ვლადიმირ პუტინი

მიმოხილვა: ეროვნულ ინტერესებსა და წითელ ხაზებს რუსეთი თავად განსაზღვრავს

47
(განახლებულია 20:41 22.04.2021)
ახალ, პოსტპანდემიურ პერიოდში ვლადიმირ პუტინი პირველად გამოვიდა საპრეზიდენტო მიმართვით. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდთან ბრძოლა ჯერ ისევ გრძელდება, უკვე დამაჯერებლად შეიძლება ვისაუბროთ არა მარტო გვირაბის ბოლოს სინათლეზე, არამედ იმაზეც, რომ გაუგონარი გამოცდა გადალახულია.

პიოტრ აკოპოვი

და პრეზიდენტმაც გამოსვლა სწორედ ამით დაიწყო. ამასთან აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიის დასაწყისშივე, როდესაც მსოფლიოში ბევრი ვითარებას სრულიად გაურკვევლად აფასებდა, მას, შფოთვასთან ერთად, მტკიცედ სჯეროდა, რომ ამ გამოცდასთან გამკლავება მოხერხდებოდა.

ამით პუტინს სურდა ხაზი გაესვა, რომ სჯერა რუსეთის ძალებისა ყველაზე მძიმე და გაურკვეველ სიტუაციებშიც კი. ვინაიდან როცა ხალხი ერთიანია, ის დაუმარცხებელია. და ეს მართლაც ასეა.

როგორც პუტინმა თქვა, ისტორიის განმავლობაში რუსი ხალხი იმარჯვებდა და ლახავდა სიძნელეებს ერთიანობის წყალობით და ახლაც „მოქალაქეები, საზოგადოება, სახელმწიფო, ერთ მუშტად შეკრულნი, პასუხისმგებლობითა და სოლიდარულად მოქმედებდნენ“.

პრეზიდენტის თქმით, წინა პლანზე წამოიწია ოჯახმა, მეგობრობამ, ურთიერთდახმარებამ, გულმოწყალებამ, ერთიანობამ — ანუ სწორედ იმ „სამაგრებმა“, რომელზე ხუმრობაც ასე უყვართ „პროგრესულ“ ინდივიდუალისტებს. ამ სულიერ–ზნეობრივმა ფასეულობებმა, რომლებსაც ბევრ ქვეყანაში უკვე ივიწყებენ, პუტინის თქმით, რუსეთი, პირიქით, უფრო ძლიერი გახადა და „ამ ფასეულობებს ჩვენ ყოველთვის დავიცავთ და შევინარჩუნებთ“.

და დავიცავთ არა სიტყვით, არამედ საქმით, ანუ ოჯახებისა და ბავშვების სოციალური მხარდაჭერის ახალი ზომებით, რის თაობაზეც პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ისაუბრა. ეს მხარდაჭერა საჭიროა არა მარტო იმის გამო, რომ კრიზისმა პირველ რიგში ყველაზე ღარიბებს დაარტყა — არა, ეს ხალხის მოფრთხილებისა და გამრავლების სტრატეგიული კურსია, რომელიც, სახელმწიფოს მეთაურის თქმით, რუსეთის უმაღლესი ეროვნული პრიორიტეტია.

კორონაკრიზისმა მხოლოდ გააღრმავა რუსეთის უმთავრესი პრობლემა — დემოგრაფიული. პრეზიდენტმა ამ სფეროში არსებულ სიტუაციას პირდაპირ უწოდა საგანგებო. და მთელი რიგი ზომები დაასახელა, რაც მოსახლეობის რაოდენობის სტაბილურ ზრდაზე გაიყვანს ქვეყანას. თანაც ყველაფერი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება — ამ ურთულესი ამოცანის გადასაჭრელად მთავრობა ვალდებული იქნება, უკვე 1 ივლისისთვის მოამზადოს ოჯახებისა და ბავშვების მხარდამჭერი სისტემა.

პუტინის შეთავაზება ამ მიმართულებით ასეთია: გაიზარდოს რთულ სიტუაციაში მყოფი ოჯახებისა და ბავშვების პირდაპირი დახმარება — უკვე არსებულ დახმარებას შვიდ წლამდე ბავშვებისთვის 1 ივლისიდან დაემატოს რვიდან 16 წლამდე ბავშვებზე დახმარებები არასრულ ოჯახებში. ეს მილიონობით ოჯახს შეეხება.

მეორე: დეკრეტში მყოფ დასაქმებულ დედებს, რომლებსაც შვიდ წლამდე ბავშვები ჰყავთ, სტაჟის მიუხედავად, ხელფასის 100% მიეცემათ.

მესამე: დაწესდება ყოველთვიური გადახდები მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში მყოფი ორსულებისთვის. მომავალმა დედებმა სახელმწიფოს მხარდაჭერა უნდა იგრძნონ — არა მარტო მორალური თუ სამედიცინო, არამედ ფინანსურიც.

ყველა ეს ზომა მნიშვნელოვანია. ვლადიმირ პუტინი თანმიმდევრულად ახორციელებს ოჯახებისა და ბავშვების მხარდამჭერ პოლიტიკას, რომელიც ახლა შარშანდელი საკონსტიტუციო ცვლილებებითაც არის გამყარებული.

შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ პრეზიდენტის შემდგომი მიმართვებითაც დაწესდება ოჯახებისა და ბავშვების სოციალური მხარდაჭერის ახალი ფორმები, ვინაიდან რუსეთისთვის მთავარი ეროვნული მიზანი ახლა არის ის, რომ სამშვილიანი ოჯახი ნორმად და მასიურად იქცეს. ამის გარეშე საგანგებო დემოგრაფიული სიტუაციის გარდატეხა ვერ მოხერხდება. ეს არის რუსეთის უმთავრესი გამოწვევა და არა საერთაშორისო ვითარება. მასაც შეიძლება საგანგებო ეწოდოს, მაგრამ რუსეთის არსებობას ის საფრთხეს არ უქმნის.

ეს იმიტომ, რომ რუსეთმა კარგად იცის, ვისთან და რასთან აქვს საქმე და აქვს უნარი, უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება და მშვიდობიანი განვითარება. პრეზიდენტის მიმართვის საგარეო პოლიტიკური ნაწილი მოკლე, თუმცა ემოციური და ღია იყო.

განაცხადა რა, რომ ეგოისტური და ამპარტავნული ტონი რუსეთთან საუბრისას უსარგებლოა, პუტინმა პირდაპირ ურჩია ყველას, არ სცადონ რუსეთის პროვოცირება.

„ზოგ ქვეყანაში უღირსზე უღირსი ჩვევა დაამკვიდრეს — ნებისმიერი საბაბით, უფრო ხშირად კი საერთოდ უსაბაბოდ, რუსეთზე თავდასხმა.  ეს სპორტის ახალი სახეობაა — ვინ უფრო ხმამაღლა იტყვის რამეს. ჩვენ უკიდურესად თავშეკავებულად — ირონიის გარეშე ვიტყვი — მოკრძალებულად ვიქცევით. ხშირად საერთოდ არ ვპასუხობთ არა მარტო არამეგობრულ აქციებს, არამედ ღია თავხედობასაც კი. ჩვენ კეთილი ურთიერთობები გვსურს გვქონდეს საერთაშორისო არენაზე. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რა ხდება რეალურ ცხოვრებაში. როგორც უკვე ვთქვი, რუსეთს ხან აქედან წაჰკრავენ და ხან იქიდან — ყოველგვარი მიზეზის გარეშე. რა თქმა უნდა, მათ გარშემო, როგორც შერხანის გარშემო, მაშინვე იწყებენ წრიალს წვრილფეხა ტაბაკები. კიპლინგი დიდი მწერალი იყო. 

ჩვენ ნამდვილად გვსურს მეგობრული ურთიერთობები გვქონდეს მათთანაც კი, ვისთანაც ბოლო დროს, რბილად რომ ვთქვათ, საქმე არ გვეწყობა. ჩვენ მართლა არ გვსურს ხიდების დაწვა. მაგრამ თუ ვინმე ჩვენს კეთილ ზრახვებს გულგრილობად ან სისუსტედ აღიქვამს და განზრახული აქვს, საბოლოოდ დაწვას ან ააფეთქოს კიდეც ეს ხიდები, უნდა იცოდეს, რომ რუსეთის პასუხი იქნება ასიმეტრიული, სწრაფი და სასტიკი“, — თქვა პუტინმა.

ეს ფორმულირება, შეიძლება ითქვას, რომ ამომწურავია, მაგრამ პუტინმა მაინც გადაწყვიტა მისი გაძლიერება:

„ნებისმიერი პროვოკაციების ორგანიზატორები, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოების ძირეულ ინტერესებს ემუქრებიან, ისე ინანებენ ჩადენილს, როგორც კარგა ხანია არავის უნანია“.

ამასთან რუსეთის პრეზიდენტი არავის ემუქრება, ის მხოლოდ პასუხობს იმათ თავდასხმას, ვინც გამუდმებით უხაზავს რუსეთს წითელ ხაზებს — თანაც იქ, სადაც რუსეთის ეროვნული ინტერესები გადის. პრეზიდენტმა ამ წითელ ხაზებთან დაკავშირებითაც უკიდურესად გარკვევით თქვა:

„იმედი მაქვს, რომ არავის მოუვა თავში აზრად, გადაკვეთოს წითელი ხაზები რუსეთის მიმართ. სად გაივლის ისინი, ამას ჩვენ თავად განვსაზღვრავთ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში“.

დიახ, რუსეთი თავად განსაზღვრავს, რა არის მისი ეროვნული ინტერესები — ქვეყნის შიგნითა თუ საერთაშორისო არენაზე. ეს შეიძლება ვინმეს არ მოეწონოს, მაგრამ ანგარიშის გაწევა მოუწევს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

47
თემები:
რუსეთი დღეს (847)
კუნძული ტექსელი

ქართველთა აჯანყება ტექსელზე: შავ-თეთრი ჩრდილები

28
(განახლებულია 15:51 08.05.2021)
1968 წელს კინოეკრანებზე გამოვიდა რეჟისორ შოთა მანაგაძის ფილმი „ჯვარცმული კუნძული“, რომელიც მალე საკმაოდ პოპულარულიც გახდა.

ტრაქტორისტებისა და მაღაროს მუშების „გმირული თავგადასავლებით“ თავმობეზრებული ქართველი ახალგაზრდებისთვის ეს ერთგვარი სულიერი საზრდო აღმოჩნდა, ღირსებისა და უტეხი სულის ზეიმი სასიამოვნოდ გვესალბუნებოდა და კიდევ უფრო შორეულ წარსულს, დავითისა თუ თამარის ეპოქას გვახსენებდა... 

სტუდენტობისას საშუალება მქონდა, პირადად მესაუბრა ტექსელის აჯანყების მონაწილესთან, მოქანდაკე დავით ურუშაძესთან, რომელიც ჩემი მეგობრის ბიძა გახლდათ.

მოგვიანებით, 1990 წელს ჰოლანდიაში რამდენიმე თვე მომიწია ყოფნა და კუნძულზეც გახლდით. ვნახე არაჩვეულებრივად მოვლილი და ვარდებში ჩაფლული ქართველ მეომართა მემორიალი. ადგილობრივები ყოველი წლის 4 მაისს სტუმრობენ სასაფლაოს და ყვავილებით ამკობენ. თუმცა, ამ კუნძულს მიღმა ვერ ვნახე ვერც ერთი ადამიანი, ვისაც რამე ეცოდინებოდა ტექსელის აჯანყებაზე.

აჯანყება კი ნამდვილად მოხდა 1945 წლის 5 აპრილიდან 20 მაისამდე პერიოდში და მას ევროპის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელ სამხედრო მოქმედებად მიიჩნევენ.

როგორ მოხვდა 800-მდე ქართველი კუნძულ ტექსელზე და რატომ მოხდა აჯანყება ომის მიწურულს, როცა პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო გერმანიის ბედი?

ერთი ვერსიით, რომელსაც საბჭოთა პროპაგანდა ავრცელებდა და რომლის გამოძახილიც გახლდათ ზემოთ ხსენებული ფილმი, ტექსელის ტყვეთა ბანაკში გამომწყვდეული ქართველი მეომრები იმ იმედით აჯანყდნენ, რომ ბრიტანელი მოკავშირეების დახმარებით დააღწევდნენ თავს ტყვეობას. მეორე ვერსიით, კუნძულზე დისლოცირებული იყო ვერმახტის 822-ე ბატალიონი, რომელშიც 752 ქართველი ლეგიონერი და 400-მდე გერმანელი (უმეტესად ოფიცრები) მსახურობდა. მათ ევალებოდათ საფორტიფიკაციო ნაგებობებისა და სანაპირო ზოლის დაცვა იმ შემთხვევაში, თუ მოკავშირეთა დესანტის გადმოსხმა დაიწყებოდა.

ქართველთა უმეტესობა საბჭოთა არმიის ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცებისგან შედგებოდა. ნაცისტური გერმანიის წარმომადგენლები ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მთავრობას დაუკავშირდნენ და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დაპირებით ქართული ლეგიონის ჩამოყალიბება შესთავაზეს, რომელიც გერმანიის მხარეზე იბრძოლებდა და თავად გაათავისუფლებდა ქვეყანას ბოლშევიკებისგან.

პროექტს ხელმძღვანელობდა ვერმახტის გენერალ-მაიორი შალვა მაღლაკელიძე, უაღრესად საინტერესო პიროვნება, რომელსაც პირადად ვიცნობდი და რომელიც ტექსელის აჯანყებულებს, რბილად რომ ვთქვა, ნეგატიურად მოიხსენიებდა.
ამის მთავარ მიზეზად კი მძინარე გერმანელებზე თავდასხმას ასახელებდა, რაც, მისი აზრით, ქართველი მეომრისთვის არადამახასიათებელი და უკადრებელი საქციელი გახლდათ.

უფრო ზუსტი წარმოდგენა რომ შეგიქმნათ, თანმიმდევრობით მივყვები.

ქართული ლეგიონის შემადგენლობაში 30 000 მეომარი გახლდათ, ძირითადად ტყვეობიდან გათავისუფლებულნი. ქართველები მსახურობდნენ 13 საველე ბატალიონში, რომელთაგან თითო 800-მდე ჯარისკაცს ითვლიდა.1942 წელს ეს ბატალიონები სხვა კავკასიურ ეთნიკურ ლეგიონებთან ერთად ყირიმში და ჩრდილო კავკასიაში იბრძოდნენ. სამხედრო ფორმირება „ქართულ ლეგიონს “ შალვა მაღლაკელიძესთან ერთად მეთაურობდნენ მიხეილ-ფრიდონ წულუკიძე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ზალდასტანი (ზალდასტანიშვილი) და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სხვა  ოფიცრები.

მალე გამოირკვა, რომ ქართველები მოზრდილ ჯგუფებად გადადიოდნენ საბჭოელების მხარეს, ამიტომ ეს ბატალიონები აღმოსავლეთ ფრონტიდან გადაიყვანეს დასავლეთში, ძირითადად საფრანგეთში და ნაწილი ჰოლანდიაში.
ასე მოხვდა 822-ე ბატალიონი კუნძულ ტექსელზე, სადაც არც არანაირი საკონცენტრაციო ბანაკი არ ყოფილა და არც ქართველ მეომრებს ერჩოდა ვინმე.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა – მაშინ რატომ აჯანყდნენ და შეაწყდნენ უკვე ომწაგებული გერმანიის სადამსჯელო ნაწილებს ქართველი მეომრები?

საქმე ისაა, რომ ბანაკის „ბინადართა“ უმეტესობას, რაღა თქმა უნდა, შინ დაბრუნება უნდოდა, ოჯახებთან. მაგრამ იცოდნენ, რა დამოკიდებულებაც ჰქონდა საბჭოთა ხელისუფლებას ტყვედ ნამყოფთა მიმართ, კარგად მოეხსენებოდათ, რომ მოღალატის იარლიყი ყველას გარანტირებული ჰქონდა, მით უმეტეს, გერმანელთა სამსახურში ნამყოფებს. ისინი სიკვდილით დასჯას თუ არა, გაციმბირებას ვერ გადაურჩებოდნენ. ამიტომ საჭირო იყო ერთგულება დაემტკიცებინათ საბჭოთა ხელისუფლებისათვის და ქართველებმაც აჯანყების მოწყობა გადაწყვიტეს. სხვანაირად მათ არანაირი შანსი არ ექნებოდათ არც სამშობლოში დაბრუნებისა და არც ცოლ-შვილის ნახვისა.

საინტერესოა, რომ ტექსელზე ამ აჯანყებამდე სრული სიმშვიდე სუფევდა. კუნძული ომს გადაურჩა, მაგრამ ქართველებისა და გერმანელების შურისძიების მსხვერპლი შეიქნა.

აჯანყებას მეთაურობდნენ კაპიტანი შალვა ლოლაძე, ევგენი არტემიძე, აკაკი კილაძე, სერგო გუჯაბიძე, ნოე გონგლაძე, შალვა ნოზაძე და სხვები. 5 აპრილს კუნძულის პატარა ქალაქ დენ ბურგის ეკლესიამ შუაღამის მაუწყებელი ზარი ჩამოჰკრა. ეს აჯანყების დაწყების ნიშანი იყო.

ამბოხებულები მძინარე გერმანელებს კი გაუსწორდნენ და ქალაქიც ხელში ჩაიგდეს, მაგრამ ძალიან მალე მატერიკიდან კბილებამდე შეიარაღებული სადამსჯელო დესანტი გადმოსხეს, რომელთან დაპირისპირებაც თითქმის უიარაღო ქართველების ძალებს აღემატებოდა. მიუხედავად ამისა, ბრძოლები 20 მაისამდე გაგრძელდა, ანუ როცა მეორე მსოფლიო ომი პრაქტიკულად უკვე დასრულებული იყო.

გერმანელები სასტიკად გაუსწორდნენ ამბოხებულებს და არც ადგილობრივი მოსახლეობა დაინდეს. 20 მაისს კი კუნძულს მოკავშირეების არმიაში შემავალი კანადური სამხედრო ფორმირება მიადგა და მათ დაუსვეს წერტილი ამ ტრაგედიას.

მსხვერპლი დიდი იყო. 500-მდე ქართველი განისვენებს ჰოლანდიის ამ პატარა კუნძულის სასაფლაოზე, ხოლო გადარჩენილებს, როგორც მოსალოდნელი იყო, ციმბირის „ლაგერებში“ უკრეს თავი.

თუმცა, ეს არ არის ამ ამბის ფინალი.
საბჭოთა ხელისუფლების კოლექტიურ ტვინში მოიხარშა მორიგი პროპაგანდისტული ზღაპარი კუნძულ ტექსელზე არსებული საკონცენტრაციო ბანაკის არსებობისა და იქ გაუსაძლის პირობებში მყოფი გმირი საბჭოთა მეომრების ამბოხის თაობაზე.

დატრიალდა პროპაგანდისტული მანქანა და... ციმბირის ბარაკებში გამომწყვდეული, ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ქართველი „მოღალატეები“ უეცრად გმირებად იქცნენ. ჩამოურიგეს ჩინ-მედლები, პრესა და რადიო (ტელევიზია ჯერ არ იყო) მათი ქება-დიდებით არ იღლებოდა...

მთავარი და სასიკეთო  კი ის გახლდათ, რომ ასობით ქართველი მშობლიურ კერას დაუბრუნდა და სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელების საშუალება მიეცა. მერე კი წლების განმავლობაში თავადაც იმეორებდნენ საკუთარ თავგადასავალზე შექმნილ ლეგენდას. 

მხოლოდ მოგვიანებით, ცოტა პოლიტიკურად რომ „დათბა“, გახდა ცნობილი ტექსელის კუნძულზე დატრიალებული საზარელი ტრაგედიის რეალური ისტორია.

ჩემი აზრით, სრულიად უსაფუძვლოა მავანთა მცდელობა, რაიმე მიზეზით გაამტყუნოს 800 ქართველი, რომლებსაც შინ, საკუთარ ოჯახებში დაბრუნება უნდოდათ, მაგრამ ორი ტოტალიტარული სახელმწიფოს უგუნური პოლიტიკის მსხვერპლი კი აღმოჩნდნენ. ბედის გამოისობით, ტექსელზე გარიყულები რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ და ამ ვითარების გათვალისწინებით მათი ქმედებები, ვფიქრობ, გამართლებული იყო.

28
თემები:
მეორე მსოფლიო ომის ისტორია: ფაშიმზე გამარჯვება 2021
სამახსოვრო სანთლები

ვერც შეყვარება მოასწრეს და ვერც სათქმელი დაასრულეს ფრონტზე დაღუპული ქართველი პოეტები

2301
(განახლებულია 12:14 08.05.2021)
დიდი სამამულო ომის წლებში საქართველოდან ფრონტზე 700 ათასზე მეტი ადამიანი წავიდა. ქვეყანამ ომში წასულთა ნახევარზე მეტი დაკარგა.

დიდი სამამულო ომის წლებში ფრონტზე წასული ყოველი მეორე ქართველი სახლში არ დაბრუნებულა. საქართველო, როგორც დანარჩენი რესპუბლიკები, ფაშიზმთან დაუნდობელ ბრძოლაში კარგავდა მომავალ ექიმებს, მასწავლებლებს, აგრონომებს, მეცნიერებს, მხატვრებს, მსახიობებს... იყვნენ პოეტებიც. სათქმელი ვერ დაასრულეს, შეყვარება ვერ მოასწრეს... რამდენი ლექსი შეიძლებოდა დაწერილიყო... მარადიული ხსოვნა მათ.

Грузинские поэты, погибшие на Великой отечественной войне
photo : National library of Georgia
სამამულო ომში დაღუპული ქართველი პოეტები

მირზა გელოვანი

„მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი,

ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,

როგორც გაზაფხულს ელიან მთაში,

შენი ლამაზი გული მელოდეს“.

წერდა ფრონტიდან ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ქართველი პოეტი მირზა გელოვანი, რომელმაც მხოლოდ 27 წელიწადი იცოცხლა.

მომავალი პოეტი მირზა (რევაზ) გელოვანი 1917 წელს თიანეთში დაიბადა. 1930-იან წლებში მირზა გელოვანის ლექსები ხშირად იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალებში. ცხოვრება მას თითქოს ლამაზ პოეტურ გზას უმზადებდა. მაგრამ ბედი სხვაგვარად დატრიალდა.

„ჯერ კიდევ ბავშვი გხვდებოდი დილით

დუდგულის თოფით და ჯოხის ცხენით...

მეფარა ცა და გაშლილი ჩრდილი,

შენს ნაპირზე რომ აჩენენ ხენი“.

„მაშინ მეც უფრო მოგეფერები,

ჩემო იორო, აკვნად ნარწევო!“

ეს არის სტრიქონები მირზა გელოვანის ლირიკული ლექსიდან „საუბარი იორთან“. პოეტი ივრის ხეობაში გაიზარდა, თუმცა სიკვდილი სამშობლოსგან შორს, ბელორუსიაში ეწერა. ომში იგი სატანკო ჯარების კაპიტნის წოდებას ატარებდა.

წითელ არმიაში ოცდაორი წლის მირზა გელოვანი 1939 წელს გაიწვიეს. ფრონტიდან მშობლებისათვის გამოგზავნილ წერილში მირზა მადლობას უხდიდა მათ, რომ ბავშვობიდან ჩაუნერგეს იარაღის, სიმართლისა და ვაჟკაცობის სიყვარული.

გელოვანის მეთაურობით მებრძოლ ჯარისკაცებს კი ეჭვიც არ ჰქონდათ, რომ მათი კაპიტანი საქართველოში კარგად ცნობილი პოეტი იყო.

მირზა გელოვანი ბევრს წერდა ომზე: „და სადმე ტყვია თუ გააციებს გულს საშინელი განადგურებით, თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ, დანაშაული არდაბრუნების“...

სამი წელი იბრძოდა ფრონტის წინა ხაზზე. 1944 წლის გაზაფხულზე მას მოსკოვში სამსახური შესთავაზეს, მაგრამ მირზამ ფრონტიდან წასვლაზე უარი თქვა.

გელოვანი 1944 წლის ივნისში მდინარე დვინის გადალახვისას, ოპერაცია „ბაგრატიონის“ მსვლელობის დროს დაიღუპა. იგი ბელორუსიის ტყეში, გზისპირზე დაკრძალეს. 1952 წელს მისი ნეშტი ვიტებსკის ოლქის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე გადაასვენეს.

გიორგი ნაფეტვარიძე

1919 წელს დასავლეთ საქართველოში, იმერეთში, სოფელ შუამთაში დაიბადა გიორგი ნაფეტვარიძე – კიდევ ერთი ნიჭიერი ქართველი, რომლის სიცოცხლეც ომში ტრაგიკულად შეწყდა.

ნაფეტვარიძის პირველი ლექსები 1936 წელს გაზეთ „სტალინელში“ გამოქვეყნდა. გიორგიმ პარალელურად მუშაობა დაიწყო სოფლის სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ფრონტზე ომის დაწყებისთანავე წავიდა. ახალი დაქორწინებული იყო მშვენიერ ნათელა არჯევანიძეზე.

„ჯარში რომ გამიწვევდნენ, ვიცოდი, გამოძახება მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, წინასწარ გავითვალისწინე ყველაფერი, მაგრამ მაინც მოულოდნელად მოხდა. კვირა დაღამდა, ვიწექი გარეთ, სამის ნახევარზე დამიძახეს. ნათელა გაშრა. ნახევარ საათში, სრულ სამზე უნდა გამოვცხადებულიყავი, წავედი უმალვე, ჭიშკრამდე მიმყვა იგი თვალცრემლიანი, ვაკოცე შუბლზე, ხელი ჩავიქნიე და წავედი. მამა გამოვიდა მის დასაბრუნებლად. მე მივდიოდი მარტო, ვბორძიკობდი კოლბოხებზე; ვწევდი პაპიროსს და მივდიოდი გაბრუებული. არ ვფიქრობდი არაფერზე. მივდიოდი, მივუყვებოდი ჩემი სოფლის მდუმარე შარას. არსად ენთო სანთელი, არ ყეფდნენ ძაღლები, არ ყიოდა მამალი. არავინ შემხვედრია, მესმოდა ჩემი ფეხის ხმა შუაღამის დუმილში, და ეს მოგონება დარჩა, როგორც განუმეორებელი და აუხდენელი სიზმარი ქარიან ღამის...“

„რაღა დავწერო ან რა მნიშვნელობა აქვს ამ შენიშვნებს, გამომადგება ოდესმე? ვფიქრობ, ვითომ დავბრუნდები? ეჰ! ვინ იცის! ერთი კია: მშიშრები ყველაზე ადრე და ყველაზე უაზროდ იღუპებიან, მე მშიშარა არ უნდა ვიყო, თუმცა ჯერ შესაშინებელი არაფერი შემხვედრია...“ – წერდა იგი მეუღლეს.

გიორგისთან ერთად ფრონტზე წავიდა მისი უახლოესი მეგობარი, მწერალი გრიგოლ ხურციძეც. მეგობრები თავდაპირველად თბილისის სამხედრო სასწავლებელში გაგზავნეს სამი თვით, შემდეგ კი, 1941 წლის დეკემბერში ყირიმის ფრონტზე გაუშვეს. ორივე 1942 წლის მაისში სევასტოპოლის მისადგომებთან, საპუნ-გორას ციხე-სიმაგრესთან წარმოებული საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. გიორგი ნაფეტვარიძისა და გრიგოლ ხურციძის საფლავები ცნობილი არ არის.

Грузинские поэты, погибшие на Великой отечественной войне
photo : National library of Georgia
ქართველი პოეტები დიდ სამამულო ომში

ნათელა თვალისჩინივით უფრთხილდებოდა მეუღლის ფრონტიდან გამოგზავნილ ლექსებს. მისი გარდაცვალების შემდეგ გამოაქვეყნა ისინი. გამოიცა კრებულები „სიყვარული“, „დაუმთავრებელი ბალადა“, „ფრონტული წერილები“, „ჩვენთან ქუხილი ღამეს ათევდა“ და „მშვიდობით“.

სევერიან ისიანი

დიდმა სამამულო ომმა ქართველი პოეტის სევერიან ისიანის სიცოცხლეც შეიწირა. წარმოშობით იგი ცაგერის რაიონის სოფელ ზოგიშიდან იყო.

გლეხის ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა, მაგრამ მშობლებმა ყველა ღონე იხმარეს, რომ სევერიანს განათლება მიეღო. იგი თავადაც ბევრს და ბეჯითად შრომობდა. ისიანმა 1937 წელს ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრა. ამ დროისთვის მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილებაში პასუხისმგებელი მდივნის თანამდებობაზე მსახურობდა. იყო ჟურნალისტი და რედაქტორი გაზეთებში „მუშა და კოლმეურნე“ და „წითელი ფეიქარი“. ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას.

პირველად მისი ლექსები 1930 წელს ქუთაისის გაზეთ „მუშა და კოლმეურნეში“ დაიბეჭდა. პირველი კრებული კი 1940 წელს გამოიცა. ამ დროს სევერიანი უკვე ჯარში მსახურობდა. ლექსებს სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე წერდა.

ქუთაისში სევერიანი ვეღარ დაბრუნდა. ომმა 1943 წელს იმსხვერპლა. იგი მხოლოდ 29 წლისა იყო.

სევერიან ისიანის წიგნი „საუბარი ფრონტელ მეგობართან“ და ოციოდე პირადი ბარათი, რომლებსაც მეგობრებს ფრონტიდან უგზავნიდა, ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება.

ვლადიმერ უბილავა

ფრონტზე დაღუპული პოეტი ვლადიმერ უბილავა წარმოშობით წალენჯიხის რაიონის სოფელ ჭალედან იყო. 1936-41 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. პირველად მისი ლექსები გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოქვეყნდა. აქტიურად იბეჭდებოდა გაზეთებსა და ჟურნალებში 1934 წლიდან.

პოეტი ომში 1942 წელს 27 წლის ასაკში დაიღუპა. დაკრძალულია კრასნოდარში.

„რა ვარ, ბრძოლაში თუ დავვარდები,

მტერს შემოსეულს თუ არ დავხვდები;

ვერ გამითელონ ბაღში ვარდები,

ვერ დამიჩრდილონ მთების კალთები!

გაიშრიალებს ფრონტზე ფარაჯა,

ტყვიას ტყვიაში აჯენს ვაჟკაცი,

იბრძვის და მამულს უდგას დარაჯად

თოფის, ხიშტის და ხმლების კაშკაშში“.

პირველი პოეტური კრებული „ღელვას ბობოქარს“ მისი გარდაცვალების შემდეგ, 1955 წელს გამოიცა. მას მოჰყვა კრებულები „ბალადა დაკარგული ჯარისკაცისა“ (1959), „მამის კერასთან“ (1967), 1969 წელს ცალკე წიგნად გამოიცა პოემა „ტობავარჩხილი“.

 

2301
თემები:
მეორე მსოფლიო ომის ისტორია: ფაშიმზე გამარჯვება 2021
მოსკოვის აკადემიური სამხატვრო თეატრის დასი

თბილისში ევაკუირებული მოსკოვური თეატრი: „ბედნიერება იყო იმდენად დიდი, რომ ომს გვავიწყებდა“

0
(განახლებულია 17:21 08.05.2021)
მეორე მსოფლიო ომის დროს თეატრი ადამიანებისთვის გასართობი კი არა, ერთგვარი თავდავიწყების საშუალება და ამასთან მალე გამარჯვების რწმენის, იმედის წყარო იყო

ალექსანდრა ობოლონკოვა

მოსკოვის სამხატვრო თეატრის მსახიობებისთვის კი თბილისში ევაკუაციის წლები დაუვიწყარ მოგონებად იქცა. თეატრის „ოქროს შემადგენლობა“ საბჭოეთის სხვა გამოჩენილ ხელოვანებთან ერთად იყო ევაკუირებული საქართველოს დედაქალაქში. თეატრს მაშინ ვლადიმირ ნემიროვიჩ-დანჩენკო ხელმძღვანელობდა. 

Владимир Немирович-Данченко
© photo: Sputnik / Miron Sherling
ვლადიმირ ნემიროვიჩ-დანჩენკო

დასი თბილისში 1941 წლის ოქტომბრის ბოლოს ჩამოვიდა. ნემიროვიჩ-დანჩენკო ერთგვარ უხერხულობასაც კი განიცდიდა, როდესაც, მიუხედავად მატერიალური შეჭირვებისა, თავის მდივანს სწერდა, „რაოდენი სიმშვიდე და სიხარული სუფევდა“ თბილისში.

„იცით, ეს უმშვენიერესი ქალაქია, ჩვენ მიმართ დამოკიდებულება დიდებულია, განსაკუთრებით პირადად ჩემდამი - როგორც საზოგადოების, ისე მთავრობის მხრიდან. კარგად მოვთავსდით. ყველანი ვტკბებით კლიმატით, ქალაქით“, - წერდა ის. 

არტისტები უსაქმოდ არ მსხდარან. მცირე თეატრის მსახიობებთან ერთად საღამოებს მართავდნენ, რომლებზეც ბილეთები თვალის დახამხამებაში იყიდებოდა.

თავად ნემიროვიჩ-დანჩენკომ, რომელიც წარმოშობით ოზურგეთიდან იყო და ტფილისში სწავლობდა, 7 დეკემბერს მოგონებების საღამო მოაწყო. ის იმ ტფილისური სახლის მოძებნასაც კი შეეცადა, რომელშიც ოდესღაც ცხოვრობდა, მაგრამ ვეღარ მიაგნო. სამაგიეროდ ეწვია რუსთაველის პროსპექტზე მდებარე პირველ გიმნაზიას, რომელიც ვერცხლის მედალზე დაამთავრა თავის დროზე.
მოგონებების საღამოზე დარბაზი ისე იყო გადაჭედილი, ნემსი არ ჩავარდებოდა. შემოსული თანხმა მთლიანად თავდაცვის ფონდში გადაირიცხა.

© photo: Sputnik
სცენა სპექტაკლიდან „აღდგომა“

საარქივო დოკუმენტების თანახმად, მოსკოვის აკადემიურმა სამხატვრო თეატრმა ევაკუაციის რამდენიმე თვის განმავლობაში 51 კონცერტი გამართა: 24 თბილისში, 5 - ერევანში, 7 - ბაქოში, 4 - სოჭში, 2 - გორში, 2 სტალინირში (მაშინდელი ცხინვალი), 2 - გაგრაში, 3 - კიროვაბადში (განჯა) და ორიც სოხუმში.

ცნობილი მსახიობი ვასილი კაჩალოვი ევაკუაციაში დამძიმებული გულით მოდიოდა – მისი 40 წლის ვაჟი ვადიმი, რომელსაც ჯავშანი ჰქონდა, მაინც მოხალისედ წავიდა ფრონტზე. თბილისში ცხოვრებისას ის სხვებთან ერთად გამოდიოდა არა მარტო სცენაზე, არამედ სამხედრო ნაწილებშიცა და ჰოსპიტლებშიც. ის სიმონოვის, ტიხონოვისა და სხვა პოეტების ლექსებს კითხულობდა ხოლმე.
ერთ დღეს თბილისელმა მაყურებელმა ის კარგა ხანს არ გაუშვა სცენიდან და არტისტიც გვიან ღამემდე კითხულობდა ლექსებს, მათ შორის, თავისი მეგობრის, სერგეი ესენინის შემოქმედებასაც, რომელსაც კაჩალოვის ძაღლისთვისაც კი მიეძღვნა გულის ამაჩუყებელი სტრიქონები: „Дай, Джим, на счастье лапу мне…“

© photo: Sputnik / Mikhail Ozerov
ვასილი კაჩალოვი

საქართველოს სახალხო არტისტი კოტე მახარაძე იგონებდა, როგორ ბრუნდებოდნენ შინ შუაღამით სპექტაკლით აღფრთოვანებულები, როგორ გააჩერა პატრულმა, მაგრამ რაოდენ ბედნიერები იყვნენ, ვინაიდან „ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ ან არასდროს ხდება ცხოვრებაში“.
თავად კაჩალოვი კი 1942 წლის მარტში გაზეთ „ვეჩერნაია მოსკვაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა: „შეუძლებელია, თითოეულ ჩვენგანს არ აღელვებდეს ის მხურვალე მიღება, როგორითაც ყველგან გვხვდებიან, ამაღელვებელი მცდელობა, შეგვიქმნან თუნდაც მცირე კომფორტი. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რაოდენ დიდია ადამიანების სიყვარული ხელოვნებისადმი“.

მაგრამ თეატრის უკვე ჭარმაგი მსახიობების ცხოვრება სტუმართმოყვარე ტფილისში არც ისე მარტივი იყო. მართალია, სულით არ ეცემოდნენ, მაგრამ ჯანმრთელობა ხელს არ უწყობდათ.

66 წლის კაჩალოვი ჯერ კიდევ მანამდე, ნალჩიკში ყოფნისას დაავადდა მძიმედ, 70-ს გადაცილებული ოლგა კნიპერ-ჩეხოვა მთელი თვით ჩაწვა გრიპითა და ბრონქიტით, 83 წლის ნემიროვიჩ-დანჩენკო კი, რომელიც მზად იყო, თუნდაც უსასყიდლოდ ემუშავა რუსთაველის თეატრში, ასევე ერთი თვით ჩამოშორდა რეპეტიციებს ავადმყოფობის გამო. მცირე თეატრის მსახიობი, 61 წლის მიხაილ კლიმოვი კი გარდაიცვალა და თბილისის სასაფლაოზე დაკრძალეს.

„რით დავიმსახურეთ, რომ მილიონობით ჩვენი ძმა სიცოცხლეს წირავს ჩვენთვის, ჩვენი მშვიდი ცხოვრებისთვის, ჩვენი მუშაობისთვის? რით დავიმსახურეთ ეს როგორც არტისტებმა და როგორც ადამიანებმა?“, – წერდა ნემიროვიჩ-დანჩენკო ერთ-ერთ წერილში, რომელიც საკუთარი თეატრის მსახიობებს მიუძღვნა.

ეს მისი ერთ-ერთი ბოლო წერილი იყო თბილისიდან – მალე აკადემიური თეატრის დასი ისევ მოსკოვში დააბრუნეს, სადაც რეჟისორი 1943 წლის გაზაფხულზე გარდაიცვალა კიდეც.

კოტე მახარაძე მოგვიანებით, იხსენებდა რა ტფილისურ კონცერტებს, ლექციებსა და შეხვედრებს, წერდა: „ბედნიერება იყო იმდენად დიდი, რომ ზოგჯერ გვავიწყდებოდა კიდეც, რომ მტერი ქალაქიდან ორასიოდე კილომეტრში იყო“.

მსახიობის თქმით, ამას არაფერი ჰქონდა საერთო ჭირის დროს ნადიმთან, ეს იყო გამოვლინება იმ რწმენისა, რომ მალე ომი გამარჯვებით დასრულდებოდა.

0
თემები:
მეორე მსოფლიო ომის ისტორია: ფაშიმზე გამარჯვება 2021