ადამიანები საპროტესტო აქციაზე

საქართველო ვაქცინის მოლოდინში - რატომაა ქვეყანა დღემდე COVID-19-ის ვაქცინის გარეშე?

62
(განახლებულია 09:33 06.03.2021)
საქართველო თებერვალში COVID-19-ის ვაქცინის პირველ პარტიას ელოდებოდა. თავდაპირველად სამედიცინო პერსონალის აცრა იგეგმებოდა. მაგრამ ვაქცინა დღემდე არ ჩანს, ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ვაქცინის ნაწილი მარტის ბოლოს ჩამოვა, მეორე ნაწილი - მაისში.

საკითხის გარკვევას Sputnik-ის რუბრიკის ავტორი შეეცადა.

საქართველოში მოსახლეობა ორ ჯგუფად გაიყო: ნაწილი მოუთმენლად ელის კორონავირუსის ვაქცინას, მეორე ნაწილი კი - სკეპტიკურად განწყობილი - დარწმუნებულია, რომ ვაქცინა უსარგებლოა. ამასთან, ორივე კატეგორია თანაბრად უკმაყოფილოა ხელისუფლების მოქმედებით და მთავრობას პანდემიასთან უპასუხისმგებლო და არაეფექტურ ბრძოლაში ადანაშაულებს.

რატომ არ არის ვაქცინა?

თებერვლის ბოლოს საქართველომ ვერ მიიღო Pfizer-ის შეპირებული ვაქცინის პირველი პარტია - სულ რაღაც 29 ათასი დოზა. იგეგმებოდა სამედიცინო პერსონალის აცრა, რომელსაც უშუალო კონტაქტი აქვს ინფიცირებულ პაციენტებთან.

როგორც მთავრობაში აცხადებენ, ქვეყანა ხსენებული ვაქცინის მისაღებად მომზადებული იყო - ჩამოიტანა 50 ათასი სპეციალური შპრიცი, მოამზადა მაცივრები, ცხრა სამედიცინო დაწესებულება, პერსონალი. თუმცა ვაქცინა დღემდე არ ჩანს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ ბაზარზე სერიოზული დეფიციტია, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით - „გაჩაღებულია ვაქცინების მესამე მსოფლიო ომი“.

ამასობაში საქართველო, ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, განაგრძობს COVAX-ის პლატფორმასთან თანამშრომლობას, რომელიც მას ვაქცინის მიღებაში უნდა დაეხმაროს. ქვეყანა მოლაპარაკებას აწარმოებს ასევე ვაქცინის მწარმოებელ სხვადასხვა კომპანიასთან - Pfizer-თან, AstraZeneca-სთან, Moderna-სთან და სხვ. მაგრამ დაპირებების გარდა ჯერ არაფერი მიუღია.

საქართველო მაისამდე 200 ათასი ადამიანის აცრას, ივნისიდან კი მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას გეგმავდა. როგორ მოახერხებს ქვეყანა ჩანაფიქრის ხორცშესხმას, ჯერ გაურკვეველია. მაისის ბოლომდე საქართველომ AstraZeneca-ს ვაქცინის 180 ათასიდან 300 ათასამდე დოზა უნდა მიიღოს. თუმცა ექსპერტების ნაწილს ამაში ეჭვი ეპარება.

სკანდალი და ბრალდებები

ვაქცინაციის საკითხი ნამდვილ სკანდალში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც ერთ-ერთ ქართულ მასმედიაში COVAX-ის პლატფორმაზე დაყრდნობით გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში კომპანია Pfizer-ის ვაქცინის დაგვიანების მიზეზი დაწესებულ კრიტერიუმებთან ქვეყნის შეუსაბამობა გახდა.

ეს ვერსია კატეგორიულად უარყვეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში და განაცხადეს, რომ Pfizer-ის დამატებითი მოთხოვნები საქართველოსადმი არანაირად არ უკავშირდება ვაქცინის მისაღებად ქვეყნის ტექნიკურ მზადყოფნას, არამედ დაკავშირებულია ფინანსურ რისკებთან. ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ COVAX-ის პლატფორმის ტექსტის თარგმნისას შეცდომა იქნა დაშვებული. უწყება დაუკავშირდა COVAX-ს და სთხოვა ქართულ სააგენტოში გამოქვეყნებული განცხადების განმარტება.

COVAX-ის წარმომადგენელთა პასუხის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველომ პლატფორმას შესაძლოა უჩივლოს იმ ინფორმაციის გავრცელების გამო, თითქოს ქვეყანა ტექნიკურად არ იყო მზად Pfizer-ის ვაქცინის პირველი პარტიის მისაღებად. საუბარია რეპუტაციაზე, განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ პლატფორმასთან სექტემბრიდან დაწყებულ მიმოწერაში არავითარი მითითება არ ყოფილა იმაზე, რომ საქართველომ რაიმე შეცდომა დაუშვა. ტიკარაძემ აღნიშნა ასევე, რომ პლატფორმა ერთხელ უკვე აღმოჩნდა მსგავს სიტუაციაში, როდესაც ბოსნიამ მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. 

ხელისუფლების განცხადებით, საქართველომ COVAX-ს უკვე გადაურიცხა 575 ათასი დოლარი. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრში ირწმუნებიან, რომ ვაქცინის პირველი პარტია ამ თვეში ჩამოვა და იმუნიზაცია დაიწყება. სავარაუდოდ, ეს იქნება AstraZeneca-ს ვაქცინა.

Novavax და საქართველო

თავის მხრივ, COVAX-მა აგორებული სკანდალის ფონზე გადაწყვიტა, ქვეყნისთვის ახალი Novavax-ის ვაქცინა შემოეთავაზებინა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ პრაქტიკულად მაშინვე გამოხატა დაინტერესება ამ პრეპარატით და მალევე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ივნისამდე საქართველო ამ კომპანიისგან მილიონ დოზას მიიღებდა. ცერცვაძის ინფორმაციით, Novavax-ის ვაქცინა ორ ინიექციას გულისხმობს, ისევე როგორც AstraZeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინები.

არა ჩინურ ვაქცინას!

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ფიქრობს, რომ საქართველოს არ აწყენდა დაეწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩინური ვაქცინით.

ორი თვის წინ ქართველი ეპიდემიოლოგები საუბრობდნენ საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანის მზადყოფნაზე, თუმცა ქვეყანაში ისეთი აჟიოტაჟი ატყდა, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ჩინური ვაქცინის შემოტანის ალბათობა გამორიცხა.

აჟიოტაჟი ამ თემის ირგვლივ მას შემდეგ არ ცხრება. სამოქალაქო აქტივისტები და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ვაქცინის (მაგრამ არა ჩინურის) შემოტანის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ და აცხადებენ, რომ „ქართველები საცდელი კურდღლები არ არიან“.

საქართველოს თავადაც შეეძლო ვაქცინის დამზადება

ქართველი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი, „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი ფიქრობს, რომ საქართველო ახლო მომავალში ვაქცინას, სავარაუდოდ, ვერ მიიღებს. ამასთან, მისი თქმით, საქართველოს ჰქონდა რუსული ვაქცინის „სპუტნიკ  V“-ს არა მხოლოდ მიღების, არამედ დამზადების შანსიც.

„რუსეთი მზად იყო ვაქცინის დამზადების ტექნოლოგია გაეზიარებინა ქვეყნებისთვის, რომელთაც ამის შესაძლებლობა გააჩნიათ. საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური ბაზის, იმის გათვალისწინებით, რომ ბაქტერიოფაგის ინსტიტუტი ამზადებს წამლებს და სხვა მედიკამენტებს, საქართველო სავსებით შეძლებდა „სპუტნიკ  V“-ს დამზადების ტექნოლოგიის ათვისებას და დააკმაყოფილებდა არა მხოლოდ საკუთარ მოთხოვნილებას, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც გაიტანდა. თუმცა ამას გარკვეული ძალები სერიოზულად დაუპირისპირდნენ“, - განაცხადა არნო ხიდირბეგიშვილმა.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ, როდესაც საქმე ერის გადარჩენას ეხება, პოლიტიკურმა მოტივებმა მეორე პლანზე უნდა გადაინაცვლოს. ბევრმა ქვეყანამ, რომელიც ძლიერ განსხვავდება რუსეთისგან პოლიტიკური კურსით, უკვე შეიძინა „სპუტნიკ  V“, რომელმაც თავისი ეფექტურობა დაამტკიცა, ამტკიცებს ექსპერტი.

რატომ ვერ შემოვა საქართველოში რუსული ვაქცინა?

პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე ამტკიცებს, რომ ქვეყანა შეცდა, როდესაც მთელი იმედები დაამყარა COVAX-ის პლატფორმაზე და ის ევროკავშირის ნომერ პირველ პარტნიორად მიიჩნია. COVAX-მა კი, მისი თქმით, უბრალოდ არ შეასრულა ვალდებულება და ვაქცინა სხვა ქვეყნებს გადასცა, საქართველო კი ხელცარიელი დარჩა.

„ეს იმის გამო მოხდა, რომ ზოგიერთი ჩვენი არაადეკვატური პროდასავლური კოლეგა, ნაცვლად იმისა, რომ ვაქცინაციის იდეა ყველა შესაძლო ხერხით გაავრცელოს, გეოპოლიტიკურ განზომილებაზე ზრუნავს. შედეგად ვერც COVAX-გან ვერ იღებენ ვაქცინას და ვერ „სპუტნიკს“ ვერ იძენენ“,  - განუცხადა სიხარულიძემ Sputnik-საქართველოს.

სიხარულიძის თქმით, ამჟამად შედეგი ასეთია - მდიდარი ქვეყნები უკვე იცრებიან, ევროკავშირის ნაწილი კვლავ ელოდება, საქართველო კი პლატფორმის წინააღმდეგ სარჩელის შეტანით იმუქრება. პოლიტოლოგის აზრით, ეს კლასიკური მაგალითია იმისა, რომ ქვეყანამ ახალი იდეები უნდა წამოაყენოს, თავად შექმნას რაღაც და „დასავლეთის შემყურე“ არ იყოს.

„ახლა ისინი რაღაც კორეული, ჩინური და ინდური ნაგვის ყიდვას გეგმავენ რუსული „სპუტნიკ  V“-ს შეძენის ნაცვლად, რომლის ეფექტიანობაც სამეცნიერო დონეზე დამტკიცდა. მაგრამ, რადგან ჩვენმა ფსევდო-პროდასავლურმა პიროვნებებმა ჭუჭყში ამოსვარეს „სპუტნიკის“ ვაქცინა, ამ საკითხის კვლავ განხილვას ვეღარ ახერხებენ“, - აღნიშნა სიხარულიძემ.  

„სპუტნიკის“ შეძენის საკითხს, პოლიტოლოგის თქმით, იხილავენ გერმანიაშიც. „ჩვენი პოლიტიკური ელიტა კი იმდენად უგუნურია, რომ „სპუტნიკის“ შეძენა არ შეუძლია. ჩვენ, როგორც მათხოვრები, იძულებული ვართ, COVAX-ს დაველოდოთ“, - აღნიშნა სიხარულიძემ.

რუსული ვაქცინისადმი უნდობლობას სიხარულიძე იმით ხსნის, რომ დასავლეთში აქტიურობდნენ გარკვეული წრის ადამიანები, რომლებსაც ბაზარზე საკუთარი ადგილის დასაკავებლად „სპუტნიკ  V“-ს დისკრედიტაცია სურდათ.

„მაგრამ როდესაც „ლანცეტმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც უთითებდა, რომ რუსეთმა სამ თვეში გააკეთა ის, რასაც ჰარვარდის ინსტიტუტებიც კი მთელ წელიწადს ანდომებენ, ეს ადამიანები აღმოჩნდნენ სამეცნიერო ფაქტის პირისპირ, რომ „სპუტნიკ  V“-ს ეფექტურობა 91%-ია“, - აღნიშნა სიხარულიძემ.

იგი დარწმუნებულია, რომ საქართველო არ უნდა დაელოდოს მხოლოდ COVAX-ის პლატფორმას, არამედ სცადოს „სპუტნიკისა“ და სხვა ვაქცინების შეძენა.

„შეიძლება ვერ მოვასწროთ“

ჯანდაცვის საკითხთა ექსპერტი ვატო სურგულაძე ფიქრობს, რომ საქართველოს ვაქცინა დღემდე არ მიუღია იმ პირთა უპასუხისმგებლობის გამო, რომლებიც მთელ ამ პროცესზე არიან პასუხისმგებელი. რაც შეეხება COVAX-ის პლატფორმას, სურგულაძე იზიარებს იმ აზრს, რომ საქართველო მხოლოდ მის იმედად არ უნდა იყოს.

„COVAX მოგვცემს 400 ათას დოზას, ჩვენ კი 2,5-3 მილიონი დოზა გვჭირდება. გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ინდოეთში გაემგზავრა ვაქცინის მოწოდებაზე მოსალაპარაკებლად. და აქამდე სად იყვნენ? ანუ მხოლოდ გუშინწინ დაიწყეს მოქმედება?“ - სვამს კითხვას სურგულაძე.

მან მაგალითის სახით ისრაელი მოიყვანა, რომელიც მოსახლეობის ვაქცინაციის სისწრაფით მსოფლიო ლიდერია: ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, იქ უკვე აცრილია მოსახლეობის 30%. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ მწარმოებლებთან შესახვედრად აშშ-ში 17-ჯერ გაემგზავრა. „აი ეს არის მუშაობა“, - ამბობს სურგულაძე.

რაც შეეხება ინდოეთს, ექსპერტის სიტყვებით, ინდური ბიოქიმიური ლაბორატორია „სერუმი“, რომელიც, სხვათა შორის, AstraZeneca-ს პატრონაჟით მუშაობს, ვაქცინების მწარმოებელ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კომპანიად ითვლება. ის უშვებს არა მხოლოდ კორონავირუსის ვაქცინას, არამედ გრიპის და სხვა საბავშვო ვაქცინებს.

„უკრაინამ ინდური ვაქცინის 12 მილიონი დოზა შეიძინა, - აღნიშნავს სურგულაძე. - ეს AstraZeneca-აა. რა მნიშვნელობა აქვს, სად უშვებენ? ინდოეთში ძალიან კარგი კომპანიებია, უკეთესიც კი, ვიდრე ევროპაში“.

საქართველოს ვაქცინების შესაძენად სულ 50 მილიონი ევრო სჭირდება და მთავრობას ეს ფული აქვს, ამტკიცებს სურგულაძე. მაგრამ თუ ქვეყანაში ამ საკითხს პროფესიონალურად არ მიუდგებიან, საქართველო პოპულაციურ იმუნიტეტს 2022 წლის ზაფხულამდე ვერ მიაღწევს, შიშობს ექსპერტი.

 

62
ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი

ისტორიული გამარჯვება, რომელიც 9 აპრილს მიეძღვნა და ბასილაშვილის წარმატება სარდინიაზე

91
(განახლებულია 22:08 10.04.2021)
კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერი მინისტრის კაბინეტში წყდება, ნიკოლოზ ბასილაშვილი კი თიხის კორტებზე კალიარის ტურნირის ფავორიტია.

ოქრიაშვილი და ყაზაიშვილი გოლებით დაბრუნდნენ, ყაზანში კვარაცხელიას დაკარგვა არ უნდათ.

„ბიჭი ნამდვილი აღმოჩენაა და მას ამ სეზონში არსად გავუშვებთ“, - ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს თათრეთის რესპუბლიკის სპორტის მინისტრი ვლადიმირ ლეონოვი ეხმაურება. მისი თქმით, ხვიჩას ტრანსფერი სეზონის ბოლოს „რუბინის“ სატურნირო მდგომაორებაზე იქნება დამოკიდებული.

20 წლის კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 21 მატჩში ოთხი გოლი და რვა საგოლე პასი აქვს. 2021 წელს ეროვნული ნაკრების სამ მატჩში მან ორი გოლი გაიტანა.

Полузащитник сборной Грузии по футболу Хвича Кварацхелия во время отборочного матча ЧМ-2022 между сборными Грузии и Швеции
Полузащитник сборной Грузии по футболу Хвича Кварацхелия во время отборочного матча ЧМ-2022 между сборными Грузии и Швеции

ქართველი ვარსკვლავის რომელიმე ევროპულ გრანდში გადასვლა ზაფხულის სატრანსფერო სეზონისთვის თითქმის გადაწყვეტილია. ბოლო დროს უცხოურ მედიაში გავრცელებულ ხმებს თუ ვენდობით კვარას მიმართ ინტერესს ყველაზე მეტად იჩენენ „მილანი“, „ბაიერნი“, „იუვენტუსი“ და „დორტმუნდი“.

რაც შეეხებათ სხვა ქართველ ლეგიონერებს. ტრავმის მოშუშების შემდეგ მოედანზე დაბრუნებული თორნიკე ოქრიაშვილი პირველივე შეხვედრაში გოლით გამოირჩა, თუმცა მისი გუნდისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. კვიპროსის ჩემპიონატში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ „აეკთან“ მინიმალური სხვაობით 1:2 დამარცხდა.

ოქრიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ასევე სრულად დაიხარჯნენ მოედანზე გიორგი ლორია და გიორგი ქვილითაია, მურთაზ დაუშვილი კი ქეცბაიამ 85-ე წუთზე შეცვალა.

Торнике Окриашвили. Матч между сборными Грузии и Македонии по футболу при пустых трибунах на стадионе Динамо Арена
© REUTERS / IRAKLI GEDENIDZE
თორნიკე ოქრიაშვილი

ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ნაკრების გამოცდილმა შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა, რომელიც ამერიკის ლიგიდან სამხრეთ კორეაში ცოტა ხნის წინ გადაბარგდა. 28 წლის ქართველი ფეხბურთელი სამხრეთ კორეული „ულსან ჰიუნდაის“ სასტარტო შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა და გამარჯვებაშიც დიდი როლი ითამაშა. ვაკოს ანგარიშზე აღნიშნულ შეხვედრაში გოლი და საგოლე გადაცემაა.

პირველ ნახევარში ვაკოს მარცხენა ფლანგიდან აქტიურობას კიმ მინ-ჯუნი გოლი მოჰყვა, რომელიც სწორედ ქართველის გადაცემით გავიდა. 76-ე წუთზე კი ვაკომ მატჩის საუკეთესო გოლი გაიტანა. მან ბურთი ცენტრიდან ათრია, გზად ორ მეტოქეს გასცდა და მეკარესაც უძლიერესი დარტყმით გაუტანა.

სანამ ქართველი ფეხბურთელები ფორმაში შედიან, არც ფეხბურთის ფედერაციაში სხედან უსაქმოდ. გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივნისში ჩვენი გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. მატჩი 6 ივნისს, ნიდერლანდების ქალაქ ენსხედეში, საფეხბურთო კლუბ ტვენტეს სტადიონზე გაიმართება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს და ნიდერლანდების ნაკრებებს ერთმანეთის წინააღმდეგ არასდროს უთამაშიათ და ეს ისტორიაში პირველი შეხვედრა იქნება.

ისტორიული მატჩი და საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა!

Матч между сборными Грузии и Армении по футзалу в рамках отбора к Евро-2022
© Sputnik / Alexander Imedashvili
საქართველოს ფუტსალის ნაკრები

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა შესარჩევი ეტაპის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ძალიან კარგად ჩაატარეს და საფრანგეთის ნაკრებს ანგარიშით 3:2 აჯობეს. გამარჯვების შედეგად საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდა.

მატჩის დასასრული საკმაოდ ემოციური იყო, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფეხბურთელებთან და სამწვრთნელო შტაბთან ერთად მაყურებელიც ზეიმობდა. გამარჯვების შემდე ნაკრების მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა განაცხადა, რომ საფრანგეთთან მატჩამდე იყო რამდენიმე ვარიანტი, თუ როდის გაიმართებოდა ეს გადამწყვეტი შეხვედრა და არჩევანი 9 აპრილზე სწორედ თავად შეაჩერა.

„ჩვენს ნაკრებში მოთამაშე ბრაზილიელებსაც ავუხსენით, რა დონის და როგორი მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს დღე, ყველა ინფორმაცია გადავეცით და ეს ყველაფერი თამაშზე აისახა. ამ დღემ ძალიან დიდი სტიმული მოგვცა და მინდა ეს გამარჯვება სწორედ იმას მივუძღვნა, რაზეც საქართველო ამდენი წელია ამ დღესთან დაკავშირებით საუბრობს“, - განაცხადა ავთანდილ ასათიანმა.

ხუთი ტურის შემდეგ, ჩვენს ჯგუფში რუსეთის ნაკრები 15 ქულით ლიდერია, მეორე პოზიციაზე საქართველოს ნაკრები 10 ქულითაა, საფრანგეთს ორი ქულა აქვს, ხოლო სომხეთს - ერთი. ბოლო ტურში საქართველო 12 აპრილს, სტუმრად რუსეთს დაუპირისპირდება, რომელსაც ფორმალური დატვირთვა ექნება.

ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ნიდერლანდებში ჩატარდება, 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. რვა შესარჩევი ჯგუფის გამარჯვებული და ექვსი საუკეთესო მეორეადგილოსანი ფინალური ეტაპის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს.

საქართველო უკვე მოხვდა საუკეთესო ექვს მეორეადგილოსანში, რადგან ერთ-ერთმა კონკურენტმა სერბეთმა შინ რუმინეთს ვერ მოუგო (4:4). საქართველოს ნაკრებმა უკვე ოფიციალურად გადაასწრო მეორეადგილოსნებში სერბეთისა და უნგრეთის ნაკრებებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი თიხის კორტებს გამარჯვებებით დაუბრუნდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი
© AP Photo / Andy Wong
ნიკოლოზ ბასილაშვილი

საქართველოს პირველი ჩოგანი იტალიის ქალაქ კალიარიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით ასპარეზობს. ნიკამ პირველ შეხვედრაში გაჭირვებით, სამ სეტში მოუგო სლოვაკ ჩოგბურთელ კოვალიკს და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

ბასილაშვილს მეოთხედფინალში საქმე გაურთულდა, რადგან მისი მეტოქე ბევრად ძლიერი მსოფლიოს 41-ე ჩოგანი შტრუფი იყო. გერმანელი ჩოგბურთელი საკმაოდ მაღალია, რაც ჩაწოდების ასპექტში დიდ უპირატესობას იძლევა. მიუხედავად ამისა, ნიკამ მეტოქეს არანაკლებ ძლიერი დარტყმები დაუპირისპირა და სამ სეტში 7:5, 4:6, 6:3 იმარჯვა.

ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ სეტში მეტოქის ორი მოწოდება მოიგო. მეორე სეტი ასევე დაძაბული გამოდგა, თუმცა ბასილაშვილი 4:6 დამარცხდა. გადამწყვეტ სეტში კი ქართველმა მეტოქის სამი მოწოდება მოიგო და შეხვედრა დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულა.

ნიკას მეტოქე ნახევარფინალში სერბი ლასლო ჯერე იქნება, რომელიც რეიტინგის 57-ე ნომერია და მეოთხედფინალში იტალიელ მუსეტის სამ სეტში მოუგო. შეხვედრა 10 აპრილს, თბილისის დროით 15:30-საათზეა ჩანიშნული.

ქართველმა ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ მოსკოვში საქართველოს ჰიმნი გააჟღერა.

Антон Плесной (Грузия) выступает на чемпионате Европы по тяжелой атлетике
© photo: Sputnik / Alexey Filippov
ანტონ პლესნოი

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების 24 წლის წევრი ანტონ პლესნოი (96კგ.) ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ქართველმა ძალოსანმა რუსეთის დედაქალაქში გამართულ ტურნირზე შესანიშნავად იასპარეზა და დამსახურებული ოქროს მედალიც მოიპოვა.

პლესნოიმ პირველ მოძრაობაში (ატაცი) შტანგასთან სამივე მისვლა დამაჯერებლად გამოიყენა. ანტონმა 171, 175 და 180 კილოგრამები დაძლია და მცირე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ასევე ოქრო მოიპოვა ქართველმა ძალოსანმა აკვრაშიც, სადაც პირველობისთვის საწყისი ორი ცდა (207 და 213 კგ.) ეყო, 221 კგ-ს კი ვეღარ გაუმკლავდა. ჯამში ანტონმა 393 კგ. მოაგროვა და ვერცხლის მედალოსან პეტრ ასაიონაკს 19 კილოგრამით აჯობა.

მანამდე ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულად იასპარეზეს შოთა მიშველიძემ და რევაზ დავითაძემ, მათ ჩემპიონობამდე ძალიან ცოტა დააკლდათ.

მიშველიძემ (61კგ.) მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა ატაცში. შოთასთვის 124 კგ-ზე პირველი მისვლა წარუმატებელი გამოდგა, თუმცა 131 და 135-კილოგრამიან შტანგებს თავისუფლად გაუმკლავდა და მხოლოდ ბულგარელ სტილიან გროზდევს (136 კგ.) ჩამორჩა.

რაც შეეხება რევაზ დავითაძეს, 22 წლის ქართველი ძალოსანი (89 კგ.) 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე შეჯიბრზე ექვსიდან ოთხი ცდა გამოიყენა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ევროპის ჩემპიონატი სადებიუტო იყო საქართველოს ნაკრების მწვრთნელის გიორგი ასანიძის ვაჟისთვის. ატაცში 21 წლის ძალოსანმა კახი ასანიძემ (73კგ.) პირველი ორი ცდა გამოიყენა - ჯერ 144 და შემდეგ 148 კგ დაძლია, მაგრამ მესამე ცდაზე 151 კგ-ს ვერაფერი მოუხერხა და ამ დისციპლინაში მერვე ადგილს დასჯერდა.

აკვარში 21 წლის ქართველმა ძალოსანმა 172 და 179 კილოგრამები დააფიქსირა, მაგრამ მესამე ცდაზე 182-კილოგრამიანი შტანგა ვერ ასწია და ამ დისციპლინაში მეშვიდე ადგილი ერგო. საბოლოოდ, კახიმ ორჭიდის ჯამში 327 კგ დააფიქსირა და მეშვიდე პოზიციაზე გავიდა.

 

91
ხედი ბოსფორის სრუტეზე

მიმოხილვა: „დააშრობს“ თუ არა თურქეთი შავ ზღვას ახალი არხით

35
(განახლებულია 22:26 09.04.2021)
თურქეთის ხელისუფლებამ მოიწონა არხ „სტამბულის“ მშენებლობის პროექტი, რომელმაც ბოსფორის სრუტე უნდა განტვირთოს და უხიფათო გახადოს.

ნიკიტა ჩიკუნოვი

ამასთან თავად პროექტი სერიოზულ პრეტენზიებს ბადებს. ეკოლოგები შავი ზღვის გამეჩხერებას უფრთხიან, ხოლო პოლიტოლოგები — გეოპოლიტიკურ კრიზისს რეგიონში და მოქმედი საერთაშორისო შეთანხმებების ჩაშლას.

საჭირო–არასაჭირო არხი

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა 7 აპრილს, ქვეყნის ხელისუფლებამ თითქმის დაასრულა წინასწარი სამზადისი და უკვე მზადაა, უახლოეს მომავალში შეუდგეს არხ „სტამბულის“ მშენებლობას.  

ერდოღანი ამ პროექტის შესახებ პირველად 2011 წელს ალაპარაკდა და მას „გიჟური“ უწოდა. ეს იქნება ხელოვნური სანაოსნო მარშრუტი, რომელიც შავ და მარმარილოს ზღვებს დააკავშირებს ერთმანეთთან. ის ფაქტობრივად გახდება ევროპის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო არტერიის — ბოსფორის სრუტის „დუბლიორი“.

არხი სტამბულის ცენტრიდან მოშორებით გაიჭრება. გამომდინარე აქედან, ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ამ არხით მაღალი ტვირთამწეობის (300 ათას ტონამდე) ხომალდები ისარგებლებენ, რომლებსაც საშიში ტვირთები — ნავთობი, გათხევადებული ბუნებრივი გაზი და ქიმიკატები გადააქვთ.

ახლა ასეთი ტვირთის გადამტანი ხომალდები იძულებული არიან ბოსფორის სრუტის გაყოლებაზე განლაგებული ქალაქის ისტორიული და მჭიდროდ დასახლებული რაიონები გაიარონ. ამასთან, მოქმედებს მკაცრი შეზღუდვები:  სრუტეში სახიფათო ტვირთის გადამტანი მხოლოდ ერთი ხომალდი შეიძლება იმყოფებოდეს, ისიც მხოლოდ დღის საათებში და მას აუცილებლად უნდა აცილებდეს ბუქსირები. შედეგად – ტანკერებს რიგში დგომა უწევთ 14-დან 35 საათამდე, რაც ფინანსურ ზარალს აყენებს კომპანიებს.

არხი „სტამბული“ არა მარტო საშიშ ტვირთებს გაიტანს ქალაქის ცენტრიდან, არამედ მთლიანობაში განტვირთავს ბოსფორს, რომელსაც ყოველდღიურად საშუალოდ 43 ათასი ხომალდი სერავს (დაახლოებით ორჯერ მეტი, ვიდრე სუეცის არხს). იმავდროულად კი სრუტის გათვლილი გამტარუნარიანობა სულ 25 ათასი ერთეულია.

ხელოვნური სატრანსპორტო დერეფნის უპირატესობა მკვეთრი მოსახვევების არარსებობაა. ეს მაშინ, როცა ბოსფორის სრუტეში ყველაზე მკვეთრი მოსახვევი 90 გრადუსიანია. როგორც პროექტის საიტზეა ნათქვამი, სრუტეში ძლიერი დინებებისა და მჭიდრო მოძრაობის გათვალისწინებით, ეს სერიოზულად ზრდის ავარიების რისკს.

მიუხედავად ამგვარი არგუმენტებისა, არხის პროექტი, რომლის დაახლოებითი ღირებულება 10-25 მლრდ დოლარად ფასდება, მწვავე კრიტიკას აწყდება თურქი მეცნიერების, ეკოლოგებისა და პოლიტიკოსების მხრიდან.

ორი ზღვა საფრთხეში

ანკარის უნივერსიტეტის ოკეანოგრაფის, პროფესორ ჯემალ საიდამის აზრით, არხის მშენებლობა შეუქცევად პროცესებს გამოიწვევს შავი და მარმარილოს ზღვების ეკოსისტემებისთვის.

საქმე ისაა, რომ შავი ზღვა მარმარილოსაზე დაახლოებით 30–50 სანტიმეტრით ღრმაა. ბოსფორის სრუტეში „მოქმედი“ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დინება შავ ზღვას ვერ ამეჩხერებს, ვინაიდან ის „მეზობლის“ წყლებით იკვებება. ხოლო არხი, რომელშიც წყალი მხოლოდ მარმარილოს ზღვის მიმართულებით იმოძრავებს, შავი ზღვის ეტაპობრივად გამეჩხერებას გამოიწვევს, რაც თევზების პოპულაციასაც შეამცირებს და გვალვებსაც მოიტანს.

სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ წყალგაცვლითი ბალანსის დარღვევა ყველა სანაპირო სახელმწიფოს შეეხება, მათ შორის, საქართველოს, რუსეთსა და უკრაინასაც.

„შავი ზღვის დონე ნამდვილად დაიწევს, მაგრამ არხის ზომების გამო წყლის გადინება კრიტიკული არ იქნება. ვფიქრობ, ეს პროცესი უფრო შესამჩნევი იქნება ჩრდილოეთ შავი ზღვისპირეთის სანაპიროებზე — ოდესაში, ხერსონში და ა.შ.“ — ამბობს ოკეანოგრაფიის ექსპერტი ვლადიმირ ბელოკოპიტოვი.

მისი თქმით, სხვა სახის ზიანი მიადგება მარმარილოს ზღვას, რომელიც შავი ზღვისგან მაღალი მარილიანობითა და დაბალი ბიომრავალფეროვნებით განსხვავდება. შავი ზღვის წყლის დიდი მოცულობით შესვლა მკვეთრად გაზრდის ცოცხალი ორგანიზმების რაოდენობას მარმარილოს ზღვაში, რომლებიც ჟანგბადს შთანთქავენ. შედეგად – ის „კვდომას“ დაიწყებს, გაავრცელებს რა სტამბულსა და მის შემოგარენში გოგირდწყალბადის სუნს.

გეოპოლიტიკური თამაში

თურქეთის გეგმები არხის მშენებლობასთან დაკავშირებით, გარდა ეკოლოგიურისა, სამხედრო–პოლიტიკურ ასპექტშიც უნდა განვიხილოთ. ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების სტატუსს 1936 წელს მიღებული მონტრეს კონვენცია განსაზღვრავს.

ამ დოკუმენტის თანახმად, მსოფლიოს ყველა ქვეყნის სავაჭრო ხომალდს შეუძლია თავისუფლად გაიაროს სრუტეებში მცირე და მკაცრად განსაზღვრული ბაჟის გადახდის შემდეგ. ხომალდები იხდიან შუქურების, მაშველების, სამედიცინო, ბუქსირებისა და ლოცმანების მომსახურების საფასურს.

კონვენცია მკაცრად განსაზღვრავს შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების ყოფნის ვადას, მათ კლასსა და ტონაჟს.

ბოსფორის სრუტის ალტერნატიული არხის მშენებლობა ბადებს კითხვას: შეეხება თუ არა მას მონტრეს კონვენცია? როგორც თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, პროექტი საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებს სცდება და ამიტომ მას თურქეთი გააკონტროლებს სრულად.

რუსეთის იურიდიული უნივერსიტეტის საზღვაო სამართლის კათედრის ხელმძღვანელ ვასილი გუცულიაკს მიაჩნია, რომ ეს არსებით გავლენას ვერ მოახდენს შავი ზღვის რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

„ცნება „შავი ზღვის სრუტეები“ ბოსფორსა და დარდანელს მოიცავს. ეს კომპლექსური ცნებაა, რომელსაც კონვენცია არეგულირებს. დარდანელში შესვლის ფაქტით ხომალდი უკვე ექვემდებარება ამ დოკუმენტის ნორმებს. ამიტომ საუბრები მონტრეს კონვენციის ჩამოშლაზე სრული სისულელეა“, — განმარტავს ის.

ექსპერტის თქმით, გარკვეული რისკები შეიძლება წარმოიშვას მაშინ, თუ თურქეთი დარდანელის „დუბლიკატ“ მეორე არხს ააგებს. ასეთ შემთხვევაში უცხოეთის სახელმწიფოების სამხედრო ხომალდები დაუბრკოლებლად შევლენ შავ ზღვაში.

„შეიძლება დავუშვათ, რომ თურქეთი კიდევ ერთ არხს გათხრის, რათა ხომალდები ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში მოხვდნენ სრუტეების გაუვლელად. მაგრამ ეს ნაკლებსავარაუდოა. იმიტომ რომ ამას დაუყოვნებლივ მოჰყვება მსოფლიო თანამეგობრობის რეაქცია. საერთაშორისო შეთანხმების დარღვევის უფლებას თურქებს არავინ მისცემს“, — მიაჩნია გუცულიაკს.

საეჭვო სარგებელი

გაურკვეველი რჩება ისიც, როგორ ამოიგებს თურქეთის ხელისუფლება ძვირადღირებულ პროექტს და როგორ დაარწმუნებს გემთმფლობელებსა და დამფრახტველებს, გემები ფასიანი არხით გაატარონ და არა თითქმის უფასო ბოსფორით.

ქვეყნის მთავრობაში ასეთ სტიმულად რიგების არარსებობა მიაჩნიათ. მათ მაგალითად მოჰყავთ 2019 წლის შემთხვევა, როდესაც შავი ზღვის მხრიდან ბოსფორის მისადგომებთან, ამინდის გაუარესებისა და გავლის მკაცრი წესების გამო, უზარმაზარი რიგები წარმოიშვა. ეს იყო ყველაზე დიდი რიგი 2014 წლის შემდეგ.

ფორსმაჟორული ვითარების არარსებობის შემთხვევაშიც კი დიდი ხომალდების მფლობელები მაინც განიცდიან ზარალს. „200 მეტრზე გრძელი ტანკერების დამფრახტველების ყოველდღიური დანაკარგები რიგში დგომის გამო საშუალოდ 120 ათასი დოლარია“, — ამბობს თურქეთის გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის მინისტრი მურატ კურუმი.

გუცულიაკის აზრით, არხი „სტამბული“ ამ პრობლემებს გადაჭრის, თუ სუპერტანკერების სწრაფ გავლას უზრუნველყოფს.

„ბოსფორის სრუტისა და არხის შედარება არ შეიძლება. სრუტე ფართოა — იქ შემხვედრი კურსით მოძრავ ხომალდებს ერთმანეთისთვის გვერდის ავლა შეუძლიათ, არხში კი ასეთი რამ ვერ მოხერხდება ტექნიკური თვალსაზრისითაც კი. მაგრამ თუ ის ორმხრივი არ იქნება, მაშინ რიგები გარდაუვალია. მეორე მომენტია სიღრმე. ბოსფორში სუპერტანკერები გადიან. ჩვენ რამდენჯერმე გავიარეთ სრუტე სუპერტანკერ „ყირიმით“ (სიგრძე 295 მ, წყალწყვა — 180 ათასი ტონა). მისი დაწევა 15 მეტრზე მეტი იყო. თანამედროვე ტანკერებისა კი კიდევ უფრო მეტია. შეძლებენ კი ასეთი ხომალდები არხში გავლას? სხვათა შორის, ეს რუსეთისა და ყაზახეთის უმთავრესი ინტერესია, რომლებსაც ნავთობი ბოსფორით გადააქვთ. მესამე მომენტია სიჩქარე. სრუტეში ის არ უნდა იყოს 10 კვანძზე მეტი, არხებში კი, როგორც წესი, ის კიდევ უფრო ნაკლებია. ვვარაუდობ, რომ „სტამბულში“ გავლის დრო ბოსფორთან შედარებით მეტი იქნება (ბოსფორის გავლის საშუალო დრო 1,5–2 საათია)“, —  ამბობს ექსპერტი.

ამასთან, მისი თქმით, არხი ფასიანი იქნება. მაგალითად, სუეცის არხის გავლისთვის გადასახადის რაოდენობამ შეიძლება რამდენიმე ასეულ ათას დოლარსაც კი მიაღწიოს — ეს ხომალდის ტონაჟზეა დამოკიდებული.

„ამიტომ არხი „სტამბული“ თურქეთის ბიუჯეტის შევსების კარგი წყარო იქნება“, — განმარტავს გუცულიაკი.

მისი თქმით, საბოლოოდ არხის მიმზიდველობა სრულად იქნება დამოკიდებული გადასახადის ზომაზე და მსხვილგაბარიტიან ხომალდებზე შეზღუდვების არარსებობაზე.

Sputnik-ის მიერ გამოკითხული ყველა სპეციალისტი ერთ რამეში თანხმდება: თურქეთის ხელმძღვანელობის მიერ გარეკლამებული ამბიციური პროექტის სარგებელ–ხეირი ჯერჯერობით ძალიან ბუნდოვანია.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

35
ახალი მთვარე ქალაქის თავზე

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 აპრილი

0
(განახლებულია 09:46 11.04.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 12 აპრილია, ორშაბათი. ახალმთვარეობა ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.

ვარსკვლავები წარმატებას ჰპირდებიან მათ, ვისაც მტკიცე მოქმედებები არ აშინებს. ენერგიულობა, თავდაჯერებულობა, იღბლიანობა ადამიანებს სიტყვიდან საქმეზე გადასვლაში დაეხმარება. წარმატების მიღწევას ხელს მხოლოდ კოლეგებთან და ახლობლებთან გაუგებრობები შეუშლის. დღევანდელი დღის უზარმაზარი პოტენციალი უაზრო კამათსა და ურთიერთსაყვედურებზე რომ არ დახარჯოთ, ეცადეთ, ურთიერთობებში მძაფრი ნოტები არ შეიტანოთ მაგალითად,ზეწოლისა და კრიტიკის სახით.

მიმნდობი ადამიანი ხართ თუ ეჭვიანი? ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი>>

ვერძი: დღეს უზარმაზარი, უსაზღვრო პოტენციალი გაქვთ და მთავარია, არ გაუშვათ მომენტი ხელიდან და ყველა ხელსაყრელი შესაძლებლობებით ისარგებლოთ. ეცადეთ, მოვლენების ცენტრში იყოთ. ასე ბევრის მიღწევას და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას შეძლებთ – ამის ყველანაირი შანსი მოგეცემათ. თუ არ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობებს – ნება თქვენია. როგორც ამბობენ, „არ მინდა“, „არ შემიძლია“ მხოლოდ საბაბია და არა მიზეზი.

კურო: განწყობა გაქვთ იმგვარი, რომ მთელი დღე როგორც გარეგან, ისე შინაგან სიმშვიდეში გაატაროთ. დადგა დრო, რომ გაეცალოთ მოვლენებს, რათა მათ გარედან შეხედოთ. ეს რომ შეძლოთ, სასურველია, შეწყვიტოთ აქტიური ურთიერთობები და ქვეცნობიერის ხმას მოუსმინოთ. აუჩქარებელი ფიქრი, სურნელოვანი აბაზანა ან თუნდაც არაფრის კეთება და დივანზე წამოგორება დაგეხმარებათ, პასუხები იპოვოთ თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.

ტყუპი: შესანიშნავი დღეა, თქვენი გრძნობები გაწონასწორებული იქნება. სამყარო გარშემო ყველაფერთან და საკუთარ თავთან ჰარმონიას გიძღვნით და ამას ირგვლივ მყოფებიც იგრძნობენ. პოზიტიური განწყობის წყალობით ადვილად მოიპოვებთ ადამიანების მხარდაჭერას. იდეალური დღეა ახალი ნაცნობობის, ურთიერთობების, რომანტიკისთვის, მოგზაურობისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გაატარეთ ეს დღე თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად და იგრძნობთ ულევ სიხარულს, გულწრფელობასა და სიყვარულს.

კირჩხიბი: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ კარიერას ან რამე ამბიციური ამოცანის გადაჭრას მიხედოთ. ხართ ორგანიზებული, ნებისყოფიანი და შეგიძლიათ მიზნისკენ სვლა. თუ დღევანდელ ენერგიას საჭირო კალაპოტში მიმართავთ, დამაჯერებელ ნაბიჯს გადადგამთ წინ. ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, ისაა, რომ გარშემომყოფების იმედად ყოფნა არ ღირს – პასუხისმგებლობისა და დისციპლინის თვალსაზრისით მათ თქვენამდე ბევრი აკლიათ.

ლომი: დღეს შეგიძლიათ დარწმუნდეთ ანდაზის „ზოგი ჭირი მარგებელია“ სისწორეში. არის დიდი ალბათობა, რომ რაღაც ერთი შეხედვით არახელსაყრელი ვითარება საბოლოოდ თქვენთვის გამარჯვებით შემობრუნდეს. აქედან გამომდინარე, არ ღირს ბედზე წუწუნი და ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა – სრულიად შესაძლებელია, რომ დღეს ბედმა, არცთუ პოზიტიური მოვლენის სახით, სასიამოვნო სიურპრიზი მოგიტანოთ.

ქალწული: უზარმაზარი შესაძლებლობების დღე გელოდებათ. ეს შესაძლებლობები არანაირად არ არის დამოკიდებული გზაზე გაჩენილ წინაღობებთან. პირიქით, იქნებით საბრძოლველად განწყობილი და ნებისმიერი დაბრკოლება და რთული ამოცანა თქვენში აზარტს გააღვივებს. იგივე ეხება მეტოქეებსაც – ისინი სტიმულს მოგცემენ და ხარის წინ აფრიალებული წითელი ქსოვილის როლს შეასრულებენ. ასე რომ, დღეს არანაირი ბარიერი თქვენთვის საშიში არ არის.

სასწორი: დღეს მოსალოდნელია, რომ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში საკმაოდ მაცდური წინადადება მიიღოთ, თუმცა, სანამ მას დათანხმდებით, ვარსკვლავები კარგად დაფიქრებას გირჩევენ. შესაძლოა, მართლაც მომგებიანი წინადადება იყოს, მაგრამ არც საპირისპირო რამ არაა გამორიცხული. ამის გასაგებად რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მოიძიოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ოქრო არაა, რაც ბრწყინავს.

მორიელი: ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ დღეს საქმეებს ზედმეტი სერიოზულობით არ უნდა მიუდგეთ. ეს განსაკუთრებით ეხება ყოფით საკითხებს, რუტინასა და წვრილმანებს. ძნელი წარმოსადგენია, რა დაძაბულობა შეიძლება შეიქმნას, თუ ყველაფრის უმცირესი შეცდომის გარეშე გაკეთებას მოინდომებთ, არადა დღეს იმგვარი განწყობა გაქვთ, რომ ყველაზე პატარა შეცდომასაც კი თქვენი წონასწორობის დარღვევა შეუძლია. ამის გამოსწორება ადვილია – შეხედეთ თქვენს თავს გარედან და არ დაივიწყოთ იუმორის გრძნობა.

მშვილდოსანი: მოვლენები ხელს გიწყობთ, ბედმა შეიძლება სასიამოვნო სიურპრიზიც მოგიმზადოთ. არ არის გამორიცხული დაწინაურება სამსახურში, საჩუქარი, ფულის მოულოდნელი მიღება. ერთადერთი, რაშიც უნდა იფრთხილოთ, ეს გარშემომყოფებთან ურთიერთობებია. მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრის გამო, შესაძლოა, მათთან ურთიერთობები გააფუჭოთ. არც ისაა გამორიცხული, რომ ვინმეს თქვენი შეშურდეს. ეცადეთ, უფრო მოკრძალებულად მოიქცეთ და სხვის გრძნობებს არ შეეხოთ.

თხის რქა: დღეს ემოციებითა და სულიერი ურთიერთობებით სავსე დღე გელოდებათ. დაუთმეთ მეტი დრო საყვარელ ადამიანს, მეგობრებს, ნათესავებს. ახლობლებთან უბრალო დროის გატარებაც კი მძლავრი პოზიტიური ენერგიით აგავსებთ. თუ ვინმესთან სერიოზული დალაპარაკება გსურთ, ახლა ამისთვის შესაფერისი დროა. არ გადადოთ ეს საუბარი და არ ინერვიულოთ, სწორად გაგიგებენ თუ არა. ყველაფერი კარგად ჩაივლის.

მერწყული: დღეს საქმიანობაში უზარმაზარი აქტიურობის გამოჩენა შეგიძლიათ, მაგრამ ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ მოერიდოთ ნაჩქარევ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს. დღეს იმგვარად ხართ განწყობილი, რომ ჯერ მოქმედებთ და შედეგზე მხოლოდ შემდეგ ფიქრობთ. ეს საქმეებზე არცთუ კარგად შეიძლება აისახოს. თუ გინდათ, რომ დღემ ექსცესების გარეშე ჩაიაროს, მოთოკეთ ემოციები, მოუთმენლობა და იმოქმედეთ პრინციპით „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“.

თევზები: დღეს წარმატებების დიდი შანსი გეძლევათ. ხართ მტკიცე, მიზანსწრაფული, შეუპოვარი, გამჭრიახი. ამ თვისებების წყალობით ურთულეს საქმეებსაც კი ადვილად გაუმკლავდებით, იოლად გახსნით დახლართულ პრობლემებს და მათი გადაწყვეტის გზებს მოძებნით. იმოქმედებთ ეფექტურად და ამასთან, ეს მხოლოდ თქვენს საქმეებს კი არა, არამედ გარშემომყოფების პრობლემებსაც ეხება – მათაც დიდსულოვნად დაეხმარებით.

0