„არმატა“

მიმოხილვა: „არმატამ“ უცხოეთის პასპორტი მიიღო: საით გაემგზავრება ტანკი

63
უახლესი რუსული ტანკის, Т-14 „არმატას“ გამოცდები დასრულდა და უახლოეს მომავალში მაღალტექნოლოგიური შეიარაღების მსოფლიო ბაზრის დაპყრობას შეუდგება.

ომის შემდგომი მესამე თაობის ერთადერთ ტანკ Т-14 „არმატას“ უცხოელი სპეციალისტების ფართო წრეს პირველად თავდავითი მრეწველობის მე-15 საერთაშორისო გამოფენა IDEX-2021-ზე წარუდგენენ აბუ-დაბიში 21-25 თებერვალს. ეს „საზღვარგარეთული გარღვევა“ ნიშნავს, რომ სახელმწიფო გამოცდების ხანგრძლივი პერიოდი დასრულებულია, ნაკლები აღმოფხვრილია, კონცერნი „ურალვაგონზავოდი“ მზადაა მასობრივი სერიული წარმოებისთვის.

მანამდე „როსობორონექსპორტის“ გენდირექტორმა ალექსანდრ მიხეევმა განაცხადა, რომ უცხოელ პარტნიორებთან „არმატას“ მოწიდების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„არმატას“ დანიშნულება წინა ხაზზე ბრძოლაა, მოწინააღმდეგეასთან უშუალო შეხებით. მას შეუძლია ეშელონირებული თავდაცვის გარღვევა - ქვეით ჯართან ურთიერთქმედებით. სხვადასხვა ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტებში „არმატას“ ეფექტური მხარდაჭერის აღმოჩენა შეუძლია მოტომსროლელი ქვედანაყოფებისთვის, შეუძლია გაანადგუროს მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა ღია სივრცესა და საფარებში. სირიასა და არქტიკაში ტანკმა საბრძოლო პირობებში დაამტკიცა მაღალი ეფექტურობა. მანამდე რუსული Т-14 საუკეთესოდ აღიარეს მსოფლიოში ყველაზე განვითარებული სახელმწიფოების 12 ჯავშანმანქანას შორის, ამერიკული Abrams-ის, ფრანგული Leclerc-ისა და გერმანული Leopard 2-ის ჩათვლით.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყოველწლიურად დაახლოებით 200 „არმატას“ შეძენას გეგმავს. მიწოდებები 2021 წელს დაიწყება, საერთო მოთხოვნა 2300 ერთეულითაა განსაზღვრული. რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დღეისათვის ყველაზე დიდი სატანკო პარკი აქვთ მსოფლიოში - 13 ათასი მანქანა, რაც დაახლოებით 7 ათასით მეტია პენტაგონის პარკზე.

საექსპორტო პერსპექტივები

ერთი „არმატას“ ფასი დაახლოებით 7 მლნ დოლარია და ყველა ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტისთვის არ გამოდგება. ასეთი ფასი გამოცდებისა და მოდერნიზაციის მნიშვნელოვანი ციკლით ფორმირდება. თანამედროვე შეიარაღების ნიმუშების წარმოება იმდენად ხარჯიანია, რომ ბევრი განვითარებული სახელმწიფო უცხოური შეთავაზებების განხილვას ამჯობინებს, რათა გადაიარაღებაზე დიდ დანახარჯებს თავი აარიდოს. და მაინც, თანამედროვე მსოფლიოში სრულყოფილი იარაღი კვლავინდებურად შეუცვლელი ინსტრუმენტია ბევრი სახელმწიფოს სუვერენიტეტისთვის. მოსკოვმა უკვე მიიღო წინასწარი განაცხადები Т-14-ის შეძენაზე, ექსპორტი რუსული არმიის სატანკო ნაწილების გადაიარაღების დაწყების შემდეგ განხორციელდება.

„არმატას“ სავარაუდო შემძენებად „ფორბსი“ ასახელებს ინდოეთს, ჩინეთს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს, ეგვიპტესა და ალჟირს. გარდა ამისა, დსთ-სა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ცალკეულ ქვეყნებს მნიშვნელოვანი სამხედრო ბიუჯეტები და პრეფერენციები აქვთ სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში (აზერბაიჯანი, ბელარუსი, ყაზახეთი, უზბეკეთი), და შეუძლიათ შეიძინონ თანამედროვე და ძვირადღირებული რუსული საბრძოლო ტექნიკა.

„არმატას“ კაფსულა საბრძოლო კომპლექტის პირდაპირი მოხვედრისას თუ კორპუსის აალებისას ეკიპაჟის სიცოცხლეს საიმედოდ იცავს. ტანკი „განწირულია“ წარმატებისტვის, პირდაპირი კონკურენტები ან ახლო ანალოგები მას არ აქვს. „არმატა“ ერთადერთი ტანკია მსოფლიოში, რომელსაც ეკიპაჟისთვის ბრონირებული კაფსულა აქვს. მოწინავე ტექნოლოგიები აქტუალობას მთელი XXI საუკუნის განმავლობაში შეინარჩუნებს. ხოლო უცხოელი დამკვეთებისთვის მიყიდვების მოცულობის მხრივ მეორე ადგილი (დაახლოებით 15 მლრდ ყოველწლიურად) რუსული წარმოების შეიარაღების საიმედოობისა და ხარისხის დამატებითი გარანტიაა.

კონსტრუქტორული სიმამაცე

„არმატას“ ნოვატორული სილუეტი, სპეციალურ საფართან ერთად, ტანკის შემჩნევადობას ამცირებს სითბურ და რადიოლოკაციურ სპექტრში. „არმატას“ ჯავშანი ნებისმიერი არსებული ტანკსაწინააღმდეგო საშუალების მოხვედრას უძლებს. მანქანა აღჭურვილია აქტიური და დინამიური დაცვით, დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდულითა და გადატენვის ავტომატური სისტემით. კოშკურისა და კორპუსის პერიმეტრზე დაყენებულია დაზვერვის, დამიზნნებისა და საფრთხის აღმოჩენის ოპტიკურ-ელექტრონული მოწყობილობები.

ფართოკუთხოვანი ვიდეოკამერები 360 გრადუსზე ხედვის საშუალებას იძლევა და ეკიპაჟს „სიტუაციურ მდგომარეობაზე“ მონაცემებით უზრუნველყოფს. სამიზნის წრიული აღმოჩენის კოშკურა კომპლექსი ასევე უზრუნველყოფს წრიულ ხედვას. ოპერატორ-დამმიზნებლის ვიზუალური კომპლექსი პირდაპირი ხედვის პერისკოპითა და ლაზერული შორმზომითაა აღჭურვილი, რომელსაც გამოსახულების მასშტაბირება შეუძლია. თბოვიზური და ინფრაწითელი სენსორები ნებისმიერ ამინდის პირობებში მუშაობს დღითაც და ღამითაც.

Т-14-ს „ეშელონირებული თავდაცვა“ პასიურ თავდაცვა „მალაქიტსა“ (რაკეტებისა და ჭურვების განადგურება) და აქტიური თავდაცვის კომპლექს „აფგანიტს“ მოიცავს, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ანადგურებს ჭურვებს, ბომბებსა და რაკეტებს. რეზერვში ასევე არის მოდულური კომპლექსი „რელიქტი“ (ტანდემური ტიპის ჭურვების გასანადგურებლად). სპეციალისტების აზრით, „არმატა“ 30%-ით უფრო ეფექტური და სიცოცხლისუნარიანია, ვიდრე სავარაუდო მოწინააღმდეგის ტანკები.

სამკაციანი ეკიპაშჟი 125 მმ-იან გლუვლულიან ქვემეხ 2А82-ს დისტანციურად მართავს დაჯავშნული კაფსულიდან. მისი საცეცხლე სიმძლავრე 1,2-ითა აღემატება ყველა არსებულ სატანკო იარაღს. „არმატას“ ოპტიკა მოწინააღმდეგის 5 კმ დაშორებით აღმოჩენის საშუალებას იძლევა დღისით, ხოლო ღამით, 3,5 კმ-მდე მანძილზე.

ორმოცდაათტონიანი Т-14 აღჭურვილია 1500 ცხენისძალის ძრავით და საათში 90 კმ სიჩქარით მოძრაობს. თანამედროვე დასავლური ნიმუშები სულ უფრო მძიმე ხდება და მობილურობაში აგებენ.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის პოზიციას!

63
თემები:
რუსეთი დღეს (773)
ადამიანები საპროტესტო აქციაზე

საქართველო ვაქცინის მოლოდინში - რატომაა ქვეყანა დღემდე COVID-19-ის ვაქცინის გარეშე?

34
(განახლებულია 09:33 06.03.2021)
საქართველო თებერვალში COVID-19-ის ვაქცინის პირველ პარტიას ელოდებოდა. თავდაპირველად სამედიცინო პერსონალის აცრა იგეგმებოდა. მაგრამ ვაქცინა დღემდე არ ჩანს, ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ვაქცინის ნაწილი მარტის ბოლოს ჩამოვა, მეორე ნაწილი - მაისში.

საკითხის გარკვევას Sputnik-ის რუბრიკის ავტორი შეეცადა.

საქართველოში მოსახლეობა ორ ჯგუფად გაიყო: ნაწილი მოუთმენლად ელის კორონავირუსის ვაქცინას, მეორე ნაწილი კი - სკეპტიკურად განწყობილი - დარწმუნებულია, რომ ვაქცინა უსარგებლოა. ამასთან, ორივე კატეგორია თანაბრად უკმაყოფილოა ხელისუფლების მოქმედებით და მთავრობას პანდემიასთან უპასუხისმგებლო და არაეფექტურ ბრძოლაში ადანაშაულებს.

რატომ არ არის ვაქცინა?

თებერვლის ბოლოს საქართველომ ვერ მიიღო Pfizer-ის შეპირებული ვაქცინის პირველი პარტია - სულ რაღაც 29 ათასი დოზა. იგეგმებოდა სამედიცინო პერსონალის აცრა, რომელსაც უშუალო კონტაქტი აქვს ინფიცირებულ პაციენტებთან.

როგორც მთავრობაში აცხადებენ, ქვეყანა ხსენებული ვაქცინის მისაღებად მომზადებული იყო - ჩამოიტანა 50 ათასი სპეციალური შპრიცი, მოამზადა მაცივრები, ცხრა სამედიცინო დაწესებულება, პერსონალი. თუმცა ვაქცინა დღემდე არ ჩანს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ ბაზარზე სერიოზული დეფიციტია, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით - „გაჩაღებულია ვაქცინების მესამე მსოფლიო ომი“.

ამასობაში საქართველო, ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, განაგრძობს COVAX-ის პლატფორმასთან თანამშრომლობას, რომელიც მას ვაქცინის მიღებაში უნდა დაეხმაროს. ქვეყანა მოლაპარაკებას აწარმოებს ასევე ვაქცინის მწარმოებელ სხვადასხვა კომპანიასთან - Pfizer-თან, AstraZeneca-სთან, Moderna-სთან და სხვ. მაგრამ დაპირებების გარდა ჯერ არაფერი მიუღია.

საქართველო მაისამდე 200 ათასი ადამიანის აცრას, ივნისიდან კი მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას გეგმავდა. როგორ მოახერხებს ქვეყანა ჩანაფიქრის ხორცშესხმას, ჯერ გაურკვეველია. მაისის ბოლომდე საქართველომ AstraZeneca-ს ვაქცინის 180 ათასიდან 300 ათასამდე დოზა უნდა მიიღოს. თუმცა ექსპერტების ნაწილს ამაში ეჭვი ეპარება.

სკანდალი და ბრალდებები

ვაქცინაციის საკითხი ნამდვილ სკანდალში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც ერთ-ერთ ქართულ მასმედიაში COVAX-ის პლატფორმაზე დაყრდნობით გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში კომპანია Pfizer-ის ვაქცინის დაგვიანების მიზეზი დაწესებულ კრიტერიუმებთან ქვეყნის შეუსაბამობა გახდა.

ეს ვერსია კატეგორიულად უარყვეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში და განაცხადეს, რომ Pfizer-ის დამატებითი მოთხოვნები საქართველოსადმი არანაირად არ უკავშირდება ვაქცინის მისაღებად ქვეყნის ტექნიკურ მზადყოფნას, არამედ დაკავშირებულია ფინანსურ რისკებთან. ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ COVAX-ის პლატფორმის ტექსტის თარგმნისას შეცდომა იქნა დაშვებული. უწყება დაუკავშირდა COVAX-ს და სთხოვა ქართულ სააგენტოში გამოქვეყნებული განცხადების განმარტება.

COVAX-ის წარმომადგენელთა პასუხის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველომ პლატფორმას შესაძლოა უჩივლოს იმ ინფორმაციის გავრცელების გამო, თითქოს ქვეყანა ტექნიკურად არ იყო მზად Pfizer-ის ვაქცინის პირველი პარტიის მისაღებად. საუბარია რეპუტაციაზე, განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ პლატფორმასთან სექტემბრიდან დაწყებულ მიმოწერაში არავითარი მითითება არ ყოფილა იმაზე, რომ საქართველომ რაიმე შეცდომა დაუშვა. ტიკარაძემ აღნიშნა ასევე, რომ პლატფორმა ერთხელ უკვე აღმოჩნდა მსგავს სიტუაციაში, როდესაც ბოსნიამ მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. 

ხელისუფლების განცხადებით, საქართველომ COVAX-ს უკვე გადაურიცხა 575 ათასი დოლარი. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრში ირწმუნებიან, რომ ვაქცინის პირველი პარტია ამ თვეში ჩამოვა და იმუნიზაცია დაიწყება. სავარაუდოდ, ეს იქნება AstraZeneca-ს ვაქცინა.

Novavax და საქართველო

თავის მხრივ, COVAX-მა აგორებული სკანდალის ფონზე გადაწყვიტა, ქვეყნისთვის ახალი Novavax-ის ვაქცინა შემოეთავაზებინა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ პრაქტიკულად მაშინვე გამოხატა დაინტერესება ამ პრეპარატით და მალევე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ივნისამდე საქართველო ამ კომპანიისგან მილიონ დოზას მიიღებდა. ცერცვაძის ინფორმაციით, Novavax-ის ვაქცინა ორ ინიექციას გულისხმობს, ისევე როგორც AstraZeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინები.

არა ჩინურ ვაქცინას!

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ფიქრობს, რომ საქართველოს არ აწყენდა დაეწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩინური ვაქცინით.

ორი თვის წინ ქართველი ეპიდემიოლოგები საუბრობდნენ საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანის მზადყოფნაზე, თუმცა ქვეყანაში ისეთი აჟიოტაჟი ატყდა, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ჩინური ვაქცინის შემოტანის ალბათობა გამორიცხა.

აჟიოტაჟი ამ თემის ირგვლივ მას შემდეგ არ ცხრება. სამოქალაქო აქტივისტები და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ვაქცინის (მაგრამ არა ჩინურის) შემოტანის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ და აცხადებენ, რომ „ქართველები საცდელი კურდღლები არ არიან“.

საქართველოს თავადაც შეეძლო ვაქცინის დამზადება

ქართველი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი, „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი ფიქრობს, რომ საქართველო ახლო მომავალში ვაქცინას, სავარაუდოდ, ვერ მიიღებს. ამასთან, მისი თქმით, საქართველოს ჰქონდა რუსული ვაქცინის „სპუტნიკ  V“-ს არა მხოლოდ მიღების, არამედ დამზადების შანსიც.

„რუსეთი მზად იყო ვაქცინის დამზადების ტექნოლოგია გაეზიარებინა ქვეყნებისთვის, რომელთაც ამის შესაძლებლობა გააჩნიათ. საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური ბაზის, იმის გათვალისწინებით, რომ ბაქტერიოფაგის ინსტიტუტი ამზადებს წამლებს და სხვა მედიკამენტებს, საქართველო სავსებით შეძლებდა „სპუტნიკ  V“-ს დამზადების ტექნოლოგიის ათვისებას და დააკმაყოფილებდა არა მხოლოდ საკუთარ მოთხოვნილებას, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც გაიტანდა. თუმცა ამას გარკვეული ძალები სერიოზულად დაუპირისპირდნენ“, - განაცხადა არნო ხიდირბეგიშვილმა.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ, როდესაც საქმე ერის გადარჩენას ეხება, პოლიტიკურმა მოტივებმა მეორე პლანზე უნდა გადაინაცვლოს. ბევრმა ქვეყანამ, რომელიც ძლიერ განსხვავდება რუსეთისგან პოლიტიკური კურსით, უკვე შეიძინა „სპუტნიკ  V“, რომელმაც თავისი ეფექტურობა დაამტკიცა, ამტკიცებს ექსპერტი.

რატომ ვერ შემოვა საქართველოში რუსული ვაქცინა?

პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე ამტკიცებს, რომ ქვეყანა შეცდა, როდესაც მთელი იმედები დაამყარა COVAX-ის პლატფორმაზე და ის ევროკავშირის ნომერ პირველ პარტნიორად მიიჩნია. COVAX-მა კი, მისი თქმით, უბრალოდ არ შეასრულა ვალდებულება და ვაქცინა სხვა ქვეყნებს გადასცა, საქართველო კი ხელცარიელი დარჩა.

„ეს იმის გამო მოხდა, რომ ზოგიერთი ჩვენი არაადეკვატური პროდასავლური კოლეგა, ნაცვლად იმისა, რომ ვაქცინაციის იდეა ყველა შესაძლო ხერხით გაავრცელოს, გეოპოლიტიკურ განზომილებაზე ზრუნავს. შედეგად ვერც COVAX-გან ვერ იღებენ ვაქცინას და ვერ „სპუტნიკს“ ვერ იძენენ“,  - განუცხადა სიხარულიძემ Sputnik-საქართველოს.

სიხარულიძის თქმით, ამჟამად შედეგი ასეთია - მდიდარი ქვეყნები უკვე იცრებიან, ევროკავშირის ნაწილი კვლავ ელოდება, საქართველო კი პლატფორმის წინააღმდეგ სარჩელის შეტანით იმუქრება. პოლიტოლოგის აზრით, ეს კლასიკური მაგალითია იმისა, რომ ქვეყანამ ახალი იდეები უნდა წამოაყენოს, თავად შექმნას რაღაც და „დასავლეთის შემყურე“ არ იყოს.

„ახლა ისინი რაღაც კორეული, ჩინური და ინდური ნაგვის ყიდვას გეგმავენ რუსული „სპუტნიკ  V“-ს შეძენის ნაცვლად, რომლის ეფექტიანობაც სამეცნიერო დონეზე დამტკიცდა. მაგრამ, რადგან ჩვენმა ფსევდო-პროდასავლურმა პიროვნებებმა ჭუჭყში ამოსვარეს „სპუტნიკის“ ვაქცინა, ამ საკითხის კვლავ განხილვას ვეღარ ახერხებენ“, - აღნიშნა სიხარულიძემ.  

„სპუტნიკის“ შეძენის საკითხს, პოლიტოლოგის თქმით, იხილავენ გერმანიაშიც. „ჩვენი პოლიტიკური ელიტა კი იმდენად უგუნურია, რომ „სპუტნიკის“ შეძენა არ შეუძლია. ჩვენ, როგორც მათხოვრები, იძულებული ვართ, COVAX-ს დაველოდოთ“, - აღნიშნა სიხარულიძემ.

რუსული ვაქცინისადმი უნდობლობას სიხარულიძე იმით ხსნის, რომ დასავლეთში აქტიურობდნენ გარკვეული წრის ადამიანები, რომლებსაც ბაზარზე საკუთარი ადგილის დასაკავებლად „სპუტნიკ  V“-ს დისკრედიტაცია სურდათ.

„მაგრამ როდესაც „ლანცეტმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც უთითებდა, რომ რუსეთმა სამ თვეში გააკეთა ის, რასაც ჰარვარდის ინსტიტუტებიც კი მთელ წელიწადს ანდომებენ, ეს ადამიანები აღმოჩნდნენ სამეცნიერო ფაქტის პირისპირ, რომ „სპუტნიკ  V“-ს ეფექტურობა 91%-ია“, - აღნიშნა სიხარულიძემ.

იგი დარწმუნებულია, რომ საქართველო არ უნდა დაელოდოს მხოლოდ COVAX-ის პლატფორმას, არამედ სცადოს „სპუტნიკისა“ და სხვა ვაქცინების შეძენა.

„შეიძლება ვერ მოვასწროთ“

ჯანდაცვის საკითხთა ექსპერტი ვატო სურგულაძე ფიქრობს, რომ საქართველოს ვაქცინა დღემდე არ მიუღია იმ პირთა უპასუხისმგებლობის გამო, რომლებიც მთელ ამ პროცესზე არიან პასუხისმგებელი. რაც შეეხება COVAX-ის პლატფორმას, სურგულაძე იზიარებს იმ აზრს, რომ საქართველო მხოლოდ მის იმედად არ უნდა იყოს.

„COVAX მოგვცემს 400 ათას დოზას, ჩვენ კი 2,5-3 მილიონი დოზა გვჭირდება. გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ინდოეთში გაემგზავრა ვაქცინის მოწოდებაზე მოსალაპარაკებლად. და აქამდე სად იყვნენ? ანუ მხოლოდ გუშინწინ დაიწყეს მოქმედება?“ - სვამს კითხვას სურგულაძე.

მან მაგალითის სახით ისრაელი მოიყვანა, რომელიც მოსახლეობის ვაქცინაციის სისწრაფით მსოფლიო ლიდერია: ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, იქ უკვე აცრილია მოსახლეობის 30%. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ მწარმოებლებთან შესახვედრად აშშ-ში 17-ჯერ გაემგზავრა. „აი ეს არის მუშაობა“, - ამბობს სურგულაძე.

რაც შეეხება ინდოეთს, ექსპერტის სიტყვებით, ინდური ბიოქიმიური ლაბორატორია „სერუმი“, რომელიც, სხვათა შორის, AstraZeneca-ს პატრონაჟით მუშაობს, ვაქცინების მწარმოებელ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კომპანიად ითვლება. ის უშვებს არა მხოლოდ კორონავირუსის ვაქცინას, არამედ გრიპის და სხვა საბავშვო ვაქცინებს.

„უკრაინამ ინდური ვაქცინის 12 მილიონი დოზა შეიძინა, - აღნიშნავს სურგულაძე. - ეს AstraZeneca-აა. რა მნიშვნელობა აქვს, სად უშვებენ? ინდოეთში ძალიან კარგი კომპანიებია, უკეთესიც კი, ვიდრე ევროპაში“.

საქართველოს ვაქცინების შესაძენად სულ 50 მილიონი ევრო სჭირდება და მთავრობას ეს ფული აქვს, ამტკიცებს სურგულაძე. მაგრამ თუ ქვეყანაში ამ საკითხს პროფესიონალურად არ მიუდგებიან, საქართველო პოპულაციურ იმუნიტეტს 2022 წლის ზაფხულამდე ვერ მიაღწევს, შიშობს ექსპერტი.

 

34
Ан-124-100 „რუსლანი“

მიმოხილვა: რაში სჭირდება რუსეთს ავიაგიგანტის აღორძინება

23
(განახლებულია 14:16 05.03.2021)
მძიმე დიდი სიშორის სამხედრო–სატრანსპორტო თვითმფრინავმა Ан-124 „რუსლანმა“, რომელიც უკვე 30 წელია მსოფლიოს ყველაზე დიდ და სრულყოფილ მანქანაად მიიჩნევა სერიულ ანალოგებს შორის, შესაძლოა მეორე სიცოცხლე და მოდერნიზებული სახე შეიძინოს.

ულიანოვსკის საწარმო „ავიასტარში“ თათბირისას თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს „რუსლანის“ წარმოების განახლება შესთავაზეს. ამ ქარხანაში 56–დან 36 ამ ტიპის თვითმფრინავია დამზადებული. საწარმოს ტექნოლოგიური დონე საშუალენბას იძლევა, უმოკლეს ვადებში აიწყოს „რუსლანის“ სერიული წარმოება.

ულიანოვსკელი ავიამშენებლების წინადადება მარტივი არ არის. მსგავის ინიციაიტვა მანამდე თავად რუსეთის თავდაცვის მინისტრისგან მომდინარეობდა. მაგრამ ამ პროექტს გამუდმებით რაღაც უშლიდა ხელს. თავდაცვის სამინისტროში კი მიაჩნდათ, რომ Ан-124–ების წარმოება აუცილებლობა არ იყო, ვინაიდან უკვე არსებული პარკის რემონტის გზით „რუსლანები“ 2040–ანი წლების ბოლომდე შეიძლება იყოს გამოყენებული. მეორე მხრივ, იგივე საწარმო შესაძლებლად მიჩნევს Ан-124–ების ანალოგიური თვითმფრინავების გამოშვებას 2020 წლის შემდეგ. შესაძლოა, სწორედ ახლა იშლება ახალი პერსპექტივები „რასლანისთვის“ და რუსეთის სამხედრო–სატრანსპორტო ავიაციისთვის.

სირიაში, მთიან ყარაბაღსა და პლანეტის სხვა ცხელ წერტილებში ბოლო წლების საგანგაშო მოვლენები ამტკიცებს, რაოდენ მნიშვნელოვანია მძიმე სამხედრო–სატრანსპორტო ავიაცია ჯარების, შეიარაღებისა და მატერიალური საშუალებების  ოპერატიული გადასროლისთვის. შეგახსენებთ, რომ „რუსლანს“ საათში 850 კმ სიჩქარით შეუძლია 120 ტონა ტვირთი გადაიტანოს 4800 კილომეტრზე. მაგრამ თავდაცვის სამინისტროში მხოლოდ ათი Ан-124–ია ექსპლუატაციაში. ახალი გამოწვევები და საფრთხეები კი მათი რაოდენობისა და ხარისხის ზრდას მოითხოვს.

პირველად ისტორიაში

სირიაში კვლავაც ნარჩუნდება რთული სამხედრო–პოლიტიკური ვითარება. შიტუაციამ შესაძლოა მობილური მხარდაჭერა მოითხოვოს, ამიტომ ქვეყანში რუსეთის სამხედრო კოსმოსური ძალების ოპერატიული აეროდრომების ქსელი ფართოვდება. ამერიკული გამოცემა The Drive–ს ინფორმაციით, ჰმეიმში ასაფრენ–დასაჯდომი ზოლის სიგრძე 3,2 კმ–მდე გაიზარდა, რაც „მძიმედ დატვირთული“ სამხედრო–სატრანსპორტო Ан-124 „რუსლანების“ მიღებას შესაძლებელს ხდის.

მანამდე სამხედრო–სატრანსპორტო ავიაციამ ოპერატიულად გადაისროლა რუსეთიდან სომხეთში 1960 სამხედრო სამშვიდობო კონტინგენტიდან — საშტატო შეიარაღებითა და ტექიკით. ასეთი ოპერაციები წინასწარ უნდა დამუშავდეს, საჭიროა სარეზერვო თვითმფრინავები, ეკიპაჟები, მარშრუტები და აეროდრომები.

მოულოდნელი სამხედრო კონფლიქტის პირობებში, მთელი რუსეთის მასშტაბით დისლოცირებული ჯარები ერთი ორგანიზმივით უნდა მოქმედებდეს და ოპერატიულად რეაგირებდეს ვითარების ნებისმიერ ცვალებადობაზე. ამას კი ათობით და ასობით სამხედრო–სატრანსპორტო ავიაცია დასჭირდება. და უახლოეს ხანებში ულიანოვსკის ავიაქარხანას სამუშაო მოემატება.

მეორედ მოსვლა

თვითმფრინავ Ан-124-100 „რუსლანს“ 120 ტონაზე მეტი ტვირთის აწევა შეუძლია ჰაერში. თავდაცვის სამინისტროს გარდა, ასეთი 20 თვითმფრინავი სხვადასხვა სტრუქტურებშიც იყო გამოყენებული.

თქმა არ უნდა, Ан-124–ის ტიპის მძიმე ტექნიკის რაოდენობა რუსეში გაიზრდება. ალბათ ციფრული მოდერნიზაციისა და ახალი ძრავების, მნიშვნელოვნად შეცლილი ავიონიკისა და შასების კონსტრუქციის შემდეგ მძიმე სამხედრო–სატრანსპორტო თვითმფრინავებს სხვა სახელი დაერქმევა. მაგალითად, ნატოში Ан-124–ს უკვე დიდი ხანია, „კონდორს“ უწოდებენ.

უკრაინის სახელმწიფო საწარმო ANTONOV–ში მიაჩნით, რომ მსგავსი წარმოება უკრაინული მხარის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ მანამდე რუსეთის „მინპრომტორგში“ განაცხადეს, რომ ANTONOV–ი, როგორც Ан-124–ების სერტიფიკატის მფლობელი, არ ასრულებს ვალდებულებებს და ამიტომ საქმეში რუსული მრეწველობის ჩართვაა აუცილებელი.

თვითმფრინავი Ан-124 საბჭოთა კავშირში შეიქმნა — ულიანოვსკის, ვორონეჟისა და კიევის საწარმოთა კოოპერირებით. შეიარაღებაში კი 1991 წელს შევიდა. თავდაპირველად მისი დანიშნულება იყო კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობების გადატანა. ულიანოვსკში დამზადდა 56–დან 36 „რუსლანი“. და შემთხვევითი არ არის, რომ უკრაინული ფირმა ANTONOV–ის პროდუქციის ოთხ დასახელებაში დღეს Ан-124 არ ფიგურირებს.

უნდა ითქვას, რომ მსოფლიოში სახელგანთქმული საბჭოთა ავიაკონსტრუქტორი ოლეგ ანტონოვი მოსკოვის გუბერნიაშია დაბადებული, სწავლობდა სარატოვსა და ლენინგრადში, საკონსტრუქტორო სამუშაოები მოსკოვში დაიწყო. 1946 წელს ციმბირის ავიაციის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა, რომელიც 1952 წელს გადაიტანეს კიევში.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის პოზიციას!

23
თემები:
რუსეთი დღეს (773)
ეკლესია ხადის ხეობაში

საეკლესიო კალენდარი: 7 მარტი

0
(განახლებულია 21:08 05.03.2021)
საქართველოს მართლმადიებელი ეკლესია 7 მარტს კოლაელი ცხრა ყრმის, მოწამეების: მავრიკიოსისა და 70 მხედრის, ფოტინისი, თეოდორესი, ფილიპესი და სხვების, სირიელი მეუდაბნოეების , თალასის  ლიმნის,  და ვარადატის, ასევე  ღირსი ათანასე აღმსარებელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.

ცხრა ყრმა კოლაელი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით, 7 მარტი ცხრა ყრმა კოლაელის ხსენების დღეა. 

ცხრა კოლაელი ყრმა გუარამ, ადარნასე, ბაქარ, ვაჩე, ბარძიმ, დაჩი, ჯუანშერ, რამაზ და ფარსმანი, VI საუკუნეში მდინარე მტკვრის სათავეში საკუთარ მშობელთა მიერ იქნენ ჩაქოლილნი ქრისტეს აღსარებისთვის.

სოფელი კოლა მდინარე მტკვრის სათავეში მდებარეობდა. აქ გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ქრისტიანები და წარმართები. უმეტესობა კერპთაყვანისმცემელი იყო.

ქრისტიანთა და წარმართთა ბავშვები მთელი დღეების განმავლობაში ერთად თამაშობდნენ. საღამოობით, როდესაც სოფლის ეკლესიაში მწუხრის ზარებს დარეკავდნენ, ქრისტიანი ბავშვები თამაშს თავს ანებებდნენ და ტაძარში მიდიოდნენ სალოცავად. ქრისტიან ბავშვებთან ერთად წარმართი ყრმები ეკლესიამდე მიუყვებოდნენ მათ თანატოლებს, მაგრამ ტაძარში ვერ შედიოდნენ. ისინი თანდათან უფრო და უფრო ინტერესდებოდნენ ქრისტიანული მოძღვრებით; და ბოლოს გადაწყვიტეს ქრისტიანებს შეერთებოდნენ. კოლაელი ქრისტიანები სოფლის მღვდელთან მივიდნენ და აუწყეს ყრმათა სურვილი. იგი არ შეუშინდა წარმართთაგან მოსალოდნელ რისხვას და ზამთრის სუსხიან ღამეს ბავშვები მდინარეზე წაიყვანა მოსანათლად. ხუცესმა გაყინულ მდინარეში ჩაიყვანა ბავშვები და ნათელსცა მათ. ნათლობის დროს მოხდა სასწაული: წყალი გათბა და ყრმებმა ნათლის ანგელოზები იხილეს. ანგელოზთაგან განმტკიცებულმა ბავშვებმა აღარ ისურვეს წარმართ მშობლებთან დაბრუნება და ქრისტიანებთან დარჩნენ. მალე მშობლებმა გაიგეს შვილების ნათლისღების ამბავი, ძალით გამოიყვანეს ისინი ეკლესიიდან და ცემა-ტყეპითა და ლანძღვა-გინებით მიიყვანეს სახლში.

ბავშვებმა საოცარი მოთმინებით აიტანეს ყოველგვარი შეურაცხყოფა და ტანჯვა-წამება, შვიდი დღე-ღამე მშიერ-მწყურვალნი მუდამ ერთსა და იმავეს იმეორებდნენ: „ჩვენ ქრისტიანენი ვართ და არა ჯერ-არს, ვითარმცა ვჭამეთ და ვსუთ ნაგები კერპთა“. ვერც მოფერებამ, ვერც სხვა სიკეთეთა აღთქმამ ვერ მოხიბლა ქრისტეშემოსილი ყრმები. შვილების სიჯიუტით განრისხებული მშობლები მთავართან მივიდნენ და ბავშვების ქვით ჩაქოლვის ნებართვა ითხოვეს, მდინარის სათავესთან, იქ, სადაც ყრმებმა ნათელიღეს, დიდი ორმო ამოთხარეს და ბავშვები შიგ ჩაყარეს. უსჯულო მშობლებმა პირველებმა აიღეს ქვები, შემდეგ თავმოყრილმა ბრბომაც მიჰბაძა მათ და მალე ორმო ქვებით ამოავსეს. წარმართებმა სიკვდილის პირას მიიყვანეს სოფლის ხუცესიც, გაძარცვეს და ნაძარცვი თვითონ დაინაწილეს.

ეს ამბავი მოხდა სამხრეთ საქართველოში, ისტორიულ ტაოში.

მოწამე მავრიკი და 70 მხედარი: ფოტინი, ფილიპე, თეოდორე და სხვები

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 7 მარტი წმინდა მოწმაეების  მავრიკის და 70 მხედრის  ფოტინის, ფილიპეს, თეოდორეს და სხვების ხსენების დღეა. .

მავრიკი მხედართმთავარი იყო, იგი იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს, 305 წელს ეწამა ძესთან, ფოტინთან და თავისი ლაშქრის 70 მეომართან ერთად (მათგან მხოლოდ ორის სახელია ცნობილი თეოდორე და ფილიპე).

დევნილობის დროს წარმართმა ქურუმებმა მოახსენეს იმპერატორს, მავრიკი ქრისტეს სარწმუნოებას ავრცელებსო. სამსჯავროზე შვილთან და მხედრებთან ერთად წარმდგარმა წმიდანმა აღიარა ქრისტე. ისინი სასტიკ სატანჯველებს მისცეს, ჭაბუკ ფოტინეს მამის თვალწინ მოკვეთეს თავი, მაგრამ ამ განსაცდელმა ვერ შეარყია წმიდა მავრიკი; მან მადლობა შესწირა უფალს შვილის მოწამებრივი აღსასრულისათვის.

მტარვალებმა უფრო დახვეწილ სატანჯველს მიმართეს; ქრისტეს მხნე აღმსარებლები ჭაობიან ადგილას გაიყვანეს, სადაც უამრავი კოღო, ბუზი და კრაზანა ირეოდა, თაფლი წაუსვეს სხეულზე და ხეებზე მიაკრეს. აქ ცალკე მწერების ნაკბენებისგან ეწამებოდნენ წმიდანები, ცალკე – შიმშილისა და წყურვილისაგან, მაგრამ დაუდუმებლად ადიდებდნენ უფალს. 10 დღის შემდეგ ქრისტეს მარტვილებს თავები მოკვეთეს. მრისხანე მბრძანებელმა განკარგულება გასცა, მათი ცხედრები დაუმარხავად დაეტოვებინათ, მაგრამ ქრისტიანებმა ღამით, ფარულად დაფლეს ისინი მათი საშინელი აღსრულების ადგილზე.

სირიელი მეუდაბნოეები: თალასი, ლიმნეი და ვარადატი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით, 7 მარტი სირიელი მეუდაბნოეების: თალასის, ლიმნეის და ვარადატის ხსენების დღეა. 

ღირსი თალასი, სირიელი მეუდაბნოე V საუკუნეში ცხოვრობდა. იგი სიყმაწვილეშივე განმარტოვდა ერთი მთის მწვერვალზე, სოფელ ტარვალის მახლობლად და 38 წელი გაატარა ღია ცის ქვეშ. უფალმა განდეგილს სასწაულთქმედების და კურნების ნიჭი მიმადლა. მრავლად იყვნენ მისი ხელმძღვანელობით მოღვაწეობის მსურველები და წმიდა მამაც არავის ისტუმრებდა უარით; ღირსი თალასი მშვიდობით მიიცვალა.

ღირსმა ლიმნეიმ წმიდა თალასის ხელმძღვანელობით დაიწყო მოღვაწეობა, მის გვერდით საკმაოდ დიდი ხანი ცხოვრობდა და მრავალი სათნოებაც შეითვისა: უბრალოება ადამიანებთან ურთიერთობაში, სიმდაბლე, მორჩილება. შემდგომ ღირსმა ლიმნეიმ ნეტარ მირონთან გადაინაცვლა, მთის მწვერვალზე ქვითკირის მცირე, უსახურავო ზღუდე მოიწყო და შიგ დაემკვიდრა. მნახველებთან წმიდანი კედელში დატანებულ მცირე ჭრილიდან საუბრობდა.

მოყვასის სიყვარულითა და თანაგრძნობით აღძრულმა წმიდა მამამ, მისი სულიერი შვილების დახმარებით, მთის კალთებზე ააგო დავრდომილთა თავშესაფარი. ნეტარმა მოსაგრემ საძმოს ამ მდაბიო და უპოვარ წევრებს მდუმარება და მარტომყოფობაც კი შესწირა, თავს იდო ზრუნვა მათ სულიერ საკვებზე და დაუცხრომლად შეაგონებდა, ელოცათ და ედიდებინათ ღმერთი. წმიდა ცხოვრებისთვის ღირსმა მამამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო ღვთისგან.

ღირსმა ვარადატ სირიელმა მეუდაბნოეობის ღვაწლი ანტიოქიის მახლობლად, ერთ ქოხში დაიწყო. შემდგომ მან მთის მწვერვალზე ისეთი ვიწრო და დაბალჭერიანი ქვითკირის კელია მოიწყო, რომ შიგ მხოლოდ წელში მოხრილს შეეძლო ყოფნა. კელიას კარ-ფანჯრები არ ჰქონდა, კედლებში საგანგებოდ დატანებული ხვრელებიდან კი თავისუფლად აღწევდა ქარი, წვიმა და სუსხი. არც ზაფხულში იყო ღირსი მამა დაცული პაპანაქებისაგან. მრავალი წლის შემდეგ წმიდანი ალექსანდრიელმა პატრიარქმა თეოდოტიმ მოინახულა და შეაგონა, დაეტოვებინა ვიწრო თავშესაფარი. მაშინ ღირსი ვარადატი ახალ ღვაწლს შეუდგა: თავიდან ფეხებამდე დაიფარა ტყავის ქიტონით, რომელსაც ერთი ვიწრო ნასვრეტიღა ჰქონდა ჰაერისთვის და ფეხზე მდგარი, ხელაპყრობით დაუსრულებლად ადიდებდა უფალს. მრავალმა ადამიანმა იწყო სიარული რჩევა-დარიგების მოსასმენად და მორჩილებით აღსავსე მამაც გულმოდგინედ მოძღვრავდა ყველას. ღვთაებრივი მადლის ჭურჭლად ქცეული ბერი მშვიდობით მიიცვალა.

ათანასე აღმსარებელი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 7 მარტი ღირსი ათანასე აღმსარებელის ხსენების დღეა.

ათანასე აღმსარებელი მდიდარ და კეთილმსახურ კონსტანტინეპოლელთა ოჯახში დაიბადა. ის ბავშვობიდანვე ოცნებობდა, უფლისთვის მიეძღვნა თავი და როცა სრულწლოვანებას მიაღწია, ნიკომიდიაში მოციქულთა თავთა სახელობის მონასტერს მიაშურა. მისი კეთილმსახური ცხოვრების ამბავი სამეფო კარზეც შეიტყვეს. ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის (813-820) ზეობისას მართლმადიდებლობის ერთგული დამცველი სასტიკად აწამეს, დევნეს და შეავიწროვეს. ნეტარი ათანასე მშვიდობით მიიცვალა 821 წელს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

0