გიორგი გახარია

ბოლო სერია გიორგი გახარიასთვის: ხედვა მოსკოვიდან

27
(განახლებულია 18:29 19.02.2021)
საახალწლო დღესასწაულების შემდეგ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, რომელიც მის შესაძლო გადადგომას ეხებოდა, საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ასე უპასუხა: „ისე დაჟინებით მეკითხებით, გინდათ „დაგასპოილეროთ“? დაელოდეთ ფინალურ სერიას“.

სერგეი მარკედონოვი

საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის 18 თებერვალს დასრულდა ერთი წლისა და ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური სერიალი.

გახარიამ პრემიერის თანამდებობა მზარდი ტურბულენტობის ფონზე დაიკავა. მინისტრთა კაბინეტის მეთაურის სავარძელში ის „გავრილოვის ღამისა“ და მასობრივი პროტესტის შემდეგ აღმოჩნდა, რომლის განმუხტვასაც ის შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში ცდილობდა. სხვათა შორის, მის შინაგან საქმეთა მინისტრობას დაემთხვა ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ პირველი დიდი საზოგადოებრივი გამოსვლები.

გახარიამ ანტიკრიზისული მენეჯერის უზარმაზარი გამოცდილება შეიძინა. ამ რანგში ის 2019 წლის მიწურულისა და 2020 წლის დასაწყისის პროტესტის შეკავებითა და ასევე მინისტრთა კაბინეტის მართვით იყო დაკავებული COVID-19-ის პანდემიის პირობებში. მისი პრემიერობისას ხელი მოეწერა მემორანდუმს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. გახარია მინისტრთა კაბინეტის სათავეში იდგა ოთხწლიანი პოლიტიკური ციკლის მთავარი კამპანიის — საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება–ჩატარების პერიოდში, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე რთული პერიოდი იყო 2012 წლის შემდეგ. ყოფილ პრემიერს ალბათ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ეწოდოს კრიზისების მართვის ყველაზე ცნობილი სპეციალისტი. თუმცა, გარკვეულწილად — მათი შექმნისაც.

გამორიცხული არ არის, რომ მომავალში მასზე კვლავ გაჩნდეს მოთხოვნილება სხვა, არანაკლებ საინტერესო პოლიტიკურ სერიალებში — შესაძლოა, ოპოზიციური მხრიდანაც. საქართველოს პოსტსაბჭოური ისტორია სავსეა მსგავსი გარდასახვებით — დაწყებული მიხეილ სააკაშვილითა და ნინო ბურჯანაძით, დამთავრებული გიორგი მარგველაშვილით, რომელიც თავს „ოპოზიციონერ პრეზიდენტად“ წარმოაჩენდა, და ყოფილი მინისტრით გიორგი ხაინდრავათი, რომელიც ჩინოვნიკის კარიერის დასრულების შემდეგ ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსი გახდა.

მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ წინაა — ვარაუდების სფეროა. დღეს დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ საქართველოს მალე ახალი პრემიერი ეყოლება. გახარიას ამჟამინდელი გადადგომა კი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად წარმოქმნილი ახალი ტურბულენტობის შედეგია. რამდენად სერიოზულია ეს ძვრა საქართველოსთვის? შეიძლება თუ არა, ეს მხოლოდ და მხოლოდ საშინაო მოვლენად განიხილებოდეს? ექნება თუ არა მას საგარეო პოლიტიკური შედეგები?

გადადგომა: საბაბი და მიზეზები

პრემიერის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება გახარიამ სავსებით მკაფიოდ და არაორაზროვნად ახსნა. საგანგებო ბრიფინგზე მან თქვა, რომ გადაწყვეტილება ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირების მიზნით მიიღო. მან ხაზი გაუსვა, რომ გადადგომის უშუალო საბაბი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკანორ მელიას სისხლის სამართლებრივი დევნა გახდა.

მელიას ბრალად ედება 2019 წლის ივნისში მასობრივი არეულობის ორგანიზება. ამ მოვლენებმა დიდწილად განაპირობა კიდეც ქართულ ავანსცენაზე გიორგი გახარიას გამოჩენა. მანამდე მელია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მაგრამ 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. მისმა მხარდამჭერებმა კი სცადეს – არ დაეშვათ ეს. როგორც ჩანს, ყოფილ პრემიერს მმართველ პარტიასთან და ბიძინა ივანიშვილთან (რომელმაც ჩრდილში გადაინაცვლა) არჩევნების შემდგომი კრიზისის მოგვარების საბაზისო სცენარის თაობაზე უთანხმოებები დაუგროვდა.

განვიხილოთ მისი ძირითადი ელემენტები. პარლამენტის საარჩევნო კამპანიის შედეგად „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. თუმცა ჭრელმა ოპოზიციურმა სპექტრმა, მიუხედავად მის ლიდერებს შორის მრავალი უთანხმოებისა, ახალი მოწვევის პარლამენტის მიუღებლობის საკითხში გასაოცარი ერთიანობა გამოავლინა. მან ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტის მუშაობას და მთავრობის ჩამოყალიბება მხოლოდ მმართველ პარტიას ხვდა წილად. „ქართულმა ოცნებამაც“ არ დააყოვნა და შემთხვევით ისარგებლა, თუმცა ამ წარმატებამ შიდა პოლიტიკური სტაბილიზაცია არ მოუტანა. ერთი შეხედვით, ყველა საკვანძო პოზიცია „მეოცნებეების“ კონტროლქვეშ აღმოჩნდა, მაგრამ ხელახლა ჩამოყალიბებული ხელისუფლების სტრუქტურები, ფაქტობრივად, კვლავ ლეგიტიმურობის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდნენ.

ამ ვითარებაში მთავრობის წინაშე რამდენიმე შესაძლო ოფცია გაიხსნა. პირველი — ძალისმიერი. მეორე — მოლაპარაკებების გზა. და, ბოლოს, მესამე — „მათრახისა და თაფლაკვერის“ შერწყმის მცდელობა. მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებიც გაიმართა, მაგრამ მას არსებითი წინსვლა არ მოჰყოლია. ალბათ გარკვეულ მომენტში ხელისუფლებამ დაღლა იგრძნო. ოპოზიციის განწყობის გარდატეხა ვერ მოხერხდა, რასაც შედეგად ოპონენტებთან დიალოგის გამკაცრების მცდელობა მოჰყვა. მელიას კაზუსი ამის დასტურია. სხვათა შორის, ამ პოლიტიკოსს დღეს ეძლევა შანსი, განიმტკიცოს პირადი პოზიციები როგორც საკუთარ პარტიაში, ისე მთლიანად ოპოზიციურ მოძრაობაში. მელია პოლიტემიგრანტი კი არ არის, რომელიც შორიდან იწერება წერილებს, არამედ შიდა ბრძოლაში ჩართული მოღვაწეა.  

გახარიას გადადგომა — ეს ერთ-ერთი ოპოზიციონერის გაძლიერებაცაა. დიდი ალბათობით, პრემიერი არ ეთანხმებოდა ძალოვანი შემადგენლის გაძლიერებას. მასზე უკეთ ხომ არავინ იცის, რა დანაკარგები ახლავს ამ გზას. 2019 წლის გამოცდილება ამაზე არაორაზროვნად მიუთითებს.

საგარეო პოლიტიკური განზომილება

საქართველოში დღეს განვითარებული მოვლენები, რასაკვირველია, შიდა პოლიტიკური კრიზისის შედეგია. ის ვერ იქნება განხილული, როგორც კავკასიის რეგიონში გეოპოლიტიკური მეტოქეობის პირდაპირი გაგრძელება. თუმცა ამ ყველაფერს საგარეო პოლიტიკური მიზეზებიც აქვს.

დავიწყოთ იმით, რომ ოფიციალური თბილისის პარტნიორები აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან მეტად სკეპტიკურად უყურებენ ძალისმიერ სცენარს, რომლის შედეგადაც „ქართული ოცნება“ მონოპოლისტი გახდებოდა. საქმე სულაც არ ეხება ბრიუსელისა და ვაშინგტონის სწრაფვას, დაიცვას ადამიანის უფლებები. ასეთი მზრუნველობა ყოველთვის არ ვლინდება არც პოსტსაბჭოურ პოლიტიკაში, არც ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ ასეთ მონოპოლიაში (რომელიც შტატებისა და, შედარებით მცირე დოზით, ევროკავშირის ხილული დახმარების გარეშე ყალიბდება) თბილისის პარტნიორები ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის საფრთხეს ხედავენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ამის ჰიპოთეტური ალბათობა ჩნდება. სწორედ თეორიულად, მაგრამ ოკეანის გაღმა რისკების გათვლა შეუძლიათ. ამიტომ ის, რაც შესაძლებელია ბაქოსა თუ აშხაბადში, პრობლემურია თბილისში. შეუძლებელია, რომ გახარიასა და მის თანამებრძოლებს (ახლა კი უკვე მის ოპონენტებს მმართველ პარტიაში) ეს არ ესმოდეთ.

თუმცა, საგარეო მოთამაშეების გათვლების გარდა, ასევე მნიშვნელოვანია პოლიტიკოსთა ბრძოლის მეთოდებისა და მათი უნარის გათვალისწინება – მოახვიონ ისინი თავს საზოგადოებას.  

2021 წლის 16 თებერვალს ასი წელი შესრულდა იმ დღიდან, რაც საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა მისი თავმჯდომარის ფილიპე მახარაძის ხელმძღვანელობით საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკა გამოაცხადა და რუსეთის მთავრობას სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა. დღეს ეს მოვლენა ოფიციალურ დონეზეა აღიარებული ოკუპაციის დასაწყისად. ამასთან, არავითარი არსებითი განსხვავება საბჭოთა და რუსულ პრაქტიკას შორის არ კეთდება. როგორც წესი, ზამთრის მიწურულს 1921 წლის მოვლენების გახსენებას ამა თუ იმ პოლიტიკური ძალების მობილიზაციისთვის იყენებენ დღევანდელი ამოცანების გადასაჭრელად. კერძოდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ აპელირებს ასი წლის წინანდელი ისტორიით და საქართველოს დღევანდელ მთავრობას რუსეთთან დათმობაზე წასვლასა და ლამის შემწყნარებლობაშიც კი სდებს ბრალს.

ხელისუფლებას კი, რომელიც იძულებულია თავი იმართლოს, ნებსით თუ უნებლიეთ, ითრევენ რუსული თემის აგორებაში, რაც ნაკლებად უკავშირდება საკუთრივ რუსეთის ფედერაციას, ორმხრივად აქტუალურ საკითხებს. ამის მიუხედავად, აღნიშნული საკითხი შიდა პოლიტიკური ბრძოლის ნაწილად ყალიბდება, რაც ხელს უშლის რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებასა და ამ მიმართულებით პერსპექტივების არსებითი განხილვების დღის წესრიგში დაბრუნებას.

ამგვარად, არჩევნების შემდგომი კრიზისი საქართველოში გადალახული არ არის. ეს არ ნიშნავს დაუყოვნებლივ რევოლუციასა და ხელისუფლების შეცვლას. მაგრამ არც ჩიხიდან გამოსავალი არ ჩანს — მთავრობისა თუ ოპოზიციის მხრიდან დათმობების შემთხვევაშიც კი. ფსონების აწევას ყველა უფრთხის, მაგრამ არც დაპირისპირების გრადუსის დაწევას სურთ.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

27
კორონავირუსის ეპიდემია

COVID-19-ის ერთი წლის ქრონიკა და ინფიცირებული ეკონომიკის ანამნეზი...

320
(განახლებულია 15:57 01.03.2021)
რატომ და როგორ იზრდებოდა საქართველოში კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობა. ერთი წლის ქრონიკა ციფრებში. დაუშვა თუ არა მთავრობამ შეცდომა, როცა შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო და რა დაღი დაასვა COVID-19-მა ქვეყნის ეკონომიკას?

სამსონ ხონელი

ერთი წელი გავიდა, რაც მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გვაუწყა, რომ საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა. ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, განვლილ პერიოდს კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი, ვნახოთ, როგორი იყო ვირუსის გავრცელების დინამიკა, რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა სახელმწიფომ უხილავ მტერთან საბრძოლველად და, რაც მთავარია, როგორ აისახა COVID-19-ის პანდემია ქვეყნის ეკონომიკაზე.

ამთავითვე უნდა ითქვას, მთავრობამ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები გაითვალისწინა და COVID-19-თან საბრძოლველად მზადება ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. მომდევნო წლის იანვრის თვის ბოლოს ვირუსის გავრცელების პრევენციის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, 29 იანვარს ჩინეთთან, ხოლო 23 თებერვალს ირანთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა.

მას შემდეგ, რაც COVID-19-მა საქართველომდეც მოაღწია, მარტის დასაწყისში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი შეწყდა, დაიხურა საბავშვო ბაღებიც. მარტის პირველ კვირაში იტალიასთან ავიამიმოსვლა აიკრძალა, ხოლო მაღალი გავრცელების ზონის ქვეყნებიდან ჩამოსულ მოგზაურებს ორკვირიანი კრანტინი და თვითიზოლაცია დაუწესდა.

მარტის თვის მეორე დეკადაში ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საზღვარი ჩაიკეტა. ამავე პერიოდში დაიხურა სამთო კურორტები, აიკრძალა სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობა, დაიხურა ყველა ტიპის ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები. 21 მარტს კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აიკრძალა ათ ადამიანზე მეტის შეკრება და შესაძლო დარღვევევბზე საკმაოდ მაღალი ჯარიმა დაწესდა – ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარი, იურიდიული პირებისთვის – 15 000 ლარი.

31 მარტს საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. აიკრძალა საქალაქთაშორისო და ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი. მგზავრობა ნებადართული დარჩა მხოლოდ კერძო ავტომობილებით, ასევე ტაქსით. საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კომენდანტის საათი გამოცხადდა, ხოლო დიდ ქალაქებში საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოეწყო. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასაფლაოები ჩაიკეტა. ამავე პერიოდიდან დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

აპრილის თვის ბოლოს მკაცრი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო, თუმცა საგანგებო მდგომარეობა მაისის თვის ბოლომდე გახანგრძლივდა. ამავე პერიოდში ხალხის რჩეულებმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანეს. მთავრობას თითქმის იგივე უფლებები მიენიჭა, რაც საგანგებო მდგომარეობის დროს, იმ განხვავებით, რომ პრეზიდენტისა და პარლამენტის თანხმობა საჭირო უკვე აღარ იყო. კანონის მოქმედების ბოლო ვადა 15 ივლისით განისაზღვრა, თუმცა ის ჯერ მიმდინარე წლის 1 იანვრამდე, ბოლოს კი 1 ივლისამდე გახანგრძლივდა.

ზაფხულის თვეებში, სავარაუდოდ, ტურისტული სეზონის გადასარჩენად შეზღუდვების დიდი ნაწილი უკვე მოხსნილი იყო. 2020 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, ინფიცირების სულ 1487 და გარდაცვალების 19 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ეს, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი იყო. ეპიდემიოლოგთა დიდი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საშემოდგომოდ ინფიცირების რაოდენობის მატება სწორედ საზაფხულოდ კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქების შედეგია.

სექტემბრის ბოლოს COVID-19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 6192-ს მიაღწია. ზუსტად ერთი თვის შემდეგ ეს მაჩვენებელი 40 ათასს მიუახლოვდა. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ პიკს ნოემბერ-დეკემბერში მიაღწია. თუ გიორგობისთვის ბოლოს ქვეყანას 136.000-მდე კოვიდ-ინფიცირებული ჰყავდა, გასული წლის ბოლოს მათი რაოდენობა 227.000-მდე გაიზარდა.

მთავრობა იძულებული გახდა, ოქტომბრიდან შეზღუდვები ისევ გაემკაცრებინა. პირბადე გარე სიცრცეშიც სავალდებულო გახდა. ნოემბრის პირველი დეკადის ბოლოს გადაადგილება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე აიკრძალა. კომენდატის საათის გამოცხადებიდან მალევე, 28 ნოემბრიდან ქვეყანა კიდევ ერთხელ ჩაიკეტა, ანუ „ლოკდაუნი“ მეორედ გამოცხადდა. აქვე მოგახსენებთ, რომ 2020 წლის 21 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით კოვიდ-რეგულაციების დარღვევის გამო თითქმის 37 მილიონი ლარის ჯარიმა გამოიწერა.

დარწმუნებული ვარ, მკითხველს კარგად მოეხსენება, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ახლად დამტკიცებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა სულ რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას კოვიდ-რეგულაციების ეტაპობრივად მოხსნის გეგმა გააცნო. გარკვევით ითქვა ისიც, რომ თუ მოსახლეობა პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის წესს გაითვალისწინებს, ქვეყანა თანდათან ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. როგორ აისახება შეზღუდვების მორიგი მოხსნა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, ამას დრო გვიჩვენებს, მანამდე კი საზოგადოებაში არ წყდება დისკუსია − როდიდან და რა სახის რეგულაციები უნდა დაწესებულიყო, როგორია კოვიდ-შეზღუდვების ეფექტი ეპიდსიტუაციაზე და მისი ნეგატიური ზემოქმედების ხარისხი ეკონომიკაზე?

არახალია, ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა. თანმიმდევრულად მივყვეთ და რამდენიმე პარამეტრი მიმოვიხილოთ.

მთლიანი შიდა პროდუქტი − გასულ წელს ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნის მაჩვენებეელი 1994 წლიდან მოყოლებული ყველაზე უარესი – 6.1 პროცენტი იყო, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირების მსოფლიო მაჩვენებელს 2.1 პროცენტით აღემატება. არასახარბიელოა მიმდინარე წლის პროგნოზიც. მართალია, ბიუჯეტი 4.3 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზე დაიგეგმა, ხოლო ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 4 პროცენტით უნდა გაიზარდოს, მაგრამ ფაქტია, რომ ახალი წლის პირველი თვე ეკონომიკის 11.5 პროცენტიანი შემცირებით დასრულდა. 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები − სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს გასული წლის საბოლოო შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებია და ჩვენც ისღა დაგვრჩენია, პირველი სამი კვარტლის მონაცემებით ვიხელმძღვანელოთ. ამ პერიოდში საქართველოში 719 მილიონი ამერიკული დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24 პროცენტით ნაკლებია და ბოლო ათი წლის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

საგარეო ვაჭრობა − გასულ წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა, კერძოდ, ექსპორტი 11.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი − 16.6 პროცენტით შემცირდა. ანალიტიკოსთა შეფასებებით, იმპორტის შედარებით უფრო დიდი მოცულობით შემცირება მისი ადგილობრივი ნაწარმით ჩანაცვლებამ კი არა, ნავთობზე ფასების ვარდნამ და მსყიდველობითუნარიანობის კლებამ განაპირობა.

ფულადი გზავნილები − გასული წლის განმავლობაში საქართველოში საზღვარგარეთიდან რეკორდული ოდენობის − 1.886 მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილი განხორციელდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 8.8 პროცენტით მეტია, ხოლო მიმდინარე წლის იანვარში ეს მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19 პროცენტით გაიზარდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, COVID-19-ის პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, როდესაც საგარეო ვაჭრობაც შემცირდა, ინვესტიციების მოცულობაც, ტურიზმიც და პრაქტიკულად ყველა სხვა ეკონომიკური აქტივობა, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების ზრდაში გარკვეული როლი მისმა ბოლომდე გაოფიციალურებამაც შეასრულა. სატრანსპორტო მიმოსვლის აკრძალვის გამო ემიგრანტებმა თანხის ახლობლისთვის ხელზე გატანების საშუალება დაკარგეს. ფულადი გზავნილები კონკრეტულ ადრესატამდე საბანკო სისტემის გავლით მიდიოდა და, შესაბამისად, მარტივად აღირიცხებოდა.

ტურიზმი − არავის გაუკვირდება, სფეროდან შემოსავალი ფაქტობრივად განულდა. სექტორი 2000-იანი წლების მაჩვენებლებს დაუბრუნდა.   

უმუშევრობა − გასული წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობა 3.8 პროცენტით გაიზარდა და 20.4 პროცენტი შეადგინა, რაც 2018 წლის პირველი კვარტლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 1,197 მილიონს დაუბრუნდა, რაც შვიდი წლის წინანდელი მაჩვენებელია.  

ეროვნული ვალუტა − თავისი არსებობის მეოთხედსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში პირველად გასცდა სამიან ნიშნულს. გასულ წელს ლარი საშუალოდ 16 პროცენტით გაუფასურდა.

და, ბოლოს, სიღარიბისა და უკიდურესი სიღარიბის ზუსტი სტასტისტიკა უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ გასულ წელს სოციალური დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობა თითქმის 100 ათასით გაიზარდა და ნახევარ მილიონს გადააჭარბა.

ასეთია COVID-19-ის ერთი წლის არასრული სტატისტიკა. ვნახოთ, რა იქნება კიდევ ერთი წლის შემდეგ. შეძლებს თუ არა საქართველო დროულად დაიწყოს ვაქცინაციის პროცესი, გაუსწორდეს პანდემიას, დაამარცხოს უხილავი მტერი და დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს... მანამდე კი, სხვა რა დაგვრჩენია, გავიკეთოთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და ხშირად დავიბანოთ ხელები.

 

320
კომოანია Standard & Poor's -ს ლოგო

როგორ აისახა პანდემია საქართველოს ეკონომიკაზე: S&P პროგნოზს აუარესებს

63
(განახლებულია 14:31 28.02.2021)
სააგენტო ვარაუდობს, რომ 2020 წელს საქართველოს რეალური მშპ-ის 6%-ით შემცირების შემდეგ, 2021 წელს ის 4%-ით გაიზრდება. ის აღნიშნავს, რომ ეკონომიკის ზრდის საშუალოვადიან პერსპექტივებზე ზოგიერთმა პრობლემამ შესაძლოა გავლენა იქონიოს.

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. რისკები უცხოური ინვესტიციებისთვის, კორონავირუსის გამო ექსპორტის შემცირება და ტურიზმის შემოსავლების კუთხით პროგნოზის გაუარესება - ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე, ნათქვამია ანგარიშში, რომელიც გამოაქვეყნა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ S&P Global Ratings.

სააგენტომ გადახედა თავის პროგნოზს საქართველოს მიმართ და ის „სტაბილურიდან“ „ნეგატიურამდე“ ჩამოაქვეითა. ამავე დროს უცხოურ და ადგილობრივ ვალუტაში გრძელვადიანი და მოკლევადიანი სუვერენული საკრედიტო რეიტინგები BB/B დონეზე დატოვა.

„ნეგატიური პროგნოზი ასახავს რისკებს, რომლებიც შეიძლება შეექმნას საქართველოს თავისი მნიშვნელოვანი საგარეო ვალდებულებების მომსახურების დროს საკმარისი სავალუტო შემოსავლების გენერირების კუთხით. სავარაუდოდ, ტურისტული სექტორის აღდგენა ვაქცინების გლობალურ დანერგვას ჩამორჩება, და ჩვენ ვერ ვივარაუდებთ 2019 წლის ტურისტული აქტიურობის დონის 2024 წლამდე დაბრუნებას. მეტად არასტაბილურ შიდა პოლიტიკურ ვითარებასთან ერთად ამან შეიძლება გააუარესოს უცხოური ინვესტიციების მოდინების საშუალოვადიანი პერსპექტივები, რაც, ჩვენი თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ზრდისთვის და საგარეო დაფინანსებისთვის“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამავე დროს S&P აღნიშნავს, რომ სააგენტო მზადაა გადახედოს პროგნოზს და ის „სტაბილურით“ შეცვალოს, თუ სავალუტო შემოსავლები მოსალოდნელზე სწრაფად აღდგება.

ნეგატიური ზეგავლენა ეკონომიკაზე

სააგენტო ვარაუდობს, რომ 2020 წელს საქართველოს რეალური მშპ-ის 6%-ით შემცირების შემდეგ, 2021 წელს ის 4%-ით გაიზრდება. ის აღნიშნავს, რომ ეკონომიკის ზრდის საშუალოვადიან პერსპექტივებზე ზოგიერთმა პრობლემამ შესაძლოა გავლენა იქონიოს.

S&P რისკებად აფასებს ტურიზმის სუსტ აღდგენას, ვაქცინაციის ნელ ტემპს და უცხოური ინვესტიციების მოდინების შემცირებას.

„გარდა ამისა, ხშირი პოლიტიკური კრიზისების შედეგად არსებობს რეფორმების იმპულსის შესუსტების და უცხოური ინვესტორების მიერ საქართველოს სტაბილურობის აღქმის რისკი“, - ნათქვამია ანგარიშში.

სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ზრდის პერსპექტივებს საფრთხე შეიძლება შეუქმნას ასევე ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ნაადრევმა გამკაცრებამ.

„ეკონომიკურ აქტივობას, მათ შორის შერყეულ სასტუმრო სექტორში, სარგებელს მოუტანს შემზღუდავი ზომების შერბილება. შეზღუდვები კვლავ დაწესდა 2020 წლის ბოლო კვარტალში COVID-19-ის შემთხვევების მკვეთრი ზრდის შემდეგ. 2021 წელს სახელმწიფო მხარდაჭერის ზოგიერთი ზომების გაგრძელებამ ასევე უნდა შეუწყოს ხელი ეკონომიკურ ზრდას“, - აღნიშნეს სააგენტოში.

ასევე, S&P საქართველოს მთავრობის ვაქცინაციის გეგმას ამბიციურს უწოდებს.

„მიგვაჩნია, რომ მსოფლიო მოთხოვნა-მიწოდების დინამიკის გათვალისწინებით, მთავრობის მიერ გაცხადებული გეგმა წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციის შესახებ საკმაოდ ამბიციურია. მოსალოდნელია, რომ საქართველო 2021 წლის პირველ ნახევარში COVAX-ისგან დაახლოებით 214 ათას დოზას მიიღებს. ეს ნიშნავს, რომ 2021 წლის შუა პერიოდში ვაქცინაციის დონე მოსახლეობის საერთო რიცხვის 2,8%-ს შეადგენს (ერთ ადამიანზე ორი დოზის გათვალისწინებით),“ - აღნიშნულია ანგარიშში.

სწორედ ვაქცინის დანერგვაზე იქნება დამოკიდებული ტურისტული სექტორის ბედი, მიაჩნიათ სააგენტოში.

„ტურისტული სექტორის პერსპექტივები ბუნდოვანი რჩება. იმ დროს, როდესაც  შიდა ტურისტული აქტივობა გარკვეულწილად გრძელდებოდა 2020 წელს, ქვეყანაში უცხოელი ტურისტების შემოდინება 2019 წელთან შედარებით 83%-ით შემცირდა. ჩვენი თვალსაზრისით, ამ სექტორის ბედი დაკავშირებული იქნება  ვაქცინის დანერგვის პროგრესთან არა მხოლოდ ქვეყანის შიგნით, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც, საიდანაც ჩამოდის საქართველოს ვიზიტორების უმეტესობა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

პოლიტიკის გავლენა ეკონომიკაზე

S&P ნეგატიურად აფასებს ასევე პოლიტიკური კრიზისის ზეგავლენას.

„პოლიტიკურმა დაძაბულობამ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შესაძლოა შეასუსტოს რეფორმების იმპულსი და ხელისუფლების ცენტრალიზაციის რისკების ფონზე ავნოს საერთაშორისო ინვესტორების აღქმას საქართველოს სტაბილურობასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ანგარიშში.

სააგენტო აღნიშნავს, რომ თუმცაღა ოპოზიციის მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ სავარაუდოდ არ დაკმაყოფილდება, არსებობს სივრცე სხვა პოლიტიკური დათმობებისთვის, რომლებიც ქვეყანას ჩიხიდან გამოიყვანდა.

„საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა, რაც ქვეყნის ოპოზიციის ლიდერის დაკავების საქმეს უკავშირდებოდა, კიდევ უფრო ართულებს საქართველოში მოკლევადიანი პოლიტიკის განჭვრეტას. თუმცა, მთავრობის მიერ გაცხადებული მაკროეკონომიკური დღის წესრიგი უცვლელი რჩება“, - აღნიშნეს სააგენტოში.

ხელისუფლების რეაქცია

საქართველოს მთავრობაში საქართველოს საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება დადებითად შეაფასეს.

„სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ის მიერ რეიტინგის შენარჩუნება ადასტურებს მთავრობის მიერ გატარებულ გონივრულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ.

ამავე დროს მან განმარტა, რით არის გამოწვეული სააგენტოს ნეგატიური პროგნოზი.

„სააგენტოს მიერ განსაზღვრული „ნეგატიური“ პერსპექტივა, ძირითადად, გამოწვეულია გლობალურად, ტურიზმის აღდგენის შედარებით ნელი პერსპექტივიდან გამომდინარე. S&P Global-ის შეფასებით, ტურიზმის აღდგენა მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში, შედარებით ნელი ტემპებით მოხდება, ვიდრე ამას დასაწყისში ელოდნენ. ტურიზმის სწრაფი აღდგენის შემთხვევაში, რისი მაღალი მოლოდინიც ჩვენ გვაქვს, კომპანია გამოხატავს პერსპექტივის აღდგენის მზადყოფნას,“ – აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.

S&P შეფასება და Fitch-ის მონაცემები

ერთი კვირის წინ სხვა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა დატოვა საქართველოს ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში BB დონეზე. პროგნოზი - „ნეგატიურია“.

„ნეგატიური“ პროგნოზი, Fitch-ის ანალიტიკოსების აზრით, ასახავს კორონავირუსის პანდემიის მნიშვნელოვან გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე.

მათი მტკიცებით, პანდემია იწვევს მსხვილი ტურისტული სექტორის მქონე საქართველოს მცირე, ღია ეკონომიკის მკვეთრ შემცირებას, საბიუჯეტო ანგარიშების შესამჩნევ გაუარესებას, მათ შორის, სახელმწიფო ვალის ზრდას, და უფრო მოწყვლადს ხდის მას, რაც მომდინარეობს საქართველოს დიდი საგარეო ვალიდან და მიმდინარე ანგარიშის უფრო ფართო სტრუქტურული დეფიციტიდან BB კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით.

Fitch-ის პროგნოზით, 2020 წელს პანდემიით გამოწვეული 6,1%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.3%-ით, ხოლო 2022 წელს – 5.8%-ით გაიზრდება.

სააგენტოს ანალიტიკოსების აზრით, საქართველოს მშპ-ის ზრდის მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორს შიდა მოთხოვნილების მატება წარმოადგენს, ვინაიდან შეზღუდვების შემსუბუქება ხელს უწყობს კერძო მოხმარებას, ხოლო ინფრასტრუქტურაზე სახელმწიფოს მიერ გაწეული, ჩვეულებრივზე დიდი ხარჯი, კერძო სექტორის სუსტი გაჯანსაღების მიუხედავად, ინვესტიციებს წაახალისებს.

63
ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს სასამართლო დავას COVAX-პლატფორმასთან

0
ამ ეტაპზე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ელოდება COVAX-პლატფორმისგან უარყოფას იმ ბრალდებების, რომლებიც სამინისტროს მისამართით გაჟღერდა, განაცხადა მინისტრმა

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველომ შესაძლოა უჩივლოს COVAX-პლატფორმას ინფორმაციის გავრცელებისთვის, თითქოს ქვეყანა არ არის მზად Pfizer-ის ვაქცინის პირველი პარტიის მისაღებად ტექნიკური მიზეზების გამო, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მანამდე ერთ-ერთმა ქართულმა საინფორმაციო საშუალებამ პლატფორმაზე დაყრდნობით გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თებერვალში ვაქცინა მიიღეს მხოლოდ იმ ქვეყნებმა, რომელთა ეროვნულმა რეგულატორებმა პრეპარატს ავტორიზება მისცეს და ვაქცინის მწარმოებლებთან გააფორმეს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი.

„გამომდინარე იქიდან, რომ აქ საუბარია რეპუტაციულ რისკებზე, ჩივილსაც არ გამოვრიცხავ. ვინაიდან, ეს ყველაფერი, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ოპოზიციური ოპონენტების მხრიდან გამოყენებულია იმის ესკალაციისთვის, რომ საქართველოში მოხდეს პოლიტიკური დიდი დაძაბულობა და პოლარიზაცია“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე მიმართა პლატფორმას და მოსთხოვა პასუხი, თუ რატომ გაკეთდა ასეთი კომენტარი.

„ყველა იმ არსებულ კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენ დავიწყეთ COVAX-პლატფორმასთან 18 სექტემბრის მერე, მსგავსი გადაცდომა მათი მხრიდან და აღნიშვნა არ ყოფილა, რომ ჩვენ რაიმე შეცდომა დავუშვით. COVAX-პლატფორმა ერთხელ უკვე მოხდა მსგავს გაუგებრობაში, კერძოდ ბოსნიასთან მიმართებაში, რის გამოც ბოსნიამ COVAX-პლატფორმას უჩივლა“, - განაცხადა მინისტრმა.

მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში ვაქცინის შემოტანის შეფერხება უკავშირდება იმას, რომ ქვეყანა არ არის მზად მის შემოსატანად.

COVAX–პლატფორმის მეშვეობით ქვეყანაში Pfizer-ის პირველი პარტია თებერვლის ბოლოს უნდა შემოსულიყო და ქვეყანას მედპერსონალის ვაქცინაცია უნდა დაეწყო. მაგრამ ცნობილი გახდა, რომ ვაქცინის პირველი პარტიის შემოტანა მარტისთვის გადაიდო. ქვეყანაში უკვე შემოტანილია 50 ათასი სპეციალური შპრიცი, რომელიც აცრისთვის არის საჭირო. მობილიზებულია სპეციალური მაცივრები, რომლებიც Pfizer-ის ვაქცინის შესანახად არის საჭირო. ვაქცინაციის დასაწყებად მზად არის ცხრა სამედიცინო დაწესებულება.

0