ბათუმის პორტი

იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა - რას ყიდის და ყიდულობს საქართველო

60
(განახლებულია 11:51 22.02.2021)
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები იანვარში ჩინეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი გახდნენ, მათთან სავაჭრო ბრუნვამ მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 42,9% შეადგინა

თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. პანდემიის ფონზე საქართველოში ვაჭრობა ვარდნას განაგრძობს - 2021 წლის იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16,5%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 762,5 მილიონი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გათვალისწინების გარეშე), ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მასალაში.

2021 წლის იანვარში ქვეყნიდან 224,4 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა - 16,2%-ით ნაკლები წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

იმპორტმა მითითებულ პერიოდში შეადგინა 538,1 მილიონი დოლარი, რაც 16,6%-ით ნაკლებია 2020 წლის იანვრის მაჩვენებელზე.

2021 წლის იანვარში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 313,6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41,1%-ია.

რით ვაჭრობს საქართველო

საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ.

2021 წლის იანვარში გაიზარდა ფეროშენადნობის (50,8%), მინერალური და მტკნარი წყლის (18,4%), თხილის (165,4%), ციტრუსების ახალი ან გამხმარი ნაყოფის (16,5%) ექსპორტი.

ამავე დროს შემცირდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 54,2%-ით, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების – 0,9%-ით, ნატურალური ყურძნის ღვინის – 41,1%-ით, სპირტიანი სასმელების - 13,8%-ით, აზოტოვანი სასუქების – 49,1%-ით და ა.შ.

რას ყიდულობს საქართველო

საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.

2021 წლის იანვარში გაიზარდა საბურღი მანქანების (9 576,5%), სამკურნალო საშუალებების (20,4%), სატვირთო ავტომობილების (184,7%), ახალი საბურავების (1,7%) იმპორტი.

ამავე დროს აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების იმპორტი აღნიშნულ პერიოდში შემცირდა  18,5%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების – 28,9%-ით, მსუბუქი ავტომობილების 56,5%-ით, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების – 48,6%-ით, სატელეფონო აპარატების - 36,2%-ით, ელექტროენერგიის - 4,4%-ით და ა.შ.

ვისთან ვაჭრობს საქართველო

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები 2021 წლის იანვარში გახდნენ ჩინეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი. მათთან სავაჭრო ბრუნვამ 327 მილიონი დოლარი - მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42,9% შეადგინა.

ჩინეთი პირველ ადგილზეა

საქართველოს საგარეო ბრუნვამ ჩინეთთან დაახლოებით 126,5  მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 16,6%-ია. სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14,9% -ით გაიზარდა.

წლის დასაწყისიდან საქართველოდან ჩინეთში გავიდა დაახლოებით 14,2 ათასი ტონა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, 599 ათასი ტონა ძვირფასი ლითონები, დაახლოებით 162 ტონა ყურძნის სანელებლები და ა.შ.

ჩინეთიდან შემოვიდა 4,6 ათასი ტონა საბურღი მანქანები და მექანიზმები, 1,7 ათასი ტონა საბურავები და ა.შ.

მეორე ადგილს თურქეთი იკავებს

თურქეთი დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს საგარეო სავაჭრო პარტნიორებს შორის წამყვან პოზიციაზე იყო, თუმცა 2021 წლის იანვარში მან ადგილი ჩინეთს დაუთმო. მეზობელთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ამ პერიოდში 114,3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 15%-ია.

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 3,2%-ით შემცირდა.

2021 წლის იანვარში თურქეთში გავიდა 4,2 ათასი ტონა ფეროშენადნობები, დაახლოებით 7,5 ტონა შავი ლითონის ჯართი და ნარჩენები,  87,6 ათასი ტონა ტრიკოტაჟის ნაწარმი, 3,8 ათასი ტონა ნახშირბადიანი ფოლადის ნახევარფაბრიკატი და სხვა საქონელი.

აღნიშნულ პერიოდში თურქეთიდან შემოვიდა 80  სატვირთო ავტომობილი, 10 და მეტი ადამიანის გადასაყვანი 62 ავტომობილი, 158,1 ტონა მზა ნაწარმი სხვა ტანსაცმლის თარგების ჩათვლით, დაახლოებით 4,1 ათასი ტონა შავი ლითონის მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, 23,3 ტონა სამკურნალო პრეპარატი და ა.შ. 

აზერბაიჯანი მესამე ადგილზეა

აზერბაიჯანმა რუსეთს გაუსწრო და მასთან 2021 წლის იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 86,2 მილიონი დოლარი შეადგინა - მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 11,3%. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 17%-ით შემცირდა.

წლის დასაწყისიდან აზერბაიჯანში გავიდა 2029 მსუბუქი ავტომობილი, 142,4 ტონა სხვა თამბაქო და მისი შემცვლელები, 55 ტონა სიგარები, სიგარილები, სიგარეტები, 68,7 ტონა ბამბა საფეიქრო მასალებისაგან, საფეიქრო ბოჭკოები.

ამავე პერიოდში აზერბაიჯანიდან შემოვიდა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - 202,5 ათასი ტონა, ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 10,8 ათასი ტონა, ელექტროენერგია - 7 მლნ ღირებულების, წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან შემდგომი დამუშავების გარეშე - 2,8 ათასი ტონა და სხვ.

Fitch-მა საქართველოს რეიტინგი არ შეცვალა, თუმცა პროგნოზი „ნეგატიურია“>>

საქართველოს სხვა სავაჭრო პარტნიორები

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან: რუსეთი – 78,3 მილიონ დოლარზე მეტი, აშშ – დაახლოებით 39,7 მილიონი დოლარი, უკრაინა – 36,8 მილიონ დოლარზე მეტი, ბულგარეთი – დაახლოებით 33,1 მილიონი დოლარი, გერმანია – დაახლოებით 25,3 მილიონი დოლარი, სომხეთი – 24 მილიონ დოლარზე მეტი, იტალია – 18 მილიონ დოლარზე მეტი.

60
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (943)
კორონავირუსის ეპიდემია

COVID-19-ის ერთი წლის ქრონიკა და ინფიცირებული ეკონომიკის ანამნეზი...

319
(განახლებულია 15:57 01.03.2021)
რატომ და როგორ იზრდებოდა საქართველოში კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობა. ერთი წლის ქრონიკა ციფრებში. დაუშვა თუ არა მთავრობამ შეცდომა, როცა შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო და რა დაღი დაასვა COVID-19-მა ქვეყნის ეკონომიკას?

სამსონ ხონელი

ერთი წელი გავიდა, რაც მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გვაუწყა, რომ საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა. ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, განვლილ პერიოდს კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი, ვნახოთ, როგორი იყო ვირუსის გავრცელების დინამიკა, რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა სახელმწიფომ უხილავ მტერთან საბრძოლველად და, რაც მთავარია, როგორ აისახა COVID-19-ის პანდემია ქვეყნის ეკონომიკაზე.

ამთავითვე უნდა ითქვას, მთავრობამ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები გაითვალისწინა და COVID-19-თან საბრძოლველად მზადება ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. მომდევნო წლის იანვრის თვის ბოლოს ვირუსის გავრცელების პრევენციის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, 29 იანვარს ჩინეთთან, ხოლო 23 თებერვალს ირანთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა.

მას შემდეგ, რაც COVID-19-მა საქართველომდეც მოაღწია, მარტის დასაწყისში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი შეწყდა, დაიხურა საბავშვო ბაღებიც. მარტის პირველ კვირაში იტალიასთან ავიამიმოსვლა აიკრძალა, ხოლო მაღალი გავრცელების ზონის ქვეყნებიდან ჩამოსულ მოგზაურებს ორკვირიანი კრანტინი და თვითიზოლაცია დაუწესდა.

მარტის თვის მეორე დეკადაში ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საზღვარი ჩაიკეტა. ამავე პერიოდში დაიხურა სამთო კურორტები, აიკრძალა სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობა, დაიხურა ყველა ტიპის ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები. 21 მარტს კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აიკრძალა ათ ადამიანზე მეტის შეკრება და შესაძლო დარღვევევბზე საკმაოდ მაღალი ჯარიმა დაწესდა – ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარი, იურიდიული პირებისთვის – 15 000 ლარი.

31 მარტს საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. აიკრძალა საქალაქთაშორისო და ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი. მგზავრობა ნებადართული დარჩა მხოლოდ კერძო ავტომობილებით, ასევე ტაქსით. საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კომენდანტის საათი გამოცხადდა, ხოლო დიდ ქალაქებში საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოეწყო. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასაფლაოები ჩაიკეტა. ამავე პერიოდიდან დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

აპრილის თვის ბოლოს მკაცრი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო, თუმცა საგანგებო მდგომარეობა მაისის თვის ბოლომდე გახანგრძლივდა. ამავე პერიოდში ხალხის რჩეულებმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანეს. მთავრობას თითქმის იგივე უფლებები მიენიჭა, რაც საგანგებო მდგომარეობის დროს, იმ განხვავებით, რომ პრეზიდენტისა და პარლამენტის თანხმობა საჭირო უკვე აღარ იყო. კანონის მოქმედების ბოლო ვადა 15 ივლისით განისაზღვრა, თუმცა ის ჯერ მიმდინარე წლის 1 იანვრამდე, ბოლოს კი 1 ივლისამდე გახანგრძლივდა.

ზაფხულის თვეებში, სავარაუდოდ, ტურისტული სეზონის გადასარჩენად შეზღუდვების დიდი ნაწილი უკვე მოხსნილი იყო. 2020 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, ინფიცირების სულ 1487 და გარდაცვალების 19 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ეს, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი იყო. ეპიდემიოლოგთა დიდი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საშემოდგომოდ ინფიცირების რაოდენობის მატება სწორედ საზაფხულოდ კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქების შედეგია.

სექტემბრის ბოლოს COVID-19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 6192-ს მიაღწია. ზუსტად ერთი თვის შემდეგ ეს მაჩვენებელი 40 ათასს მიუახლოვდა. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ პიკს ნოემბერ-დეკემბერში მიაღწია. თუ გიორგობისთვის ბოლოს ქვეყანას 136.000-მდე კოვიდ-ინფიცირებული ჰყავდა, გასული წლის ბოლოს მათი რაოდენობა 227.000-მდე გაიზარდა.

მთავრობა იძულებული გახდა, ოქტომბრიდან შეზღუდვები ისევ გაემკაცრებინა. პირბადე გარე სიცრცეშიც სავალდებულო გახდა. ნოემბრის პირველი დეკადის ბოლოს გადაადგილება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე აიკრძალა. კომენდატის საათის გამოცხადებიდან მალევე, 28 ნოემბრიდან ქვეყანა კიდევ ერთხელ ჩაიკეტა, ანუ „ლოკდაუნი“ მეორედ გამოცხადდა. აქვე მოგახსენებთ, რომ 2020 წლის 21 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით კოვიდ-რეგულაციების დარღვევის გამო თითქმის 37 მილიონი ლარის ჯარიმა გამოიწერა.

დარწმუნებული ვარ, მკითხველს კარგად მოეხსენება, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლად დამტკიცებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა სულ რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას კოვიდ-რეგულაციების ეტაპობრივად მოხსნის გეგმა გააცნო. გარკვევით ითქვა ისიც, რომ თუ მოსახლეობა პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის წესს გაითვალისწინებს, ქვეყანა თანდათან ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. როგორ აისახება შეზღუდვების მორიგი მოხსნა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, ამას დრო გვიჩვენებს, მანამდე კი საზოგადოებაში არ წყდება დისკუსია − როდიდან და რა სახის რეგულაციები უნდა დაწესებულიყო, როგორია კოვიდ-შეზღუდვების ეფექტი ეპიდსიტუაციაზე და მისი ნეგატიური ზემოქმედების ხარისხი ეკონომიკაზე?

არახალია, ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა. თანმიმდევრულად მივყვეთ და რამდენიმე პარამეტრი მიმოვიხილოთ.

მთლიანი შიდა პროდუქტი − გასულ წელს ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნის მაჩვენებეელი 1994 წლიდან მოყოლებული ყველაზე უარესი – 6.1 პროცენტი იყო, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირების მსოფლიო მაჩვენებელს 2.1 პროცენტით აღემატება. არასახარბიელოა მიმდინარე წლის პროგნოზიც. მართალია, ბიუჯეტი 4.3 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზე დაიგეგმა, ხოლო ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 4 პროცენტით უნდა გაიზარდოს, მაგრამ ფაქტია, რომ ახალი წლის პირველი თვე ეკონომიკის 11.5 პროცენტიანი შემცირებით დასრულდა. 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები − სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს გასული წლის საბოლოო შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებია და ჩვენც ისღა დაგვრჩენია, პირველი სამი კვარტლის მონაცემებით ვიხელმძღვანელოთ. ამ პერიოდში საქართველოში 719 მილიონი ამერიკული დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24 პროცენტით ნაკლებია და ბოლო ათი წლის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

საგარეო ვაჭრობა − გასულ წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა, კერძოდ, ექსპორტი 11.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი − 16.6 პროცენტით შემცირდა. ანალიტიკოსთა შეფასებებით, იმპორტის შედარებით უფრო დიდი მოცულობით შემცირება მისი ადგილობრივი ნაწარმით ჩანაცვლებამ კი არა, ნავთობზე ფასების ვარდნამ და მსყიდველობითუნარიანობის კლებამ განაპირობა.

ფულადი გზავნილები − გასული წლის განმავლობაში საქართველოში საზღვარგარეთიდან რეკორდული ოდენობის − 1.886 მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილი განხორციელდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 8.8 პროცენტით მეტია, ხოლო მიმდინარე წლის იანვარში ეს მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19 პროცენტით გაიზარდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, COVID-19-ის პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, როდესაც საგარეო ვაჭრობაც შემცირდა, ინვესტიციების მოცულობაც, ტურიზმიც და პრაქტიკულად ყველა სხვა ეკონომიკური აქტივობა, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების ზრდაში გარკვეული როლი მისმა ბოლომდე გაოფიციალურებამაც შეასრულა. სატრანსპორტო მიმოსვლის აკრძალვის გამო ემიგრანტებმა თანხის ახლობლისთვის ხელზე გატანების საშუალება დაკარგეს. ფულადი გზავნილები კონკრეტულ ადრესატამდე საბანკო სისტემის გავლით მიდიოდა და, შესაბამისად, მარტივად აღირიცხებოდა.

ტურიზმი − არავის გაუკვირდება, სფეროდან შემოსავალი ფაქტობრივად განულდა. სექტორი 2000-იანი წლების მაჩვენებლებს დაუბრუნდა.   

უმუშევრობა − გასული წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობა 3.8 პროცენტით გაიზარდა და 20.4 პროცენტი შეადგინა, რაც 2018 წლის პირველი კვარტლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 1,197 მილიონს დაუბრუნდა, რაც შვიდი წლის წინანდელი მაჩვენებელია.  

ეროვნული ვალუტა − თავისი არსებობის მეოთხედსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში პირველად გასცდა სამიან ნიშნულს. გასულ წელს ლარი საშუალოდ 16 პროცენტით გაუფასურდა.

და, ბოლოს, სიღარიბისა და უკიდურესი სიღარიბის ზუსტი სტასტისტიკა უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ გასულ წელს სოციალური დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობა თითქმის 100 ათასით გაიზარდა და ნახევარ მილიონს გადააჭარბა.

ასეთია COVID-19-ის ერთი წლის არასრული სტატისტიკა. ვნახოთ, რა იქნება კიდევ ერთი წლის შემდეგ. შეძლებს თუ არა საქართველო დროულად დაიწყოს ვაქცინაციის პროცესი, გაუსწორდეს პანდემიას, დაამარცხოს უხილავი მტერი და დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს... მანამდე კი, სხვა რა დაგვრჩენია, გავიკეთოთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და ხშირად დავიბანოთ ხელები.

 

319
კომოანია Standard & Poor's -ს ლოგო

როგორ აისახა პანდემია საქართველოს ეკონომიკაზე: S&P პროგნოზს აუარესებს

63
(განახლებულია 14:31 28.02.2021)
სააგენტო ვარაუდობს, რომ 2020 წელს საქართველოს რეალური მშპ-ის 6%-ით შემცირების შემდეგ, 2021 წელს ის 4%-ით გაიზრდება. ის აღნიშნავს, რომ ეკონომიკის ზრდის საშუალოვადიან პერსპექტივებზე ზოგიერთმა პრობლემამ შესაძლოა გავლენა იქონიოს.

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. რისკები უცხოური ინვესტიციებისთვის, კორონავირუსის გამო ექსპორტის შემცირება და ტურიზმის შემოსავლების კუთხით პროგნოზის გაუარესება - ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე, ნათქვამია ანგარიშში, რომელიც გამოაქვეყნა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ S&P Global Ratings.

სააგენტომ გადახედა თავის პროგნოზს საქართველოს მიმართ და ის „სტაბილურიდან“ „ნეგატიურამდე“ ჩამოაქვეითა. ამავე დროს უცხოურ და ადგილობრივ ვალუტაში გრძელვადიანი და მოკლევადიანი სუვერენული საკრედიტო რეიტინგები BB/B დონეზე დატოვა.

„ნეგატიური პროგნოზი ასახავს რისკებს, რომლებიც შეიძლება შეექმნას საქართველოს თავისი მნიშვნელოვანი საგარეო ვალდებულებების მომსახურების დროს საკმარისი სავალუტო შემოსავლების გენერირების კუთხით. სავარაუდოდ, ტურისტული სექტორის აღდგენა ვაქცინების გლობალურ დანერგვას ჩამორჩება, და ჩვენ ვერ ვივარაუდებთ 2019 წლის ტურისტული აქტიურობის დონის 2024 წლამდე დაბრუნებას. მეტად არასტაბილურ შიდა პოლიტიკურ ვითარებასთან ერთად ამან შეიძლება გააუარესოს უცხოური ინვესტიციების მოდინების საშუალოვადიანი პერსპექტივები, რაც, ჩვენი თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ზრდისთვის და საგარეო დაფინანსებისთვის“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამავე დროს S&P აღნიშნავს, რომ სააგენტო მზადაა გადახედოს პროგნოზს და ის „სტაბილურით“ შეცვალოს, თუ სავალუტო შემოსავლები მოსალოდნელზე სწრაფად აღდგება.

ნეგატიური ზეგავლენა ეკონომიკაზე

სააგენტო ვარაუდობს, რომ 2020 წელს საქართველოს რეალური მშპ-ის 6%-ით შემცირების შემდეგ, 2021 წელს ის 4%-ით გაიზრდება. ის აღნიშნავს, რომ ეკონომიკის ზრდის საშუალოვადიან პერსპექტივებზე ზოგიერთმა პრობლემამ შესაძლოა გავლენა იქონიოს.

S&P რისკებად აფასებს ტურიზმის სუსტ აღდგენას, ვაქცინაციის ნელ ტემპს და უცხოური ინვესტიციების მოდინების შემცირებას.

„გარდა ამისა, ხშირი პოლიტიკური კრიზისების შედეგად არსებობს რეფორმების იმპულსის შესუსტების და უცხოური ინვესტორების მიერ საქართველოს სტაბილურობის აღქმის რისკი“, - ნათქვამია ანგარიშში.

სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ზრდის პერსპექტივებს საფრთხე შეიძლება შეუქმნას ასევე ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ნაადრევმა გამკაცრებამ.

„ეკონომიკურ აქტივობას, მათ შორის შერყეულ სასტუმრო სექტორში, სარგებელს მოუტანს შემზღუდავი ზომების შერბილება. შეზღუდვები კვლავ დაწესდა 2020 წლის ბოლო კვარტალში COVID-19-ის შემთხვევების მკვეთრი ზრდის შემდეგ. 2021 წელს სახელმწიფო მხარდაჭერის ზოგიერთი ზომების გაგრძელებამ ასევე უნდა შეუწყოს ხელი ეკონომიკურ ზრდას“, - აღნიშნეს სააგენტოში.

ასევე, S&P საქართველოს მთავრობის ვაქცინაციის გეგმას ამბიციურს უწოდებს.

„მიგვაჩნია, რომ მსოფლიო მოთხოვნა-მიწოდების დინამიკის გათვალისწინებით, მთავრობის მიერ გაცხადებული გეგმა წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციის შესახებ საკმაოდ ამბიციურია. მოსალოდნელია, რომ საქართველო 2021 წლის პირველ ნახევარში COVAX-ისგან დაახლოებით 214 ათას დოზას მიიღებს. ეს ნიშნავს, რომ 2021 წლის შუა პერიოდში ვაქცინაციის დონე მოსახლეობის საერთო რიცხვის 2,8%-ს შეადგენს (ერთ ადამიანზე ორი დოზის გათვალისწინებით),“ - აღნიშნულია ანგარიშში.

სწორედ ვაქცინის დანერგვაზე იქნება დამოკიდებული ტურისტული სექტორის ბედი, მიაჩნიათ სააგენტოში.

„ტურისტული სექტორის პერსპექტივები ბუნდოვანი რჩება. იმ დროს, როდესაც  შიდა ტურისტული აქტივობა გარკვეულწილად გრძელდებოდა 2020 წელს, ქვეყანაში უცხოელი ტურისტების შემოდინება 2019 წელთან შედარებით 83%-ით შემცირდა. ჩვენი თვალსაზრისით, ამ სექტორის ბედი დაკავშირებული იქნება  ვაქცინის დანერგვის პროგრესთან არა მხოლოდ ქვეყანის შიგნით, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც, საიდანაც ჩამოდის საქართველოს ვიზიტორების უმეტესობა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

პოლიტიკის გავლენა ეკონომიკაზე

S&P ნეგატიურად აფასებს ასევე პოლიტიკური კრიზისის ზეგავლენას.

„პოლიტიკურმა დაძაბულობამ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შესაძლოა შეასუსტოს რეფორმების იმპულსი და ხელისუფლების ცენტრალიზაციის რისკების ფონზე ავნოს საერთაშორისო ინვესტორების აღქმას საქართველოს სტაბილურობასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ანგარიშში.

სააგენტო აღნიშნავს, რომ თუმცაღა ოპოზიციის მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ სავარაუდოდ არ დაკმაყოფილდება, არსებობს სივრცე სხვა პოლიტიკური დათმობებისთვის, რომლებიც ქვეყანას ჩიხიდან გამოიყვანდა.

„საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა, რაც ქვეყნის ოპოზიციის ლიდერის დაკავების საქმეს უკავშირდებოდა, კიდევ უფრო ართულებს საქართველოში მოკლევადიანი პოლიტიკის განჭვრეტას. თუმცა, მთავრობის მიერ გაცხადებული მაკროეკონომიკური დღის წესრიგი უცვლელი რჩება“, - აღნიშნეს სააგენტოში.

ხელისუფლების რეაქცია

საქართველოს მთავრობაში საქართველოს საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება დადებითად შეაფასეს.

„სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ის მიერ რეიტინგის შენარჩუნება ადასტურებს მთავრობის მიერ გატარებულ გონივრულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ.

ამავე დროს მან განმარტა, რით არის გამოწვეული სააგენტოს ნეგატიური პროგნოზი.

„სააგენტოს მიერ განსაზღვრული „ნეგატიური“ პერსპექტივა, ძირითადად, გამოწვეულია გლობალურად, ტურიზმის აღდგენის შედარებით ნელი პერსპექტივიდან გამომდინარე. S&P Global-ის შეფასებით, ტურიზმის აღდგენა მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში, შედარებით ნელი ტემპებით მოხდება, ვიდრე ამას დასაწყისში ელოდნენ. ტურიზმის სწრაფი აღდგენის შემთხვევაში, რისი მაღალი მოლოდინიც ჩვენ გვაქვს, კომპანია გამოხატავს პერსპექტივის აღდგენის მზადყოფნას,“ – აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.

S&P შეფასება და Fitch-ის მონაცემები

ერთი კვირის წინ სხვა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა დატოვა საქართველოს ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში BB დონეზე. პროგნოზი - „ნეგატიურია“.

„ნეგატიური“ პროგნოზი, Fitch-ის ანალიტიკოსების აზრით, ასახავს კორონავირუსის პანდემიის მნიშვნელოვან გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე.

მათი მტკიცებით, პანდემია იწვევს მსხვილი ტურისტული სექტორის მქონე საქართველოს მცირე, ღია ეკონომიკის მკვეთრ შემცირებას, საბიუჯეტო ანგარიშების შესამჩნევ გაუარესებას, მათ შორის, სახელმწიფო ვალის ზრდას, და უფრო მოწყვლადს ხდის მას, რაც მომდინარეობს საქართველოს დიდი საგარეო ვალიდან და მიმდინარე ანგარიშის უფრო ფართო სტრუქტურული დეფიციტიდან BB კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით.

Fitch-ის პროგნოზით, 2020 წელს პანდემიით გამოწვეული 6,1%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.3%-ით, ხოლო 2022 წელს – 5.8%-ით გაიზრდება.

სააგენტოს ანალიტიკოსების აზრით, საქართველოს მშპ-ის ზრდის მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორს შიდა მოთხოვნილების მატება წარმოადგენს, ვინაიდან შეზღუდვების შემსუბუქება ხელს უწყობს კერძო მოხმარებას, ხოლო ინფრასტრუქტურაზე სახელმწიფოს მიერ გაწეული, ჩვეულებრივზე დიდი ხარჯი, კერძო სექტორის სუსტი გაჯანსაღების მიუხედავად, ინვესტიციებს წაახალისებს.

63
 შოუ The Voice Georgia

„ვიცე-მის საქართველო“, მძიმე როკი და რესტორნის მომღერლები: რა მოამზადა ქართულმა „ვოისმა“

0
(განახლებულია 22:21 01.03.2021)
პროექტში The Voice of Georgia თავი მოიყარეს ყველაზე, ყველაზე გამორჩეულებმა - მოდელებმა, ქუჩის მუსიკოსებმა, რესტორნის მომღერლებმა და უბრალოდ სიმღერის მოყვარულებმა

შაბათს ვოკალური ტელეპროექტის The Voice of Georgia სეზონის მეორე გამოშვება - ბრმა მოსმენების ეტაპი გაიმართა. Sputnik-საქართველო მკითხველს ყველაზე გამორჩეულ კონკურსანტებსა და ნომრებს აცნობს.

სანდრო ლაშხი

სანდრო ლაშხი 20 წლის სტუდენტი და ქუჩის მუსიკოსია სასიამოვნო ხრინწიანი ხმით. მუსიკა ლაშხის ერთადერთი გატაცება არ არის. ის დროს უთმობს ფოტოგრაფიასა და ხატვას, განსაკუთრებით კი მოტოციკლეტები უყვარს.

სანდრომ შეასრულა ჯგუფის The Animals სიმღერა The house of rising sun. დაიწყო დაბალი ტონალობით, შემდეგ კი ზედა რეგისტრში გადავიდა. იგი მძიმე და კლასიკური როკის თაყვანისმცემელია. სანდრომ ნიკა რაჭველი და სალიო შემოაბრუნა, არჩევანი კი სალიოს გუნდზე შეაჩერა. 

მარიამ დოკვაძე

ოცდასამი წლის მარიამ დოკვაძე რუსთავიდანაა. გოგონას დედის თქმით, იგი ბავშვობიდან გამოირჩეოდა სრულყოფილი სმენით, ამიტომ გადაწყვიტეს მუსიკალურ სკოლაში მიყვანა. მარიამმა იქ მხოლოდ რამდენიმე წელი იარა, ამიტომ მიაჩნია, რომ თვითნასწავლია. 18 წლის ასაკში მარიამმა შექმნა ბენდი, რომელთან ერთადაც რესტორნებში გამოდიოდა.

პროექტისთვის დოკვაძემ შეარჩია არეტა ფრანკლინის სიმღერა Respect. გოგონამ ენერგიითა და ძლიერი ვოკალით თავიდანვე დაიმსახურა სტეფანესა და სალიოს მოწონება. მან სტეფანეს გუნდი აირჩია.

ლარა იანი

ამ გამოშვების ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი მონაწილე თბილისელი 28 წლის ლარა იანი იყო. 2017 წელს ლარა მონაწილეობდა სილამაზის კონკურსში „მის მსოფლიო“, როგორც „ვიცე-მის საქართველო“, 2020 წელს კი მოსკოვში გაემგზავრა, სადაც 2020 წლის პირველი „ვიცე-მის ოფისი“ გახდა.

გოგონამ შეასრულა ბიონსეს სიმღერა Runnin. მსმენელი და მეგობარი ბიჭი ამაოდ ელოდნენ, რომ მისკენ ჟიურის რომელიმე წევრი შემობრუნდებოდა, თუმცა სიმღერის დასრულების შემდეგ, გოგონას დანახვისას, სტეფანემ ის კომპლიმენტებით აავსო.

სალომე ხუჯაძე

18 წლის თბილისელი სალომე ხუჯაძე ბავშვობიდან გატაცებულია სიმღერით. გოგონა საკმაოდ თავდაჯერებულია და გამოსვლამდე თითქმის არ ღელავდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი პირველი პროექტია. ხუჯაძემ შეასრულა ჯენიფერ ჰადსონის სიმღერა I'm changing.

მან ხმის ტემბრით ჟიურის სამი წევრი მოხიბლა - სტეფანე, ნიკა რაჭველი და სალიო. არჩევანი კი მაესტრო რაჭველის გუნდზე შეაჩერა.

კატო ვერხვიაშვილი

31 წლის კატო თბილისში ცხოვრობს. დაიბადა მუსიკალურ ოჯახში, მაგრამ ძალები სპორტშიც აქვს მოსინჯული. ამჟამად მუსიკის გარდა ფოტოგრაფიითაა გატაცებული. პროექტ „ვოისის“ სცენაზე თავისი პირველი გამოსვლა კატომ მიუძღვნა მამას, რომელიც სამი თვის წინ გარდაიცვალა.

კატომ ტომ ჟობიმის სიმღერის Meditation პირველივე ნოტებიდან მიიქცია ყურადღება. სტეფანემ მომღერალი შეაფასა, როგორც ძალიან ალტერნატიული. ამასობაში მისკენ სალიო შემობრუნდა, რომელიც კატოს ნამღერმა ისე აღაფრთოვანა, რომ ჟიურის დანარჩენი წევრების ღილაკებსაც თავად დააჭირა ხელი. საბოლოოდ მომღერალი ნიაზ დიასამიძის გუნდში მოხვდა.

The Voice of Georgia - არის სატელევიზიო ვოკალური შოუ. 2012 წლიდან კონკურსი „იმედის“ არხზე გადიოდა, ამჟამად კი „პირველი არხით“ გადაიცემა.

ადრე მას ეწოდებოდა „ახალი ხმა“. პირველი ორი სეზონის გამარჯვებულები გახდნენ სალომე ქათამაძე და მარიამ ჩაჩხიანი. პროექტი არის ორიგინალური ფორმატის The Voice ქართული ანალოგი. პროექტი 2010 წელს ჰოლანდიურ ტელევიზიაში RTL4 გამოჩნდა, როგორც The Voice of Holland.

0