არჩევნები

საქართველოს საარჩევნო რეფორმა მზადაა: ცვლილებების პროექტის დეტალები

56
(განახლებულია 20:01 12.03.2021)
კანონპროექტი ითვალისწინებს საფუძვლიან საარჩევნო რეფორმას, რომელიც ეხება როგორც საარჩევნო კომისიების ფორმირებას, ისე არჩევნების პროცედურასაც

თბილისი, 12 მარტი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის ბიურომ „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი დაარეგისტრირა, რომელიც მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და პარტია „მოქალაქეებს“ შორის მოლაპარაკების შედეგად მომზადდა.

კანონპროექტი ითვალისწინებს საფუძვლიან საარჩევნო რეფორმას, რომელიც ეხება როგორც საარჩევნო კომისიების ფორმირებას, ისე არჩევნების პროცედურას.

საარჩევნო კომისიები

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული 11 წევრის ნაცვლად, 17 წევრით იქნება დაკომპლექტებული. 

ამასთან, კომისიის 17 წევრიდან პრეზიდენტის წარდგინებით რვას პარლამენტი ხუთი წლის ვადით დანიშნავს, ცხრას კი - პარტიები.

ცესკოს წევრების წარდგენა შეუძლიათ პარტიებს, რომლებიც მონაწილეობდნენ საპარლამენტო არჩევნებში და მიიღეს მანდატები ან იღებენ დაფინანსებას საქართველოს ბიუჯეტიდან, ასევე პარტიებს, რომლებსაც სულ მცირე ერთი წარმომადგენელი მაინც ჰყავთ პარლამენტში.

თუ პარტიების რაოდენობა ცხრაზე მეტი იქნება, პრიორიტეტი მიენიჭება იმ პარტიებს, რომლებიც მეტ დაფინანსებას იღებენ. მოქმედი კანონმდებლობით ცესკოში პარტიების წარმომადგენლობა მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ კონკრეტულ პარტიას რამდენი წარმომადგენელი ჰყავს პარლამენტში.

იცვლება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პრინციპიც - კანდიდატურას წარადგენს პრეზიდენტი პარლამენტის მიერ შერჩეული ცესკოს წევრებიდან, შემდეგ კი მას მხარი უნდა დაუჭიროს კომისიის წევრთა არანაკლებ ორმა-მესამედმა. მოქმედ კანონმდებლობაში ცესკოს შეუძლია არჩევანის გაკეთება სამ კანდიდატს შორის, რომლებსაც ასევე საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს.

ცესკო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით, როგორც ეს საარჩევნო კოდექსის მოქმედი ვერსიითაა გათვალისწინებული. თუმცა გამონაკლისი იქნება რამდენიმე საარჩევნო საკითხი: კენჭისყრის შედეგების გაუქმება, ხმების ხელახალი დათვლა და ა.შ. ასეთ საარჩევნო საკითხებზე გადაწყვეტილებების მისაღებად, კანონპროექტის ახალი ვერსიით, საჭირო იქნება ცესკოს წევრთა არანაკლებ 2/3-ის თანხმობა. 

ცვლილებების თანახმად, ასევე გაიზრდება საოლქო კომისიების შემადგენლობა 11-დან 17 წევრამდე, აქედან რვა წევრს დანიშნავს ცესკო, როგორც ადრე, პარტიებს კი ექვსის ნაცვლად ცხრა წევრის დანიშვნის უფლება ექნებათ.

პროექტით მკაფიოდ იკრძალება საოლქო კომისიების განთავსება გამგეობის, საკრებულოს, მერიის, პარტიის, სასამართლოს, პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების შენობებში.

აიკრძალება ასევე პარტიების საარჩევნო შტაბების გახსნა ისეთ შენობებში, სადაც საოლქო კომისია იმუშავებს.

იცვლება საუბნო საარჩევნო კომისიების ფორმირების პრინციპიც. თუ მოქმედი კანონმდებლობით საუბნო საარჩევნო კომისიაში 12 წევრია, ახალი საარჩევნო კოდექსის თანახმად, უბანზე, სადაც 300-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული, კომისიის შვიდი წევრი იმუშავებს და ყოველ დამატებულ 300 ამომრჩეველზე კომისიას თითო წევრი დაემატება. ამასთან, კომისიის წევრებს დანიშნავს საოლქო კომისია კენჭისყრით.

გარდა ამისა, პარტიების წარმომადგენელი კომისიის წევრები ანაზღაურებას მიიღებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარტიას პარლამენტში წარმომადგენლები ეყოლება, აიღებს დაფინანსებას ბიუჯეტიდან და მიღებული ექნება მანდატი წინა საპარლამენტო არჩევნებზე.

წინასაარჩევნო აგიტაცია

კანონპროექტის თანახმად, აგიტაცია წინასაარჩევნო კამპანიის დროს აეკრძალება ყველა მოხელეს სამუშაო საათებში ან უფლებამოსილების შესრულებისას. 

აგიტაცია ეკრძალებათ ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებს, სახელმწიფო ან რაიონული არაკომერციული იურიდიული პირების თანამშრომლებს, საბავშვო ბაღებისა და სკოლების თანამშრომლებს სამუშაო საათებში ან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას.

არჩევნების დღეს აგიტაცია აიკრძალება საარჩევნო უბნებიდან 100 მეტრის რადიუსში, ნაცვლად 25 მეტრისა. 100 მეტრის რადიუსში აკრძალული იქნება ამომრჩეველთა აღრიცხვა და ხალხის თავშეყრა.

არჩევნების შედეგები

წარდგენილი ცვლილებების თანახმად, საარჩევნო კომისიები ვეღარ შეასწორებენ ოქმებს დალუქვის, ბეჭდის დასმისა და კომისიის ყველა წევრის მიერ მისი ხელმოწერის შემდეგ. ოქმის შესწორებას საუბნო საარჩევნო კომისია შეძლებს მხოლოდ საოლქო კომისიის ნებართვით ხმების დათვლის შესახებ განკარგულების საფუძველზე. 

გაიზარდა ასევე არჩევნების შედეგების დათვლის დრო. ცესკომ საბოლოო შედეგები უნდა გამოაქვეყნოს არჩევნების შემდეგ არა მე-19, არამედ 25-ე დღეს.

გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, იზრდება საჩივრების განხილვის ვადა საარჩევნო კომისიების ყველა დონეზე.

საჩივრების შეტანა შესაძლებელი იქნება როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ცვლილებები საარჩევნო კოდექსში განსახილველად გაიგზავნება OSCE/ODIHR-ში და შენიშვნებისა და რეკომენდაციების მიღებამდე არ დამტკიცდება.

56
თემები:
საქართველოს პარლამენტი (310)
გიორგი ქინქლაძე და თემურ ქეცბაია

გიორგი ქინქლაძე ფეხბურთში ბრუნდება! ბაჩანა არაბული კი საბერძნეთში აღიარეს

16
(განახლებულია 17:31 13.06.2021)
განსაკუთრებით საინტერესო კვირა ქართული ძიუდოს გულშემატკივრებისთვის და მარიამ ბოლქვაძის მოგებათა სერია პორტუგალიაში მიმდინარე ტურნირზე.

ბაჩანა არაბულის აღიარება საბერძნეთში და სატრანსფერო სიახლეებით დატვირთული კვირა

ქართველი ფორვარდის ბაჩანა არაბულის გოლი საბერძნეთის ჩემპიონატში საუკეთესოდ დაასახელეს. ბერძნული „ლამიას“ შემტევმა 2020/2021 წლის სეზონის გამორჩეული გოლი მიმდინარე წლის 5 იანვარს სალონიკის „არისის“ კარში გაიტანა. ბაჩანა არაბულმა ჯერ თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა, შემდეგ კი ულამაზესი „მაკრატელას“ ავტორიც გახდა.

სეზონის საუკეთესო გოლის გამოსავლენად გამოკითხვა გულშემატკივრებში ჩატარდა, სადაც ქართველმა ფეხბურთელმა დიდი უპირატესობით იმარჯვა, მას ხმების სრული რაოდენობის 52.87% ერგო და უპირობო ლიდერი გახდა.

ბაჩანა არაბული „ლამიას“ გასული სეზონის წინ შეუერთდა და საბერძნეთის სუპერლიგაში 21 თამაშში ოთხი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა. მას ბერძნულ კლუბთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება.

სატრანსფერო სიახლეებს რაც შეეხება, ოქრიაშვილისა და ქვილითაიას შემდეგ კლუბის შეცვლა კიდევ რამდენიმე ქართველმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა.

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა გურამ კაშიამ კარიერის გაგრძელება ბრატისლავას „სლოვანში“ გადაწყვიტა. ინფორმაცია რამდენიმე სპორტულმა მედიასაშუალებამ დაადასტურა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ „სლოვანს“ საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი ვლადიმერ ვაისი წვრთნის და სლოვაკ სპეციალისტს კაშიასთან საკმაოდ კარგი ურთიერთობაც აკავშირებს.

პარალელურად კლუბი შეიცვალა ოთო კაკაბაძემაც, რომელიც პოლონეთში გადაბარგდა და „კრაკოვიას“ მაისურს მოირგებს. ოთარმა პოლონურ გუნდთან  3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. აღსანიშნავია, რომ „კრაკოვიას“ პოლონეთის უმაღლეს ლიგაში კარგი პერიოდი არ უდგას. გუნდმა 2020/2021 წლების სეზონში, სადაც სულ 16 გუნდი მონაწილეობდა, მე-14 ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრების განაპირა მცველი აქამდე ესპანურ „ტენერიფეში“ გამოდიოდა, თუმცა ოთომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა.

ბოლო დღეებში აქტიურად იწერება ქართველი ნახევარმცველის გიორგი აბურჯანიას მომავალი კლუბის შესახებ, რომელიც შესაძლოა კვიპროსულ „ანორთოსისში“ გადავიდეს. კლუბი, რომელსაც თემურ ქეცბაია წვრთნის, ერთდროულად რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის ქართველმა ლეგიონერებმაც. შესაძლო ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია კვიპროსულ მედიაში გავრცელდა. 

გამოცემა ასევე იუწყება, რომ „ანორთოსისში“, შესაძლოა, გიორგი ქინქლაძეც ვიხილოთ. ცხადია, რომ ქართველი ვეტერანი სპორტსმენი საფეხბურთო კარიერას ვერ გააგრძელებს, ამიტომ ის სავარაუდოდ თანამდებობას კლუბის მენეჯმენტში მიიღებს. კვიპროსში აღნიშნავენ, რომ ქინქლაძის რჩევები, საფეხბურთო კავშირები და ქართველ ფეხბურთელებზე მისი გავლენა მნიშვნელოვანი იქნება კლუბისთვის.

ბექა ღვინიაშვილმა აკრძალული ილეთი გამოიყენა, შავდათუაშვილმა კი საქართველოს ჰიმნი გააჟღერა

გასული კვირა საინტერესო იყო ძიუდოს ქომაგებისთვის, რადგან უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა რამდენიმე მედალი აიღეს.

ტურნირის მესამე საჭიდაო დღეს მედლის მოპოვება ქართველი ძიუდოისტებიდან მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) შეძლო, რომელმაც მიჯრით ხუთი ორთაბრძოლა მოიგო და ფინალში უდანაკარგოდ გავიდა. ფინალში გასულმა შავდათუაშვილმა შვედი ტომი მაციასი დამატებით დროში დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ძირითადი დრო ქულის გარეშე დასრულდა, შვედ სპორტსმენს შეხვედრის მიმდინარეობისას ორი გაფრთხილება უკვე მიღებული ჰქონდა, რომელიც დამატებით დროშიც გადაჰყვა. ოქროს ქულისთვის ბრძოლაში ჩართულმა მაციასმა 50-ე წამზე ტატამი დატოვა, რისთვისაც რიგით მესამე გაფრთხილება მიიღო და შავდათუაშვილს პირველობა დაუთმო.

„მიყვარს კვარცხლბეკზე დგომა. ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს დროშა ყველაზე მაღლა იყო და ჰიმნი ავაჟღერე. ბედნიერი ვარ მხოლოდ იმით, რომ მესამე ოლიმპიურ თამაშებზე გამოვალ და კიდევ ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის. მოვლენებს წინ არ გავუსწრებ“, - განაცხადა გამარჯვების შემდეგ ლაშა შავდათუაშვილმა.

ოქრო ვერა, მაგრამ ვერცხლის მედალი მოიპოვა ტატო გრიგალაშვილმა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. საქმე აქაც დამატებით დრომდე მივიდა. ფინალში გასულმა 21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ბელგიელ მატიას კასესთან იპონით წააგო და მეორე ადგილს დასჯერდა.

ყველაზე დასანანი იყო მსოფლიო პირველობაზე ბექა ღვინიაშვილის (90 კგ) მარცხი, რომელმაც პირველივე ეტაპზე შვეიცარიელ სპორტსმენთან ულამაზესი გდება შეასრულა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მან ეს აკრძალული ილეთის მეშვეობით შეძლო. ბექა შეხვედრაში ვაზარით დაწინაურდა, რის შემდეგაც კიდევ ერთი ლამაზი ილეთი შემოგვთავაზა და ბრძოლაც მოიგო, თუმცა საეჭვო ვითარების გამო მსაჯებმა მომენტი განმეორებით ნახეს, სადაც გამოჩნდა, რომ ბექამ გდება ფეხის ამოხვევით შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ღვინიაშვილთან ერთად მეხუთე საჭიდაო დღეს მარიამ ჭანტურიაც (70 კგ) გამოეთიშა.

სანატრელი ოქროს მედალი ვერ მოიპოვა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ), რომელიც 1/4-ფინალში სერბ ალექსანდარ კუკოლთან იპონით დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო. 32 წლის კაპიტანი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მიხაელ კორელს დაუპირისპირდა, რომელსაც ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი თავისი საყვარელი ილეთი გამოიყენა, მოწინააღმდეგე შებოჭა და ბრინჯაოს მედალს იპონის შეფასებით დაეუფლა.

მარიამ ბოლქვაძე პორტუგალიის ტურნირზე ფინალში გავიდა, ბასილაშვილმა კი ჰალეში მოგებით დაიწყო

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე პორტუგალიაში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე წარმატებით ასპარეზობს. 23 წლის ბოლქვაძემ, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 221-ე ადგილს იკავებს, ITF დონის ნახევარფინალში იაპონელ ჰონტამასს ორ სეტში ანგარიშით 6:4, 6:4 სძლია და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

ბოლქვაძე ფინალში 13 ივნისს ითამაშებს. მისი მეტოქე პორტუგალიელ ფრანსისკა ჟორჟესა და ბრაზილიელ ბეატრის ჰადად მაიას შორის გაირკვევა.

რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, მან გერმანიაში ჰალეს ტურნირზე პირველი შეხვედრა გერმანელ რუდოლფ მოლეკერთან მოიგო და საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

მატჩი, რომელიც საათსა და 31 წუთს გაგრძელდა, ნიკოლოზის უპირატესობით მიმდინარეობდა. ჩოგბურთელებმა თავიანთი ჩაწოდებები კარგად გამოიყენეს, რაზეც მატჩის შედეგიც მეტყველებს. ჩოგბურთელებმა ორი ტაიბრეიკი ითამაშეს და ორივე ქართველის გამარჯვებით დასრულდა.

ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის საკვალიფიკაციო ბადის ნახევარფინალში კიდევ ერთ მასპინძელ სპორტსმენს შეხვდება. ჩვენებურის მეტოქე ამჯერად იანიკ ჰანფმანი იქნება, რომელსაც ნიკა კარიერაში პირველად დაუპირისპირდება.

16
ევროპის მსოფლიო ჩემპიონატი, რომი - სტადიონი ოლიმპიკო

მონატრებული ევროპის ჩემპიონატი საფეხბურთო დღესასწაული რომიდან იწყება

54
(განახლებულია 14:30 11.06.2021)
კონტინენტის საუკეთესოს ტიტულისთვის ევროპის 11 სხვადასხვა ქალაქში ექვს ჯგუფში გადანაწილებული 24 საფეხბურთო ნაკრები იბრძოლებს.

ჩემპიონატის პირველი შეხვედრა და სანახაობრივი ფეხბურთის მოლოდინი

ევროპის ჩემპიონატის პირველი შეხვედრა 11 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე თურქეთისა და იტალიის ნაკრებებს შორის გაიმართება. სავარაუდოა, რომ გულშემატკივარი ტურნირის სტარტზევე სანახაობრივ და ლაღ ფეხბურთს იხილავს. თურქეთის ნაკრები ბოლო პერიოდში უხვგოლიანი მატჩებით გამოირჩევა და მათი შეტევის ხაზი ფრანგული „ლილის“ გოლეადორ ბურაკ ილმაზის მეთაურობით ნებისმიერი ნაკრებისთვის სახიფათოა. უდიდესი ისტორიის მქონე იტალიის ნაკრებს რაც შეეხება, „სკუადრა აძურას“ ზედმეტი შექება ნამდვილად არ სჭირდება, იტალიელებს ნებისმიერ კონდიციაში და ნებისმიერ სათამაშო ფორმაში შეუძლიათ თამაშის მოგება.

იტალია და თურქეთი ერთმანეთს რომში „სტადიო ოლიმპიკოზე“ დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ UEFA-მ იტალიის მთავრობას ნება დართო მატჩს მაყურებელთა 25% პროცენტი დაესწროს. “სტადიო ოლიმპიკოზე” 72.700 ადამიანი ეტევა, შესაბამისად, გახსნით შეხვედრაზე დასწრების უფლება 18.100 გულშემტკივარს ექნება.

ამ ორი გუნდის გარდა A ჯგუფში უელსი და შვეიცარია მოხვდნენ, რომელთა შეხვედრა 12 ივნისის 17:00 საათზე დაიწყება.

ე.წ. სიკვდილის ჯგუფი და იღბლიანი ესპანელები

როდესაც ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფებში მეტოქეთა ვინაობა გახდა ცნობილი, ყველაზე მეტად გულშემატკივრის ყურადღება ბოლო, F ჯგუფმა მიიპყრო, სადაც ნამდვილი საფეხბურთო „მონსტრები“ შეიკრიბნენ. გერმანია, საფრანგეთი, პორტუგალია და უნგრეთი – სწორედ ეს გუნდები შეეცდებიან გაიყონ მერვედფინალური ეტაპის საგზურები. უნგრელებს ჯგუფში რა ბედიც ელით, ეს ცალკე საკითხია, თუმცა ცხადია, რომ ისინი ნამდვილად დიდ საფეხბურთო გამოცდილებას შეიძენენ. რაც შეეხება გერმანიას, საფრანგეთსა და პორტუგალიას, ამ სამი ნაკრებიდან გადაჭრით აშკარა ფავორიტის დასახელება წინასწარ შეუძლებელია და ისღა დაგვრჩენია ტელეეკრანებთან ლამაზ სანახაობას დაველოდოთ.

ერთი შეხედვით მარტივი ჯგუფი შეხვდათ ესპანელებს, რომლებსაც წარმატების მისაღწევად შვედეთის, სლოვაკეთისა და პოლონეთის ბარიერის დაძლევა მოუწევთ. „ფურია როხას“ ბოლო დროს კარგი პერიოდი ნამდვილად არ უდგას. გუნდი, რომლის ცენტრალურ ზონასაც ერთ დროს ჩავი-ინიესტას ლეგენდარული დუეტი ამაგრებდა, ნახევარდაცვაში ახლა „მოხუცებული“ სერხიო ბუსკეტსისა და კოკეს იმედზეა. ესპანელებს არც შეტევის ხაზში აქვთ საქმე იდეალურად, სადაც მომენტების რეალიზებას ძირითადად ფერან ტორესი, ალვარო მორატა და დანი ოლმო შეეცდებიან. დაცვით ხაზსა და მეკარის პოზიციას რაც შეეხება, ამაზე პასუხს ალბათ ხვიჩა კვარაცხელია უკეთ გაგცემდათ.

პოლონელები, თავის მხრივ, ცხადია, რობერტ ლევანდოვსკის იმედზე იქნებიან. მასთან ერთად შეიძლება კრიშტოფ პიონტეკმაც თქვას თავისი სიტყვა და რამდენჯერმე გაისროლოს. რაც შეეხება შვედეთის ნაკრებს, მათ ევროპის ჩემპიონატამდე რამდენიმე კვირით ადრე დაბრუნებული ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტრავმის გამო გამოაკლდათ, რომელიც, მიუხედავად თავისი ასაკისა, საოცარ ფიზიკურ კონდიციაში იმყოფებოდა და გოლების გასატანადაც მზად იყო.

ქართული საფეხბურთო ოცნების დამანგრეველი, ანუ ჩრდილოეთ მაკედონია კონტინენტის პირველობაზე

ყველას კარგად გვახსოვს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის დაპირისპირება ერთა ლიგის ფინალში, სადაც გამარჯვებულს ევროპის ჩემპიონატის საგზური უნდა მიეღო. და რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს, ახლა არა საქართველოს ნაკრებზე, არამედ ბალკანელებზე გვიწევს საუბარი.

ჩრდილოეთ მაკედონია C ჯგუფში ნიდერლანდის, უკრაინისა და ავსტრიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. აღნიშნულ ჯგუფში ნათელია, თუ ვინ შეითავსებს ფავორიტის როლს, თუმცა გამოკვეთილ აუტსაიდერზე საუბარი ძალიან რთულია. ნიდერლანდის ნაკრები, რომლის შესაძლებლობებიც ჩვენმა ნაკრებმა რამდენიმე დღის წინ საკუთარ თავზე გამოსცადა, ჯგუფის უპირობო ლიდერია. დანარჩენ გუნდებს კი ალბათ ჯგუფის დაძლევის თანაბარი შანსები ექნებათ. თავისი საქმის ბოლომდე მიყვანას შეეცდება „მილანის“ ლეგენდარული ფორვარდი ანდრეი შევჩენკო, რომელიც მშობლიურ უკრაინის ნაკრებს რამდენიმე წელია უდგას სათავეში და საკმაოდ კარგი შედეგებითაც გამოირჩევა. შევჩენკო ბოლო დროს საკუთარ კარიერაზე ალაპარაკდა და დიდია იმის ალბათობა, რომ ის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ რომელიმე საფეხბურთო კლუბშიც ვიხილოთ. თავის მხრივ, კარგი და დაბალანსებული ნაკრებია ავსტრიაც, რომელმაც შესაძლოა პრაგმატული და ტაქტიკურად გამართული ფეხბურთის ხარჯზე მერვედფინალის საგზურიც მოიპოვოს. რაც შეეხება ჩრდილოეთ მაკედონიას, ბალკანელები ძირითადად ალიოსკის, ელმასისა და „ბებერი“ გორან პანდევის „ბოლო ამოსუნთქვის“ იმედად იქნებიან.

ბელგიის ნაკრები პირველ გამოცდას რუსეთთან ჩააბარებს. B ჯგუფი ფავორიტების ჯახით იწყება

ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფი დანიისა და ფინეთის ნაკრებების მატჩით 12 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე აიღებს სტარტს, თუმცა მაყურებელი უფრო საინტერესო შეხვედრას მოგვიანებით იხილავს. ამავე დღეს, 23:00 საათზე ერთმანეთს ბელგიისა და რუსეთის გუნდები შეხვდებიან, სადაც გამარჯვებული მომდევნო ეტაპისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს. ბელგიელები ბოლო დროს რობერტო მარტინეზის ხელში გახსნილ და დამანგრეველ ფეხბურთს თამაშობენ, რაც ბოლო სანაკრებო შეხვედრებშიც დაამტკიცეს. მიუხედავად არცთუ კარგი სტატისტიკისა, რუსეთის ნაკრების ჩამოწერაც უსამართლობა იქნება, რადგან ამ გუნდმა ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. თავის მხრივ არც დანიის ნაკრები იქნება უსაქმოდ, სადაც ბოლო დროს ბევრმა გამოცდილმა ფეხბურთელმა მოიყარა თავი. დანიელები კარგი მოთამაშეების დეფიციტს პრაქტიკულად არც ერთ პოზიციაზე არ უჩივიან. დაცვის ბურჯი სიმონ კიაერი იქნება, ნახევარდაცვას გამოცდილი კრისტიან ერიქსენი გაამაგრებს, ხოლო მეტოქეთა კარის აღებაზე პოულსენი, ბრაიტვაითი და დოლბერგი იზრუნებენ. ფინელებს რაც შეეხება, ისინი ჯგუფში აუტსაიდერებად ითვლებიან და ქულების მოსაგროვებლად სამივე მატჩში თავის გადადება მოუწევთ.

ინგლისი და ხორვატია, ანუ D ჯგუფის ორი ფავორიტი ნაკრები

წილისყრის შედეგად ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფში ინგლისის, ხორვატიის, ჩეხეთისა და შოტლანდიის ნაკრებები მოხვდნენ. პირველი შეხვედრა 13 ივნისს ინგლისისა და ხორვატიის გუნდებს შორის გაიმართება, სადაც ჯგუფის ფავორიტები პირველი ქულების მოგროვებას შეეცდებიან. 14 ივნისს უკვე თავიანთ მატჩს ჩაატარებენ ჩეხეთისა და შოტლანდიის ნაკრებები.

ინგლისელებს ევროპის ჩემპიონატებზე კარგი მოგონებები არ უნდა აკავშირებდეთ, რადგან აღნიშნულ ტურნირზე მათი ერთადერთი წარმატება 1968 წლით თარიღდება. მაშინ ბრიტანელებმა მესამე ადგილის დაკავება შეძლეს და მას შემდეგ მათი საუკეთესო მიღწევა ნახევარფინალურ ეტაპზე თამაშია. აღსანიშნავია, რომ ინგლისის ნაკრები ყოველი ჩემპიონატის წინ უძლიერესი შემადგენლობით გვევლინება, თუმცა ეს შედეგებზე ნაკლებად ისახება. არც ახლაა ამ მხრივ გამონაკლისი – გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელია თავმოყრილი. განსაკუთრებით გამოსარჩევია გამოცდილი თავდამსხმელი ჰარი კეინი, რომელსაც ტურნირის ბომბარდირობასაც კი უწინასწარმეტყველებენ. საინტერესოა, შეძლებს თუ არა ინგლისი ნავსის გატეხვას და ევროპის ჩემპიონატის წარმატებით დასრულებას. ხორვატებს რაც შეეხება, მათ თავიანთი ძალა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოავლინეს, როდესაც სენსაციურად მუნდიალის ფინალურ ეტაპზე გააღწიეს. აღსანიშნავია, რომ მაშინ ნახევარფინალურ ეტაპზე ხორვატიის ნაკრებმა სწორედ ინგლისს აჯობა ანგარიშით 2:1.

ჩემპიონატის ფორმატი და ფინალი ლეგენდარულ „უემბლის“ სტადიონზე

ევროპის ჩემპიონატზე თითოეული ჯგუფიდან მერვედფინალურ ეტაპზე ორი საუკეთესო ნაკრები გავა. ჯგუფში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ურთიერთშეხვედრებს მიენიჭება. ამასთან, მერვედფინალური მატჩების დამატებით ოთხ საგზურს საუკეთესო მესამე ადგილოსნები გაიყოფენ, ამ შემთხვევაში კი უპირატესობა გუნდების შედეგიანობას მიენიჭება. მესამე ადგილოსან ნაკრებებს შორის გატანილი და გაშვებული გოლების რაოდენობა დაითვლება, შედეგად პირველ ეტაპზე 16 საუკეთესო ნაკრები გამოვლინდება.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის მთავარ მოვლენას, ანუ ფინალურ მატჩს, ის ლონდონში „უემბლის“ სტადიონზე გაიმართება, რომელიც 90,000 ადამიანს იტევს და ამ მაჩვენებლით რიგით მეორე სტადიონია ევროპაში. ფინალურ შეხვედრას მაყურებელი აქაც შეზღუდული რაოდენობით დაესწრება.

ევროპის ჩემპიონატი 2020 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, თუმცა მსოფლიოში არსებული კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო. კონტინენტის პირველობა 2021 წლის 11 ივნისს დაიწყება და 11 ივლისამდე გაგრძელდება.

 

54
სვანური კოშკები უშგულში

კოშკები, მთები, მყინვარები, ადამიანები: საქართველოს საოცრებები პოპულარულ გადაცემაში მოხვდა

0
(განახლებულია 21:04 13.06.2021)
საქართველოში შოუს გადამღებ ჯგუფს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ უმასპინძლა.

თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. ცნობილმა უკრაინულმა სატელევიზიო შოუმ „ორიოლ ი რეშკა“ - სამყაროს საოცრებები“ გადაცემა საქართველოზე, კერძოდ, სვანეთზე მოამზადა.

სცენარის მიხედვით, საქართველოში ტურისტად ჩამოსული შოუს მონაწილეები ანტონი და ვასილისა სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებას ეძებენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სვანეთში, კერძოდ კი მესტიაში მოსახვედრად.

გადაღებების ნაწილი ქუთაისის განახლებულ აეროპორტში წარიმართა. საიდანაც მესტიის მიმართულებით ე.წ. შოუს მდიდარი მონაწილე გოგონა კერძო თვითმფრინავით გაემგზავრა,  ხოლო შოუს ღარიბი მონაწილე ბიჭი, რომელსაც მონეტით კენჭისყრისას 100 დოლარი ერგო, სვანეთამდე ქუთაისიდან სამარშრუტო ტაქსით წავიდა.

„საქართველო არის ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობით გამოირჩევა. ჩვენ მის ყველაზე კოლორიტულ ნაწილში, სვანეთში მივემგზავრებით. ჩვენი დღევანდელი საოცრება იდუმალი სვანური კოშკებია“, - განაცხადეს წამყვანებმა სათავგადასავლო გადაცემის დასაწყისში.

საქართველოში შოუს გადამღებ ჯგუფს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ უმასპინძლა.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, სატელევიზიო შოუში საქართველოს ორი აეროპორტი წარმოჩინდა, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი. ტურისტული მიმართულებით კი საქართველოს ორი რეგიონი: იმერეთი და სვანეთი.

სვანეთში გადაღებები მიმდინარეობდა მესტიაში და უშგულში. ნაჩვენებია სათხილამურო კურორტი თეთნულდი, ჭალაათის მყინვარი, უშგულში თამარ მეფის საზაფხულო რეზიდენცია, მარგიანების საგვარეულო სახლ-მუზეუმი და, რა თქმა უნდა, ულამაზესი სვანური კოშკები და შთამბეჭდავი ბუნება.

აღსანიშნავია, რომ 50 წუთიან გადაცემას ფონად გასდევს ქართული ხალხური სიმღერები, თავად ანტონიც კი ქართულად ამღერდა და სვანური ქუდის შეძენის შემდეგ განაცხადა, რომ „ნამდვილი სვანი გახდა“.

„საქართველო პაწაწინა ქვეყანაა, მაგრამ აქ ამხელა საოცრებებია: კოშკები, მთები, მყინვარები, ადამიანები - და ისინი ზეცისკენ მიიწევენ“, - ამ სიტყვებით ასრულებს წამყვანი გადაცემას.

გადაცემა Youtube-არხზე ორ დღეში უკვე 90 ათასმა ადამიანმა ნახა.

სათავგადასავლო ჟანრის გადაცემა კვირაში ერთხელ Novy არხზე გადის ეთერში და ასევე, კომბინირებულად რუსეთშიც  მაუწყებლობს FRYDAY TV Channel-ზე. „არიოლ ი რეშკას“ ჯამში 70 მლნ მაყურებელი ჰყავს. 2014 და 2016 წლებში მიღებული აქვს ჯილდოები საუკეთესო გასართობი შოუსთვის. ასევე, უკრაინის უმაღლესი სატელევიზიო ჯილდო „ტელეტრიუმფი“.

 

 

0