ბენღაზელები წვავენ მუამარ კადაფის პორტრეტებს

მიმოხილვა: რა მოხდა ლიბიაში ათი წლის წინ

40
(განახლებულია 21:31 19.03.2021)
ასობით რაკეტა და ბომბი, ათასობით დაღუპული, დასავლური სამხედრო მანქანის სრული აღმატებულება — ზუსტად ათი წლის წინ, 2011 წლის 19 მარტს ნატოს ქვეყნების არმიები ლიბიის სამოქალაქო ომში ჩაერივნენ.

ანდრეი კოცი

კადაფის კონტროლქვეშ მყოფმა ჯარებმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლეს — ალიანსის ავიაცია მომენტალურად ახშობდა ნებისმიერ წინააღმდეგობას. ოპერაცია 31 ოქტომბერს დასრულდა. შედეგად – ერთიანმა ლიბიამ, ოდესღაც აყვავების გზაზე მდგარმა სახელმწიფომ, არსებობა შეწყვიტა. ბრძოლები იქ დღემდე გრძელდება.

ძველი ანგარიშები

2011 წლის თებერვალში ადამიანები ბენღაზის ქუჩებში გამოვიდნენ და ხელისუფლების მიერ დაპატიმრებული იურისტისა და უფლებადამცველის ფათჰი თერბილის გათავისუფლება მოითხოვეს. ორიოდე დღის შემდეგ მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები მთელ ქვეყანაში დაიწყო. დღეს ბევრი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო ომის ჭეშმარიტი მიზეზი ლიბიაში — ეს არის კონფლიქტი კირენაიკისა და ტრიპოლიტანიის ტომებს შორის. სწორედ ამ უკანასკნელიდან იყო წარმოშობით მუამარ კადაფი, რომელიც ქვეყანას უცვლელად მართავდა 40 წლის განმავლობაში, რაც ძალიან არ მოსწონდა კონკურენტ კლანს.

კადაფის ძალოვნებმა იარაღი გამოიყენეს. მასობრივი არეულობები ქუჩის ბრძოლებში გადაიზარდა. ათობით ადამიანი დაიღუპა. ოპოზიციამ იარაღის რამდენიმე საწყობი აიღო და ქალაქი ბენღაზი დაიკავა.

მარტის პირველ რიცხვებში კადაფის მოწინააღმდეგეებმა „ტრიპოლიზე მარში“ გამოაცხადეს. დედაქალაქს დაახლოებით 5 ათასმა მეამბოხემ შეუტია, მაგრამ ისინი უკუაგდეს. კადაფის არმიას იმ  მომენტისთვის ტანკები, არტილერია, საკმაოდ მძლავრი ავიაცია ჰყავდა, ხოლო ოპოზიციას, უკეთეს შემთხვევაში — პიკაპებზე დამაგრებული ტყვიამფრქვევები. 18 მარტისთვის სამთავრობო ჯარები ბენღაზში შესვლისა და ამბოხის დასრულებისთის ემზადებოდნენ. მაგრამ გაეროს უშიშროების საბჭომ, უფრთხოდა რა ხოცვა-ჟლეტას, საერთაშორისო თანამეგობრობას ლიბიაში ძალის გამოყენების უფლება მისცა. ერთადერთი პირობა — ეს სახმელეთო შეჭრის გარეშე უნდა მომხდარიყო.

დასავლეთის ქვეყნებმა, რომლებიც კადაფიზე კარგა ხნის განმავლობაში ილესავდნენ კბილებს, სასწრაფოდ გამოიყენეს შანსი, ძველი წყენებისთვის მოეთხოვათ პასუხი. 1969 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ლიბია ხშირად შედიოდა კონფრონტაციაში ევროპასა და აშშ-თან. ვაშინგტონმა კადაფი საერთაშორისო ტერორიზმის მხარდამჭერად გამოაცხადა, პარიზმა მას არ აპატია ტრიპოლის ყოფილ ფრანგულ კოლონია ჩადიში შეჭრა 1970-80-იან წლებში, ლონდონმა კი — ირლანდიელი სეპარატისების მხარდაჭერა. გაეროს რეზოლუციის შემდეგ ინტერვენცია გადაწყვეტილი საქმე იყო.

მაგრამ კადაფი არ გადადგა.

არასაფრენი ზონა

პენტაგონმა, ოპერაციის მთავარმა კურატორმა და ორგანიზატორმა, ლიბიის ნაპირებთან შთამბეჭდავ ძალებს მოუყარა თავი: 4 ათას საზღვაო ქვეითს — მუდმივი მზადყოფნის ამფიბიურ–სადესანტო ჯგუფის შემადგენლობაში, საზღვაო ქვეითთა 22-ე საექსპედიციო კორპუსს, „არლი ბერკის“ ტიპის ორ ნაღმმზიდს, ორ მრავალმიზნობრივ ატომურ წყალქვეშა ნავ „ლოს–ანჯელესს“, სტრატეგიულ ატომმავალ „ოჰაიოს“. გარდა ამისა, ამერიკელებმა მოამზადეს მოიერიშე და ბომბდამშენი ავიაციაც. ინტერვენციის ყველაზე მეტად აქტიურმა მონაწილეებმა – ფრანგებმა ოთხი ფრეგატი და ავიამზიდი „შარლ დე გოლი“ გადაისროლეს. გარკვეული ძალები გაიღეს ნატოს სხვა წევრებმაც. სულ ოპერაციაში 18 ქვეყნის სამხედროები იყვნენ ჩართული.

მიუხედავად იმისა, რომ გაეროს რეზოლუცია ლიბიის თავზე მხოლოდ არასფრენ რეჟიმს ითვალისწინებდა, ნატოს ავიაციამ პირველ რიგში სახმელეთო სამიზნეებზე მიიტანა შეტევა.

19 მარტს დაახლოებით ოცამდე ფრანგულმა თვითმფრინავმა შეუტია ბენღაზისთან მდგარ სამთავრობო ჯავშანტექნიკას. იმავე დღეს ამერიკულმა და ბრიტანულმა ფლოტებმა 114 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს ლიბიის სამიზნეებისკენ. ტრიპოლის განცხადებით, ამის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, 150 კი დაიჭრა. ნატოს ავიაციამ ათობით ხიდი გაანადგურა, დააზიანა საგზაო საფარი, დაანგრია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ბევრი ობიექტი.

მომდევნო დღეებში დაბომბვები გაგრძელდა. ქვეყანას სხვადასხვა კალიბრის ათასობით ჭურვი დააცხრა თავს. 23 მარტს ბრიტანეთის სამხედრო–საჰაერო ძალების სარდალმა გრეგ ბეგვილმა განაცხადა, რომ ლიბიის სამხედრო–საჰაერო ძალები აღარ არსებობდა. გაეროს რეზოლუციის თანახმად, ამაზე ჩარევა უნდა დასრულებულიყო, მაგრამ დასავლეთი გაჩერებას არც აპირებდა.

ლიდერის სიკვდილი

ჰაერში უპირატესობის მოპოვებისა და ლიბიის თავზე არასაფრენი ზონის შექმნის შემდეგ ნატოს მოიერიშე თვითმფრინავებმა მეთოდურად დაიწყეს კადაფის არმიის ტექნიკის, ცოცხალი ძალისა და ინფრასტრუქტურის განადგურება. ამერიკელებმა ოპერაციაში „მძიმე კავალერიაც“ ჩართეს — სტრატეგიული ბომბდამშენები B-1B და B-2, ასევე АС-130. ნატოს ავიაცია პრაქტიკულად დაუსჯელად მოქმედებდა — მოძველებული ლიბიური ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები წინააღმდეგობას ვერ უწევდა თანამედროვე თვითმფრინავებს.

10 აპრილს ალიანსის ავიაციამ ერთბაშად 25 ლიბიური ტანკი გაანადგურა. მაისში ნატოს თვითმფრინავებმა ტრიპოლოს დაბომბვა დაიწყეს. მათ არაერთხელ მიიტანეს შეტევა მუამარ კადაფის რეზიდენციაზე, თუმცა ის ყოველთვის ახერხებდა დამალვას.

მისი ერთ-ერთი სამალავი ქალაქ სირტში იყო. ოქტომბრის დასაწყისში ოპოზიციური ძალები შეტევაზე გადავიდნენ — მათ იცოდნენ, რომ კადაფი სირტში იყო და მისი ხელში ჩაგდება ჰქონდათ მიზნად.

ლიბიის ლიდერი 20 ოქტომბერს დაატყვევეს, როცა ქალაქი აიღეს. კადაფის გარშემო მოგროვებული ბრბოდან თითოეული ცდილობდა დაერტყა, რაღაც მძიმე ესროლა მისთვის. აბუჩად აგდება სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, რის შემდეგაც ის ავტომობილში ჩასვეს და ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მაგრამ ის იმ დროისათვის უკვე მკვდარი იყო.

ნატომ კი ოპერაცია 31 ოქტომბერს დაასრულა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

40
ეროვნული ბანკის შენობა

რა „სარგებლობა“ მოაქვს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას?

428
(განახლებულია 15:32 10.05.2021)
რამდენიმე წელია ეკონომიკაში ფულის მასა იზრდება. ძვირდება კრედიტებიც. საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელის 10 პროცენტზე მეტი უმოქმედო სესხია. რა საფრთხეს უქმნის ეს ყველაფერი საფინანსო სისტემას და რამდენად სწორად იყენებს ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებულ ბერკეტებს?

სამსონ ხონელი

გამოგიტყდებით, რამდენიმე დღეა წინამდებარე სტატის სათაურში დასმულ კითხვაზე პასუხს ვეძებ. გავეცანი უამრავ მოსაზრებას, თუმცა დასკვნის გაკეთება არ არის მარტივი. შესაძლოა მკითხველმა დახმარება გადაწყვიტოს და ბრძანოს − ამცირებს ფულის მასას და, შესაბამისად, ინფლაციას. „კიდო“? − ჩავეძიები და არ გამიკვირდება, რომ ენამოსწრებულად მომიგოს − პატივცემულო, ჩინჩლავს! როგორ?! − დავინტერესდები დეტალებით. არადა, პასუხი თავადაც ვიცი: საბანკო ვალდებულებების გაძვირებით მათთვის, ვისი სესხებიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაძლოა ვცდები და მზარდი ინფლაციისა და ფსკერზე დაშვებული ლარის, დაკარგული თუ შემცირებული შემოსავლების პირობებში დაჩინჩლულთა წრე გაცილებით ფართოა, თუმცა ახლა ეს როდია მომდევნო სტრიქონების მთავარი საკითხი.

პროლოგი გამიგრძელდა, დროა კარგად დავიწყებული, მაგრამ არცთუ ისე ძველი ამბავი შეგახსენოთ. მოგეხსენებათ, აპრილის მიწურულს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით, 9,5 პროცენტამდე გაზარდა. მას შემდეგ არასრული ორი კვირა გავიდა, თუმცა ანალიტიკოსები ბჭობენ, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ღრმა ეკონომიკური კრიზისის პირობებში რამდენად მიზანშეწონილი და გამართლებული იყო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, როგორ აისახება ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ეკონომიკასა და ინფლაციურ პროცესებზე.

კობა გვენეტაძის უწყების განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ამჯერადაც ბოლო პერიოდის განმავლობაში მკვეთრად გაზრდილმა ინფლაციამ განაპირობა. კერძოდ, მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ინფლაცია 7.2 პროცენტამდე გაიზრდა, რაც მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელს − 3 პროცენტს 2,4-ჯერ აღემატება. ამავე დროს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის თქმით, მის უწყებას არა აქვს ბერკეტი, ინფლაციასთან მიმართებაში სასწაული მოახდინოს.

„ყველა ფაქტორი, რაც დღეს ინფლაციაზე მოქმედებს, ეროვნული ბანკის მანდატის მიღმაა და შეუძლებელია მათი კონტროლი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯებით ვცდილობთ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია შემცირდეს. ეროვნულმა ბანკმა შეუძლებელია, ამ პროცესში სასწაული გააკეთოს“, − განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ქვეყნის მთავარი ბანკირის სიტყვებს ანალიტიკოსთა კრიტიკა მოჰყვა. მათი უმრავლესობა აცხადებს, რომ ქვეყანაში ინფლაციაზე პასუხისმგებელი სწორედ ეროვნული ბანკია, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული.

„არა მგონია, რომ ეროვნულ ბანკს ვინმე „სასწაულის მოხდენას“ სთხოვდეს. მას მხოლოდ იმ ამოცანების შესრულებას სთხოვენ, რაც საქართველოს კონსტიტუციით და ეროვნული ბანკის შესახებ კანონით არის განსაზღვრული. იქ კი ძალიან მკაფიოდ და გასაგებად წერია, რომ ქვეყანაში ინფლაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. დღეს ამ უწყებას ყველა ინსტრუმენტი აქვს იმისთვის, რომ აკონტროლოს და მართოს ინფლაცია. პრობლემა არ არის ინსტრუმენტების არქონა, ეს ინსტრუმენტები არსებობს. პრობლემა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის უუნარობაშია“, − აცხადებს ფინანსისტი თემურ ბასილია.

მისი თქმით, ეროვნულ ბანკს არაკომპეტენტური ხელმძღვანელობა ჰყავს, რომელიც არსებულ ინსტრუმენტებს სწორად ვერ იყენებს.

რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას ზოგადად ეკონომიკურ ვითარებაზე და კონკრეტულად ინფლაციაზე მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა ვერ ექნება, ვინაიდან კობა გვენეტაძის უწყება ურთიერთგამომრიცხავ ნაბიჯებს დგამს. ის, ერთი მხრივ, ზრდის რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთს და მიმოქცევაში ფულის მასის შესამცირებლად ყიდის უცხოურ ვალუტას, ხოლო მეორე მხრივ, მიმოქცევაში უშვებს გაცილებით მეტ ლარს, რითიც ზრდის ფულის მასას.

„ერთი სიტყვით, ეროვნული ბანკი, რომლის ხელმძღვანელობაც გვიმტკიცებს, ფულის მოცულობას ინფლაციაზე გავლენა არა აქვსო, მიმოქცევაში ფულის მასის შესამცირებლად ზრდის საპროცენტო განაკვეთს და სავალუტო ბაზარზე ყიდის რეზერვებს უცხოურ ვალუტაში. საკითხავია, თუ ფულის მასის მოცულობას ინფლაციაზე მართლაც არა აქვს გავლენა, მაშინ ეროვნული ბანკი რატომ ზრდის საპროცენტო განაკვეთს და რატომ ყიდის რეზერვებს? ეს ფაქტიც საკმარისია გავიგოთ, რომ ეროვნული ბანკის მმართველი რგოლი დაკომპლექტებულია არაკომპეტენტური პირებით. არ მიკვირს, რომ ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში ასეთი სერიოზული პრობლემებია“, − აცხადებს თემურ ბასილია.

სიტყვა ფულის მასაზე ჩამოვარდა და ურიგო არ იქნება დავინტერესდეთ, როგორია ბოლო რამდენიმე წლის დინამიკა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტის თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფულის მასა 2,4 მილიარდი ლარით, 21 პროცენტით გაიზარდა და 13,615 მილიარდი ლარი შეადგინა.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ეკონომიკაში ფულის მასის დრამატული ზრდა 2015 წლიდან დაიწყო, კერძოდ, 2015 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 5,685 მილიარდ ლარს შეადგენდა, ხოლო ზუსტად ერთი წლის შემდეგ − 6,526 მილიარდ ლარს. 2017 წლის დეკემბერში ეკონომიკაში ფულის მასის მოცულობა 8,350 მილიარდ ლარს გაუტოლდა. მომდევნო წელს ფულის მასა უკვე 9,675 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. 2019 წლის ბოლოს ამ მაჩვენებელმა 11,495 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის დამდეგს ეკონომიკაში ფულის მასის მოცულობა 13,659 მილიარდი ლარი იყო. რამ განაპირობა ფულის მასის ზრდა? ანალიტიკოსთა თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისია, რის გამოც ქვეყნის მთავრობამ ფისკალურ პოლიტიკაში ხარჯვითი ნაწილი გაზარდა.

საინტერესოა, როგორია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესაძლო გავლენა ქვეყნის საბანკო სექტორზე. ფინანსისტთა ერთი ნაწილის შეფასებით, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდით შესაძლოა საფრთხე საბანკო სექტორის პორტფელსაც შეექმნას.

„განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, როდესაც ეკონომიკას სერიოზული პრობლემები აქვს, ფულის ფასი უნდა შემცირდეს და არა პირიქით − ფული არ უნდა გაძვირდეს. გარდა ამისა, ფულის ფასის გაზრდით შესაძლოა საფრთხე შეექმნას საბანკო პორტფელებსაც, რადგან მომხმარებლებს, რომლებსაც სესხი რეფინანსირების განაკვეთზე აქვთ მიბმული, უფრო მეტის გადახდა მოუწევთ, შესაბამისად, ამ პორტფელებში რისკიც იზრდება. ანუ ამ მხრივაც არ არის ეს სასარგებლო ნაბიჯი. არ ვთვლი, რომ ინფლაციის წნეხი არის ისეთი, რომ სწორი იყოს რეფინანსირების განაკვეთის 9 პროცენტზე შენარჩუნება. ჩემი აზრით, უნდა შემცირდეს. მაგალითად, თუ ინფლაცია 7 პროცენტია, რეფინანსირების განაკვეთიც 7 პროცენტი უნდა იყოს“, − ამბობს ფინანსისტი ლევან სურგულაძე.

ერთი სიტყვით, როგორც ფინანსისტები მიანიშნებენ, რეფინანსირების განაკვეთის ზრდამ შესაძლოა საკრედიტო რისკები გაზარდოს როგორც უკვე გაცემულ, ისე მომავალში გასაცემ სესხებზე. საბოლოო ჯამში გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი, რა თქმა უნდა, ამძიმებს მომხმარებლის საკრედიტო ტვირთს და ქმნის საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელში ე.წ. უმოქმედო სესხების წილის ზრდის წინაპირობებს. საინტერესოა, როგორი ვითარებაა ამ მხრივ დღეს? კითხვაზე საპასუხოდ ეროვნული ბანკის მონაცემები მოვიშველიოთ.

მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შედეგებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების ჯამურმა მოცულობამ 39,03 მილიარდი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხების წილი 2,8 პროცენტით გაიზარდა და 10 პროცენტს გადააჭარბა. ეს ნიშნავს, რომ საბანკო სექტორში უმოქმედო სესხები ოთხჯერ გაიზარდა. მკითხველს ალბათ გაუკვირდება, თუმცა ფაქტია, საანგარიშო პერიოდში ე.წ. უმოქმედო სესხების წილი ყველაზე მაღალი იმ კომერციულ ბანკშია, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ასოცირდება. „ქართუ ბანკის“ მილიარდ ლარზე მეტი საკრედიტო პორტფელის 34,74 პროცენტი უმოქმედოა. მეორე პოზიცია უმოქმედო სესხების 26 პროცენტით „სილქროუდ ბანკს“ უკავია. პირველ სამეულშია „ხალიკ ბანკი − საქართველო“, სადაც უმოქმედო სესხები საკრედიტო პორტფელის 12 პროცენტია.

და, ბოლოს, მიუხედავად იმისა, მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებაში ვინ რა საფრთხეს ხედავს, ბოლო პერიოდის გამოცდილების გათვალისწინებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეროვნული ბანკი მომავალშიც განაგრძობს არჩეულ პოლიტიკას, რაც ინფლაციის შესაჩერებლად რეფინანსირების განაკვეთის ზრდას, ხოლო ლარის გაცვლითი კურსის მეტ-ნაკლებად სტაბილურობის მისაღწევად სავალუტო ბაზარზე ინტერვენციების განხორციელებას გულისხმობს. არის თუ არა სხვა გზა? რა თქმა უნდა, არის. ეს გზა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაზე გადის, რასაც, თავის მხრივ, მრავალი წინაპირობა აქვს და მათ შორის უპირველესი COVID-19-ის პანდემიის დამარცხებაა. მხოლოდ ამის შემდეგ – მეტი უცხოური ინვესტიცია, მეტი ტურისტი, მეტი ექსპორტი...   

 

428
გიგა ჭიკაძე

გიგა ჭიკაძე UFC-ში თავს იმკვიდრებს, კვარაცხელია „რუბინში“ კვლავ აღიარეს

44
(განახლებულია 04:55 10.05.2021)
UFC-ში მოასპარეზე ქართველი მებრძოლები კვლავ იმარჯვებენ, ქართველი ძიუდოისტები კი ყაზანის გრანდ სლემიდან მხოლოდ სამი მედლით დაბრუნდნენ.

ხვიჩა კვარაცხელია თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, საქართველოს ნაკრებში თამაში კიდევ ერთმა ქართველმა გამოთქვა

ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთში მორიგი აღიარება დაიმსახურა. ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინის“ გულშემატკივრებმა აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. საინტერესოა, რომ ხვიჩას ყაზანური კლუბის გულშემატკივართა ხმების 90% პროცენტი მიიღო. 20 წლის ქართველმა გარემარბმა აპრილის თვეში სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივე მათგანი „რუბინის“ გამარჯვებით დასრულდა, რაც კლუბში ხვიჩას მნიშვნელოვან როლზე მეტყველებს.

აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიას ბარძაყის კუნთის ტრავმა აწუხებს, შესაბამისად ბოლო რამდენიმე შეხვედრაა ყაზანური კლუბის გულშემატკივრებს ის საქმეში არ უნახავთ. ქართველი ფეხბურთელის ტრავმა თავდაპირველად მძიმედ შეფასდა, თუმცა ხვიჩას ფიზიკური მონაცემები იმაზე ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე ველოდით. ბოლო დღეებში გავრცელდა ცნობები, რომ შესაძლოა კვარამ მიმდინარე სეზონში კიდევ ითამაშოს. ყაზანურ კლუბს შემდეგი შეხვედრა ვოლგოგრადის „როტორთან“ აქვს დარჩენილი და დიდია შანსი, რომ ქართველი ფეხბურთელის გვარი წინასამატჩო განაცხადში ამოვიკითხოთ.

საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი კიდევ ერთმა ფეხბურთელმა გამოთქვა. ეს რუსეთის პირველი ლიგის „ნეფთეხიმიკის“ ფეხბურთელი მერაბ ურიდიაა. ამ უკანასკნელმა გასულ კვირას თავი ულამაზესი გოლით გამოიჩინა. ურიდიამ, რომელსაც ამჟამად რუსეთის მოქალაქეობა აქვს „ველესთან“ მატჩში გოლი მოედნის ცენტრიდან გაიტანა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შეხვედრაში ურიდიამ დუბლი შეასრულა და „ნეფთეხიმიკს“ კვლავ გმირად მოევლინა.

მატჩის შემდეგ მერაბმა რუსულ მედიასთან საუბრისას საქართველოს ნაკრებზეც გააკეთა კომენტარი. ურიდიამ აღნიშნა, რომ „ჯვაროსნების“ რიგებში თამაშს სიამოვნებით დათანხმდებოდა.

„კარგი გაგებით, მშურს ბიჭების, რომლებიც თავიანთ ქვეყანას წარმოადგენენ და ტოპ გუნდების წინააღმდეგ თამაშობენ. მინდა, ეროვნული ნაკრების გამოცდილება მივიღო. მჯერა, რომ შემიძლია საქართველოს ნაკრებში მოხვედრა", - განაცხადა ფეხბურთელმა.

საქართველოს ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამომ“ უდიდესი მნიშვნელობის მატჩი ჩაატარა. ზღვისპირელებმა ბათუმის ახალ სტადიონზე პირველი შეხვედრა თბილისის „დინამოსთან“ გამართეს და გამარჯვებაც იზეიმეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის 42-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა. სატურნირო ცხრილში „დინამოებს“ თანაბარი, 25-25 ქულა აქვთ, თუმცა ბათუმელები დამატებითი სტატისტიკური მაჩვენებლით დედაქალაქელებს უსწრებენ. აღნიშნულ მატჩში ნამდვილი საფეხბურთო გარემო შექმნეს პირატებმა, რომლებმაც ბათუმის ახალ არენაზე შოუ მოაწყვეს.

ქართველმა ძიუდოისტებმა ყაზანში არასრული შემადგენლობით იჭიდავეს

ყაზანში გამართული გრანდ სლემი საქართველოს ძიუდოისტმა ნაკრებმა წარმატებით დაიწყო. პირველ საჭიდაო დღეს დიდხნიანი პაუზის შემდეგ საოცარი შეხვედრები ჩაატარა მსუბუქ წონაში (60კგ) მოასპარეზე ლუხუმ ჩხვიმიანმა.

ჩხვიმიანმა ფინალამდე კამერუნელ ბერნადინ ცალა ცალას, პორტუგალიელ როდრიგო კოშტა ლოპესს, ჩეხ დავიდ პულკრაბეკსა და რუს რამაზან აბდულაევს მოუგო. რაც შეეხება ფინალს, ლუხუმს იქ რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძე დახვდა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც ჩხვიმიანმა მეტოქის შებოჭვა მოახერხა და ყაზანში ქართული ჰიმნიც გააჟღერა.

ჩხვიმიანის გარდა რუსეთიდან მედლის წამოღება კიდევ ორმა ქართველმა ძიუდოისტმა შეძლო. ტატალაშვილმა (73კგ) პირველ ტურში ფილიპინელ კეისეი ნაკანოს ვაზარი აართვა, რის შემდეგაც მეტოქეს კიდევ სამი გაფრთხილება მიაღებინა და წმინდა გამარჯვება ჩაიწერა აქტივში. ნუგზარმა ასევე წმინდად აჯობა აზერბაიჯანელ ნურლან ოსმანოვსაც, მეოთხედფინალში კი რუმინელი ალექსანდრუ რაიკუს დამატებით დროში კვლავ შიდოების ხარჯზე აჯობა. მიუხედავად კარგი დასაწყისისა, ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალში რუს აიუბ ხაჟალიევთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთო. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ნუგზარმა ბელარუს ვაძიმ შოკას დამატებით დროში იპონით აჯობა და საქართველოს მეორე მედალი მოუტანა.

მესამე ქართული მედალი 23 წლის ლუკა მაისურაძის ანგარიშზეა. ლუკამ საწყის რაუნდში სენეგალელ აბდერაჰმან დიაოს თავდაპირველად ვაზარი აუღო, რასაც მტკივნეული ილეთი მოაყოლა და გამარჯვებაც აღნიშნა. ქართველ ძიუდოისტს რთული შეხვედრა ჰქონდა მეორე ტურში, სადაც მისი მეტოქე 2010 წლის ევროპის ჩემპიონი, ასევე თბილისისა და ანტალიის გრან სლემების გამარჯვებული მარკუს ნიმანი იყო. ამ შემთხვევაში დამატებით დრომდე მივიდა, აქ კი უკვე მაისურაძემ 30 წლის შვედი მეტოქე ვაზარზე დააგდო. მერვედფინალური და მეოთხედფინალური ეტაპები ლუკამ შედარებით მარტივად გაიარა, თუმცა ნახევარფინალურ ეტაპზე მან იაპონელ სანშირო მურაოს ვერაფერი მოუხერხა და დამატებით დროში სუფთად დამარცხდა. საბოლოოდ მაისურაძე გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ფრანგ აქსელ კლერგეს შეხვდა, რომელიც მარტივად შებოჭა და მეტოქეც მალევე დანებდა. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა რუსეთიდან სამი მედალი წამოიღო.

ჭიკაძეს და დვალიშვილის UFC-ში ვერ აჩერებენ, ქართველმა მებრძოლებმა მორიგი ორთაბრძოლები მოიგეს

„თხუთმეტეულის მებრძოლებს მივმართავ, თუ არ იცოდით ჩემი სახელი, ახლა უკვე იცით“, - ასე მიმართა მეექვსე გამარჯვების შემდეგ გიგა ჭიკაძემ UFC-ის თანამებრძოლებს.

32 წლის გიგა ჭიკაძემ UFC-ში ამერიკელ ქაბ სვანსონს პირველივე წუთზე ღვიძლის არეში ძლიერი დარტყმა მიაყენა, რის შემდეგაც მეტოქემ ბრძოლა ვეღარ გააგრძელა. გიგამ მეტოქეს კიდევ რამდენჯერმე საკონტროლო დარტყმა მიაყოლა, შედეგად ოქტაგონის მსაჯმა ბრძოლა შეაჩერა და ქართველმა ნოკაუტით UFC-ში ზედიზედ მეორედ გამარჯვება იზეიმა. აღსანიშნავია, რომ გიგა მსგავსი დარტყმით პირველად არ იგებს. მეტიც, წარსულში ამ დარტყმას „გიგა-ქიქ“ უწოდეს.

ჭიკაძემ გამარჯვების შემდეგ ქართველ ხალხს აღდგომის დღესასწაული პირდაპირ ოქტაგონიდან მიულოცა. ამასთან, გიგამ დრო იხელთა და UFC-ის უძლიერესი მებრძოლი მაქს ჰოლოვეიც გამოიწვია.

„ჩემს ქვეყანაში აღდგომას აღნიშნავენ. მჯერა, რომ მე და მერაბმა სიხარულის კიდევ უფრო მეტი მიზეზი მივეცით მათ. აქ ერთი დიდი ბიჭია. მაქს ჰოლოუეი, შენ ერთ-ერთი საუკეთესო ხარ და შენთან ჩხუბი მინდა“, - განაცხადა ქართველმა მებრძოლმა.

პარალელურად კარგი შეხვედრა ჩაატარა მერაბ დვალიშვილმა, რომელმაც UFC-ში მერვედ იასპარეზა. მერაბი ამჯერად 32 წლის ამერიკელ კოდი სტამანს დაუპირისპირდა. ოქტაგონზე მებრძოლებმა სამი რაუნდი გაატარეს და გამარჯვებულის დასახელება მსაჯებს მოუწიათ. საბოლოოდ მსაჯებმა დვალიშვილს გარჯა დაუფასეს და რიგით მეექვსე გამარჯვებაც მიანიჭეს.

ამგვარად, ქართველ სპორტსმენს UFC-ში ტაირონ ვეარი, ბრედ კანტონა, კეისი კენი, გუსტავო ლოპესი, ჯონ დოდსონი და კოდი სტამანი ჰყავს დამარცხებული.

ხელჩართული ბრძოლა საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის შეხვედრაში. კლუბი კონფლიქტის მონაწილეებს უმკაცრესად დასჯის.

„ცხუმ-აფხაზეთმა“ სუპერლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში ოლიმპს 97-74 მოუგო და სერიაში დაწინაურდა. მართალია აღნიშნული დაპირისპირება სანახაობრივი და მაღალშედეგიანი გამოდგა, თუმცა ყველაფერი მატჩის მიწურულს მომხდარმა კონფლიქტმა გადაფარა.

მოედნიდან გასულმა „ოლიმპის“ კალათბურთელმა დევანტე ფოსტერმა თანაგუნდელ დავით აბულაძეს ხელი არ ჩამოართვა, რამაც კონფლიქტი გამოიწვია და საბოლოოდ ყველაფერი ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. კონფლიქტში მაშინვე ჩაერივნენ „ოლიმპის“ სამწვრთნელო შტაბის წევრები და სიტუაცია მალევე განიმუხტა.

მომხდარზე განცხადება გაავრცელა კლუბის ხელმძღვანელობამ, სადაც აღნიშნულია, რომ სპორტსმენები უმკაცრესად დაისჯებიან.

„ჩვენ, როგორც ორგანიზაცია სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ მომხდარ ფაქტზე და ვაცხადებთ, რომ ინციდენტში მონაწილე პირები კლუბის შინაგანაწესის გათვალისწინებით უმკაცრესად დაისჯებიან“, - ნათქვამია განცხადებაში.
44
ბათუმის ბოტანიკური ბაღი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 მაისი

0
(განახლებულია 09:16 10.05.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 11 მაისია, სამშაბათი. ახალმთვარეობა კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.

დღეს გრძნობები გაბატონდება გონებაზე. თუ ნეგატივს ავყვებით და გულში წყენას შევუშვებთ, ის ღრმა კვალს დატოვებს დიდი ხნით. და თუ პოზიტიურ მომენტებზე შევაჩერებთ გულისყურს და უარყოფით წვრილმანებს არ მივაქცევთ ყურადღებას, დღე ძალიან პროდუქტიული იქნება, ამ დღისთვის დამახასიათებელი ენერგიულობა, შრომისუნარიანობა წარმატებების კარს გახსნის.

რას ნანობენ ზოდიაქოს ნიშნები?>>

ვერძი: დღევანდელი დღე მოითხოვს, რომ ფინანსური საკითხები მოაგვაროთ. ეს არ ნიშნავს, რომ ამ თვალსაზრისით პრობლემები შეიძლება შეგექმნათ, უბრალოდ ფულთან დაკავშირებული საკითხები ყურადღებას მოითხოვს. კარგი დღეა იმისთვის, რომ გაერკვიოთ თქვენს ბიუჯეტში, დაითვალოთ შემოსავლები და შეადგინოთ ბიზნეს–გეგმა უახლოესი კვირების ან დღეებისთვის. თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ, მოგებაში დარჩებით.

კურო: იმდენად შრომისუნარიანი ხართ, რომ ეს თავადაც გაგაკვირვებთ, არამცთუ კოლეგებსა და ახლობლებს. ნებისმიერ პრობლემაში ძირეულად გაერკვევით და მისი გადასაჭრელად უნივერსალურ გასაღებს მოძებნით. სამეცნიერო ძიებანი, სწავლა და ნებისმიერი სამუშაო, რომელიც ყურადღებასა და მოთმინებას მოითხოვს, დღე ისე იოლად გამოგივათ, როგორც არასდროს. ერთადერთი – განწყობამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ და გამოამჟღავნოთ გაღიზიანება მათ შორის უმიზეზოდაც.

ტყუპი: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღეს გარშემომყოფების მხრიდან დიდ ყურადღებას მოერიდოთ. არ ხართ იმგვარ განწყობაზე, რომ თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინოთ, ამიტომ, თუ დრო ამის საშუალებას გაძლევთ, დაელოდეთ. სამაგიეროდ იდეალური დღეა იმისთვის, რომ მომავალ წარმატებას საძირკველი მოუმზადოთ. იმუშავეთ საკუთარ პროექტზე, მოამზადეთ საჭირო მასალები, მოიფიქრეთ არგუმენტები და როდესაც ყურადღების ცენტრში აღმოჩენის დრო დადგება, ყველას გაოცებას შეძლებთ.

კირჩხიბი: ერთნაირად ხელსაყრელი დროა საქმიანი და პირადი შეხვედრებისთვის. ბევრთან შეგიძლიათ კონტაქტის დამყარება, იცით, რას გრძნობენ ადამიანები. ახალი ნაცნობობით შეიძლება სათავე დაედოს მეგობრულ ან რომანტიკულ ურთიერთობებს. ეს ბევრად იქნება დამოუკიდებული იმაზე, მოისურვებთ თუ არა ინიციატივის გამოჩენას. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ. შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრა ადამიანთან, რომელიც ძალიან მოგენატრათ.

ლომი: აუცილებელია მუშაობა, მაგრამ სამუშაო გარემოს შექმნა შეიძლება გაგიჭირდეთ. დღე თქვენგან ყურადღების კონცენტრაციასა და დაგროვებულ საქმეებთან გამკლავებას მოითხოვს. მზად ხართ, თავი აჩვენოთ, მაგრამ გარშემომყოფები ხშირად ამოგაგდებენ კალაპოტიდან და ხელს შეგიშლიან. ყველაფერი ისე რომ გააკეთოთ, როგორც დაგეგმილი გაქვთ, დროებით მაინც უნდა გაერიდოთ ხმაურსა და ორომტრიალს, მოძებნოთ წყნარი ადგილი – სულ ეს გჭირდებათ იმისთვის, რომ საქმეები ფრიადზე შეასრულოთ.

ქალწული: გულწრფელი ურთიერთობების დიდი სურვილი გაგიჩნდებათ. ჩვეულებრივმა საქმიანმა საუბრებმა, შესაძლოა, გაგაღიზიანოთ და დაპირისპირებებიც კი გამოიწვიოს. თუ ვინმეს ახლოს გაცნობა გსურთ, ვარსკვლავები გირჩევენ, ეს დღეს გააკეთოთ. არა აქვს მნიშვნელობა, ვინაა ეს ადამიანი – ახლობელი, კოლეგა თუ პარტნიორი. ისაუბრეთ მასთან გულახდილად, გაიგეთ, რას ფიქრობს ის და რისკენ ისწრაფვის. ეს შეიძლება თქვენ შორის განსაკუთრებული ურთიერთობების პირველი ნაბიჯი აღმოჩნდეს.

სასწორი: დღეს შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მთელი ძალებით ცდილობთ კონფლიქტებს აარიდოთ თავი, მაგრამ კონფლიქტები თვითონ გეძებენ და გპოულობენ. დაპირისპირებები, წყენა ცარიელ ადგილზე – ეს ყველაფერი მოსალოდნელია იქ, სადაც თქვენ გაჩნდებით. სინამდვილეში კი გაუგებრობების მიზეზი თქვენ ხართ თქვენი გაძლიერებული ემოციებით და საკმარისია მცირე ნაპერწკალიც, რომ „ცეცხლი აგიზგიზდეს“. თუ არ გინდათ მთელი დღის კამათში გატარება, ყველა წვრილმანს ნუ გამოედევნებით.

მორიელი: ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს არანაირი გრანდიოზული ამოცანა არ დაისახოთ. ეს ის დღეა, როცა არ ღირს არაფრის დამტკიცება არც საკუთარი თავისა და არც სხვებისთვის. რაღაც საქმეები უკვე გაკეთებული გაქვთ, რაღაც კი მოიცდის. სჯობს, დაისვენოთ, მოდუნდეთ. მაგრამ თუ ერთ ადგილას ვერ ისვენებთ, ისეთი საქმე გააკეთეთ, რომელიც მინიმალურ სულიერ ძალას მოითხოვს. მაგალითად, მიხედეთ სახლის საკიტხებს, ან დიდი პროექტის ერთ რომელიმე ნაწილს.

მშვილდოსანი: დღეს თქვენი კონტაქტები გარშემომყოფებთან მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. და ამაში „დამნაშავე“ თავად თქვენ იქნებით. გაგიჭირდებათ ადამიანებთან ურთიერთობები. თუნდაც თავს ძალა დაატანოთ, ამისგან მაინც არაფერი გამოვა – ხართ გაღიზიანებული და ჩხუბის პროვოცირება შეგიძლიათ. აქედან გამომდინარე, ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ და გააკეთოთ ის საქმეები, რომლებსაც მარტოც გაუმკლავდებით და სხვების დახმარება არ გჭირდებათ.

თხის რქა: დღეს ძირეულად შეიგრძნობთ ფრაზას „ცხოვრება თეატრია“, რადგან სწორედ თქვენ ითამაშებთ სპექტაკლში მთავარ როლს. შეგრძნება, რომ დგახართ პროჟექტორებით გაჩახჩახებულ სცენაზე, მთელი დღე გექნებათ და ეს შესაბამისად, ანუ დემონსტრაციულ მოქმედებას გაიძულებთ. უფრო მეტიც, შეიძლება ტრაგიკული როლიც მოირგოთ და მიანიშნოთ გარშემომყოფებს, თუ როგორ არ გაფასებენ და გიგებენ ისინი. ტრაგედია რომ კომედიად არ გადაიქცეს, ზედმეტიც არ მოგივიდეთ საკუთარი თავის შეცოდებაში.

მერწყული: წყნარი და მშვიდი დღე გელოდებათ, რომელიც სჯობს საოჯახო საზრუნავში ან სამომავლო გეგმების დაწყობაში გაატაროთ. დაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ სახლი და ამასთან, ფიქრებიც. არ გაწყენთ ბოლო ხანს გაკეთებული საქმეების შეჯამება და შემდეგ უახლოესი დროის მოქმედებების გეგმის შედგენა. ახლობელ ადამიანებთან დაპირისპირებას კი აუცილებლად უნდა მოერიდოთ – მცირე წყენაც კი მძიმე დაპირისპირებაში შეიძლება გადაიზარდოს.

თევზები: დღეს მომატებული ცნობისმოყვარეობა და სხვისი საიდუმლოს გაგების სურვილი მოგეძალებათ. თუ ჩვეულებრივ დღეებში მაინცდამაინც არ გაწუხებთ, თუ რას მალავენ გარშემომყოფები თქვენგან, ახლა მზად ხართ, ამის გასაგებად ძალ–ღონე არ დაიშუროთ. სხვათა შორის, სიტუაცია შეიძლება ისე აეწყოს, რომ უნებურად სხვისი საიდუმლო შეიტყოთ ან საკუთარი შემთხვევით წამოგცდეთ. ეს რომ არ მოხდეს, ენას კბილი უნდა დააჭიროთ და ჭორიკანა ადამიანებს გვერდი აუაროთ.

0