როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მსგავს განცხადებას აკეთებს, ეს ნიშნავს, რომ რეაგირება მწვავე იქნება, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ.

„სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა და საქართველოს ხელისუფლების მიერ 19 აპრილის შეთანხმების დარღვევა მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ არის ყოველგვარ ზღვარს გადასული საქართველოს პარტნიორებთან დაკავშირებით. პირველ ეტაპზე, რასაც მე ველოდები, ეს არის სანქციები მოსამართლეების მიმართ და მეორე ეტაპზე, იქნება დაუყოვნებლივი რეაგირება ღარიბაშვილის ხელისუფლების მიმართ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა ლევან იოსელიანმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ მმართველმა პარტიამ არ გაითვალისწინა ოპოზიციონერი კოლეგების გაფრთხილება, რომლის თანახმადაც მოსამართლეების დანიშვნას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან რეაგირება მოჰყვებოდა.

 „ეს რაში შეიძლება გადაიზარდოს, ვერ გეტყვით, სანქციები იქნება თუ რა, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ძალიან მკაცრი ტონით ელაპარაკება „ქართულ ოცნებას“, განსაკუთრებით სასამართლოსთან მიმართებით“, - აღნიშნა იოსელიანმა.

დაგვიანებული, მაგრამ ლეგიტიმური უწოდა მოსამართლეების დანიშვნაზე სახელმწიფო დეპარტამენტის რეაქციას „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ.

„რეჟიმმა დემონსტრაციულად დაარღვია შეთანხმება, რომელიც თვითონ აიღო, რომელიც ჩვენი აზრით, სრულფასოვანი თავიდანვე არ იყო. ამაზე ჩვენი პარტნიორების რეაქცია აბსოლუტურად ბუნებრივია, მე ვიტყოდი, დაგვიანებული, მაგრამ აბსოლუტურად ლეგიტიმური“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

მთავარია იმ ფაქტის გააზრება, რომ საქართველოს მთავრობა თანდათანობით ყალიბდება ანტიამერიკულ ძალად, განაცხადა პარტია „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ.

„ყველა შენიშვნა, რასაც გვეუბნებიან, საგულდაგულოდ და სრულყოფილად უნდა იყოს გათვალისწინებული. რომელ ექვს მოსამართლეს უნდა გადავაყოლოთ საქართველო – აშშ-ს ურთიერთობები? კარგ შემთხვევაში მივიღებთ სანქციებს თანამდებობის პირების მიმართ, ხოლო ცუდ შემთხვევაში, ქვეყანას, როგორც შეუმდგარ ქვეყანას, ყველა ფეხებზე დაიკიდებს“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

აშშ შეცდომაში შეიყვანეს? „ქართული ოცნების“ პასუხი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების საპასუხოდ მმართველი პარტიის ლიდერებმა - ირაკლი კობახიძემ, არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერები აღნიშნავენ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წამოყენების პროცედურა საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად მიმდინარეობდა. აღნიშნული გარემოება ავალდებულებდა საქართველოს პარლამენტს, ეხელმძღვანელა ქვეყნის კონსტიტუციით და აერჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები.

„ამ ფონზე შემაშფოთებელია, რომ ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ. ამგვარი ქმედებები საფრთხეს უქმნის ნებისმიერ დიალოგს, რომელიც სხვადასხვა შიდაპოლიტიკური საკითხის გარშემო მომავალში შეიძლება გაიმართოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გუნდის თითოეული წევრისთვის მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებები და შეფასებები გაოცებას და შეშფოთებას იწვევს“, -  აღნიშნულია განცხადებაში.

„მზად ვართ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ნებისმიერ ფორმატში დეტალურად განვიხილოთ პოლიტიკური შეთანხმების შინაარსი და მისი შესრულების მდგომარეობა, რაც საბოლოოდ ნათელს მოჰფენს სიმართლეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოთხშაბათს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ ასევე შეშფოთება გამოთქვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის გამო, ევროკავშირის წარმომადგენელთა არაერთი მოწოდების მიუხედავად – შეეჩერებინათ პროცესი. როგორც სტანომ აღნიშნა, ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და მის მიმართ ნდობას. პრეს-სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსამართლეთა დანიშვნამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების მიღებას.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCR/ODIHR), თავის მხრივ, თავის შუალედურ ანგარიშში შეშფოთება გამოთქვა კანდიდატების წარდგენის პროცესის სამართლიანობასა და თანასწორობასთან დაკავშირებით და ხელისუფლებას მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებისკენ მოუწოდა.

113
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (470)
თბილისი

თუ სახელმწიფოს ახალი სესხი არ აუღია, ვალი რატომ გაიზარდა?

64
(განახლებულია 15:45 03.08.2021)
30 ივლისს ცნობილი გახდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ახალი მონაცემები, რომლის მიხედვითაც, წინასწარი მონაცემებით, ივნისში ეკონომიკის ზრდამ 18,7% შეადგინა. წლის პირველი ნახევრის საშუალო ზრდამ კი 12,7%.

რამდენიმე დღის წინ სწორედ ასეთ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე დაყრდნობით განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომ „უპრეცედენტო ზრდამ მოგვცა საშუალება წელს ახალი ვალი აღარ აგვეღო“.

„ჩვენ ყველაფერი გავხსენით. რამდენიმე თვეა ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. გვაქვს უპრეცედენტო ზრდა მთელ მსოფლიოში, 45%-იანი – აპრილში, 25%-იანი – მაისში, 18%-იანს ველოდებით ივნისის თვეში. ეკონომიკის 12%-იანი ზრდა გვაქვს, პრაქტიკულად, პირველ 6 თვეში, რამაც მოგვცა იმის საშუალება, რომ არც ერთი ლარი, არც ერთი თეთრი სესხი წელს არ აგვიღია. უფრო მეტიც, ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ მილიარდზე მეტით გაგვეზარდა ბიუჯეტი. ბატონმა ფინანსთა მინისტრმა წარადგინა უკვე კორექტირებული ბიუჯეტი. ამან მოგვცა საშუალება, რომ დავაფინანსოთ არაერთი პროგრამა ჩვენი მოსახლეობისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 26 ივლისს.

პრემიერ-მინისტრის მოლოდინი გამართლდა – ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი ივნისში მართლაც 18%-ია. მაგრამ რამდენად სიმართლეა, რომ „არც ერთი ლარი, არც ერთი თეთრი სესხი წელს არ აგვიღია“ – ეს სხვა საქმეა.

თუ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს გავეცნობით, ვნახავთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით „საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი“, რომელიც მთავრობის და ეროვნული ბანკის ვალებისგან შედგება, 7.535.168.000 აშშ დოლარს შეადგენდა, რაც ეროვნულ ვალუტაში 24.689.731.000 ლარს შეესაბამება. ხოლო ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული წლევანდელი მონაცემებით, სადაც 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობაა ასახული, „საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი“ 8.016.544.000 აშშ დოლარს შესადგენს, რაც 25.334.685.000 ლარის ეკვივალენტია. შესაბამისად, 2020 წლის 31 დეკემბრის შემდეგ „საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი“ გაზრდილია 481,376 მლნ დოლარით.

რაც შეეხება სახელმწიფო საგარეო ვალის შემადგენელ „მთავრობის საგარეო ვალს“ და „ეროვნული ბანკის საგარეო ვალს“, პირველის მოცულობა გაზრდილია 373,702 მლნ დოლარით, ხოლო მეორის – 107,675 მლნ დოლარით.

პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე.

„მხოლოდ მიმდინარე წლის 25 ივნისს პარლამენტმა მოახდინა ორი საგარეო სესხის რატიფიცირება 85 მილიონი ევროს და 28,7 მილიონი ევროს ოდენობით. ორივე – კორონავირუსიდან გამომდინარე. წლის ბოლომდე ნავარაუდევია 5 მილიარდ ლარზე მეტი საგარეო ვალის აღება და პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ არც ერთი თეთრი არ აგვიღია ვალად მიმდინარე წელსო.

არც რაიმე სახის განმარტება, არც ბოდიში ამ შეცდომისა თუ შეგნებული სიცრუის გამო.

ან არაკომპეტენტური ხარ, ან მატყუარა, ესაა დასკვნა“, – დაწერა „ფეისბუქის“ გვერდზე რომან გოცირიძემ. მისივე თქმით, წელს საგარეო ვალი 5,3 მილიარდი ლარით გაიზარდა. თუ ევრობონდების გასასტუმრებელ თანხას გამოვაკლებთ, სუფთა ზრდა 2,4 მილიარდი ლარია.

რაც შეეხება საგარეო ვალის ზრდის ნახსენებ მიზეზს – ევროობლიგაციებს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულმა „საქართველოს რკინიგზამ“ 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები 4%-იანი წლიური საპროცენტო  განაკვეთით მიმდინარე წლის ივნისში განათავსა. ახალი ვალის აღების მიზეზად 2012 წელს ნასესხები 500 მილიონი დოლარის გადაფარვაა დასახელებული, როდესაც „საქართველოს რკინიგზამ“ ევროობლიგაციები 7,75%-ში განათავსა.

ასე რომ, წელს სახელმწიფო ვალის ზრდის დამადასტურებელი ფაქტები სახეზეა, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებშიც შავით თეთრზე წერია და ვალის ზრდა ასახულია, თუმცა, პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ „არც ერთი ლარი, არც ერთი თეთრი სესხი წელს არ აგვიღია“, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ სხვაგვარად განმარტა. მისი თქმით, „მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობას ვალის ახალი ხელშეკრულების გაფორმების საჭიროება არ ჰქონია“.
„არის გრძელვადიანი ხელმოწერილი დოკუმენტები, რომლის ფარგლებში გარკვეული თანხები წელსაც ირიცხება, მაგრამ ახალი ხელშეკრულებები წელს არ დადებულა“, – განაცხადა თურნავამ.

რაც შეეხება 10 ივნისს საფრანგეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან გაფორმებულ 483 მილიონი ევროს ხელშეკრულებას, რომლის შესახებაც მინისტრს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თურნავამ ასე განმარტა:
„ეს არ ეხება გადაუდებელ საბიუჯეტო პროგრამებს, რომლებიც ჩვენ გასული წლის სესხით დავაფინანსეთ; ეს არის განვითარების გრძელვადიანი შეთანხმებები. ამასთან დაკავშირებით ადრე იყო გაფორმებული მემორანდუმები და იმის ფარგლებში კონკრეტული პროგრამებისთვის დონორები, ამ შემთხვევაში მცირე ბიზნესის ხელშეწყობისთვის გვეხმარებიან. ეს ცალკე მიმართულებაა, რომელსაც ჩვენი დონორები გვიფინანსებენ და ეს არ ეხება იმ გადაუდებელ აუცილებლობას, რის გამოც გასულ წელს დაწოლა ბიუჯეტზე სერიოზულად გაიზარდა“.

მოკლედ, თუ ღარიბაშვილს და თურნავას დავუჯერებთ, სახელმწიფოს „წელს არც ერთი თეთრი სესხი არ აუღია“, თუ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ან წელსვე გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებებს ვენდობით, ქვეყნის სახელმწიფო საგარეო ვალი გაზრდილია. ჰოდა, ისღა დაგვრჩენია დავასკვნათ: ვისაც რომელი ურჩევნია, იმას დაუჯეროს.

 

თემურ იოსელიანი

64
თვითმავალი Мста-С წვრთნებზე

მიმოხილვა: რუსული საბრძოლო რობოტები - რუსეთის არმიის დღევანდელობა

19
(განახლებულია 10:03 01.08.2021)
ხელოვნური ინტელექტისა და საომარ პირობებში დამოუკიდებლად მოქმედების უნარის მქონე რობოტები — ეს რუსეთის არმიის დღევანდელობაა. შეიარაღების რობოტიზებული კომპლექსები სულ უფრო ატიურად ინერგება ჯარებში, გამოიყენება ყველა საბრძოლო გარემოში, და არა მარტო სწავლებებისას.

საინჟინრო ჯარების მასშტაბური სამდღიანი მანევრები, რა დროსაც რობოტიზებული ტექნიკა იყო გამოყენებული, 30 ივლისს დასრულდა დასავლეთ სამხედრო ოლქში. სწავლება რუსეთის ფედერაციის ექვს სუბიექტს, 12 პოლიგონსა და მდინარე ოკის ნაწილს  მოიცავდა. წვრთნებში ჩართული იყო 8 ათასუ სამხედრო და დაახლოებით 1500 ერთეული ტექნიკა, განაღმვის რობოტექნიკური კომპლექსების, Уран-6-ისა და ხანძარმქრობი Уран-14-ის ჩათვლით.

სწავლების ერთ-ერთ ეპიზოდში, მულინოს პოლიგონზე, საინჟინრო დანაყოფებმა, სადესანტო ჯარებთან ერთად, საიერიშო მოქმედებები დაამუშავეს მჭიდრო დასახლებაში

წვრთნების ერთ-ერთ ეპიზოდში, ნიჟეგოროდის ოლქის მულინოს პოლიგონზე, საინჟინრო დანაყოფებმა და საჰაერო სადესანტო ძალებმა საიერიშო მოქმედებები დაამუშავეს მჭიდრო ურბანულ რაიონში — სერია Уран-ის რობოტების მხარდაჭერით. ქვედანაყოფებმა სირიაში მიღებული გამოცდილება გამოიყენეს.

ნჟეგოროდის ჯარებს საკუთარი სპეციფიკა აქვთ — ნგრევა და შენება. ამასთან რუსულ არმიაში იქმნება ათობით ავტონომიური მოიერიშე რობოტით დაკომპლექტებული პირველი ქვედანაყოფები. მათი გამოყენების ტაქტიკა პოლიგონების მიღმაც მუშავდება.

გასულ კვირაში ვიდეჩანაწერი გამოქვეყნდა, რომელზეც სირიელი ტერორისტების განადგურებაა აღბეჭდილი რუსული საბრძოლო რობოტ Соратник-ით. დაჯავშნილი შ ვიდტონიანი მანქანა სირიის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეცოპერაციების ძალებს უწევდა მხარდაჭერას — დღისითაც და ღამითაც ზუსტად ანადგურებდა ცალკეულ ბიევიკებსა და „ჯიჰადისტების“ სატრანსპორტო საშუალებებს.

მანამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის მქონე საბრძოლო რობოტების სერიული წარმოების დაწყების ტაობაზე განაცხადა, რომლებსაც დამოუკიდებლად ბრძოლის უნარი აქვს: „გაჩნდა უკვე არა უბრალოდ ექსპერიმენტული ნიმუშები, არამედ რობოტები, რომელთა ჩვენებაც ნამდვილად შეიძლება ფანტასტიკის ჟანრის ფილმებში“.

მსგავსი მანქანებით ჯარების აღჭურვა — ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროსი სპეციალიზებული სამმართველოა შექმნილი, რომელიც საბრძოლო რობოტების დანერგვაზეა პასუხისმგებელი. ხელოვნური ინტელექტის განვითარება რუსეთში ახალ დონეზე გადის — ეს დროის მოთხოვნაა. ყველა ტიპისა და სახეობის ჯარების უახლეს შეიარაღებაში სწრაფად იზრდება ავტომატიზებული სისტემების მნიშვნელობა.

გარღვევა მომავალში

შორეული მომავლის შეიარაღებულ კონფლიქტებში გამარჯვებებს უკვე დღეს უზრუნველყოფს რამდენიმე რუსული თავდაცვითი საწარმო, სადაც საბრძოლო რობოტები იწარმოება საჰაერო-კოსმოსური ძალების, სამხედრო-საზღვაო ფლოტისა და სახმელეთო ჯარებისთვის. განვიხილოთ უფრო ცნობილი ნიმუშები.

ზემოთ ხსენებული Соратник-ი პირველად საეღტაშორისო სამხედრო-ტექნიკურ ფორუმ „არმია 2016-ზე“ გამოჩნდა. მისი დანიშნულებაა ჯარებისა და დაზვერვის საცეცხლე მხარდაჭერა, ტერიტორიების პატრულირება და ობიექტების დაცვა, განაღმვა და ბარიერების მოხსნა, რეტრანსლაცია, საბრძოლო მასალებისა და საწვავის მიწოდება.

რობოტი მძლავრი შეიარაღებისაა: 30-40 მმ-ანი ნაღმმტყორცნები, 12,7-მმ ან 7,62-მმ ტყვიამფრქვევები, ოთხი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო ან რეაქტიული ცეხცლმფრქვევი Шмель-ი. „სორატნიკი“ განსაკუთრებით ეფექტურია და სხვადასხვა ოპერაციებისას სიმაგრეებზე შეტევისას. აუცილებლობის შემთხვევაში ორ „სორატნიკს“ ინფორმაციის გაცვლა შეუძლია ბრძოლის ველზე. ამ ავტომატიზებულ სისტემას აქვს უნარი, ოცდაოთხ საათიან რეჟიმში იმუშაოს ნებისმიერ კლიმატურ პირობებში. მისი სიჩქარე საათში 40 კმ-მდეა, საწვავით ერთხელ შევსებისას 400 კმ-ს გადის.

მოიერიშე მუხლუხოვანი დრონი Уран-9 ასევე საბრძოლო გარემოშია შემოწმებული. საზოგადოებას ის პირველად მოსკოვში წარუდგინეს 2018 წლის გამარჯვების აღლუმზე. მისი დანიშნულებაა დაზვერვის წარმოება, ჯარების საცეცხლე მხარდაჭერა და მოწინააღმდეგის საბრძოლო ტექნიკის განადგურება.

12-ტონიანი ჯავშანმანქანა მართვალ შეიარაღება „ატაკას“ ზიდავს: ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, რეაქტიულ ცეცხლმფრქვევ „შმელს“, 300 მმ-ან ავტომატიზებულ ქვემეხს, 7,62 მმ ტყვიამფრქვევით.

მანქანას აქვს სტელს-დაცვა, ლაზერული დასხივბის წინასწარი შეტყობინება და სხვა უნიკალური მახასიათებლები. მისი დასავლური ანალოგები არ არსებობს. სპეციალიზებულმა ჟურნალმა The National Interest-მა რუსული ტექნოლოგიის უპირატესობა აღიარა.

თუ სრულფორმატიან ტანჯებზე ვისაუბრებთ, „ურალვაგონზავოდი“ რობოტიზებული დრონების ორი მოდიფიკაციითა დაკავებული, რომლებიც Т-72Б3 ბაზაზეა აგებული;  ხოლო სახელმწიფო კორპორაცია „როსტექმა“ Т-14 „არმატას“ რობოტიზებული, ხელოვნური ინტელექტის მქონე ვერსია შექმნა.

უპილოტო ტანკმა Т-14 „არმატამ“ ივლისში წარმატებით გაიარა სატესტო გამოცდები. სრულად რობოტიზებული ტანკების შემქნას ექსპერტები რუსული თავდაცვითი მრეწველობის ნამდვილ გარღვევად აფასებენ. მანქანა პრაქტიკულად ყველაფერს თავად აკეთებს, ადამიანს სამიზნის გასანადგურებლად მხოლოდ მისი არჩევანის დადასტურება უხდება. დიდი ალბათობით, შეიქმნება ასეთი ტანკის საექსპორტო ვერსიაც.

სირიაში სატანკო ქვედანაყოფების გამოყენების გამოცდილებამ დაადასტურა ბრძოლის ველზე რობოტიზებული კომპლექსების რამდენიმე ტიპის ერთდროულად ყოფნის აუცილებლობა — მსუბუქის, საშუალო და მძიმე კომპლექსებისა.

მრავალფუნქციური რობოტების ქვედანაყოფები რუსეთის არმიაში 2025 წლისთვის გამოჩნდება.

ამ მწკრივში განსაკუთრებული ადგილი უკავია ბირთვულ ძრავიან წყალქვეშა სისტემა „პოსეიდონს“, რომელიც აგრესორი ქვეყნის ნებისმიერი სამიზნის განადგურების გარანტიას იძლევა. შეიარაღების მოქმედი სახელმწიფო პროგრამის თანახმად რუსეთი სამ სუბმარინას ააგებს, რომელთაგან თითოეულის ბორტზე ექვსამდე „განკითხვის დღის ტორპედო“ განთავსდება.

ავტომატიზაციის მნიშვნელობა

საბრძოლო რობოტები ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. მათ აქვთ სწორი გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.

რობოტოტექნიკური კომპლექსების განვითარებისა და საბრძოლო გამოყენების კონცეფციის თანახმად, 2025 წლამდე რობოტების წილი რუსეთის შეიარაღების საერთო სტრუქტურაში 30%-ს მიაღწევს.

ამ სისტემების მნიშვნელოვანი ნაწილი სრულად ავტონომიური იქნება. რუს კონსტრუქტორებს, პროგრამისტებსა და ინჟინრებს სულ ცოტაღა დარჩათ, რათა საბრძოლო რობოტების სრულ ავტონომიზაციას მიაღწიონ.

რობოტიზაციის დამამთავრებელი ეტაპი — ეს ჯარების მართვის ერთიანი ავტომატიზებული სისტემაა. მაღალტექნოლოგიური შეიარაღების კუთხით რუსეთი ლიდერობს, თუმცა პარტნიორებიც მილიარდობით დოლარს დებენ შეიარაღების განვითარებაში, რათა რუსეთს გაუსწრონ.

უახლოეს ათ წელიწადში პენტაგონი 2,4 მლრდ დოლარის დახარჯვას აპირებს მომავლის კიბერომებისთვის მხოლოდ მომზადებაში. აშშ-ის მიზანია სეტეცენტრიკული საბრძოლო მოქმედებების სრულყოფა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას ეწევა.

პენტაგონისთვის ხელოვნური ინტელექტის მქონე პერსპექტიულ სისტემებს სააგენტო DARPA ამუშავებს, რომელიც ყოველწლიურად ატარებს ავტონომიური რობოტების „შეჯიბრს“ (2015 წლის შემდეგ — დახურულად). ასეთი მანქანების დანიშნულება — ეს ბრძოლის ველზე მაღალტექნოლოგიური მოწინააღმდეგის განადგურებაა. რუსეთი ოფიციალურადაა აღიარებული ნატოს მთავარ სამხედრო საფრთხედ 2030 წლამდე და მას „პარტნირების“ შეკავება უწევს მაღალტექნოლოგიური, ეფექტური და გასაგები საშუალებებით.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

19
ხავსმოდებული ხე

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 აგვისტო

0
(განახლებულია 20:59 03.08.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 4 აგვისტოა, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.

პოზიტივისა და წარმატებების დღეა. ყველაფერი გამოგვივა. შეგვიძლია რთულ საქმეებთან შეჭიდება, ყურადღება უნდა მივაქციოთ წვრილმანებს – ისინი დღეს მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მთვარე ტყუპში საუბრებისკენ გვიბიძგებს. რუტინული და მოსაწყენი საქმეების გაკეთება გაგვიჭირდება, ამიტომ აჯობებს, თუ მათ სამომავლოდ გადავდებთ.

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 აგვისტო>>

ვერძი: დროა, რამე ახალი დაიწყოთ, მათ შორის მოლაპარაკებები, დეტალების განხილვა. კარგი იქნება, თუ გეგმებს მიჰყვებით – ასე ბევრი მიზნის მიღწევას შეძლებთ. შეძლებთ ცდუნებებისგან დაცვას და ზოგიერთ რამეზე უარის თქმას. არ იღელვოთ – მათ აუცილებლად ჩაანაცვლებთ ახალი შესაძლებლობებით, რომლებზეც ვერც კი იოცნებებდით.

კურო: არის რისკი, რომ საკმაოდ დიდი თანხა დახარჯოთ. ეცადეთ, „მადა“ მოთოკოთ და არ შეიძინოთ ის, რაც მნიშვნელოვან სარგებელს არ მოგიტანთ. მოუსმინეთ როგორც ახლობლებს, ისე უცნობებს – მათ დღეს საკმაოდ ეფექტური რჩევის მოცემა შეუძლიათ. ასევე კარგი დროა ოცნებისკენ ნაბიჯის გადადგმისთვის, გეგმების განხორციელებისთვის – ყველაფერი გამოგივათ.

ტყუპი: სარგებელს მოგიტანთ რაღაც დეტალების განხილვა, წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება – ახლა ისინი უზარმაზარ როლს თამაშობს. ასევე უარი არ თქვათ საკუთარ იდეებსა და გეგმებზე – ისინი მალე რეალობად იქცევა და ან კარგ თანხას მოგიტანთ, ან ჰარმონიასა და კომფორტს. ასე რომ, წინ, ოცნებებისკენ. გაითვალისწინეთ, სტრესმა კალაპოტიდან არ უნდა ამოგაგდოთ, ამიტომ ხშირად დაისვენეთ.

კირჩხიბი: ეცადეთ, კეთილსინდისიერად იმუშაოთ და წარმატება არ დააყოვნებს. მოინდომეთ, რომ ყველა საქმე იდეალურად შეასრულოთ, შემოქმედებითად იაზროვნეთ, მოაწესრიგეთ საქმეები. ურთიერთობებში ეცადეთ თანამოსაუბრის ემოციური განწყობა იგრძნოთ და ნაკლებად იკამათეთ. საღამო კი ოჯახთან ერთად გაატარეთ – ეს დაგეხმარებათ „გადატვირთვაში“ და მომდევნო დღეებში სამუშაოსთვის განწყობაში.

ლომი: ხშირად მოუსმინეთ კოლეგებსა და ახლობლებს – დღეს მათ, შესაძლოა, ეფექტური რჩევა მოგცენ. თქვენც არ გაჩუმდეთ – განიხილეთ თქვენი პროექტებიმ აზრები ადამიანებთან, რომ მოისმინოთ მათი კომენტარები და შემდეგ თქვენს გეგმებში კორექტივები შეიტანოთ. მაგრამ ეს სამუშაოსგან თავისუფალ დროს გააკეთეთ. მუშაობის დროს კი აჩქარება არ ივარგებს – მოსალოდნელია შეცდომების დაშვება.

ქალწული: კარგი იქნება, თუ სიკეთეს გამოიჩენთ და გაჭირვებულებს დაეხმარებით – ეს თქვენს კარმას განამტკიცებს და განწყობას აამაღლებს. თუ გსურთ, რომ პრობლემებს სწრაფად გაუმკლავდეთ, „ჩართეთ“ კრეატივი – ეს ნამდვილად დაგეხმარებათ. სამუშაო ბევრი გექნებათ, ამიტომ ეცადეთ, ენერგია შეინარჩუნოთ. ამავე არ ღირს დაძაბვა – გაუფრთხილდით ორგანიზმს.

სასწორი: მზად ხართ, საკუთარი ოცნებები რეალობად აქციოთ, მაგრამ ამას შეიძლება ბედი შეეწინააღმდეგოთ. ეცადეთ, თქვენი გაიტანოთ და სამყაროს გამოწვევებს დაუპირისპირდეთ. მოემზადეთ იმისთვის, რომ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება მოგიწევთ, მოქმედება – ელვისებურად. თუ არ დააყოვნებთ, ყველაფერი გამოგივათ. ასევე მოგეცემათ შანსი, რომ წარსულის შეცდომები გამოასწოროთ.

მორიელი: მოემზადეთ მუხლჩაუხრელი შრომისთვის და პრობლემების ელვისებურად გადაწყვეტისთვის. კარგია, თუ მოვლენების ცენტრში აღმოჩნდებით, ეკონტაქტებით საჭირო ადამიანებს – ამან კარიერულ კიბეზე შესაძლოა წინ წაგწიოთ. აუცილებლად ეურთიერთეთ კოლეგებს – მათ საჭირო რჩევების მოცემა შეუძლიათ. გარდა ამისა, ვარსკვლავები სახლის საფუძვლიან მოწესრიგებას გირჩევენ – არის შანსი, იპოვოთ ის, რაც დიდი ხნის წინ დაკარგეთ.

მშვილდოსანი: ბედმა ერთდროულად რამდენიმე შანსი მოგიმზადათ – ეცადეთ, გამოთვალოთ ისინი და გამოიყენოთ. მაგრამ ეს დაყოვენბის გარეშე, სწრაფად უნდა გააკეთოთ, თორემ ამ შესაძლებლობებს თავისი „ვარგისიანობის ვადა“ აქვს. ასევე კარგი იქნება, თუ ძველი გეგმის შესრულებას შეუდგებით. დღეს იღბალი და წარმატება ფეხდაფეხ დაგყვებათ, ამიტომ არ შეუშინდეთ გარისკვას. ასევე გაილამაზეთ დღე საყიდლებით.

თხის რქა: აქტიურობა და ინიციატივის გამოჩენა შესანიშნავ შესაძლებლობებსა და წინადადებებს გააჩენს. არ იორჭოფოთ და დათანხმდით – მომავალში ისინი წარმატებებს აუცილებლად მოგიტანთ. არ ღირს დროის უქმად დაკარგვა, ამიტომ უარი თქავით არაფრის მომტან საუბრებსა და გართობაზე. ყურადღება გადაიტანეთ სამუშაოზე. დღეს ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ.

მერწყული: ირგვლივ ქაოსი და ორომტრიალია და ყველაფერში გიჭირთ გარკვევა. ეცადეთ, არ აჰყვეთ ახლობლების მანიპულაციებს და სიმშვიდე ეძებეთ. კარგი იქნება, თუ მოახერხებთ განმარტოებას და პირად საქმეებსა და სამუშაოს მიხედავთ. ურთიერთობები სარგებელს მხოლოდ საქმიან საკითხებზე მოგიტანთ. მშვენივრადაა ყველაფერი პირად ფრონტზე – ურთიერთობები გამტკიცდება და შეიძლება ახალ საფეხურზეც გადავიდეს.

თევზები: დროა, თქვენი გეგმები ოჯახთან განიხილოთ. შესაძლოა, ახლობელმა ადამიანებმა სუსტ ადგილებზე მიგითითონ და ამით თქვენს მომავალზე იმოქმედონ. საჭიროა შესაძლებლობების დანახვა და მათი გამოყენება, თუნდაც ისინი ერთი შეხედვით არც ისე პერსპექტიული მოჩანდეს. თუ უსიამოვნებები შეგხვდათ, მათი კოლექტიურად გადაწყვეტა აჯობებს – გაუზიარეთ თქვენი პრობლემები ახლობლებს – ისინი კარგ რჩევას მოგცემენ.

0