ბიძინა ივანიშვილი

ქართულ ოპოზიციას ივანიშვილის გულწრფელობის არ სჯერა: ვერსიები და ვარაუდები

454
(განახლებულია 20:53 13.01.2021)
მილიარდერი და მეცენატი აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ემშვიდობება. როგორი რეაქცია მოჰყვა ამას ქართულ ოპოზიციაში

თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. საქართველოში ოპოზიცია განაგრძობს ვერსიებზე საუბარს მილიარდერისა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის ირგვლივ.

ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მოულოდნელი განცხადება ორშაბათს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის პროტესტის შედეგად შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა და პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნის ფონზე გააკეთა.

„ჩვენ არ ვიცით, რეალურად წავიდა ივანიშვილი თუ ფიქტიურად“, – განუცხადა ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ.

ის ვარაუდლბს, რომ თავისი გადაწყვეტილებით ივანიშვილი „ცდილობს გაემიჯნოს წარუმატებელ „ქართულ ოცნებას“, აქტივების საქველმოქმედო ფონდისთვის გადაცემა კი ჩამოჰგავს „ქონების გადადებას მარჯვენა ჯიბიდან მარცხენა ჯიბეში“.

„ევროპულ საქართველოში“ ივანიშვილის წასვლას განმარტავენ, როგორც მარცხის აღიარებას.

„კომფორტის ზონაში წავიდა ივანიშვილი თუ ლეთარგიულ ძილში, ფაქტია, რომ მას მოუხდა უკან დახევა, როდესაც ქვეყანაში არსებული პრობლემები გააცნობიერა“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

მისი შეფასებით, ივანიშვილის გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ოპოზიციის გეგმებზე და „ქვეყანას რიგგარეშე არჩევნებს მიუახლოებს“.

„ივანიშვილმა, როგორც ადამიანმა, რომელიც მუდმივად თავის ქონებაზე ფიქრობს, გადაწყვიტა არჩევანი გაეკეთებინა საკუთარი ქონების სასარგებლოდ – სიღრმეში წავიდა... ის მოქმედებს თვითგადარჩენის ინსტინქტით“, – განაცხადა უგულავამ, თუმცა არ გამორიცხა, რომ ივანიშვილი ინტროვერტია და მას სიამოვნებას არ ანიჭებდა საჯარო საქმიანობა ბოლო წლების განმავლობაში.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ არ სჯერა ივანიშვილის ქველმოქმედების.

„ეს ჰგავს ქონების დაცვის მცდელობას, რათა პოლიტიკური კრიზისის პერიოდში მას არაფერი დაემუქროს. მეორე მხრივ, ეს, შესაძლოა, არის გადასახადებისთვის თავის არიდების სურვილი, რომელიც შეიძლება დაეკისროს, ვინაიდან ეს ქონება ახლა მომგებიანი არ არის“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

„ესაა პირდაპირი აღიარება იმისა, რომ ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა პროექტმა „ქართული ოცნების“ სახით განიცადა სრული ფიასკო“, – მიაჩნია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს სალომე სამადაშვილს.

„წელს ჩვენ მკაფიოდ დავინახავთ საქართველოს ეკონომიკის კრახს... წინ გველის უმძიმესი ეკონომიკური, სოციალური კრიზისი და ნათელია, რომ ეს გუნდი ვერაფერს ვერ გაუმკლავდება“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მას ასევე არ სჯერა, რომ ივანიშვილი არაფორმალურ გავლენას დათმობს.

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით კი, ივანიშვილმა საქართველოს უბედურებაზე ხუთი მილიარდი დოლარი იშოვა და ქვეყანა დააპაუზა, შეაჩერა ეკონომიკური ზრდა და „ჯიბეში ჩაიდო“ წაგებული საპარლამენტო არჩევნები.

ბიძინა ივანიშვილი: მე არც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვიქნები>>

„მას ნამდვილად მოუწევს წასვლა და ხელისუფლების გადაბარება... მას მოუწევს ხელისუფლების გადაბარება ოპოზიციური კოალიციისთვის“, – განაცხადა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.

ივანიშვილის გადაწყვეტილება მან ახსნა აშშ-ში განვითარებული მოვლენებით და ტრამპის მარცხით. „TV პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა, რომ სწორედ ივანიშვილი აფინანსებდა ტრამპის კამპანიას ლობისტების ჯგუფის დახმარებით და „ახლა ძალიან შეშინებულია“. „მან იცის, რომ ფეხქვეშ მიწა ეწვის“, – განაცხადა სააკაშვილმა.

იგი ამტკიცებს, რომ „რამდენიმე თვის წინ ივანიშვილთან იმყოფებოდა ამერიკის ელჩი და მაშინ ერთ-ერთ პირობად წამოყენებული იყო ივანიშვილის წასვლა პოლიტიკიდან“.

თავად ივანიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს „საიმედო ხელში“ ტოვებს და ენდობა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც თავისი წასვლისთვის რამდენიმე თვე ამზადებდა.

„მე ვუბრუნდები ცხოვრების წესს, რომელიც ადრე მქონდა და რომელიც ძალიან მომწონს“, – განაცხადა მმართველი პარტიის დამფუძნებელმა ქართული ტელევიზიისთვის მიცემულ ბოლო ინტერვიუში.

2011 წელს პოლიტიკაში მოსვლამდე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული ადამიანი იყო. იგი ოჯახთან ერთად კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, იშვიათად ჩნდებოდა საზოგადოებაში და არასდროს იძლეოდა ინტერვიუს. უპირატესობას ანიჭებდა მშობლიურ სოფელ ჭორვილაში ცხოვრებას. მაშინ ერთადერთი, რაც ივანიშვილზე იყო ცნობილი, ის იყო, რომ იგი საქართველოს უმდიდრესი ადამიანი იყო და დიდ ფულს ხარჯავდა ქველმოქმედებაზე. მისი გადაწყვეტილება, მოსულიყო პოლიტიკაში, მოულოდნელი აღმოჩნდა, მაგრამ უკვე 2012 წელს მილიარდერის მიერ შექმნილმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნები მოიგო და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის მართვის სადავეები ჩამოართვა.

ჩრდილში მიდის – ივანიშვილმა პოლიტიკოსის რანგში პირველ არხს „ბოლო“ ინტერვიუ მისცა>>

ივანიშვილი პოლიტიკიდან ერთხელ უკვე წავიდა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც „ოცნების“ კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა მოიგო, მაგრამ შემდეგ კვლავ დაბრუნდა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. ბოლო განცხადებებში მან განმარტა, რომ მაშინ „ოცნება“ დაშლის პირას იყო, მაგრამ ამჟამად მისი პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება.

ამჯერად წასვლის შესახებ გამოცხადებისას ივანიშვილმა თავისი აქტივების დიდი ნაწილი – 1,5 მილიარდი დოლარი თავისივე საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადასცა, მანამდე კი, 2020 წლის ბოლოს, თბილისს ყოფილი იპოდრომის ტერიტორია აჩუქა ცენტრალური პარკის მოსაწყობად.

454
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (364)
ვალუტის კურსი თბილისში

საგარეო ვალი იზრდება... ემუქრება თუ არა ქვეყანას დეფოლტი?

26
(განახლებულია 09:01 16.04.2021)
ჩვენი ქვეყნის საგარეო ვალი რეკორდულ ნიშნულზეა, ეროვნული ვალუტა უფასურდება, ფასები იზრდება, ცხოვრება ძვირდება... ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პროგნოზებისგან თავს იკავებს...

სამსონ ხონელი

საქართველოს სახელმწოფო საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის უკვე 61.3 პროცენტს შეადგენს, რაც რეკორდული ნიშნულია... არახალია! − ბრძანებს მკითხველი და მართალიც იქნება, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ, რადგან ამ მიმართულებით სიახლეც არის. ფაქტია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოს ვალი კიდევ გაიზრდება და მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ის 63.8 პროცენტსაც გაუტოლდება... არადა მკითხველს შევახსენებ, საქართველოს ბიუჯეტით ეს მაჩვენებელი 2022 წლის მიჯნაზე 60.1 პროცენტი უნდა იყოს...  

ვისი ვარაუდი გამართლდება, ამას დრო გვიჩვენებს. მანამდე კი საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს საგარეო ვალის მოცულობის მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ცვლილების პროგნოზსაც გვთავაზობს. კერძოდ, მომავალ წელს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 61.04 პროცენტი იქნება. შემდეგ წლებში კი ეს მაჩვენებელი თანდათან დაიკლებს და 2026 წლისთვის 53.97 პროცენტს გაუტოლდება...

ანუ თუ ამ ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის პროგნოზს მივენდობით, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ 2021-2026 წლებში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 7.33 პროცენტით შემცირდება... ბევრია ეს თუ ცოტა? კითხვაზე პასუხი თქვენთვის მომინდია... თუმცა, პატივცემულ მკითხველს ისიც მოეხსენება, რომ ვალის აღებას ბევრად ნაკლები დრო ჭირდება, ვიდრე გასტუმრებას...

რატომ გაიზარდა საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი? საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსის ჯიჰად აზურის შეფასებით, ჩვენი ქვეყნის საგარეო საკრედიტო ვალდებულებების ზრდის მიზეზი COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისია...

„საქართველოს მთავრობამ გასულ წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, ჯანდაცვისა და ეკონომიკური მიმართულებით. ეროვნულმა ბანკმა თავი მხრივ COVID19-ის პანდემიით გამოწვეული შოკის ეკონომიკაზე გავლენის შესამცირებლად გონივრულად გამოიყენა გაცვლითი კურსის მოქნილობა. რა თქმა უნდა, რომ ამან საგარეო ვალის გაზრდა გამოიწვია, მიუხედავად ამისა, საქართველოს ვალის მოცულობა კვლავ სტაბილურია...“, − განაცხადა ჯიჰად აზურმა.

მისივე თქმით, შექმნილ მძიმე ვითარებაში მნიშვნელოვანია,  საქართველომ შეინარჩუნოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, შეამციროს ინფლაცია და  მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე იზრუნოს...

„საქართველოში ეკონომიკური აღდგენა ორ პრიორიტეტზე იქნება დაფუძნებული. ეს არის ეკონომიკის დაზარალებული მიმართულებების აღდგენა, ისეთი სექტორების დახმარება, როგორიცაა ტურიზმი. მეორე პრიორიტეტი უნდა იყოს კაპიტალის მომავლის სექტორებში ინვესტირება...“, − განაცხადა ჯიჰად აზურმა. მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკას ასევე დაეხმარება ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც, როგორიც არის მეზობელ ქვეყნებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაძლიერება...

ეკონომიკური ზრდის საკითხს შევეხეთ. შეგახსენებთ, რომ იმავე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოში ეს მაჩვენებელი 3.5 პროცენტამდე შემცირდება. მომავალი წლისთვის კი 5.8 პროცენტი იქნება. 

ამავდროულად, საერთაშორისო სავალუტო ფონდში მიაჩნიათ, რომ ზოგადად ეკონომიკის გაანსაღებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მთავრობამ ჩამოაყალიბოს ხედვა სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებასთან დაკავშირებით. ეს ერთ–ერთი პირობაა ჩვენი ქვეყნისთვის ამ საფინანსო ინსტიტუტისგან  მორიგი პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად. ამის შესახებ გასული თვის ბოლოს განაცხადა ვერა მარტინმა, რომელმაც საქართველოში საერთაშორისო  სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელისე  პოსტზე საქმიანობა ახლახან დაასრულა. საინტერესოა, მაინც როგორია ამ საკითხზე თავად საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხედვა. ვერა მარტინის შეფასებით, რეფორმის მთავარი ამოსავალი სახელმწიფო საწარმოების კარგად მართვა უნდა იყოს. ეს არ არის მყისიერი რეფორმა და მისი გატარება დროს მოითხოვს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდი არც ერთ მთავრობას არ ეუბნება რა უნდა გააკეთოს, ანუ უნდა დაიწყონ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია თუ უნდა დაიტოვონ სახელმწიფო საკუთრებაში. საზოგადოებრივი სიკეთის თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, გარკვეული სახელმწიფო საწარმოები შეიძლება საჭირო იყოს იმ სიკეთის შესაქმნელად, რომელსაც კერძო სექტორი ხელს არ მოკიდებს.

დღეს არსებული ტექნიკური დახმარების ფარგლებში, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, თუ  როგორ შეიძლება სახელმწიფო საწარმოების მმართველობის გაუმჯობესება...“, − განაცხადა ვერა მარტინმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მართვა იყოს კომერციულ საწყისებზე, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება იყოს უმაღლეს ხარისხში და რაც მთავარია, კარგად იყოს გააზრებული, რა რისკების მატარებელი შეიძლება იყოს ცუდი მართვის პირობებში სახელმწიფო საწარმოები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის...  

ამასობაში მიმდინარე კვირა ქვეყანამ საკრედიტო ვალდებულების გასტუმრებით დაიწყო... ორშაბათს საქართველომ ბიუჯეტიდან 500 მილიონი დოლარის კრედიტი დაფარა. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ვალის დაფარვა და ახალი ვალის აღება გათვალისწინებული იყო. შესაბამისი თანხა ბიუჯეტიდან გადაირიცხა და სესხიც დაიფარა. ახალი ვალის აღებას, მთავრობა ისევ ევროობლიგაციების გამოშვებით გეგმავს. მომდევნო კვირაში ტრანზაქცია განხორციელდება, ჩამოირიცხება ის თანხა, რაც ქვეყანამ  ევროობლიგაციების გამოშვებით უნდა მიიღოს. 

ვიდრე მთავრობა ერთ ვალს მეორე ვალის აღებით ისტუმრებს, ეროვნული ვალუტა დაბლა ფსკერისკენ ეშვება... სხვა საკითხია, რომ არავინ იცის, სად და რა ნიშნულზეა ეს ფსკერი... კობა გვენეტაძემ თუ იცის? − შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი ირონიული ტონით. აბა, რა გითხრათ, არ მაქვს პასუხი. თავად განსაჯეთ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია და ლარის კურსთან დაკავშირებით რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

მისივე განმარტებით, ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე, რაც გავლენას ახდენს ეს არის ძალიან დიდი თანხა, რომელიც ქვეყანამ ტურიზმის შემოსავლებიდან დაკარგა...  როგორც კობა გვენეტაძე გვპირდება, ეროვნული ბანკი ყველა ზომას მიიღებს, რომ ფასების ზრდა მაღალი არ იყოს, თუმცა ქვეყნის მთავარი ბანკირი იმასაც მიგვანიშნებს, რომ ფასების ზრდა მეზობელ ქვეყნებშიც შეინიშნება... სავარაუდოდ, რაკი სამეზობლოსაც არ ულხინს, ცხოვრების გაძვირებას ჩვენც გაგებით უნდა მოვეკიდოთ... ლარის კურსი ის გამონაკლისი როდია, რისი პერსპექტივის პროგნოზირებაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეუძლებლად მიაჩნია. კობა გვენეტაძის თქმით, საბაზრო ეკონომიკის პირობებში კრედიტების საპროცენტო განაკვეთების პროგნოზირებაც შეუძლებელია...

„საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორი ზრდა იქნება ეკონომიკაში, ფინანსური რისკები იქნება თუ არა და ა.შ...“, − განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატების ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის ინიციატივით,  საპენსიო სესხებზე არსებული საპროცენტო განაკვეთის საკითხი განიხილებოდა. კობა გვენეტაძის თქმით, რაკი საკითხი საზოგადოების ყველაზე მოწყვლად სეგმენტს ეხება, ეროვნულმა ბანკმა მომხმარებელთა უფლებების დასაცავად, კანონმდებლობით მინიჭებული უფლების ფარგლებში არაერთი ღონიძიება გაატარა....

„საპროცენტო განაკვეთები ეტაპობრივად შემცირდა. 2012-2013 წლებში კრედიტების ერთი ნაწილი 100-დან 200 პროცენტამდე ეფექტური საპროცენტო განაკვეთითაც კი გაიცემოდა. მომდევნო ორი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 50-53 პროცენტის ფარგლებში იყო... გარკვეული ტიპის სესხებზე 80 პროცენტიც კი... 2016 წელიდან მოყოლებული საკრედიტო პორტფელზე საშუალო ეფექტურმა საპროცენტო განაკვეთმა ეტაპობრივად დაიკლო... ორი წლის შემდეგ, 2018 წლის მაისიდან კი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 42 პროცენტიდან 33 პროცენტამდე შემცირდა. საპენსიო სესხების პროცენტის დონე, რომელიც ახლა გვაქვს, უკვე დიდად აღარ განსხვავდება იმ სახელფასო სესხებთან, რომელსაც საპენსიო ასაკის ქვემოთ ასაკის მოსახლეობა იღებს...“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

საკომიტეტო მოსმენისას მან ისიც გვითხრა, რომ საპენსიო სესხების სპეციფიკური რეგულირება სცდება ეროვნული ბანკის ფუნქციებს... ერთი სიტყვით, თუ კაცმა თანამდებობა უნდა ინატრო, არ უნდა გასცდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტობაზე ოცნებას... ეს ისე, ხუმრობით, სადაც იყო ბევრი სიმართლე და ცოტაც ხუმრობა... ან შესაძლოა, პირიქით... დასკვნა თქვენთვის მომინდია. არ დაგიმალავთ, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების შემყურეს არც წინამდებარე სტატიის სახელდებაში დასმულ კითხვაზე მაქვს ოპტიმისტური პასუხი და უკეთესი მომავლის იმედით, დროებით გემშვიდობებით...

 

 

26
გიორგი გახარია

გახარიას პარტია ივანიშვილის გეგმა „ბ“ თუ რეალური ოპოზიცია?

142
(განახლებულია 19:05 15.04.2021)
დღეს უკვე ნათელია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელსაც ბოლო სოციოლოგიური კვლევებით საკმაოდ კარგი რეიტინგი ჰქონდა, ნამდვილად და სერიოზულად აპირებს პარტიის შექმნას და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.

პარლამენტში უკვე გაჩნდა ექვსკაციანი ჯგუფი, რომელთაც არა მხოლოდ „ქართული ოცნება“, არამედ ის საპარლამენტო თანამდებობობიც დატოვეს, რაც უმრავლესობის კვოტით ჰქონდათ მიღებული, და ეს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ავტომობილითა და სხვა ამქვეყნიური სიკეთეებით დატვირთული პოსტებია. სავარაუდოდ, გახარიას კვოტით პარლამენტში გაცილებით მეტი ადამიანი უნდა იყოს და თუ რომელიმეს კიდევ გაუჩნდა რაიმეს მიმართ პროტესტის გრძნობა, ეს შემადგენლობა ერთ კარგ შვიდკაციან ფრაქციასაც შექმნის. თუმცა, ეს მაინც არ წყვეტს პარლამენტის ლეგიტიმურობის პრობლემას, რომელსაც ოპოზიცია მაინც ერთპარტიულს უწოდებს.

და, მაინც, რა მიზნები აქვს და როდის განაცხადებს ამის შესახებ გახარია? სავარაუდოდ, მაისის ბოლოს უკვე ცნობილი უნდა გახდეს მისი პარტიის სახელწოდება, მიზნები, ამოცანები და მიზნისკენ სვლის გზები, რადგან ახლადშექმნილი პარტიისთვის 5-6 თვე ნამდვილად საჭიროა, რათა არჩევნებისთვის კარგად მოემზადოს.

ამბობენ, რომ გახარიამ, შესაძლოა, ზუგდიდში ან თბილისში გამოსცადოს საკუთარი რეიტინგი. როგორც ირკვევა, ზუგდიდში მას უეჭველ გამარჯვებას ჰპირდებიან, თბილისში კი, შესაძლოა, უფრო გაუჭირდეს მაკო გომურისა და 20 ივნისის მოვლენების გამო. თავის მხრივ, ბევრი ხმა დადის იმის თაობაზე, რომ თბილისის მერის არჩევნებზე სერიოზული კონკურენციაა მოსალოდნელი და დიდი გრეჩიხიდან დაწყებული, პატარა პარტიებით დასრულებული, ყველა აპირებს ძალების მოსინჯვას.

ოპოზიციაში ჯერ კიდევ ფიქრობენ, დაუჯერონ თუ არა ყოფილ პრემიერს ოპოზიციური ზრახვები. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში სურთ, გახარიას პარტიამ ხმები მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ გაუყოს. ბევრს სჯერა, რომ გახარიას პარტია ივანიშვილის გეგმაა „ქართული ოცნების“ იმედგაცრუებული ნაწილისთვის და ის სწორედ მისი მეშვეობით გეგმავს ჯერ მესამე ძალის, შემდეგ კი კოალიციის შექმნას 2024 წელს.

„ჯერჯერობით ჩვენ გახარიასგან და მისი გარემოცვიდან რაიმე პოლიტიკური პოზიცია არაფერზე მოგვისმენია, ამიტომ, მე არ ვარ შეთქმულების თეორიების მომხრე, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ ვერსიას, რომ ეს ყველაფერი არის მცდელობა “ბ“ გუნდის გაკეთების ივანიშვილის გარშემო, საფუძველი აქვს. თუ ეს ასე არ არის, გვაჩვენონ თავისი მოქმედებებით. თუ მთავრობის უნდობლობას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს უჭერენ მხარს, ძალიან კარგი. ამასთან, გიორგი გახარიამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს. ჩრდილში ყოფნა და მოლოდინის რეჟიმის შექმნა არასერიოზულად გამოიყურება“, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია.

ხელისუფლებაში კი დარწმუნებული არიან, რომ გახარიას რეალური შედეგის მიღწევა გაუჭირდება და მისი მაღალი რეიტინგი მხოლოდ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობით იყო გამოწვეული. ასეა თუ ისე, ქართულ პოლიტიკაში მალე საინტერესო სიახლეების მომსწრე გავხდებით. რა ნიშას აირჩევს გახარია, სულ მალე გამოჩნდება. ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ის რადიკალიზაციის წინააღმდეგია და გუნდიც საკმაოდ მოძლიერებული ჰყავს სხვადასხვა პოზიციებზე.

142
თბილისი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 18 აპრილს

0
(განახლებულია 10:50 16.04.2021)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს კვირას ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი ელოდებათ – ჰაერი 22 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს დედაქალაქში კვირას, 18 აპრილს ღრუბლიან ამინდსპროგნოზირებენ, მოსალოდნელია მცირე ნალექი. 

მზე 06:17 საათზე ამოვა და 19:44 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 12–13 გრადუსი, დღისით კი პლუს 22–23 გრადუსია ნავარაუდები.

0
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში