МиГ-31

მიმოხილვა: როდის აფრინდება მეექვსე თაობის МИГ-41

30
(განახლებულია 18:04 10.01.2021)
რუსეთმა მეხუთე თაობის გამანადგურებელ Су-57-ის სერიული წარმოების ტექნოლოგია აითვისა და ახლა მეექვსე თაობის ზესაიდუმლო, სუპერსწრაფი და მძლავრი МиГ-41-ის შექმნაზე მუშაობს, რომელსაც ახლო კოსმოსში გასვლის უნარი აქვს.

2020 წლის ზაფხულში გამანადგურებელ Су-57 -ის სერიული წარმოების დაწყება საშუალებას იძლევა, რუსეთის თავდაცვითი-საწარმო კომპლექსის ყველა მიზნობრივი საშუალება და სამეცნიერო-ტექნიკური რესურსი მეექვსე თაობის პროექტის, МиГ-41-ის რეალიზაციის დაჩქარებისკენ მიიმართოს, რომელსაც საფუძვლად უნიკალური გამანადგურებელ-ჩამჭერის, МиГ-31-ის კონცეფცია უდევს.

წინამორბედ МиГ-31-ის კრეისერული სისწრაფე რეკორდული 2,3 მახია (მაქსიმალური _ 2,8 მახი). მეოთხე თაობის მძიმე გამანადგურებელ-ჩამჭერი МиГ-31 მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ საჰაერო მებრძოლად მიიჩნევა, მიუხედავად მეხუთე თაობის საბრძოლო მანქანების გამოჩენისა. გამანადგურებელს 9 ტონა არსენალის ზიდვა შეუძლია საათში 3000 კმ სიჩქარით და იარაღს 25 ათას მ სიმაღლემდე იყენებს. ჰიპერბგერითი რაკეტებით აღჭურვილი МиГ-31БМ რამდენიმე წუთში ფრინდება აეროდრომიდან და შეტევის ზღვარზე დგება. მისი სამიზნეებია: მოწინაარმდეგის საკომანდო პუნქტები, ავიამზიდები, სხვა მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტები 3000 კმ-ს დაშორებით ( საწვავის მარაგის შევსების გარეშე). МиГ-31-სთვის შექმნილ რაკეტა Р-37-ს საავიაციო კომპლექსების საჰაერო საკომანდო პუნქტებისა და ტანკერების აღმოჩენა შეუძლია 400 კმ დაშორებით. ოთხ გამანადგურებელ МиГ-31-ს 1000 კმ ფრონტალური და 300 კმ სიღრმეზე საჰაერო სივრცის გაკონტროლება შეუძლია.

მეექვსე თაობის სიმძლავრე

შორი ჩაჭერის პერსპექტიული საავიაციო კომპლექსი МиГ-41 ჩამჭერ МиГ-31-ის ჩასანაცვლებლად იქმნება. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ კორპორაცია МиГ-ი მეექვსე თაობის ჩამჭერ-გამანადგურებელს უახლოეს წლებში აიყვანს ჰაერში.

МиГ-41-ზე ჯერ კიდევ საცდელ-სამეცნიერო მუშაობისას, 2018 წლის აგვისტოში, კორპორაცია МиГ-ის გენერალურმა დირექტორმა ილია ტარასენკომ განაცხადა, რომ ტექნოლოგიურად სრულიად ახლებური თვითმფრინავი 4-5 მახის სიჩქარით იფრენს, ანუ საათში 6000 კმ-ზე მაღალი სიჩქარით. ამასთან კოსმოსშიც შეასრულებს დავალებებს.

МиГ-41-ის მოცულობა და შეიარაღების მახასიათებლები არ საჯაროვდება, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უახლესი МиГ-41 წინამორბედი МиГ-31БМ-ისგან საავიაციო კომპლექს Кинжал-ს მიიღებს მემკვიდრეობით. მანამდე რუსეთის სასამხედრო-კოსმოსური ძალების ექს-ხელმძღვანელმა ვიქტორ ბონდარევმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ МиГ-41 შორი მოქმედების რაკეტა Р-37-ებსა და ასევე „სრულიად ახალ რაკეტებსაც“ ზიდავს. გამანადგურებელ-ჩამჭერს მოწინავე საფრენი მახასიათებლები ექნება, ხოლო მისი შეიარაღება შესამჩნევ სიმტკიცეს შესძენს რუსეთის ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვას.

დღეს ახალი თაობის საავიაციო რაკეტები იქმნება, სწრაფად ვითარდება ლაზერული იარაღი. გაზეთ „იზვესტიას“ ინფორმაციით, მეექვსე თაობის გამანადგურებელი შორი მანძილის „მრავალფუნქციურ სარაკატო ჩამჭერ სისტემას ზიდავს, რომელსაც ჰიპერბგერითი რაკეტების განადგურების უნარი ექნება“.

სპეციალიზებული გამოცემა Military Watch-ი კიდევ უფრო შორს წავიდა პროგნოზებში: ჰიპერბგერითი МиГ-41 მოიცავს МиГ-25-სა და МиГ-31-ის უნარებს, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ მომდევნო თაობის ტექნოლოგიების ხარჯზე და შეძლებს საფრთხე შექუმნას მოწინააღმდეგის კოსმოსურ აპარატებს.

გამოცემა The National Interest-მა МиГ-41-ს პუბლიკაციების მთელი სერია მიუძღვნა, რომელთაგან ერთ-ერთში აღნიშნულია, რომ მეექვსე თაობის რუსულ იდუმალ სტელს-გამანადგურებელს „თამაშის წესების შეცვლა“ შეუძლია. ძნელია, არ დაეთანხმო.

კონსტრუქციის თავისებურებანი

МиГ-41მფრინავი ფრთის პრინციპით იქმნება. ეს მას მაღალ მანევრირებულობას, მცირე შესამჩნევადობასა და კრეისერულ ზებგერით სიჩქარე სძენს – საათში 4500 კმ-ზე მეტს. აუცილებელია აღინიშნოს, რომ მეოთხე თაობის МиГ-31 ხანგრძლივ დინამიკურ და ტემპერატურულ დატვირთვას უძლებს მტკიცე კორპუსის ხარჯზე, რომელიც 50%-თ ფოლადისგან შედგება, 33%-ით – ალუმინის შენადნობებისგან, ხოლო 16%-ით - ტიტანისგან. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ МиГ-41 კოსმოსური ტექნოლოგიებისა და კომპოზიტური მასალების შერწყმა გახდება, რომლებიც რადარებისთვის შეუმჩნეველი, დატვირთვისა და ტემპერატურის მიმართ გამძლე იქნება.

კონსტრუქტორებს ურთულესი ტექნოლოგიური ამოცანების გადაჭრა მოუწევთ. კერძოდ, გამანადგურებელ-ჩამჭერის ხელოვნური ინტელექტით აღჭურვა.

ბევრი ქვეყნის სპეციალისტი მოუთმენლად ელოდება მსოფლიოს ყველაზე სწრაფი МиГ-41-ის აფრენას. გენერალ-პოლკოვნიკ ვიქტორ ბონდარევის თქმით, ჯარებში ახალი მანქანა 2025 წელზე ადრე ვერ შევა. მრავალფუნქციური გამანადგურებელ МиГ-41-ის რეალიზაცია უბრალოდ МиГ-31-ის შეცვლა კი არ არის, არამედ ტექნოლოგიური რევოლუციაა, მეექვსე თაობის გამანადგურებელი ავიაციის ფორმირებაა. და ამაში რუსეთი ყველაზე წინაა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

30
თემები:
რუსეთი დღეს (713)
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

რას უნდა ველოდოთ ქართული სპორტისგან: 2021 სპორტული მოვლენებით აღსავსე წელი

95
(განახლებულია 17:39 22.01.2021)
გულშემატკივრები ტოკიოში ქართველი ოლიმპიელების გამოსვლას ელოდებიან. საინტერესო წელი იქნება ქართული რაგბისთვისაც. პარალელურად ფეხბურთელები განაწყენებული ქომაგის გულის მოგებას კიდევ ერთხელ შეეცდებიან.

მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო გადაიდო ან სულაც ჩაიშალა 2020 წელს დაგეგმილი უამრავი სპორტული ღონისძიება. გულშემატკივართათვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო გასულ წელს დაგეგმილი ოლიმპიური თამაშებისა და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის გადადება. კორონავირუსთან ვაქცინაციით დაწყებულ ბრძოლას მსოფლიო საზოგადოება იმედის თვალით შეჰყურებს, რაც ჩვენც იმედს გვაძლევს, რომ 2021 წელი სპორტული თვალსაზრისით ბევრად საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება.

იმედიანად არის განწყობილი ქართველი ქომაგიც, რადგან ქართულ სპორტს საინტერესო წელი ელოდება და ფედერაციები გარკვეულ სახეობებში მსოფლიო ტურნირებზე უმაღლესი სინჯის მედლების მოპოვებას გეგმავენ.

მიმდინარე წლის მთავარი მოვლენა, რა თქმა უნდა, ტოკიოს ოლიმპიური თამაშებია, რომელიც შარშან უნდა გამართულიყო. ოლიმპიადის ლიცენზიები ქართველი სპორტსმენების ნაწილს უკვე მოპოვებული აქვს, დანარჩენები კი ოლიმპიადამდე დაგეგმილ ტურნირებზე იბრძოლებენ ლიცენზიების მოსაპოვებლად. რთული წელი ექნებათ ქართველ ფეხბურთელებს, რომლებმაც ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალში განცდილი მარცხით გულშემატკივრებს გული დასწყვიტეს. საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის მუნდიალისთვის შესარჩევ ეტაპს გაივლის, სადაც უძლიერეს მეტოქეებთან მოუწევს გაჯიბრება. რაც შეეხება კალათბურთელთა ეროვნულ გუნდს, ისინი ევრობასკეტის ბოლო საკვალიფიკაციო ფანჯრის (ბაბლის) მასპინძლები იქნებიან. მოუთმენლად ველით UFC-ში ჩვენი მებრძოლების გამოსვლებსაც, მიუხედავად პანდემიისა, მათ 2020-ში უამრავი სიხარული გვაჩუქეს. ასევე წინ გველის ძიუდოში თბილისის გრანდ-სლემი და უამრავი სხვა სპორტული ღონისძიება.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება

იაპონიის დედაქალაქმა ზაფხულის 32-ე ოლიმპიურ თამაშებს, რომელშიც 200-ზე მეტი ქვეყნის 12,5 ათასზე მეტი სპორტსმენის გამოსვლას ელოდებიან, ერთი წლის დაგვიანებით - 2021 წლის ზაფხულში უნდა უმასპინძლოს.

ოლიმპიადის ხსენებაზე ქართველ გულშემატკივარს პირველი ალბათ ლაშა ტალახაძე გაახსენდება. ჩვენი გოლიათის მარცხს სხვა ქვეყნის სპორტის ქომაგები და წარმომადგენლებიც კი არ განიხილავენ და მით უფრო მის გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება ქართველ ქომაგს. ტალახაძის უსაზღვრო შესაძლებლობებიდან და არაამქვეყნიური ძალიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ერთი ოლიმპიური ოქროს იმედი ამ სახეობაში ნამდვილად უნდა ჰქონდეს. თუმცა ბოლო ხანს, ტალახაძის გარდა, არაერთმა ქართველმა ძალოსანმა მიაღწია წარმატებას საერთაშორისო ტურნირებზე და არ არის გამორიცხული, ფედერაციას კიდევ ჰქონდეს დაგეგმილი ოლიმპიური მედლები.

ტრადიციულად საქართველოს მედლების მოპოვების დიდი შანსი ექნება საჭიდაო სპორტის სახეობებში. საინტერესო იქნება ქართველი ძიუდოისტების ასპარეზობა, სადაც უამრავი ახალი სახე გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ წელი წარმატებით დაიწყეს ტატო გრიგალაშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა, რომლებმაც დოჰას მასტერსზე გამოსვლა ოქროს მედლებით დაასრულეს. არ უნდა დაგვავიწყდეს თავისუფალი სტილით ჭიდაობა, სადაც ყველაზე მეტად გენო პეტრიაშვილის იმედი გვაქვს.

რა თქმა უნდა, ცალკე უნდა აღინიშნოს მსოფლიო სპორტში ისეთი ფენომენალური მოვლენა, როგორიც ჩვენი მსროლელი ნინო სალუქვაძეა, რომელიც თავის მე-9 (!) ოლიმპიადაზე მიდის. წარმატებები ვუსურვოთ ნინოს და იმედი ვიქონიოთ, რომ მასთან ერთად ქართველი სპორტსმენები სპორტის სხვა სახეობებშიც მოუტანენ ქვეყანას ჯილდოებს.

დიდი იმედგაცრუების შემდეგ საფეხბურთო ნაკრები მუნდიალის შესარჩევისთვის ემზადება

კარგი იქნება, თუ კორონავირუსთან და მასთან დაკავშირებულ პრობლემებთან ერთად დავიწყებას მიეცემა 2020 წლის ქართული ფეხბურთის წარუმატებლობაც. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო მარცხის შემდეგ ბევრმა ადამიანმა კიდევ ერთხელ აიცრუა გული ქართულ ფეხბურთზე.

საქართველოს ეროვნული ნაკრები წელს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპში ჩაერთვება. მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ქართველ ფეხბურთელებს ნამდვილად რთული გზა აქვთ გასავლელი. ჩვენი ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან ერთად მოხვდა.

მუნდიალის შესარჩევზე საქართველო პირველ შეხვედრას 2021 წლის 25 მარტს სტუმრად გამართავს შვედეთის წინააღმდეგ, 11 ნოემბერს კი საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში კვლავ შვედებთან მოგვიწევს დაპირისპირება.

ნაკრების სხვა პრობლემებს ახლა ისიც დაემატა, რომ სლოვაკი სპეციალისტის ვლადიმერ ვაისის წასვლის შემდეგ ფედერაცია ისევ ნაკრების ახალი მწვრთნელის ძიებაშია.

არ უნდა დაგვავიწყდეს ქართული კლუბებიც. ევროსარბიელზე, მსგავსად წინა სეზონებისა, კვლავ ოთხი გუნდი იასპარეზებს. ეროვნული ლიგის ჩემპიონი თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს, ხოლო ბათუმის „დინამო“, გორის „დილა“ და „გაგრა“ (თასის გამარჯვებული) უეფას ახალ საკლუბო ტურნირზე – კონფერენს ლიგაზე გასვლას შეეცდებიან.

ქართველი მორაგბეებისთვის წელი რუსეთთან შეხვედრით იწყება

„ბორჯღალოსნები“ 2021 წლის პირველ შეხვვედრას რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან 6 თებერვალს გამართავენ. მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო თვალსაზრისით ჩვენი ნაკრებისთვის აღნიშნული შეხვედრა არაფერს წყვეტს, მაყურებელი ქართველ მორაგბეთა მატჩებს ყოველთვის სულმოუთქმელად ელოდება. „დათვებს“ ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე უნდა შევხვედროდით, თუმცა ამ შემთხვევაშიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეხვედრა გადაიდო.

შემდეგ კი ლევან მაისაშვილის შეგირდებს წინ რაგბი ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი ელით, რომელიც მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპიცაა. საუბარია ასევე ზაფხულში გასამართ ტესტ-მატჩებზე, რომლებიც "ბორჯღალოსნებმა" შესაძლოა არგენტინისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ გამართონ.

კალათბურთელები ევრობასკეტისთვის გახურდებიან

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები წელს ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის ბოლო ოთხ შეხვედრას, ე.წ. „ბაბლს“ უმასპინძლებს. 2021 წლის თებერვალში ჩვენი ნაკრები ჯერ სერბეთის დამარცხებას შეეცდება, შემდეგ კი ფინეთის ნაკრებს შეხვდება.

ილიას ზუროსის შეგირდებმა „ბაბლის“ პრინციპით ფინეთში გამართულ ნოემბრის ფანჯარაში წარმატებულად იასპარეზეს. ქართველმა კალათბურთელებმა მასპინძელ ფინეთთან გამარჯვების შემდეგ შვეიცარიაც დაამარცხეს და ჯგუფში ლიდერობა შეინარჩუნეს.

საქართველო ევრობასკეტი-2022-ის ერთ-ერთი მასპინძელია და ფინალურ ეტაპზე თამაში გარანტირებული აქვს. მიუხედავად ამისა, ქართველ კალათბურთელებს თავი არ დაუზოგავთ და შესარჩევი ეტაპის აქამდე გამართული ყველა მატჩი მოიგეს, თანაც უმეტესი მათგანი – სერიოზული საკადრო დანაკლისების პირობებში. მეორე მხრივ, ძირითადი შემადგენლობის დანაკლისმა გამოავლინა პერსპექტიული ახალგაზრდები, რომლებიც ნაკრებს მომავალში უდავოდ გამოადგებიან.

2021 წლის ზაფხულში საქართველო 20 წლამდე კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონსაც მიიღებს.

შერეულ ორთაბრძოლებში ქართველი სპორტსმენები თანდათან სახელს იხვეჭენ

ბოლო პერიოდში საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, შერეული ორთაბრძოლები პოპულარული გახდა. ჩვენი განსაკუთრებული ინტერესი UFC-სკენ არის მიმართული, სადაც ექვსი ქართველი სპორტსმენი გამოდის.

ლიანა ჯოჯუა, მერაბ დვალიშვილი, გიგა ჭიკაძე, რომან დოლიძე, ილია თოფურია და გურამ ქუთათელაძე – ეს იმ მებრძოლთა ჩამონათვალია, რომლებმაც გასულ წელს თავი ყველაზე მეტად დაგვამახსოვრეს, და არ არის გამორიცხული, რომ ქართველ მონაწილეთა რიცხვი მიმდინარე სეზონისთვის კიდევ გაიზარდოს.

აღნიშნული ექვსი მებრძოლისგან 2021 წელს ქართველი გულშემატკივარი მაქსიმალურ თავდადებასა და წარმატებებს ელოდება. UFC-ში ქართველთა მომავალი მეტოქეების ვინაობა წლის განმავლობაში ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

ასე რომ, წელს საინტერესო სპორტული 2021 გველოდება, წარმატებების იმედით დაველოდოთ წლის ბოლოს შეჯამებას.

 

95
გარემოვაჭრეები

საქართველოში ინფლაციის დონე მკვეთრად შემცირდა: რაშია ფასების ვარდნის მიზეზი

234
(განახლებულია 14:26 20.01.2021)
დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ მინუს 1% შეადგინა. ნოემბრის თვეში ინფლაციის მაჩვენებელი 0,9% იყო.

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2019 წლის დეკემბერი – 2020 წლის დეკემბერი) 2,4% შეადგინა – 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის პირობებში, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“. 

ასე რომ, 2019 წლის თებერვლიდან პირველად ინფლაციის წლიური დონე მიზნობრივ მაჩვენებელზე ნაკლები აღმოჩნდა.

დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში მინუს 1% შეადგინა. ნოემბრის თვეში ინფლაციის მაჩვენებელი 0,9% იყო.

„საქსტატის“ მონაცემებით, დეკემბერში ყველაზე მეტად ფასები შემცირდა კომუნალურ მომსახურებაზე – 22%-ით. ამავე დროს, ფასები გაიზარდა სურსათსა (2,1%) და ტრანსპორტზე (2,4%).

კომუნალურ მომსახურებაზე ფასების კლების მიზეზები

„საქსტატით“ განმარტებით, დეკემბერში ინფლაციის დონის კლების მიზეზი მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისთვის კომუნალური ხარჯების სუბსიდირება გახდა, რომელიც მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ამასთან, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის სუბსიდირება ხორციელდება მათი მოხმარების მიხედვით, ხოლო წყალმომარაგების და დასუფთავების სერვისის – მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობის მიხედვით.

პანდემიის პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის (შესაბამისად, 200 კვტ/სთ და 200 მ3) ხარჯების დაფარვის შესახებ.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემოთავაზებული სამომხმარებლო ფასების ინდექსის გაანგარიშების საერთაშორისო მეთოდოლოგიის თანახმად, ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისას გამოიყენება უშუალოდ მომხმარებლის მიერ გადახდილი საფასური. ანუ, სამომხმარებლო ფასი მოიცავს ყველა გადასახადს და არ მოიცავს სუბსიდიებს. აღნიშნული პროგრამით მოსარგებლე აბონენტებისთვის დეკემბერში განხორციელდა ტარიფის სრული სუბსიდირება, რაც მათთვის 0-ის ტოლ ტარიფს გულისხმობს. დანარჩენი აბონენტებისთვის კი ტარიფი დარჩა უცვლელი“, – ნათქვამია „საქსტატის“ განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ სუბსიდირების შედეგი გათვალისწინებული იქნა დეკემბის ინფლაციის დონის გაანგარიშებისას, რამაც გარკვეულწილად შეამცირა წლიური ინფლაციის მაჩვენებელი გასული თვეების დინამიკასთან შედარებით.

როგორ იცვლებოდა ინფლაცია წლის დასაწყისიდან

2019 წელს წლიურმა ინფლაციამ 7% შეადგინა. მის შესაკავებლად ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის სექტემბრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო. წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, ბოლოს იგი 2019 წლის დეკემბერში გაიზარდა. 

2020 წლის დასაწყისიდან ინფლაციის დონემ შემცირება დაიწყო – იანვარსა და თებერვალში მან 6,4% შეადგინა, მარტში – 6,1%, სექტემბერში – 3,8%. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ხელისუფლებამ 21 მარტიდან კარანტინი და კომენდანტის საათი დააწესა. ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებისთვის ეროვნულმა ბანკმა აპრილიდან სამ ეტაპად 8%-მდე შეამცირა მონეტარული პოლიტიკის ძირითადი განაკვეთი.

2020 წლის დეკემბერში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომუნალურ მომსახურებაზე ფასები 21,7%-ით შემცირდა. გარდა ამისა, ფასებმა დაიწია ტრანსპორტზე (2,3%), გართობასა და დასვენებაზე (2,8%). ამასთან, წლის განმავლობაში სურსათი 6,8%-ით გაძვირდა, მათ შორის, რძე, ყველი და კვერცხი – 11,3%-ით, მზესუმზირის ზეთი – 27,2%-ით, ყავა და ჩაი – 13,4%-ით, პურპროდუქტები – 7%-ით, ხორცი – 1,7%-ით, ხილი კი გაიაფდა 4,5%-ით. კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, 9,6%-ით გაიზარდა ჯანდაცვის სფეროს მომსახურების ფასებიც.

მარტო ციფრებით ვერ „გაძღები“

ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ინფლაციის გამოთვლის ფორმულა არ გამოდგება ადამიანების კეთილდღეობისა და მათი შემოსავლების გასაზომად. 

„მოქალაქეების სამომხმარებლო კალათა შეზღუდულია და, სამწუხაროდ, დღეისათვის არსებული იმ შემოსავლების გათვალისწინებით, რომელიც მოსახლეობას აქვს, ეს კალათა უფრო მეტად დამძიმდა, ვიდრე ეს ოფიციალური სტატისტიკა. ინფლაციის შესახებ ოფიციალური სტატისტიკა საკვები არ არის, იმიტომ რომ ადამიანები საკვებსა და პირველადი მოხმარების საგნებზე ხარჯავენ ფულს“, – განაცხადა ხუხაშვილმა „Sputnik–საქართველოსთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, საქმე ისაა, რომ პირველადი მოხმარების საგნები 15-30%-ით გაძვირდა.

მოსახლეობაში შემოსავლების არქონა დეფლაციურ პროცესებს გამოიწვევს

„საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ აღნიშნა, რომ მთავრობამ მოსახლეობისთვის კომუნალური ხარჯების სუბსიდირება განახორციელა, სტატისტიკის სამსახურმა კი ეს მონაცემები აღრიცხა, როგორც დაკლებული ფასები. 

„ისეთი ფენომენი შეიქმნა, რომ სადღაც მარტში სიტუაცია შეიძლება ისე წავიდეს, რომ ჩვენ შეიძლება დეფლაციური პროცესები მივიღოთ, რაც მოსახლეობაზე უარესად აისახება. ეს ნიშნავს, რომ ფასების ვარდნა მოხდება იმის ფონზე, რომ მოსახლეობას არ ექნება ფული სურსათის შესაძენად“, – განაცხადა შენგელიამ „Sputnik–საქართველოსთან“ ინტერვიუში. ექსპერტის თქმით, იმის გამო, რომ მოსახლეობას არ ექნება შემოსავალი, მოთხოვნა იქნება ნაკლები.

„ამ შემთხვევაში მთავრობას კვლავ მოუწევს მოსახლეობის დახმარება და მან უნდა მოიფიქროს, თუ როგორ განახორციელოს ეს“, – განაცხადა შენგელიამ.

თავის მხრივ, საქართველოს ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ ინფლაციის კლების დინამიკა განპირობებულია სუსტი ჯამური მოთხოვნით და მოსალოდნელია, რომ ეს გავლენა მომავალშიც დარჩება. გარდა ამისა, საყურადღებოა საგარეო მოთხოვნის შემცირებაც.

234
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
წიწვოვანი ტყით დაფარული კლდე

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 იანვარი

0
(განახლებულია 10:21 22.01.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 23 იანვარია, შაბათი. მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

დღეს პრიორიტეტული ლოგიკა და პრაგმატიზმი იქნება. გამძაფრდება ისეთი თვისებები, როგორიცაა გონივრულობა, ფხიზელი გათვლები, ემოციები და გრძნობები მეორე პლანზე გადაიწევს. ლოგიკა სიყვარულშიც კი „ჩაერევა“, ამიტომ ეს დღე სრულიად არ შეესაბამება რომანტიკულ „სიგიჟეებს“, სამაგიეროდ იდეალურია კონკრეტული ნაბიჯებისა და წინადადებებისთვის. სხვა სფეროებში ცივი გონება ყველაზე რთული ამოცანების ამოხსნაშიც კი დაგვეხმარება.

ბედის სიურპრიზები 2021 წელს და ზოდიაქოს სამი რჩეული ნიშანი>>

ვერძი: დღეს ინტელექტუალური და ფილოსოფიური საუბრების ხასიათზე დადგებით, ამიტომ თქვენი მთავარი მიზანი ღირსეული თანამოსაუბრის პოვნა იქნება. თუნდაც ასეთი პიროვნება ვერ იპოვოთ, საკუთარ მოთხოვნილებას მაინც დაიკმაყოფილებთ თუნდაც უბრალო მეგობრულ საუბარში, რომელიც შეგიძლიათ გადააქციოთ ინტელექტუალურ კამათად ან ერუდიციაში აზრატულ შეჯიბრებაში. თქვენთვის მთავარი არა შედეგი, არამედ აზრების ემოციური გაცვლის პროცესი გახდება.

კურო: დღევანდელი დრო შეგიძლიათ დაუთმოთ გეგმების შედგენას და განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომლებიც ძალიან გეფონებათ გულზე. ვარსკვლავები დახმარებას გპირდებიან ნებისმიერ პროექტში, რომელიც თანხებთან და მის გონივრულ ინვესტიციებთან, ბიზნესის გაფართოებასთან ან შვებულების საინტერესო ადგილას გატარებასთან არის დაკავშირებული. თქვენი გონება მკაფიოდ და კონსტრუქციულად იმუშავებს, ხოლო იდეების მთავარი ღირსება პრაქტიკულობა იქნება.

ტყუპი: ეს ის დღეა, როდესაც, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ საკითხში შეგიძლიათ სიცხადის შეტანა. თქვენი გონება იმუშავებს მკაფიოდ, გააანალიზებს და ლოგიკურად გადაწყვეტს ამოცანებს. თუ რამე საკითხის არსში ჩაწვდომა მოგინდებათ, საკმარისი იქნება ფაქტების მოპოვება, ხოლო სწორ დასკვნებს თავად გამოიტანთ. თქვენი გამჭრიახობა ირგვლივ მყოფთა თვალში განსაკუთრებულად მომხიბლავი აღმოჩნდება და ეს გასაგებიცაა – არაფერი ისე არ ამშვენებს ადამიანს, როგორც საკუთარ თავთან მეგობრობა.

კირჩხიბი: ვარსკვლავები გირჩევენ, ჩაიხედოთ საკუთარ გულში და დაფიქრდეთ, რომელიმე საკითხში ჩიხში ხომ არ შეხვედით? შესაძლოა, ასეც არის, მაგრამ გეშინიათ, რომ ამაში საკუთარ თავს გამოუტყდეთ. არა აქვს მნიშვნელობა, რას ეხება ეს საკითხი – მეგობრობას, მუშაობას, ფულსა თუ სიყვარულს. მთავარი ისაა, რომ თავის მოტყუების დრომ ჩაიარა, დროა, ფაქტებს პირდაპირ შეხედოთ თვალებში. თუ მოვლენებს გააანალიზებთ, მიხვდებით, რომ გზას გადაუხვიეთ, მაგრამ ეს საშიში არაა. კარგი დღეა იმისთვის, რომ გათავისუფლდეთ ილუზიებისგან და სხვადასხვა ვარიანტიდან ერთი სწორი შეარჩიოთ.

ლომი: ასტროლოგები გირჩევენ, ერთ–ერთი ადამიანი, რომელიც თქვენ გვერდითაა, კარგად გაიცნოთ. არ არის აუცილებელი, ეს რომანტიკული სწრაფვის ობიექტი იყოს. შეიძლება აღმოჩნდეს უბრალო ნაცნობი, კოლეგა ან შემთხვევითი ადამიანი. დღეს თქვენს ურთიერთობებში ლოგიკა იქნება წინა პლანზე წამოწეული და გაქვთ შანსი, რომ მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოთ ნებისმიერზე. ჩვეულებრივ საუბარს, მაგალითად ამინდზე, სჯობს, თანამოსაუბრის ბიოგრაფიისა და მისწრაფებების შესახებ მეტი ინფორმაცია გაიგოთ, თქვენიც გაუზიაროთ და ურთიერთობები ახალ დონეზე გადაიყვანოთ. ეს მომავალში აუცილებლად გამოგადგებათ.

ქალწული: დღეს კარგი იქნება, თუ ორომტრიალს გაერიდებით და საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩებით, საკუთარ გულს მოუსმენთ. ფილოსოფიურად განწყობილებს თამამად შეგიძლიათ ნებისმიერი კითხვის დასმა – არის დიდი ალბათობა იმისა, რომ თუ საკუთარ თავში ჩაიხედავთ, პასუხსაც მიიღებთ. არ შეუშინდეთ ისეთ გლობალურ კითხვებსაც კი, როგორიცაა „რა მინდა ამ ცხოვრებისგან?“ „რა გავაკეთო მომავალში?“ და ა.შ. ამის პასუხები არის, ის თქვენს სულში ღრმადაა ჩამალული და სადღაც გულის კუთხე–კუნჭულში პასუხები უკვე იცით კიდეც.

სასწორი: დღეს თქვენი წარმატების გარანტი საკუთარი ძალების ობიექტურად შეფასებაა. დღის განმავლობაში შეიძლება გაჩნდეს ისეთი ვითარება, როდესაც სპეციალისტის კონსულტაცია დაგჭირდებათ. შესაძლოა, ეს ინფორმაციის ნაკლებობა იყოს, ან ექიმის რჩევა დაგჭირდეთ. ასეა თუ ისე, უნდა გახსოვდეთ, რომ ერთი თავი კარგია, მაგრამ ორი – უკეთესი. ყველას რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი ჰქონდეს, დღემდე პირველყოფილებივით გამოქვაბულებში ვიცხოვრებდით.

მორიელი: დღეს, შესაძლოა, დისკუსიის სურვილი გაგიჩნდეთ. ამასთან მარტო დისკუსიის კი არა, არამედ სკანდალის. თქვენი საბრძოლო განწყობა კამათში გამოვლინდება, გაგიჩნდებათ სურვილი, რომ გარშემომყოფებს თქვენი სიმართლე დაუმტკიცოთ და ამას ვერავინ შეეწინააღმდეგება. ერთადერთი, რაც მათ დარჩენიათ, ისაა, რომ დაეთანხმონ თქვენს არგუმენტებს და აღიარონ თქვენი ინტელექტუალური უპირატესობა – ასეთ შემთხვევაში სრულიად კმაყოფილი დარჩებით.

მშვილდოსანი: დღეს თავდაჯერებულობა მოგაკლდებათ. მერყეობა მოგეძალებათ თითქმის ყველა საქმეში, რასაც ხელს მოჰკიდებთ. ეს, რა თქმა უნდა, თქვენს საქმიანობაზე კარგად არ აისახება. თუნდაც ყველაფერი თავისი რიგით მიდიოდეს, მაინც უამრავი ეჭვი გაგიჩნდებათ. ამის გამო შეიძლება საქმე დაყოვნდეს, შეფერხდეს. აუცილებელია, რომ დილიდანვე განეწყოთ აქტიურად, საქმიანად. ამისთვის საკმარისი იქნება დილის ვარჯიში და კონტრასტული შხაპის მიღება. ნახავთ, რომ ცხოვრებაში ახალი ნათელი ფერები შემოიჭრება და მერყეობა სადღაც გაქრება.

თხის რქა: დღეს გაქვთ შანსი, რომ რაღაც ახალი ვალდებულებები აიღოთ, რომლებიც კარგ პერსპექტივებს გპირდებათ. საუბარი შეიძლება იყოს ხელისა და გულის შემოთავაზებაზე, სამუშაოს ახალ მიმართულებაზე, კარიერაზე და ა.შ. თუ ასე არ მოხდა, შეიძლება ახალ იდეას ან ვითარებას „გადაეყაროთ“, რომელიც დროთა განმავლობაში ახალ სიმაღლეზე აგიყვანთ. ექსპერტები გირჩევენ, არ შეუშინდეთ ახალ ვალდებულებებსა და მოვალეობებს – ის საკმაოდ კარგ წარმატებებს მოგიტანთ.

მერწყული: დღეს, თუ მოინდომებთ, ნებისმიერ საუბარში შეძლებთ თქვენი ცოდნითა და გონებით გაბრწყინებას. ხართ ძალზე კომუნიკაბელური და გაქვთ უნარი, რომ თანამოსაუბრეს საკუთარი ერუდიცია ძალდაუტანებლად წარუდგინოთ. ეს დაგეხმარებათ სხვადასხვა პროექტის წარდგენაში, მოლაპარაკებების წარმოებაში და სხვ. ინტელექტუალურ ურთიერთობებში ტოლს ვერავინ დაგიდებთ. თქვენი ერუდიცია აქტუალური იქნება ყველაფერში, სიყვარულშიც კი.

თევზები: დღეს, შესაძლოა, საკუთარი სახლის ან რამე პირადი სივრცის – ავტომობილის, აგარაკის, სამუშაო ადგილის მოწყობის სურვილი გაგიჩნდეთ. ამასთან, ამ პროცესში სხვების ჩართვის სურვილიც გაიღვიძებს – თქვენი იდეები იმდენად „გლობალური“ იქნება, რომ მარტო ამას ვერ გაუმკლავდებით. თქვენს ახლობლებს გაუმართლებს, თუ მხოლოდ საფუძვლიანი დალაგებით შემოიფარგლებით. ისეთ განწყობაზე ხართ, რომ არაა გამორიცხული, კაპიტალური რემონტიც კი წამოიწყოთ.

0