ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატი

საფეხბურთო თრილერი „ჩელე არენაზე“ და ბასილაშვილის ბენეფისი მიუნხენში

109
(განახლებულია 21:58 01.05.2021)
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი დღითიდღე სანახაობრივი ხდება, ნიკოლოზ ბასილაშვილმა კი მიუნხენში საოცარი შეხვედრები ჩაატარა.

გოლების წვიმა აჭარულ დერბიში და საკადრო ცვლილებები ქართულ კლუბებში

ეროვნული ლიგის მე-11 ტურში ქობულეთის „შუქურამ“ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა. „ჩელე არენაზე“ მაყურებელმა სრული საფეხბურთო თრილერი იხილა. ქობულეთელებმა ყველაზე დიდი შეცდომა შეხვედრის მე-15 წუთზე დაუშვეს, როდესაც ლევან ინგოროყვამ ბათუმელთა მეკარეს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა და ანგარიში გახსნა. გაშვებული გოლის შემდეგ „დინამომ“ ხუთ წუთში ანგარიში გაათანაბრა და „შუქურას“ კოშმარიც დაიწყო. საბოლოოდ მაყურებელმა ცხრა გატანილი გოლი იხილა, აქედან რვა ბათუმელებმა გაიტანეს, ხოლო „შუქურა“ მე-15 წუთზე ერთადერთი შედეგიანი დარტყმის ამარა დარჩა.

„დინამომ“ 11 ტურის შემდეგ 22 ქულა დააგროვა, ხოლო შუქურას 13 ქულა აქვს და მე-6 ადგილს იკავებს.

საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა თბილისის „დინამოს“ ადმინისტრაციამ. დედაქალაქურმა კლუბმა რამდენიმე დღის წინ ჯანო ანანიძის ტრანსფერი დაადასტურა. ჯანო „დინამოსთან“ 1+1 კონტრაქტი გააფორმა, შესაბამისად მხარეები ერთი სეზონის შემდეგ მოლაპარაკებებს განაახლებენ და შესაძლოა კონტრაქტიც გახანგრძლივდეს. აღსანიშნავია, რომ ანანიძე ბოლო წლებში უგუნდოდ იყო და ფორმის შესანარჩუნებლად გარკვეული პერიოდი ბათუმის „დინამოსთან“ ერთად ვარჯიშობდა. გულშემატკივარს მოლოდინი ჰქონდა, რომ ჯანო არჩევანს აჭარულ კლუბზე შეაჩერებდა, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. 28 წლის ქართველ ნახევარმცველს მდიდარი საკლუბო და სანაკრებო კარიერა უმაგრებს ზურგს, მას კარიერის დიდი ნაწილი მოსკოვის „სპარტაკში“ აქვს გატარებული, სადაც კლუბის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ამის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ქართველი ფეხბურთელის საქმე კარგად ვერ აეწყო. ჯანომ რუსეთის პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი გამოიცვალა, თუმცა თავი ვერსად დაიმკვიდრა.

საკადრო ცვლილებებია სხვა ქართულ კლუბებშიც, თუმცა ამჯერად საქმე ფეხბურთელებს არ ეხებათ. საუბარია „თელავისა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ კლუბებზე. კახური გუნდის ადმინისტრაციამ რევაზ გოცირიძე ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლა. სავარაუდოა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კლუბის ბოლოდროინდელ დაღმასვლას უკავშირდება. „თელავმა“ რამდენიმე შეხვედრა ზედიზედ წააგო. გოცირიძე დროებით მისმა ყოფილმა თანაშემწემ ბესიკ აბულაძემ ჩაანაცვლა, რომელსაც შესანიშნავი სადებიუტო მატჩიც გამოუვიდა. მისი ხელმძღვანელობით „თელავმა“ გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტ „ლოკომოტივთან“ პირველ ნომრად ითამაშა და მოგებამდე სულ ცოტა დააკლდა (2:2).

ბევრად დიდი ამბებია ქუთაისში. „ტორპედოს“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი დაუბრუნდა. 43 წლის სპეციალისტი ბოლოს თბილისის „დინამოში“ მუშაობდა, რომელიც ზაფხულში დატოვა და მას შემდეგ არ გამოჩენილა. ჩხეტიანმა ყველაზე დიდ წარმატებას სწორედ „ტორპედოსთან“ ერთად მიაღწია. ქუთაისურ კლუბთან ერთად მის ანგარიშზე ორი საქართველოს თასი, ორი სუპერთასი და ერთი საქართველოს ჩემპიონის ტიტულია.

გასულ კვირას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ სამ საშინაო შეხვედრას ბათუმის ახალ სტადიონზე გამართავს. აღსანიშნავია, რომ ახალი არენა ამხელა მნიშვნელობის მატჩს პირველად უმასპინძლებს. „ჯვაროსნებს“ აჭარაში კოსოვოს, საბერძნეთისა და შვედეთის ნაკრებებთან მოუწევთ დაპირისპირება.

შოტლანდიის მორაგბეთა ნაკრები საქართველოს მეორედ ესტუმრება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტესტ-მატჩი უძლიერეს შოტლანდიის ნაკრებთან ჩანიშნა. რაგბის კავშირის გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ შოტლანდიელები საქართველოს 17 ივლისს ესტუმრებიან.

აღსანიშნავია, რომ ეს მეორე შემთხვევაა, როცა თბილისს ტიერ 1-ის ნაკრები ეწვევა. პირველად ისინი თბილისში 2019 წლის აგვისტოში ჩამოვიდნენ. მაშინ მატჩი სტუმრების სასარგებლოდ – 44:10 დასრულდა.

აღნიშნულ დაპირისპირებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოს რაგბის კავშირში. რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი სპორტული მიმართულებით ბაჩო ხურციძე თვლის, რომ შოტლანდიელთა მეორე სტუმრობა მაგალითი უნდა გახდეს ტიერ 1-ის სხვა გუნდებისთვისაც.

„ისინი აუცილებლად გაუზიარებენ საკუთარ შთაბეჭდილებებს ექვსი ერის და ტიერ 1-ის სხვა გუნდებს და ეს არის საწინდარი იმისა, რომ მომავალში უმაღლესი დონის სხვა გუნდებიც გვეწვევიან“, - განაცხადა ხურციძემ.

აღნიშნული ტესტ-მატჩით კმაყოფილია „ბორჯღალოსანთა“ მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, რომელიც მაყურებელს ხარისხიანი და ლაღი თამაშის ჩვენებას ჰპირდება.

„შოტლანდიამ დაამტკიცა, რომ ექვსი ერის ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია და ჩვენთვის დიდი პატივია მათთან თამაში. შარშან შემოდგომაზე მათთან მოუმზადებლად მოგვიწია შეხვედრა. იმედს ვიტოვებ, რომ წელს ზაფხულში გაცილებით უკეთეს ფორმაში ვიქნებით და ხარისხობრივად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ“, - აღნიშნა მაისაშვილმა.

უკანასკნელ ათწლეულში “ბორჯღალოსნები” შოტლანდიელებს ხუთჯერ შეხვდნენ და ყველა შემთხვევაში დამარცხდნენ.

კარგი ამბებია საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი დავით ნინიაშვილის გარშემო. 18 წლის მორაგბე კარიერას ფრანგული ტოპ 14-ის ერთ-ერთ ლიდერ „ლიონში“ გააგრძელებს. ახალგაზრდა მორაგბემ ტრანსფერთან დაკავშირებით პირველი კომენტარიც გააკეთა:

“ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი ნაბიჯი გადავდგი. მოხარული ვარ, რომ ლიონთან 3-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე. ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა და ვეცდები, მას ღირსეულად გავუმკლავდე“, - აღნიშნა ნინიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ნინიაშვილი ნაკრებში პირველად 17 წლის ასაკში გამოიძახეს. შარშანდელ “შემოდგომის ერთა თასზე“ კი მისი სანაკრებო დებიუტი ირლანდიასთან შედგა.

ორი გამარჯვება ერთ დღეს - ნიკოლოზ ბასილაშვილი საოცარ ფორმაში შედის!

ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ქალაქ მიუნხენს 25 მარტს ესტუმრა და წყვილთა თანრიგის შეხვედრაში გერმანელ ანდრე ბეგემანთან ერთად პირველივე მატჩი ავსტრალიურ-ავსტრიულ დუეტთან (მარკუს დანიელი-ფილიპ ოსვალდი) დათმო. აღმოჩნდა, რომ 29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ქართველ გულშემატკივარს სიურპრიზს გვიმზადებდა.

ნიკამ გერმანიაში ასპარეზობა მიუნხენის 250-ქულიან ტურნირზე განაგრძო. საქართველოს პირველმა ჩოგანმა 27 აპრილს ტურნირის პირველ წრეში ბრაზილიელ მონტეიროსთან წინა შეხვედრაში განცდილის მარცხის გამო შური იძია და მარტივი გამარჯვება მოიპოვა (6:2, 6:3). ბასილაშვილს არც მეორე ეტაპზე გასჭირვებია გამარჯვება, მან მორიგ წარმატებას კოლუმბიელ გალანთან მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ნიკას მეტოქე მსოფლიო რეიტინგში მხოლოდ 115-ე ადგილს იკავებს, გალანი თიხის კორტზე საკმაოდ ძლიერ მოთამაშედ ითვლება. ბასილაშვილმა კოლუმბიელ სპორტსმენს ორ სეტში, ანგარიშით 6:4, 6:2 სძლია და მეოთხედფინალური ეტაპის საგზურიც მოიპოვა, სადაც მას სლოვაკი ნორბერტ გომბოსი ელოდებოდა.

ნიკას და გომბოსის დაპირისპირება 30 აპრილს დაიწყო, სადაც ქართველმა პირველი სეტის დამთავრებაც ვერ მოახერხა. სპორტსმენებს ხელი წვიმამ შეუშალა და მატჩი ერთი დღით გადაიდო. მიუხედავად ამისა, ბასილაშვილმა მეორე დღეს საქმე ბოლომდე მიიყვანა (6:4, 6:4) და ნახევარფინალში ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ კასპერ რუუდზე გავიდა. აქ კი ქართველმა ჩოგბურთელმა ფენომენალური მატჩი ჩაატარა და ნორვეგიელი მეტოქე უბრალოდ გაანადგურა. ნიკამ მეორე ნომრად განთესილი 22 წლის ნორვეგიელი კასპერ რუუდი ანგარიშით - 6:1, 6:2 დაამარცხა, ამისთვის კი საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელს სულ რაღაც საათი და 12 წუთი დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ რუუდი ბოლო პერიოდში ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება, რაზეც მისი მოგებათა სერიაც მეტყველებს.

ნიკოლოზი ფინალში ტურნირის მასპინძელ იან-ლენარდ შტრუფს შეხვდება. ATP-ის ტურზე ბასილაშვილი და შტრუფი ერთმანეთს ხუთჯერ შეხვდნენ, საიდანაც გერმანელმა ჩოგბურთელმა გამარჯვება სამჯერ იზეიმა.

 

109
ვაჟა მარგველაშვილი ტოკიოში

ოლიმპიადის მსაჯები ქართველების წინააღმდეგ და აჟიოტაჟი ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო