სამახსოვრო სანთლები

ვერც შეყვარება მოასწრეს და ვერც სათქმელი დაასრულეს ფრონტზე დაღუპული ქართველი პოეტები

2395
(განახლებულია 11:47 10.05.2021)
დიდი სამამულო ომის წლებში საქართველოდან ფრონტზე 700 ათასზე მეტი ადამიანი წავიდა. ქვეყანამ ომში წასულთა ნახევარზე მეტი დაკარგა.

დიდი სამამულო ომის წლებში ფრონტზე წასული ყოველი მეორე ქართველი სახლში არ დაბრუნებულა. საქართველო, როგორც დანარჩენი რესპუბლიკები, ფაშიზმთან დაუნდობელ ბრძოლაში კარგავდა მომავალ ექიმებს, მასწავლებლებს, აგრონომებს, მეცნიერებს, მხატვრებს, მსახიობებს... იყვნენ პოეტებიც. სათქმელი ვერ დაასრულეს, შეყვარება ვერ მოასწრეს... რამდენი ლექსი შეიძლებოდა დაწერილიყო... მარადიული ხსოვნა მათ.

Грузинские поэты, погибшие на Великой отечественной войне
photo : National library of Georgia
სამამულო ომში დაღუპული ქართველი პოეტები

მირზა გელოვანი

„მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი,

ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,

როგორც გაზაფხულს ელიან მთაში,

შენი ლამაზი გული მელოდეს“.

წერდა ფრონტიდან ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ქართველი პოეტი მირზა გელოვანი, რომელმაც მხოლოდ 27 წელიწადი იცოცხლა.

მომავალი პოეტი მირზა (რევაზ) გელოვანი 1917 წელს თიანეთში დაიბადა. 1930-იან წლებში მირზა გელოვანის ლექსები ხშირად იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალებში. ცხოვრება მას თითქოს ლამაზ პოეტურ გზას უმზადებდა. მაგრამ ბედი სხვაგვარად დატრიალდა.

„ჯერ კიდევ ბავშვი გხვდებოდი დილით

დუდგულის თოფით და ჯოხის ცხენით...

მეფარა ცა და გაშლილი ჩრდილი,

შენს ნაპირზე რომ აჩენენ ხენი“.

„მაშინ მეც უფრო მოგეფერები,

ჩემო იორო, აკვნად ნარწევო!“

ეს არის სტრიქონები მირზა გელოვანის ლირიკული ლექსიდან „საუბარი იორთან“. პოეტი ივრის ხეობაში გაიზარდა, თუმცა სიკვდილი სამშობლოსგან შორს, ბელორუსიაში ეწერა. ომში იგი სატანკო ჯარების კაპიტნის წოდებას ატარებდა.

წითელ არმიაში ოცდაორი წლის მირზა გელოვანი 1939 წელს გაიწვიეს. ფრონტიდან მშობლებისათვის გამოგზავნილ წერილში მირზა მადლობას უხდიდა მათ, რომ ბავშვობიდან ჩაუნერგეს იარაღის, სიმართლისა და ვაჟკაცობის სიყვარული.

გელოვანის მეთაურობით მებრძოლ ჯარისკაცებს კი ეჭვიც არ ჰქონდათ, რომ მათი კაპიტანი საქართველოში კარგად ცნობილი პოეტი იყო.

მირზა გელოვანი ბევრს წერდა ომზე: „და სადმე ტყვია თუ გააციებს გულს საშინელი განადგურებით, თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ, დანაშაული არდაბრუნების“...

სამი წელი იბრძოდა ფრონტის წინა ხაზზე. 1944 წლის გაზაფხულზე მას მოსკოვში სამსახური შესთავაზეს, მაგრამ მირზამ ფრონტიდან წასვლაზე უარი თქვა.

გელოვანი 1944 წლის ივნისში მდინარე დვინის გადალახვისას, ოპერაცია „ბაგრატიონის“ მსვლელობის დროს დაიღუპა. იგი ბელორუსიის ტყეში, გზისპირზე დაკრძალეს. 1952 წელს მისი ნეშტი ვიტებსკის ოლქის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე გადაასვენეს.

გიორგი ნაფეტვარიძე

1919 წელს დასავლეთ საქართველოში, იმერეთში, სოფელ შუამთაში დაიბადა გიორგი ნაფეტვარიძე – კიდევ ერთი ნიჭიერი ქართველი, რომლის სიცოცხლეც ომში ტრაგიკულად შეწყდა.

ნაფეტვარიძის პირველი ლექსები 1936 წელს გაზეთ „სტალინელში“ გამოქვეყნდა. გიორგიმ პარალელურად მუშაობა დაიწყო სოფლის სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ფრონტზე ომის დაწყებისთანავე წავიდა. ახალი დაქორწინებული იყო მშვენიერ ნათელა არჯევანიძეზე.

„ჯარში რომ გამიწვევდნენ, ვიცოდი, გამოძახება მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, წინასწარ გავითვალისწინე ყველაფერი, მაგრამ მაინც მოულოდნელად მოხდა. კვირა დაღამდა, ვიწექი გარეთ, სამის ნახევარზე დამიძახეს. ნათელა გაშრა. ნახევარ საათში, სრულ სამზე უნდა გამოვცხადებულიყავი, წავედი უმალვე, ჭიშკრამდე მიმყვა იგი თვალცრემლიანი, ვაკოცე შუბლზე, ხელი ჩავიქნიე და წავედი. მამა გამოვიდა მის დასაბრუნებლად. მე მივდიოდი მარტო, ვბორძიკობდი კოლბოხებზე; ვწევდი პაპიროსს და მივდიოდი გაბრუებული. არ ვფიქრობდი არაფერზე. მივდიოდი, მივუყვებოდი ჩემი სოფლის მდუმარე შარას. არსად ენთო სანთელი, არ ყეფდნენ ძაღლები, არ ყიოდა მამალი. არავინ შემხვედრია, მესმოდა ჩემი ფეხის ხმა შუაღამის დუმილში, და ეს მოგონება დარჩა, როგორც განუმეორებელი და აუხდენელი სიზმარი ქარიან ღამის...“

„რაღა დავწერო ან რა მნიშვნელობა აქვს ამ შენიშვნებს, გამომადგება ოდესმე? ვფიქრობ, ვითომ დავბრუნდები? ეჰ! ვინ იცის! ერთი კია: მშიშრები ყველაზე ადრე და ყველაზე უაზროდ იღუპებიან, მე მშიშარა არ უნდა ვიყო, თუმცა ჯერ შესაშინებელი არაფერი შემხვედრია...“ – წერდა იგი მეუღლეს.

გიორგისთან ერთად ფრონტზე წავიდა მისი უახლოესი მეგობარი, მწერალი გრიგოლ ხურციძეც. მეგობრები თავდაპირველად თბილისის სამხედრო სასწავლებელში გაგზავნეს სამი თვით, შემდეგ კი, 1941 წლის დეკემბერში ყირიმის ფრონტზე გაუშვეს. ორივე 1942 წლის მაისში სევასტოპოლის მისადგომებთან, საპუნ-გორას ციხე-სიმაგრესთან წარმოებული საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. გიორგი ნაფეტვარიძისა და გრიგოლ ხურციძის საფლავები ცნობილი არ არის.

Грузинские поэты, погибшие на Великой отечественной войне
photo : National library of Georgia
ქართველი პოეტები დიდ სამამულო ომში

ნათელა თვალისჩინივით უფრთხილდებოდა მეუღლის ფრონტიდან გამოგზავნილ ლექსებს. მისი გარდაცვალების შემდეგ გამოაქვეყნა ისინი. გამოიცა კრებულები „სიყვარული“, „დაუმთავრებელი ბალადა“, „ფრონტული წერილები“, „ჩვენთან ქუხილი ღამეს ათევდა“ და „მშვიდობით“.

სევერიან ისიანი

დიდმა სამამულო ომმა ქართველი პოეტის სევერიან ისიანის სიცოცხლეც შეიწირა. წარმოშობით იგი ცაგერის რაიონის სოფელ ზოგიშიდან იყო.

გლეხის ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა, მაგრამ მშობლებმა ყველა ღონე იხმარეს, რომ სევერიანს განათლება მიეღო. იგი თავადაც ბევრს და ბეჯითად შრომობდა. ისიანმა 1937 წელს ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრა. ამ დროისთვის მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილებაში პასუხისმგებელი მდივნის თანამდებობაზე მსახურობდა. იყო ჟურნალისტი და რედაქტორი გაზეთებში „მუშა და კოლმეურნე“ და „წითელი ფეიქარი“. ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას.

პირველად მისი ლექსები 1930 წელს ქუთაისის გაზეთ „მუშა და კოლმეურნეში“ დაიბეჭდა. პირველი კრებული კი 1940 წელს გამოიცა. ამ დროს სევერიანი უკვე ჯარში მსახურობდა. ლექსებს სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე წერდა.

ქუთაისში სევერიანი ვეღარ დაბრუნდა. ომმა 1943 წელს იმსხვერპლა. იგი მხოლოდ 29 წლისა იყო.

სევერიან ისიანის წიგნი „საუბარი ფრონტელ მეგობართან“ და ოციოდე პირადი ბარათი, რომლებსაც მეგობრებს ფრონტიდან უგზავნიდა, ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება.

ვლადიმერ უბილავა

ფრონტზე დაღუპული პოეტი ვლადიმერ უბილავა წარმოშობით წალენჯიხის რაიონის სოფელ ჭალედან იყო. 1936-41 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. პირველად მისი ლექსები გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოქვეყნდა. აქტიურად იბეჭდებოდა გაზეთებსა და ჟურნალებში 1934 წლიდან.

პოეტი ომში 1942 წელს 27 წლის ასაკში დაიღუპა. დაკრძალულია კრასნოდარში.

„რა ვარ, ბრძოლაში თუ დავვარდები,

მტერს შემოსეულს თუ არ დავხვდები;

ვერ გამითელონ ბაღში ვარდები,

ვერ დამიჩრდილონ მთების კალთები!

გაიშრიალებს ფრონტზე ფარაჯა,

ტყვიას ტყვიაში აჯენს ვაჟკაცი,

იბრძვის და მამულს უდგას დარაჯად

თოფის, ხიშტის და ხმლების კაშკაშში“.

პირველი პოეტური კრებული „ღელვას ბობოქარს“ მისი გარდაცვალების შემდეგ, 1955 წელს გამოიცა. მას მოჰყვა კრებულები „ბალადა დაკარგული ჯარისკაცისა“ (1959), „მამის კერასთან“ (1967), 1969 წელს ცალკე წიგნად გამოიცა პოემა „ტობავარჩხილი“.

 

2395
თემები:
მეორე მსოფლიო ომის ისტორია: ფაშიმზე გამარჯვება 2021 (35)
ევროპის მსოფლიო ჩემპიონატი, რომი - სტადიონი ოლიმპიკო

მონატრებული ევროპის ჩემპიონატი საფეხბურთო დღესასწაული რომიდან იწყება

54
(განახლებულია 14:30 11.06.2021)
კონტინენტის საუკეთესოს ტიტულისთვის ევროპის 11 სხვადასხვა ქალაქში ექვს ჯგუფში გადანაწილებული 24 საფეხბურთო ნაკრები იბრძოლებს.

ჩემპიონატის პირველი შეხვედრა და სანახაობრივი ფეხბურთის მოლოდინი

ევროპის ჩემპიონატის პირველი შეხვედრა 11 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე თურქეთისა და იტალიის ნაკრებებს შორის გაიმართება. სავარაუდოა, რომ გულშემატკივარი ტურნირის სტარტზევე სანახაობრივ და ლაღ ფეხბურთს იხილავს. თურქეთის ნაკრები ბოლო პერიოდში უხვგოლიანი მატჩებით გამოირჩევა და მათი შეტევის ხაზი ფრანგული „ლილის“ გოლეადორ ბურაკ ილმაზის მეთაურობით ნებისმიერი ნაკრებისთვის სახიფათოა. უდიდესი ისტორიის მქონე იტალიის ნაკრებს რაც შეეხება, „სკუადრა აძურას“ ზედმეტი შექება ნამდვილად არ სჭირდება, იტალიელებს ნებისმიერ კონდიციაში და ნებისმიერ სათამაშო ფორმაში შეუძლიათ თამაშის მოგება.

იტალია და თურქეთი ერთმანეთს რომში „სტადიო ოლიმპიკოზე“ დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ UEFA-მ იტალიის მთავრობას ნება დართო მატჩს მაყურებელთა 25% პროცენტი დაესწროს. “სტადიო ოლიმპიკოზე” 72.700 ადამიანი ეტევა, შესაბამისად, გახსნით შეხვედრაზე დასწრების უფლება 18.100 გულშემტკივარს ექნება.

ამ ორი გუნდის გარდა A ჯგუფში უელსი და შვეიცარია მოხვდნენ, რომელთა შეხვედრა 12 ივნისის 17:00 საათზე დაიწყება.

ე.წ. სიკვდილის ჯგუფი და იღბლიანი ესპანელები

როდესაც ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფებში მეტოქეთა ვინაობა გახდა ცნობილი, ყველაზე მეტად გულშემატკივრის ყურადღება ბოლო, F ჯგუფმა მიიპყრო, სადაც ნამდვილი საფეხბურთო „მონსტრები“ შეიკრიბნენ. გერმანია, საფრანგეთი, პორტუგალია და უნგრეთი – სწორედ ეს გუნდები შეეცდებიან გაიყონ მერვედფინალური ეტაპის საგზურები. უნგრელებს ჯგუფში რა ბედიც ელით, ეს ცალკე საკითხია, თუმცა ცხადია, რომ ისინი ნამდვილად დიდ საფეხბურთო გამოცდილებას შეიძენენ. რაც შეეხება გერმანიას, საფრანგეთსა და პორტუგალიას, ამ სამი ნაკრებიდან გადაჭრით აშკარა ფავორიტის დასახელება წინასწარ შეუძლებელია და ისღა დაგვრჩენია ტელეეკრანებთან ლამაზ სანახაობას დაველოდოთ.

ერთი შეხედვით მარტივი ჯგუფი შეხვდათ ესპანელებს, რომლებსაც წარმატების მისაღწევად შვედეთის, სლოვაკეთისა და პოლონეთის ბარიერის დაძლევა მოუწევთ. „ფურია როხას“ ბოლო დროს კარგი პერიოდი ნამდვილად არ უდგას. გუნდი, რომლის ცენტრალურ ზონასაც ერთ დროს ჩავი-ინიესტას ლეგენდარული დუეტი ამაგრებდა, ნახევარდაცვაში ახლა „მოხუცებული“ სერხიო ბუსკეტსისა და კოკეს იმედზეა. ესპანელებს არც შეტევის ხაზში აქვთ საქმე იდეალურად, სადაც მომენტების რეალიზებას ძირითადად ფერან ტორესი, ალვარო მორატა და დანი ოლმო შეეცდებიან. დაცვით ხაზსა და მეკარის პოზიციას რაც შეეხება, ამაზე პასუხს ალბათ ხვიჩა კვარაცხელია უკეთ გაგცემდათ.

პოლონელები, თავის მხრივ, ცხადია, რობერტ ლევანდოვსკის იმედზე იქნებიან. მასთან ერთად შეიძლება კრიშტოფ პიონტეკმაც თქვას თავისი სიტყვა და რამდენჯერმე გაისროლოს. რაც შეეხება შვედეთის ნაკრებს, მათ ევროპის ჩემპიონატამდე რამდენიმე კვირით ადრე დაბრუნებული ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტრავმის გამო გამოაკლდათ, რომელიც, მიუხედავად თავისი ასაკისა, საოცარ ფიზიკურ კონდიციაში იმყოფებოდა და გოლების გასატანადაც მზად იყო.

ქართული საფეხბურთო ოცნების დამანგრეველი, ანუ ჩრდილოეთ მაკედონია კონტინენტის პირველობაზე

ყველას კარგად გვახსოვს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის დაპირისპირება ერთა ლიგის ფინალში, სადაც გამარჯვებულს ევროპის ჩემპიონატის საგზური უნდა მიეღო. და რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს, ახლა არა საქართველოს ნაკრებზე, არამედ ბალკანელებზე გვიწევს საუბარი.

ჩრდილოეთ მაკედონია C ჯგუფში ნიდერლანდის, უკრაინისა და ავსტრიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. აღნიშნულ ჯგუფში ნათელია, თუ ვინ შეითავსებს ფავორიტის როლს, თუმცა გამოკვეთილ აუტსაიდერზე საუბარი ძალიან რთულია. ნიდერლანდის ნაკრები, რომლის შესაძლებლობებიც ჩვენმა ნაკრებმა რამდენიმე დღის წინ საკუთარ თავზე გამოსცადა, ჯგუფის უპირობო ლიდერია. დანარჩენ გუნდებს კი ალბათ ჯგუფის დაძლევის თანაბარი შანსები ექნებათ. თავისი საქმის ბოლომდე მიყვანას შეეცდება „მილანის“ ლეგენდარული ფორვარდი ანდრეი შევჩენკო, რომელიც მშობლიურ უკრაინის ნაკრებს რამდენიმე წელია უდგას სათავეში და საკმაოდ კარგი შედეგებითაც გამოირჩევა. შევჩენკო ბოლო დროს საკუთარ კარიერაზე ალაპარაკდა და დიდია იმის ალბათობა, რომ ის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ რომელიმე საფეხბურთო კლუბშიც ვიხილოთ. თავის მხრივ, კარგი და დაბალანსებული ნაკრებია ავსტრიაც, რომელმაც შესაძლოა პრაგმატული და ტაქტიკურად გამართული ფეხბურთის ხარჯზე მერვედფინალის საგზურიც მოიპოვოს. რაც შეეხება ჩრდილოეთ მაკედონიას, ბალკანელები ძირითადად ალიოსკის, ელმასისა და „ბებერი“ გორან პანდევის „ბოლო ამოსუნთქვის“ იმედად იქნებიან.

ბელგიის ნაკრები პირველ გამოცდას რუსეთთან ჩააბარებს. B ჯგუფი ფავორიტების ჯახით იწყება

ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფი დანიისა და ფინეთის ნაკრებების მატჩით 12 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე აიღებს სტარტს, თუმცა მაყურებელი უფრო საინტერესო შეხვედრას მოგვიანებით იხილავს. ამავე დღეს, 23:00 საათზე ერთმანეთს ბელგიისა და რუსეთის გუნდები შეხვდებიან, სადაც გამარჯვებული მომდევნო ეტაპისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს. ბელგიელები ბოლო დროს რობერტო მარტინეზის ხელში გახსნილ და დამანგრეველ ფეხბურთს თამაშობენ, რაც ბოლო სანაკრებო შეხვედრებშიც დაამტკიცეს. მიუხედავად არცთუ კარგი სტატისტიკისა, რუსეთის ნაკრების ჩამოწერაც უსამართლობა იქნება, რადგან ამ გუნდმა ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. თავის მხრივ არც დანიის ნაკრები იქნება უსაქმოდ, სადაც ბოლო დროს ბევრმა გამოცდილმა ფეხბურთელმა მოიყარა თავი. დანიელები კარგი მოთამაშეების დეფიციტს პრაქტიკულად არც ერთ პოზიციაზე არ უჩივიან. დაცვის ბურჯი სიმონ კიაერი იქნება, ნახევარდაცვას გამოცდილი კრისტიან ერიქსენი გაამაგრებს, ხოლო მეტოქეთა კარის აღებაზე პოულსენი, ბრაიტვაითი და დოლბერგი იზრუნებენ. ფინელებს რაც შეეხება, ისინი ჯგუფში აუტსაიდერებად ითვლებიან და ქულების მოსაგროვებლად სამივე მატჩში თავის გადადება მოუწევთ.

ინგლისი და ხორვატია, ანუ D ჯგუფის ორი ფავორიტი ნაკრები

წილისყრის შედეგად ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფში ინგლისის, ხორვატიის, ჩეხეთისა და შოტლანდიის ნაკრებები მოხვდნენ. პირველი შეხვედრა 13 ივნისს ინგლისისა და ხორვატიის გუნდებს შორის გაიმართება, სადაც ჯგუფის ფავორიტები პირველი ქულების მოგროვებას შეეცდებიან. 14 ივნისს უკვე თავიანთ მატჩს ჩაატარებენ ჩეხეთისა და შოტლანდიის ნაკრებები.

ინგლისელებს ევროპის ჩემპიონატებზე კარგი მოგონებები არ უნდა აკავშირებდეთ, რადგან აღნიშნულ ტურნირზე მათი ერთადერთი წარმატება 1968 წლით თარიღდება. მაშინ ბრიტანელებმა მესამე ადგილის დაკავება შეძლეს და მას შემდეგ მათი საუკეთესო მიღწევა ნახევარფინალურ ეტაპზე თამაშია. აღსანიშნავია, რომ ინგლისის ნაკრები ყოველი ჩემპიონატის წინ უძლიერესი შემადგენლობით გვევლინება, თუმცა ეს შედეგებზე ნაკლებად ისახება. არც ახლაა ამ მხრივ გამონაკლისი – გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელია თავმოყრილი. განსაკუთრებით გამოსარჩევია გამოცდილი თავდამსხმელი ჰარი კეინი, რომელსაც ტურნირის ბომბარდირობასაც კი უწინასწარმეტყველებენ. საინტერესოა, შეძლებს თუ არა ინგლისი ნავსის გატეხვას და ევროპის ჩემპიონატის წარმატებით დასრულებას. ხორვატებს რაც შეეხება, მათ თავიანთი ძალა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოავლინეს, როდესაც სენსაციურად მუნდიალის ფინალურ ეტაპზე გააღწიეს. აღსანიშნავია, რომ მაშინ ნახევარფინალურ ეტაპზე ხორვატიის ნაკრებმა სწორედ ინგლისს აჯობა ანგარიშით 2:1.

ჩემპიონატის ფორმატი და ფინალი ლეგენდარულ „უემბლის“ სტადიონზე

ევროპის ჩემპიონატზე თითოეული ჯგუფიდან მერვედფინალურ ეტაპზე ორი საუკეთესო ნაკრები გავა. ჯგუფში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ურთიერთშეხვედრებს მიენიჭება. ამასთან, მერვედფინალური მატჩების დამატებით ოთხ საგზურს საუკეთესო მესამე ადგილოსნები გაიყოფენ, ამ შემთხვევაში კი უპირატესობა გუნდების შედეგიანობას მიენიჭება. მესამე ადგილოსან ნაკრებებს შორის გატანილი და გაშვებული გოლების რაოდენობა დაითვლება, შედეგად პირველ ეტაპზე 16 საუკეთესო ნაკრები გამოვლინდება.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის მთავარ მოვლენას, ანუ ფინალურ მატჩს, ის ლონდონში „უემბლის“ სტადიონზე გაიმართება, რომელიც 90,000 ადამიანს იტევს და ამ მაჩვენებლით რიგით მეორე სტადიონია ევროპაში. ფინალურ შეხვედრას მაყურებელი აქაც შეზღუდული რაოდენობით დაესწრება.

ევროპის ჩემპიონატი 2020 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, თუმცა მსოფლიოში არსებული კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო. კონტინენტის პირველობა 2021 წლის 11 ივნისს დაიწყება და 11 ივლისამდე გაგრძელდება.

 

54
ვლადიმირ პუტინი

„პუტინის წითელი ხაზი“ - ექსპერტები რუსეთის პრეზიდენტის „უკრაინულ“ ინტერვიუს აფასებენ

76
(განახლებულია 22:37 10.06.2021)
უკრაინა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინტერვიუს მთავრი თემა გახდა, რომელიც მან ნატოს სამიტისა და ჯო ბაიდენთან შეხვედრის წინ მისცა ტელეარხს

Sputnik. ნიკიტა ჩიკუნოვი, მარია ნაუმენკო

ექსპერტების აზრით, რუსეთის ლიდერმა კიევის ხელისუფლებისა და ნატოსთვის წითელი ხაზი შემოხაზა, რომლის გადაკვეთაც სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს არა მარტო პოლიტიკურ სფეროში.

გარდაუვალი საფრთხე

უკრაინის შესვლა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში იქნება რუსეთის უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხე, „წითელი ხაზის“ გადაკვეთა. ეს მოსაზრება იყო ერთ-ერთი მთავარი, რომელიც ვლადიმირ პუტინმა Россия 1-თან ინტერვიუში გაახმოვანა.

რუსეთის ლიდერის თქმით, პოლონეთისა და რუმინეთის ნატოში შესვლა ამ ქვეყნებში ამერიკული რაკეტსაწინაარმდეგო თავდაცვის სისტემების განთავსებით დასრულდა, რომლებიც მოიერიშე კონპლექსებადაც შეიძლება გამოდგეს. ასეთ შემთხვევაში რაკეტები მოსკოვამდე 15 წუთში მიფრინდება. 

„წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდეს. ხარკოვიდან, ვთქვათ, დნეპტოპეტროვსკამდე - რუსეთის ცენტრალურ ნაწილამდე, მოსკოვამდე მიფრენის დრო 7-10 წუთამდე შემცირდება. არის თუ არა ეს ჩვენთვის „წითელი ხაზი“, - რიტორიკულად იკითხა მან.

არანაირი გარანტია იმისა, რომ უკრაინა ალიანსში არ შევა, დღეისათვის არ არსებობს, აღნიშნა პუტინმა. მისი თქმით, ნატოს გაფართოების პროცესი არ არის დამოკიდებული რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების გაცივებასა თუ დათბობაზე, რაც ტალღისებურად მიმდინარეობს 1999 წლიდან.

„ეს ხდებოდა მაშინაც, როცა არ იყო ყირიმი, არ იყო არანაირი მოვლენა უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ. რუსეთსა და კოლექტიურ დასავლეთს, აშშ-ს შორის, იყო თანაბარი, აბსოლუტურად მისაღები, რომ არ ვთქვათ პარტნიორული. და მაინც, ყველა ჩვენი ეგრეთ წოდებული შეშფოთებები იგნორირებული იყო“, - ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ნატოსა და უკრაინას უნდა ახსოვდეთ მოსკოვის რეაქციის შესახებ, რომელიც საკუთარ უსაფრთხოებას შესაბამისად აგებს.

ვლადიმირ პუტინმა ასევე კომენტარი გააკეთა თეთრი სახლის განცხადებაზე, რომ კიევმა არასწორად გაიგო აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სიტყვები უკრაინის ალიანსში შესვლის იდეაზე მის ლიდერთან საუბრის დროს.

„რაზე საუბრობდნენ, რაზე შეთანხმდნენ? ჩვენ არ ვიცით. ეს შემოძახილი ოკეანის გაღმიდან უკრაინის პრეზიდენტის მიმართ, ჩემი აზრით, არაფერს არ ნიშნავს. მაგრამ ჩვენ ეს მხედველობაშ უნდა გვქონდეს. და, რა თქმა უნდა, შესაბამისად ავაგოთ ურთიერთობები უსაფრთხოების სფეროში ჩვენს პარტნირებთან“, - დაამატა რუსეთის ლიდერმა.

სამხედრო ექსპერტ ალექსეი ლეონკოვის აზრით, პუტინის სიტყვებმა უნდა „გამოაფხიზლოს“ დასავლეთი, ვინაიდან მათში ჩანს, როგორ ელევა რუსეთს მოთმინება.

„მოსკოვი უკვე აღარ დაკვირდება ჩუმად ნატოს წინ მოძრაობას. ეს დრო წავიდა. დათმობების პერიოდი დასრულდა, ვინაიდან უკან დასახევი გზა აღარ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი ჩვენი სუვერენიტეტის დაკარგვით დამთავრდება. ახლა სიტუაცია უკვე წითელ ხაზამდე მივიდა. პუტინის სიტყვები რუსეტის უკანასკნელ გაფრთხილებად უნდა იყოს აღქმული“, - მიაჩნია ექსპერტს.

კიევის ნატოსკენ ბიძგება

ინტერვიუში პუტინმა აღიარა, რომ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის შესახებ საუბარი ფუჭ ხმებად არ მიაჩნია. ორგანიზაციის გაფართოების ალბათობა კიევის ხარჯზე ნამდვილად არსებობს, მიაჩნია დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის ხელმძღვანელის მოადგილე ვლადიმირ ჟარიხინს.

„მთავარი პრობლემა თავად ალიანსი კი არ არის, არამედ ის, რომ აშშ მარტო ცდილობს უკრაინის ნატოში ბიძგებას ისე, რომ მას უსაფრთხოების არანაირ გარანტიას არ აძლევს. ამ კუთხით კიევი ამერიკის საშიში პლაცდარმია, რაზეც საუბრობდა კიდეც ვლადიმირ პუტინი“, - განმატა მან.

უკრაინის ნატოში შესვლა გარდაუვლად შეიტანს დამატებით დაძაბულობას ალიანსისა და რუსეთის ურთიერთობებში. მაგრამ კონფრონტაციის გაძლიერება არ პასუხობს დასავლეთის ამჟამინდელ ინტერესებს, ამბობს ლეონკოვი.

„კიევი რუსეთთან ომის შესახებ საუბრობს. იმავდროულად ნატოში ვაშინგტონის შეთანხმება მოქმედებს, რომლის მეხუთე პუნქტიც საპასუხო მოქმედებებს ითვალისწინებს იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც ორგანიზაციის ერთ-ერთ წევრს ესხმის თავს. გამოდის, რომ უკრაინის ალიანსში შესვლის შემთხვევაში იძულებული იქნება შეუერთდეს ომს. მოვლენების ასეთი განვითარება არავის არ სურს“, - ირწმუნება სპეციალისტი.

ალიანსის უკრაინის ხარჯზე გაფართოებით გამოწვეული პოტენციური ზარალი მოგებებზდე მეტია, აღნიშნავს პოლიტანალიტიკოსი როსტისლავ იშჩენკო.

„უკრაინის ალიანსში მისაღებად უნდა დაემთხვეს სხვადასხვა და პრაქტიკულად შეუძლებელი მოვლენები. ამ იდეის მომხრეები, როგორც მინიმუმ, ერთდროულად უნდა მოვიდნენ ხელისუფლებებში აშშ-ში, საფრანგეთსა და გერმანიაში. მაშინ არსებობს შანსი, რომ შესვლა მოხდება“, - ამბობს იშჩენკო.

ამასთან პოლიტოლოგი მიუთითებს, რომ მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა, ვაშინგტონის შეთანხმებაში არ არის ნორმა, რომელიც ალიანსში იმ ქვეყნების შესვლას დაბლოკავდა, რომლებსაც მოუგვარებელი ტერიტორიული კონფლიქტები აქვთ. ამის მაგალითია ეგეოსის ზღვაში არსებული კუნძულები, რომელთა გამო რეგულარულად დავობენ ნატოში 1952 წელს გაწევრიანებული საბერძნეთი და თურქეთი. 

რუსული საზოგადოებების გეგმაზომიერი განადგურება

მეორე მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი შეეხო, ეს რეზონანსული კანონპროექტია „უკრაინის მკვიდრი ხალხების“ შესახებ, რომელიც ვლადიმირ ზელენსკიმ მიმდინარე წლის მაისში შეიტანა რადაში.

დოკუმენტის თანახმად, მკვიდრ ხალხებს მიეკუთვნება ისეთი საზოგადოებები, რომლებსაც უკრაინის ფარგლებს გარეთ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი არ გააჩნიათ. მაგალითად, ყირიმელი თათრები, ყარაიტები და კრიმჩაკები. რუსები, რომლებიც 2001 წლის აღწერის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 17,2%-ს შეადგენენ, ამ სიაში ვერ მოხვდებიან.

უკრაინელი კოლეგის ინიციატივის კომენტირებისას ვლადიმირ პუტინმა მას რუს ხალხზე მძლავრი დარტყმა უწოდა. მან აღნიშნა, რომ ქვეყნის მოქალაქეთა მსგავსად დაყოფა ნაცისტური გერმანიის პრაქტიკას ჰგავს. 

„არავინ არ მოისურვებს, იყოს მეორე ხარისხის ადამიანი, აღარაფერს ვამბობ დისკრიმინაციას ენისა და ნორმალური ცხოვრებისთვის საჭირო სხვა შემადგენლების მიხედვით, მაგრამ ეს იქამდე მიგვიყვანს, რომ ასობით ათასი ადამიანი, შესაძლოა მილიონებიც, იძულებული გახდებიან, წავიდნენ ან სხვაგვარად გადაეწერონ“, - ივარაუდა მან.

სხვათა შორის, უკრაინის სხვადასხვა სოციოლოგიურმა სტრუქტურებმა დამოუკიდებლობის წლებში მოსახლეობის იდენტიფიკაციის შეცვლა დააფიქსირეს „რუსიდან“ „უკრაინელზე“.

პოლიტიკური მიმომხილველის, ალექსანდრ ასაფოვის აზრით, ზელენსკის კანონპროექტი ბაზად იქცევა შემდგომი დოკუმენტების მისაღებად, რომლებიც რუსების უფლებებს შეზღუდავს უკრაინაში.

დარწმუნებული ვარ, ეს აქტები უკვე დაგეგმილია მისაღებად. რას შეეხება ისინი? უპირველესად, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში მუშაობას. რუსებს იქ არ დაუშვებენ. უფრო მეტიც - დაიწყებენ ფუნდამენტურ უფლებებში შეზღუდვას. ამ კუთხით კიევს მასწავლებლად ბალტიისპირეთი ჰყავს, სადაც „უცხოების“ პასპორტები დაარიგეს. იქ სამართლებრივ სივრცეში ფაქტობრივად დადგენილია „მეორე ხარისხის“ ადამიანების სტატუსი, უკრაინაც ამ მიმართულებით მოძრაობს“, - ამბობს ექსპერტი.

ამასთან უკრაინის ზელისუფლება სრულებით არ უწევს ანგარიშს კანონპროექტის შედეგებს, დარწმუნებულია ასაფოვი: „ვაშინგტონის ეს მითითება დიდი გულმოდგინებით შესრულდება. ეს საკითხი, მოსკოვის გარდა, არავის არ აღელვებს, უკრაინის ხელისუფლება მთავარ ამოცანას ასრულებს - რუსეთთან ყველა კავშირს არღვევს, იქნება ეს ნათესაური, საქმიანი თუ ისტორიული“. 

კანონპროექტის მიღება დააჩქარებს რუსული საზოგადოების განადგურებას უკრაინაში, ვარაუდობს რუსეტის პრეზიდენტთან არსებული ეროვნებათშორისი ურთიერთობების საბჭოს წევრი ბოგდან ბეზპალკო.

„ავტომატურად ეს დოკუმენტი იმ მოქალაქეებს, რომლებიც თავს რუსებად აიდენტიფიცირებენ, არამკვიდრ ხალხად რაცხს. ეს ნიშნავს ნაკლებ უფლებებსა და მათი დაცვის ნაკლებ შესაძლებლობებს. არსობრივად სახელმწიფო ზურგს აქცევს ასეთ ადამიანებს. ყოველივე ეს დააჩქარებს რუსი ეთნოსის განადგურებას უკრაინაში. თანაც არა ეთნოსის, არამედ საზოგადოებისა. რუსებსა და უკრაინელებს შორის არანაირი ეთნიკური სხვაობა არ არსებობს - ისევე როგორც ანთროპოლოგიური, კულტურული თუ მენტალური. განსხვავება მხოლოდ პოლიტიკურია, უბრალოდ იდენტიფიკაციაშია, რომელიც ადამიანებს ჯერ კიდევ საბჭოეთის დროს მოახვიეს თავს“, - აღნიშნა მან.

ბეზპალკოს აზრით, ასეთი დისკრიმინაციული კანონები რუსულენოვან მოქალაქეებს აძულებს, დატოვონ ქვეყანა.

76
თემები:
რუსეთი დღეს
მსხალი ყუთებში

შიდა ქართლში თანამედროვე  ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა

0
(განახლებულია 14:40 13.06.2021)
ახალ მეურნეობაში 1000 ტონა ხილის და ბოსტნეულის შენახვაა  შესაძლებელი. ეს ფერმერებს მოსავლის შეუფერხებლად დაბინავების შესაძლებლობას მისცემს.

თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი  ახალი სამაცივრე მეურნეობა პროდუქციის მისაღებად უკვე მზადაა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

სამაცივრე მეურნეობაში 1000 ტონა ხილის და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. საწარმოში სეზონურად 20-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

შპს „ქულსერვისის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში ჯამურად 1,2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 600 ათასი ლარი გრანტია, ხოლო 300 ათასი ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ სახელმწიფო პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება, პროგრამა ითვალისწინებს მიზნობრივ კრედიტებს დაბალი ტარიფით ფერმერების დასახმარებლად.

„მოგეხსენებათ, შიდა ქართლი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოებით გამორჩეული რეგიონია. ახალი მეურნეობა საშუალებას მისცემს ფერმერებს, შეუფერხებლად დააბინაონ მოსავალი“, - აღნიშნა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, ვალერიან მჭედლიძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, განვლილი წლების განმავლობაში, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შემნახველი და სამაცივრე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ჯამში გაცემულია 180 მლნ ლარზე მეტი ღირებულების  1,700-ზე მეტი სესხი, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსებამ კი დაახლოებით 27 მლნ ლარი შეადგინა.

„შექმნილი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ქართველი ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის მაღალი ხარისხით შენახვას და  გადამუშავებას“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

სამაცივრე მეურნეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა, შიდა ქართლის რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა  დაათვალიერეს.

0