თურქი ჯარიკაცები პატრულირებაზე სირიაში

მიმოხილვა: თურქეთი სხვის ტერიტორიებს იტაცებს

48
(განახლებულია 22:55 09.06.2021)
სირიის ჩრდილოეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთს დამასკი პრაქტიკულად არ აკონტროლებს. ანკარა იქ საავადმყოფოებსა და სკოლებს აშენებს, პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს გასცემს, ბრუნვაში თურქული ლირა შეაქვს.

ქსენია მელნიკოვა

ქურთულ რაიონებში თურქომანებსა და არაბ სუნიტებს ასახლებენ. ემუქრება თუ არა თურქეთი სირიის სუვერენიტეტს და როგორი გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან რუსეთზე, ამაზე РИА Новости-ს მასალაშია საუბარი.

უკანონო შესვლები

„სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს თურქეთის რეჟიმის მოქმედებებს, რომელმაც მექანიზმი შექმნა სამოქალაქო მდგომარეობის აქტების რეგისტრაციისათვის იდლიბის ტერორისტების მიერ კონტროლირებად რაიონებში. სირიულ პირადობის მოწმობებსა და საოჯახო დოკუმენტებს აუქმებენ და მათ უკანონო, თურქული დოკუმენტებით ცვლიან“, − იუწყება სირიის საინფორმაციო სააგენტო.

დამასკში ასევე დაგმეს ქვეყანაში საფრანგეთისა და ნიდერლანდის დელეგაციების „უკანონო შესვლა“. ისინი არაბულ-ქურთული ფორმირება „სირიის დემოკრატიული ძალების“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროში ამას „სირიის წინააღმდეგ აგრესია“ „საერთაშორისო სამართლის გაოგონარი დარღვევა“ უწოდეს.

ქურთების ავტონომიურმა ადმინისტრაციამ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ჰოლანდიის მთავრობას „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების ოთხი ნათესავი გადასცა − ქალი და სამი ბავშვი. საფრანგეთის დელეგაციამ, რომელშიც დანიელ მიტერანის ფონდისა და პარიზის მერიის წარმომადგენლები შედიოდნენ, ქალაქი კამიშლი მოინახულა. ვიზიტის მიზნები არ დასახელებულა, ცნობილია მხოლოდ ის, რომ დამასკი ამის შესახებ არ გაუფრთხილებიათ.

დასავლეთი დემონსტრაციულად მოქმედებს და ამით აჩვენებს, რომ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთი ხელისუფლებას არ ემორჩილება. მაგრამ რეალურად ეს ასე სულაც არ არის. მაგალითად, 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებზე კამიშლისა და ელ-ჰასეკში საარჩევნო უბნები მუშაობდა.

მცოცავი თურქიზაცია

სულ სხვაგვარადაა საქმე ჩრდილოეთში, რომელიც თურქეთს ესაზღვრება. ანკარა იქ სამხედრო ოპერაციებს ატარებდა ქურთების წინააღმდეგ − „ზეთისხილის რტოს“ 2018 წლის იანვარ-მარტში, და ასევე „ევფრატის ფარს“ – 2017 წლის აგვისტოდან 2017 წლის მარტამდე. ამ რაიონებში და ასევე დეესკალაციის ზონა იდლიბში სირიის ოპოზიცია პროთურქული ძალები რჩებიან.

უკვე რამდენიმე წელიწადია, დასავლური და არაბული მედია რეგიონის თურქიზაციაზე წერს: დასახლებულ პუნქტებს თურქეული სახელწოდებები ენიჭება, ლირამ სირიული ფუნტი განდევნა. იცვლება დემოგრაფიული სურათიც: ქურთულ რაიონებში თურქომანებსა და სუნიტ არაბებს ასახლებენ.

ანკარა ტრადიციულად იყენებს რბილ ძალას. სკოლები ან აღადგინეს, ან თავიდან ააშენეს, პროგრამა თურქულს შეუსაბამეს. მაგალითად, ისტორიის სახელმძღვანელოებში „ოსმანური ოკუპაცია“ „ოსმანურ ბატონობად“ შეცვალეს. ათასობით მასწავლებელი ხელფასს მეზობელი სახელმწიფოდან იღებს, თურქული ენა პირველი კლასიდან ისწავლება. კურსდამთავრებულებს თურქეთის უნივერსიტეტბში ჩაბარებას სთავაზობენ.

საავადმყოფოების აღდგენასაც ანკარა აფინანსებს. მაისის ბოლოს სააგენტო Anadolu იუწყებოდა, რომ თურქეთმა იდლიბში ელექტროენერგიის მიწოდება დაიწყო. სარემონტო სამუშაოები შვიდი თვე გრძელდებოდა. მანამდე შუქი დღეში მხოლოდ ორი საათის განმავლობაში მიეწოდებოდა.

თურქეთის პასუხისმგებლობის ზონაში მოქმედმა ბოევიკებმა 29 მაისს სკოლის მოსწავლეები გამოცდებზე არ გაატარეს, რათა მათ სახელმწიფო განათლების დიპლომები არ მიეღოთ. შეიარაღებული ადამიანები მოწაფეებით სავსე ავტობუსებს აჩერებდნენ და უკან აბრუნებდნენ.

ბევრი პრეტენზია

ივნისის დასაწყისში თურქეთს გაეროში ამერიკის მუდმივი წარმომადგენელი ლინდა თომას-გრინფილდი ეწვია. მოილაპარაკეს სირიის ჩრდილოეთში ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელ მიწოდებებზე გაეროს საკონტროლო-გამშვები პუნქტის, „ბაბ ალ-ჰავას“ გავლით. პუნქტს მანდატი 10 ივლისს ეწურება. დასავლეთი და თურქეთი მის გახანგრძლივებას მოითხოვენ. რუსეთი კატეგორიული წინააღმდეგია.

ანკარა ირწმუნება, რომ გაეროს კონტროლის გარეშე თურქეთს კვლავ მიაწყდებიან სირიელი ლტოლვილები. მოსკოვში ეს საკონტროლო-გამშვები პუნქტი საჭიროდ არ მიაჩნიათ, ვინაიდან მისი გავლით შესული დახმარება არათანაბრად ნაწილდება და ძირითადად ბოევიკების ხელში ხვდება. „ბაბ ალ-ჰავას მაკონტროლებელი ბოევიკები დაინტერესებული არ არიან გამჭვირვალე მიწოდებებში“, − დაწერა Twitter-ზე გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ დმიტრი პოლიანსკიმ.

მოსკოვსა და ანკარას ბევრი პრეტენზია დაუგროვდათ სირიის თაობაზე შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით, რომელსაც ხელი გასული წლის მარტში მოაწერეს რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა. მხარეები პერიოდულად აფიქსირებენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას და სხვადასხვა ცნობები მოჰყავთ დაჭრილების შესახებ. გაზაფხულზე კი შეთანხმება ჩაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

ანკარაში რუს სამხედროებსა და პირადად პრეზიდენტ ბაშარ ასადს იდლიბის დეესკალაციის ზონაზე შეტევასა და „უდანაშაულო ხალხის დაღუპვაში“ დასდეს ბრალი. სირიის ოპოზიცია რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების თავდასხმაზე იუწყებოდა „ბაბ ალ-ჰავაზე“. გარდა ამისა, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა, პირველად წელიწად-ნახევრის განმავლობაში, პროვინცია რაკას შეუტიეს.

ფარული უკმაყოფილება

პრობლემა ისაა, რომ თურქეთი სირიაში ისე იქცევა, როგორც საკუთარ სახლში, მიუხედავად იმისა, რომ თურქული ჯარები ქვეყნის ჩრდილოეთში უკანონოდ იმყოფებიან − არა დამასკის მიწვევით, არამედ გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, ამბობს РИА Новости-სთან საუბარში დიპლომატიური აკადემიის დოცენტი ვლადიმირ ავატკოვი.

„ასეთი ჰიბრიდული ტექნოლოგიებით ანკარა ცდილობს გააფართოვოს გავლენის სფერო ნეოოსმანიზმის, თურქული ისლამიზმისა და ნეოპანთურქიზმის კონცეფციის ფარგლებშიც კი. თურქები იმით აპელირებენ, რომ ბევრი ადგილობრივი − თურქომანები, ანუ თურქები, იქ ოსმანთა იმპერიის დროიდან დარჩა. სინამდვილეში ამით თურქეთი შემტევ, აგრესიულ პოლიტიკას აწარმოებს − და ეს მარტო სირიული მიმართულებისთვის არ არის დამახასიათებელი“, − ამბობს პოლიტოლოგი.

მას ეთანხმება აღმოსავლეთმცოდნე, პუბლიცისტი ანდრეი ონტიკოვიც. „დამასკის მხრიდან კრიტიკა სუვერენიტეტის დარღვევასთან დაკავშირებით საფუძვლიანია. ქურთულ რაიონებში, მაგალითად, აფრინში, ანკარის ნებისმიერი ქმედება მიუღებელი იქნება. მაგრამ აქ თურქები დემოგრაფიული ბალანსის ცვლილებით სარგებლობენ, როდესაც ქურთების გვერდით სუნიტი არაბები და თურქომანები სახლდებიან. ისინი კი ძალიან ლოიალურები არიან თურქეთის მიმართ“, − ამბობს პუბლიცისტი.

იდლიბში ტერორისტული ანკლავია ჩამოყალიბებული, რომელშიც უფრო მეტად რადიკალური დაჯგუფებებია თავმოყრილი, მიაჩნია ექსპერტს. მათთვის მიუღებელია იქ სირიის სუვერენიტეტის აღდგენის თავად იდეაც კი. „თურქები აუჩქარებლად ქმნიან პირობებს ამ ტერიტორიების „ჩამოსაკბეჩად“, რათა ისინი თურქეთს მიუერთდეს“, − დარწმუნებულია აღმოსავლეთმცოდნე.  

მაგრამ ანკარას ხელი შესაძლოა მოსკოვმა შეუშალოს, რომელიც მზადაა დიპლომატიური არხებით იმოქმედოს, ან ვითარება ადგილზე დაარეგულიროს. 2020 წლის დასაწყისში იდლიბში უკვე იყო სერიოზული ესკალაცია. სირიელებმა, რუსების მხარდაჭერით, სტრატეგიული რაიონების მნიშვნელოვანი ნაწილის გათავისუფლება მოახერხეს. გამორიცხული არ არის, რომ თურქეთს საბოლოოდ აიძულებენ – დატოვოს სირია.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

48
გიორგი ქინქლაძე და თემურ ქეცბაია

გიორგი ქინქლაძე ფეხბურთში ბრუნდება! ბაჩანა არაბული კი საბერძნეთში აღიარეს

33
(განახლებულია 17:31 13.06.2021)
განსაკუთრებით საინტერესო კვირა ქართული ძიუდოს გულშემატკივრებისთვის და მარიამ ბოლქვაძის მოგებათა სერია პორტუგალიაში მიმდინარე ტურნირზე.

ბაჩანა არაბულის აღიარება საბერძნეთში და სატრანსფერო სიახლეებით დატვირთული კვირა

ქართველი ფორვარდის ბაჩანა არაბულის გოლი საბერძნეთის ჩემპიონატში საუკეთესოდ დაასახელეს. ბერძნული „ლამიას“ შემტევმა 2020/2021 წლის სეზონის გამორჩეული გოლი მიმდინარე წლის 5 იანვარს სალონიკის „არისის“ კარში გაიტანა. ბაჩანა არაბულმა ჯერ თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა, შემდეგ კი ულამაზესი „მაკრატელას“ ავტორიც გახდა.

სეზონის საუკეთესო გოლის გამოსავლენად გამოკითხვა გულშემატკივრებში ჩატარდა, სადაც ქართველმა ფეხბურთელმა დიდი უპირატესობით იმარჯვა, მას ხმების სრული რაოდენობის 52.87% ერგო და უპირობო ლიდერი გახდა.

ბაჩანა არაბული „ლამიას“ გასული სეზონის წინ შეუერთდა და საბერძნეთის სუპერლიგაში 21 თამაშში ოთხი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა. მას ბერძნულ კლუბთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება.

სატრანსფერო სიახლეებს რაც შეეხება, ოქრიაშვილისა და ქვილითაიას შემდეგ კლუბის შეცვლა კიდევ რამდენიმე ქართველმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა.

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა გურამ კაშიამ კარიერის გაგრძელება ბრატისლავას „სლოვანში“ გადაწყვიტა. ინფორმაცია რამდენიმე სპორტულმა მედიასაშუალებამ დაადასტურა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ „სლოვანს“ საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი ვლადიმერ ვაისი წვრთნის და სლოვაკ სპეციალისტს კაშიასთან საკმაოდ კარგი ურთიერთობაც აკავშირებს.

პარალელურად კლუბი შეიცვალა ოთო კაკაბაძემაც, რომელიც პოლონეთში გადაბარგდა და „კრაკოვიას“ მაისურს მოირგებს. ოთარმა პოლონურ გუნდთან  3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. აღსანიშნავია, რომ „კრაკოვიას“ პოლონეთის უმაღლეს ლიგაში კარგი პერიოდი არ უდგას. გუნდმა 2020/2021 წლების სეზონში, სადაც სულ 16 გუნდი მონაწილეობდა, მე-14 ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრების განაპირა მცველი აქამდე ესპანურ „ტენერიფეში“ გამოდიოდა, თუმცა ოთომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა.

ბოლო დღეებში აქტიურად იწერება ქართველი ნახევარმცველის გიორგი აბურჯანიას მომავალი კლუბის შესახებ, რომელიც შესაძლოა კვიპროსულ „ანორთოსისში“ გადავიდეს. კლუბი, რომელსაც თემურ ქეცბაია წვრთნის, ერთდროულად რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის ქართველმა ლეგიონერებმაც. შესაძლო ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია კვიპროსულ მედიაში გავრცელდა. 

გამოცემა ასევე იუწყება, რომ „ანორთოსისში“, შესაძლოა, გიორგი ქინქლაძეც ვიხილოთ. ცხადია, რომ ქართველი ვეტერანი სპორტსმენი საფეხბურთო კარიერას ვერ გააგრძელებს, ამიტომ ის სავარაუდოდ თანამდებობას კლუბის მენეჯმენტში მიიღებს. კვიპროსში აღნიშნავენ, რომ ქინქლაძის რჩევები, საფეხბურთო კავშირები და ქართველ ფეხბურთელებზე მისი გავლენა მნიშვნელოვანი იქნება კლუბისთვის.

ბექა ღვინიაშვილმა აკრძალული ილეთი გამოიყენა, შავდათუაშვილმა კი საქართველოს ჰიმნი გააჟღერა

გასული კვირა საინტერესო იყო ძიუდოს ქომაგებისთვის, რადგან უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა რამდენიმე მედალი აიღეს.

ტურნირის მესამე საჭიდაო დღეს მედლის მოპოვება ქართველი ძიუდოისტებიდან მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) შეძლო, რომელმაც მიჯრით ხუთი ორთაბრძოლა მოიგო და ფინალში უდანაკარგოდ გავიდა. ფინალში გასულმა შავდათუაშვილმა შვედი ტომი მაციასი დამატებით დროში დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ძირითადი დრო ქულის გარეშე დასრულდა, შვედ სპორტსმენს შეხვედრის მიმდინარეობისას ორი გაფრთხილება უკვე მიღებული ჰქონდა, რომელიც დამატებით დროშიც გადაჰყვა. ოქროს ქულისთვის ბრძოლაში ჩართულმა მაციასმა 50-ე წამზე ტატამი დატოვა, რისთვისაც რიგით მესამე გაფრთხილება მიიღო და შავდათუაშვილს პირველობა დაუთმო.

„მიყვარს კვარცხლბეკზე დგომა. ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს დროშა ყველაზე მაღლა იყო და ჰიმნი ავაჟღერე. ბედნიერი ვარ მხოლოდ იმით, რომ მესამე ოლიმპიურ თამაშებზე გამოვალ და კიდევ ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის. მოვლენებს წინ არ გავუსწრებ“, - განაცხადა გამარჯვების შემდეგ ლაშა შავდათუაშვილმა.

ოქრო ვერა, მაგრამ ვერცხლის მედალი მოიპოვა ტატო გრიგალაშვილმა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. საქმე აქაც დამატებით დრომდე მივიდა. ფინალში გასულმა 21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ბელგიელ მატიას კასესთან იპონით წააგო და მეორე ადგილს დასჯერდა.

ყველაზე დასანანი იყო მსოფლიო პირველობაზე ბექა ღვინიაშვილის (90 კგ) მარცხი, რომელმაც პირველივე ეტაპზე შვეიცარიელ სპორტსმენთან ულამაზესი გდება შეასრულა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მან ეს აკრძალული ილეთის მეშვეობით შეძლო. ბექა შეხვედრაში ვაზარით დაწინაურდა, რის შემდეგაც კიდევ ერთი ლამაზი ილეთი შემოგვთავაზა და ბრძოლაც მოიგო, თუმცა საეჭვო ვითარების გამო მსაჯებმა მომენტი განმეორებით ნახეს, სადაც გამოჩნდა, რომ ბექამ გდება ფეხის ამოხვევით შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ღვინიაშვილთან ერთად მეხუთე საჭიდაო დღეს მარიამ ჭანტურიაც (70 კგ) გამოეთიშა.

სანატრელი ოქროს მედალი ვერ მოიპოვა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ), რომელიც 1/4-ფინალში სერბ ალექსანდარ კუკოლთან იპონით დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო. 32 წლის კაპიტანი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მიხაელ კორელს დაუპირისპირდა, რომელსაც ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი თავისი საყვარელი ილეთი გამოიყენა, მოწინააღმდეგე შებოჭა და ბრინჯაოს მედალს იპონის შეფასებით დაეუფლა.

მარიამ ბოლქვაძე პორტუგალიის ტურნირზე ფინალში გავიდა, ბასილაშვილმა კი ჰალეში მოგებით დაიწყო

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე პორტუგალიაში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე წარმატებით ასპარეზობს. 23 წლის ბოლქვაძემ, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 221-ე ადგილს იკავებს, ITF დონის ნახევარფინალში იაპონელ ჰონტამასს ორ სეტში ანგარიშით 6:4, 6:4 სძლია და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

ბოლქვაძე ფინალში 13 ივნისს ითამაშებს. მისი მეტოქე პორტუგალიელ ფრანსისკა ჟორჟესა და ბრაზილიელ ბეატრის ჰადად მაიას შორის გაირკვევა.

რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, მან გერმანიაში ჰალეს ტურნირზე პირველი შეხვედრა გერმანელ რუდოლფ მოლეკერთან მოიგო და საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

მატჩი, რომელიც საათსა და 31 წუთს გაგრძელდა, ნიკოლოზის უპირატესობით მიმდინარეობდა. ჩოგბურთელებმა თავიანთი ჩაწოდებები კარგად გამოიყენეს, რაზეც მატჩის შედეგიც მეტყველებს. ჩოგბურთელებმა ორი ტაიბრეიკი ითამაშეს და ორივე ქართველის გამარჯვებით დასრულდა.

ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის საკვალიფიკაციო ბადის ნახევარფინალში კიდევ ერთ მასპინძელ სპორტსმენს შეხვდება. ჩვენებურის მეტოქე ამჯერად იანიკ ჰანფმანი იქნება, რომელსაც ნიკა კარიერაში პირველად დაუპირისპირდება.

33
ევროპის მსოფლიო ჩემპიონატი, რომი - სტადიონი ოლიმპიკო

მონატრებული ევროპის ჩემპიონატი საფეხბურთო დღესასწაული რომიდან იწყება

55
(განახლებულია 14:30 11.06.2021)
კონტინენტის საუკეთესოს ტიტულისთვის ევროპის 11 სხვადასხვა ქალაქში ექვს ჯგუფში გადანაწილებული 24 საფეხბურთო ნაკრები იბრძოლებს.

ჩემპიონატის პირველი შეხვედრა და სანახაობრივი ფეხბურთის მოლოდინი

ევროპის ჩემპიონატის პირველი შეხვედრა 11 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე თურქეთისა და იტალიის ნაკრებებს შორის გაიმართება. სავარაუდოა, რომ გულშემატკივარი ტურნირის სტარტზევე სანახაობრივ და ლაღ ფეხბურთს იხილავს. თურქეთის ნაკრები ბოლო პერიოდში უხვგოლიანი მატჩებით გამოირჩევა და მათი შეტევის ხაზი ფრანგული „ლილის“ გოლეადორ ბურაკ ილმაზის მეთაურობით ნებისმიერი ნაკრებისთვის სახიფათოა. უდიდესი ისტორიის მქონე იტალიის ნაკრებს რაც შეეხება, „სკუადრა აძურას“ ზედმეტი შექება ნამდვილად არ სჭირდება, იტალიელებს ნებისმიერ კონდიციაში და ნებისმიერ სათამაშო ფორმაში შეუძლიათ თამაშის მოგება.

იტალია და თურქეთი ერთმანეთს რომში „სტადიო ოლიმპიკოზე“ დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ UEFA-მ იტალიის მთავრობას ნება დართო მატჩს მაყურებელთა 25% პროცენტი დაესწროს. “სტადიო ოლიმპიკოზე” 72.700 ადამიანი ეტევა, შესაბამისად, გახსნით შეხვედრაზე დასწრების უფლება 18.100 გულშემტკივარს ექნება.

ამ ორი გუნდის გარდა A ჯგუფში უელსი და შვეიცარია მოხვდნენ, რომელთა შეხვედრა 12 ივნისის 17:00 საათზე დაიწყება.

ე.წ. სიკვდილის ჯგუფი და იღბლიანი ესპანელები

როდესაც ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფებში მეტოქეთა ვინაობა გახდა ცნობილი, ყველაზე მეტად გულშემატკივრის ყურადღება ბოლო, F ჯგუფმა მიიპყრო, სადაც ნამდვილი საფეხბურთო „მონსტრები“ შეიკრიბნენ. გერმანია, საფრანგეთი, პორტუგალია და უნგრეთი – სწორედ ეს გუნდები შეეცდებიან გაიყონ მერვედფინალური ეტაპის საგზურები. უნგრელებს ჯგუფში რა ბედიც ელით, ეს ცალკე საკითხია, თუმცა ცხადია, რომ ისინი ნამდვილად დიდ საფეხბურთო გამოცდილებას შეიძენენ. რაც შეეხება გერმანიას, საფრანგეთსა და პორტუგალიას, ამ სამი ნაკრებიდან გადაჭრით აშკარა ფავორიტის დასახელება წინასწარ შეუძლებელია და ისღა დაგვრჩენია ტელეეკრანებთან ლამაზ სანახაობას დაველოდოთ.

ერთი შეხედვით მარტივი ჯგუფი შეხვდათ ესპანელებს, რომლებსაც წარმატების მისაღწევად შვედეთის, სლოვაკეთისა და პოლონეთის ბარიერის დაძლევა მოუწევთ. „ფურია როხას“ ბოლო დროს კარგი პერიოდი ნამდვილად არ უდგას. გუნდი, რომლის ცენტრალურ ზონასაც ერთ დროს ჩავი-ინიესტას ლეგენდარული დუეტი ამაგრებდა, ნახევარდაცვაში ახლა „მოხუცებული“ სერხიო ბუსკეტსისა და კოკეს იმედზეა. ესპანელებს არც შეტევის ხაზში აქვთ საქმე იდეალურად, სადაც მომენტების რეალიზებას ძირითადად ფერან ტორესი, ალვარო მორატა და დანი ოლმო შეეცდებიან. დაცვით ხაზსა და მეკარის პოზიციას რაც შეეხება, ამაზე პასუხს ალბათ ხვიჩა კვარაცხელია უკეთ გაგცემდათ.

პოლონელები, თავის მხრივ, ცხადია, რობერტ ლევანდოვსკის იმედზე იქნებიან. მასთან ერთად შეიძლება კრიშტოფ პიონტეკმაც თქვას თავისი სიტყვა და რამდენჯერმე გაისროლოს. რაც შეეხება შვედეთის ნაკრებს, მათ ევროპის ჩემპიონატამდე რამდენიმე კვირით ადრე დაბრუნებული ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტრავმის გამო გამოაკლდათ, რომელიც, მიუხედავად თავისი ასაკისა, საოცარ ფიზიკურ კონდიციაში იმყოფებოდა და გოლების გასატანადაც მზად იყო.

ქართული საფეხბურთო ოცნების დამანგრეველი, ანუ ჩრდილოეთ მაკედონია კონტინენტის პირველობაზე

ყველას კარგად გვახსოვს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის დაპირისპირება ერთა ლიგის ფინალში, სადაც გამარჯვებულს ევროპის ჩემპიონატის საგზური უნდა მიეღო. და რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს, ახლა არა საქართველოს ნაკრებზე, არამედ ბალკანელებზე გვიწევს საუბარი.

ჩრდილოეთ მაკედონია C ჯგუფში ნიდერლანდის, უკრაინისა და ავსტრიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. აღნიშნულ ჯგუფში ნათელია, თუ ვინ შეითავსებს ფავორიტის როლს, თუმცა გამოკვეთილ აუტსაიდერზე საუბარი ძალიან რთულია. ნიდერლანდის ნაკრები, რომლის შესაძლებლობებიც ჩვენმა ნაკრებმა რამდენიმე დღის წინ საკუთარ თავზე გამოსცადა, ჯგუფის უპირობო ლიდერია. დანარჩენ გუნდებს კი ალბათ ჯგუფის დაძლევის თანაბარი შანსები ექნებათ. თავისი საქმის ბოლომდე მიყვანას შეეცდება „მილანის“ ლეგენდარული ფორვარდი ანდრეი შევჩენკო, რომელიც მშობლიურ უკრაინის ნაკრებს რამდენიმე წელია უდგას სათავეში და საკმაოდ კარგი შედეგებითაც გამოირჩევა. შევჩენკო ბოლო დროს საკუთარ კარიერაზე ალაპარაკდა და დიდია იმის ალბათობა, რომ ის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ რომელიმე საფეხბურთო კლუბშიც ვიხილოთ. თავის მხრივ, კარგი და დაბალანსებული ნაკრებია ავსტრიაც, რომელმაც შესაძლოა პრაგმატული და ტაქტიკურად გამართული ფეხბურთის ხარჯზე მერვედფინალის საგზურიც მოიპოვოს. რაც შეეხება ჩრდილოეთ მაკედონიას, ბალკანელები ძირითადად ალიოსკის, ელმასისა და „ბებერი“ გორან პანდევის „ბოლო ამოსუნთქვის“ იმედად იქნებიან.

ბელგიის ნაკრები პირველ გამოცდას რუსეთთან ჩააბარებს. B ჯგუფი ფავორიტების ჯახით იწყება

ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფი დანიისა და ფინეთის ნაკრებების მატჩით 12 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე აიღებს სტარტს, თუმცა მაყურებელი უფრო საინტერესო შეხვედრას მოგვიანებით იხილავს. ამავე დღეს, 23:00 საათზე ერთმანეთს ბელგიისა და რუსეთის გუნდები შეხვდებიან, სადაც გამარჯვებული მომდევნო ეტაპისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს. ბელგიელები ბოლო დროს რობერტო მარტინეზის ხელში გახსნილ და დამანგრეველ ფეხბურთს თამაშობენ, რაც ბოლო სანაკრებო შეხვედრებშიც დაამტკიცეს. მიუხედავად არცთუ კარგი სტატისტიკისა, რუსეთის ნაკრების ჩამოწერაც უსამართლობა იქნება, რადგან ამ გუნდმა ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. თავის მხრივ არც დანიის ნაკრები იქნება უსაქმოდ, სადაც ბოლო დროს ბევრმა გამოცდილმა ფეხბურთელმა მოიყარა თავი. დანიელები კარგი მოთამაშეების დეფიციტს პრაქტიკულად არც ერთ პოზიციაზე არ უჩივიან. დაცვის ბურჯი სიმონ კიაერი იქნება, ნახევარდაცვას გამოცდილი კრისტიან ერიქსენი გაამაგრებს, ხოლო მეტოქეთა კარის აღებაზე პოულსენი, ბრაიტვაითი და დოლბერგი იზრუნებენ. ფინელებს რაც შეეხება, ისინი ჯგუფში აუტსაიდერებად ითვლებიან და ქულების მოსაგროვებლად სამივე მატჩში თავის გადადება მოუწევთ.

ინგლისი და ხორვატია, ანუ D ჯგუფის ორი ფავორიტი ნაკრები

წილისყრის შედეგად ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფში ინგლისის, ხორვატიის, ჩეხეთისა და შოტლანდიის ნაკრებები მოხვდნენ. პირველი შეხვედრა 13 ივნისს ინგლისისა და ხორვატიის გუნდებს შორის გაიმართება, სადაც ჯგუფის ფავორიტები პირველი ქულების მოგროვებას შეეცდებიან. 14 ივნისს უკვე თავიანთ მატჩს ჩაატარებენ ჩეხეთისა და შოტლანდიის ნაკრებები.

ინგლისელებს ევროპის ჩემპიონატებზე კარგი მოგონებები არ უნდა აკავშირებდეთ, რადგან აღნიშნულ ტურნირზე მათი ერთადერთი წარმატება 1968 წლით თარიღდება. მაშინ ბრიტანელებმა მესამე ადგილის დაკავება შეძლეს და მას შემდეგ მათი საუკეთესო მიღწევა ნახევარფინალურ ეტაპზე თამაშია. აღსანიშნავია, რომ ინგლისის ნაკრები ყოველი ჩემპიონატის წინ უძლიერესი შემადგენლობით გვევლინება, თუმცა ეს შედეგებზე ნაკლებად ისახება. არც ახლაა ამ მხრივ გამონაკლისი – გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელია თავმოყრილი. განსაკუთრებით გამოსარჩევია გამოცდილი თავდამსხმელი ჰარი კეინი, რომელსაც ტურნირის ბომბარდირობასაც კი უწინასწარმეტყველებენ. საინტერესოა, შეძლებს თუ არა ინგლისი ნავსის გატეხვას და ევროპის ჩემპიონატის წარმატებით დასრულებას. ხორვატებს რაც შეეხება, მათ თავიანთი ძალა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოავლინეს, როდესაც სენსაციურად მუნდიალის ფინალურ ეტაპზე გააღწიეს. აღსანიშნავია, რომ მაშინ ნახევარფინალურ ეტაპზე ხორვატიის ნაკრებმა სწორედ ინგლისს აჯობა ანგარიშით 2:1.

ჩემპიონატის ფორმატი და ფინალი ლეგენდარულ „უემბლის“ სტადიონზე

ევროპის ჩემპიონატზე თითოეული ჯგუფიდან მერვედფინალურ ეტაპზე ორი საუკეთესო ნაკრები გავა. ჯგუფში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ურთიერთშეხვედრებს მიენიჭება. ამასთან, მერვედფინალური მატჩების დამატებით ოთხ საგზურს საუკეთესო მესამე ადგილოსნები გაიყოფენ, ამ შემთხვევაში კი უპირატესობა გუნდების შედეგიანობას მიენიჭება. მესამე ადგილოსან ნაკრებებს შორის გატანილი და გაშვებული გოლების რაოდენობა დაითვლება, შედეგად პირველ ეტაპზე 16 საუკეთესო ნაკრები გამოვლინდება.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის მთავარ მოვლენას, ანუ ფინალურ მატჩს, ის ლონდონში „უემბლის“ სტადიონზე გაიმართება, რომელიც 90,000 ადამიანს იტევს და ამ მაჩვენებლით რიგით მეორე სტადიონია ევროპაში. ფინალურ შეხვედრას მაყურებელი აქაც შეზღუდული რაოდენობით დაესწრება.

ევროპის ჩემპიონატი 2020 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, თუმცა მსოფლიოში არსებული კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო. კონტინენტის პირველობა 2021 წლის 11 ივნისს დაიწყება და 11 ივლისამდე გაგრძელდება.

 

55
ფურისულა

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 ივნისი

0
(განახლებულია 10:45 13.06.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 14 ივნისია, ორშაბათი. მზარდი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.

არ იჩქაროთ. დღეს შეიძლება ბევრი რამ ჩვეულებრივზე რთული გასაკეთებელი იყოს. უკან არ დაიხიოთ, თუ გზაზე დაბრკოლებები შეიქმნა. ასევე რთული იქნება ერთობლივ სამუშაოზე შეთანხმება, ადვილი არ იქნება კომპრომისის მოძებნა. სერიოზული უთანხმოებების თავიდან არიდება შესაძლებელი იქნება, თუ მეგობრულად და ტაქტიანად მოიქცევით.

მამაკაცის „საოცნებო ქალი“ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ვერძი: ხართ ენერგიული, წარმატების მისაღწევად უკან არაფერზე იხევთ. გზაზე არ გაჩნდება დაბრკოლება, რომლის გადალახვასაც ვერ შეძლებთ. გაგახარებთ მეგობრებთან ურთიერთობები. შესაძლოა, მათ რამე ახალი ინფორმაცია მოგაწოდონ ან საინტერესო იდეა შემოგთავაზონ. არაა გამორიცხული რომანტიკული სიურპრიზები. ურთიერთობები საყვარელ ადამიანთან ჰარმონიული იქნება, შესანიშნავად უგებთ ერთმანეთს.

კურო: მშფოთვარე დღეა. არ არის გამორიცხული, რომ გეგმების შეცვლა მოგიწიოთ გზადაგზა და ეს მაინცდამაინც არ მოგეწონებათ. შესაძლოა გადაიდოს შეხვედრები, რომლებსაც მოუთმენლად ელოდებოდით, საკითხების გადაჭრა, რომლებიც მნიშვნელოვანია თქვენთვის. სამაგიეროდ გაიხსნება ახალი შესაძლებლობები. უნდა ეცადოთ, რომ მოცემული შანსი ხელიდან არ გაუშვათ. გამოიჩინეთ ინიციატივა როგორ საქმეებში, ისე პირად ურთიერთობებში.

ტყუპი: იღბლიანი იქნება დღის პირველი ნახევარი. დარწმუნებული ხართ თქვენს წარმატებებში და ინტუიცია არ გღალატობთ – მართლაც შესანიშნავი შედეგების მიღწევა შეგიძლიათ. კარგი დროა გეგმების განხილვისთვის. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელი იქნება ადრე დაწყებული საქმეების დამთავრება, პასუხების პოვნა კითხვებზე, რომლებიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოსვენებას არ გაძლევთ.

კირჩხიბი: დღის დასაწყისი ძალზე ხელსაყრელია. გაქვთ შანსი, რომ წარმატებას მიაღწიოთ მნიშვნელოვან საქმეში, რომლისთვისაც ძალღონე არ დაიშურეთ. პოზიტიური ტენდენციების გავლენა საქმიან სფეროში თანდათანობით მიილევა, მაგრამ ის კვლავ ძლიერი დარჩება პირად ურთიერთობებში. საღამო სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ შეყვარებულ კირჩხიბებს. შეგიძლიათ საყვარელ ადამიანთან ერთად საერთო გეგმები განიხილოთ და იოცნებოთ.

ლომი: მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საქმე და საზრუნავი გექნებათ, დღეს ვერც უიღბლოსა და ვერც დაძაბულს ვერ ვუწოდებთ. ბევრ რამეს შესანიშნავად უმკლავდებით, მათ შორის, რთულ ამოცანებსაც. მოსალოდნელია შეხვედრა ძველ ნაცნობებთან, შესაძლებელია მათთან საერთო გეგმებიც გაჩნდეს.. კარგი დღეა სწავლისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. საჭიროა ყურადღება მცირე დეტალების მიმართ, რაც ზოგიერთ თქვენგანს გაუჭირდება.

ქალწული: დღის დასაწყისი საკმაოდ დაძაბული ემოციური ფონით იქნება გამორჩეული. შესაძლოა, მცირე წვრილმანებზეც კი ინერვიულოთ; მოსალოდნელია უთანხმოებები ახლობლებთან. ეს გაგანერვიულებთ. დროთა განმავლობაში გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და დაგიბრუნდებათ ოპტიმიზმი, უკეთ გააკონტროლებთ თავს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა. ახლობლებთან და საქმიან პარტნიორებთან შედეგიანი საუბრები.

სასწორი: ეცადეთ, დღის პირველ ნახევარში არ გადაიღალოთ. ეს ცუდად იმოქმედებს როგორც ფიზიკურ მდგომარეობაზე, ისე განწყობაზე. მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება. ყველაფრის მშვიდად მოსაფიქრებლად დრო გჭირდებათ. დღის მეორე ნახევარი მსუბუქი და ხელსაყრელი იქნება. მოგეცემათ რაღაც მნიშვნელოვან საქმეებთან გამკლავების საშუალება. ბევრი მიაღწევს წარმატებას იქ, სადაც ფანტაზიაა საჭირო.

მორიელი: დღის დასაწყისი შესაფერისი დროა საქმიანი შეხვედრებისთვის. არ არის გამორიცხული, რომ მიიღოთ წინადადება, რომელიც ძალიან დაგაინტერესებთ. ასევე შეიძლება გაჩნდეს ძველი საქმიანი კავშირების აღდგენის შანსი. დღის მეორე ნახევარში მოგეცემათ საშუალება, რომ გამოასწოროთ რომელიმე ძველ საქმეში დაშვებული შეცდომები. დიდი ალბათობაა, რომ თანხა მიიღოთ – შესაძლოა, დიდი არა, მაგრამ ეს მაინც დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი ნივთების შეძენაში.

მშვილდოსანი: შეიძლება ითქვას, რომ აღმაფრენის დღეა, რომელიც მოგიტანთ კარგ და მნიშვნელოვან სიახლეებს. გექნებათ ძველი კავშირების აღდგენის საშუალება. ასევე მოსალოდნელია, რომ მიიღოთ უჩვეულო, საინტერესო წინადადება. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ფინანსური საკითხების გადაწყვეტისთვის, მომგებიანი გარიგებების დადებისთვის, თანამშრომლობაზე შეთანხმებისთვის. არ არის გამორიცხული დაუგეგმავი ხარჯებიც, მაგრამ ეს ფუჭად დახარჯული ფული არ იქნება.

თხის რქა: ხელსაყრელი დღეა. შეგიძლიათ ახალი საქმის დაწყება, მაღალია წარმატებების სწრაფად მიღწევის შანსი. არაა გამორიცხული სასარგებლო ნაცნობობა. ხართ ძალზე მომხიბვლელი, ამიტომ თქვენდამი გულგრილი ვერავინ დარჩება. შესაძლოა, ვიღაც თქვენდამი სასიყვარულო გრძნობითაც განიმსჭვალოს. დღის მეორე ნახევარში კარგად წარიმართება სახლის საქმეები. შეგიძლიათ იყიდოთ ავეჯი, ყოფითი ტექნიკა და სხვა ნივთები სახლისთვის.

მერწყული: ეცადეთ, შეინარჩუნოთ ჯანსაღი აზრი და სწორად შეაფასოთ თქვენი ძალები. რეალური შეხედულებები იმედგაცრუებისგან გიხსნით. აჯობებს, თუ ყურადღებას გაამახვილებთ პრაქტიკულ ამოცანებზე, ისეთზე, რომლებიც უახლოეს მომავალში კონკრეტული შედეგების მიღების საშუალებას იძლევა. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია შეხვედრები ძველ ნაცნობებთან. ეს ძალიან გაგახარებთ. მოგეცემათ ადრე დაშვებული შეცდომის გამოსწორების შანსი.

თევზები: დღე კარგად აეწყობა, მაგრამ თქვენ დაჟინებით ცდილობთ მოძებნოთ საბაბი იმისთვის, რომ აღელდეთ და განაწყენდეთ. ეცადეთ, უფრო პოზიტიურად განეწყოთ. ამ შემთხვევაში ბევრ საინტერესო შესაძლებლობას აღმოაჩენთ, მიხვდებით, როგორ მიაღწიოთ წარმატებას. არ გარისკოთ იქ, სადაც ამის საჭიროება არ არის. ფრთხილად მოქმედებით ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ. დაფიქრებით ნათქვამი სიტყვა და მოქმედება როგორც საქმიან სფეროში, ისე პირად ურთიერთობებში მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.

0