თამბაქოს გამხმარი ფოთლები

მიმოხილვა: ამაზონიელი შამანი „მაესტრო ტაბაკერო“, თამბაქო და მეცნიერება

148
(განახლებულია 21:36 06.01.2021)
„გარდა თამბაქოსი, ადამიანებს კიდევ რამით მკურნალობთ?“ ― ჰკითხეს ერთ ამაზონელ შამანს სერიოზულმა თანამედროვე მედიკოსებმა. ვმკურნალობო, უპასუხა შამანმა, უბრალოდ თამბაქო ― ეს უშესანიშნავესი სამკურნალო მცენარეა ჩემს არსენალშიო.

დმიტრი კოსირევი

საუბარია მედიცინის ისტორიაში მკურნალობის მეთოდების პირველ კომპლექსურ კვლევაზე, რომლებსაც ამაზონიის ტომებში ყველაზე ცნობილი მკურნალი იყენებდა. ის 51 წლისაა. კვლევაში ის მოხსენიებულია არა სახელით, არამედ ტიტულით „მაესტო ტაბაკერო“. სიტყვა „ტაბაკეროსა“ და მის ანალოგებს ადგილობრივ ენებზე ერთადერთი მნიშვნელობა აქვს: მკურნალი. 

საუბარია ათასწლოვან სამედიცინო ტრადიციაზე, რომელიც ერთი ჯადოსნური მცენარის გარშემო ჩამოყალიბდა. გასაგებია, რომ თამბაქომ ამ ხნის განმავლობაში იქ უამრავზე უამრავი ადამიანი განკურნა. სხვათა შორის, მკვლევარები შენიშნავენ, რომ ესპანელმა კოლონიზატორებმა, რომლებმაც თამბაქო ევროპაში შეიტანეს მე-15 საუკუნის ბოლოს, კოლოსალური შეცდომა დაუშვეს: მათ ძალიან ცოტა იცოდნენ თამბაქოს სამკურნალო თვისებების შესახებ და ამიტომ მის ფოთლებს მხოლოდ მოსაწევად იყენებდნენ. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ევროპელმა მედიკოსებმა მაშინვე შენიშნეს თამბაქოს სამკურნალო თვისებები, განსაკუთრებით, მისი პოზიტიური გავლენა სუნთქვის ორგანოებზე.

ამაზონიელ შამანთან ხანგრძლივი საუბრებიდან გაირკვა, რომ ის სამკურნალოდ უფრო ხშირად თამბაქოს ნაყენს, გარკვეულ შემთხვევებში კი მალამოსა და კვამლსაც იყენებს. ნაყენი ორი სახისაა ― შინაგანი და გარეგანი. ტაბაკერო თავის ხელობაში უმთავრესად ზუსტ დოზირებას მიიჩნევს, რაც ნებისმიერი სამკურნალო თუ არცთუ სამკურნალო ნივთიერებების შემთხვევაშია მთავარი ― მცირე დოზებით ისინი სამკურნალოა, დიდით ― სახიფათოა სიცოცხლისათვის.

რას შველის თამბაქო: უპირველესად, „ჭკუის პრობლემებს“, რაც იქ ავი სულების გავლენის შედეგად მიიჩნევა, ჩვენთან კი ამას ფსიქიკური დაავადებები ჰქვია. ასეთი მდგომარეობის პრაქტიკულად სრული სპექტრი ― დაწყებული მსუბუქი დეპრესიებითა და აგრესიულობით, დასრულებული შეშლილობის შეტევებით (ეპილეფსია?) თამბაქოთი მკურნალობას ექვემდებარება.

შემდეგია სასუნთქი ორგანოების სხვადასხვა დაავადებები. ასეთ დროს რაღაც შემთხვევებში კვამლიც გამოიყენება სამკურნალოდ. რაც, სხვათა შორის, მოულოდნელად დადასტურდა ამ გაზაფხულზე, როდესაც კორონავირუსისგან ყველაზე დაცულ კატეგორიაში მწეველები აღმოჩნდნენ. ამ ისტორიას ახლა მთელი ძალებით ახშობენ, რათა მისი გავრცელება არ დაუშვან. მაგრამ ცოდნასა და ფაქტებს ერთი სასიამოვნო თვისება აქვს ― თავისი ცხოვრებით ცხოვრობენ, თანაც დიდხანს და ჯიუტად.

ჯანმრთელობის მტრების მესამე კატეგორია, რომლებიც თამბაქოს უფრთხიან ― ეს შინაგანი ორგანოებისა თუ კანის პარაზიტებია. შემდეგია პოდაგრა და კიდევ ბევრი სხვა ― ლამის ყველაფერი.

მკვლევართა ჯგუფი ― პროფესიონალი და, როგორც ჩანს, ძალიან მონდომებული ხალხი იყო. ეს მათი მუშაობის ორ თავისებურებაში გამოიხატა. პირველი ისაა, რომ ისინი კარგად მომზადებულები ჩავიდნენ ადგილზე და შემაჯამებელ დასკვნაში ტრადიციული (განსაკუთრებით, ამაზონიური) მედიცინის საიდუმლოებების თანამედროვე კვლევების სია გამოაქვეყნეს. მათი თქმით, მკურნალობის ეს მეთოდები დღეს ფსიქოლოგების, ფსიქოთერაპევტებისა და სხვა მომიჯნავე პროფესიების ადამიანთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. საქმე ისაა, რომ თანამედროვე ადამიანისთვის ფსიქოლოგიური პრობლემების ტვირთი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ხოლო მკურნალობის მეთოდები, განსაკუთრებით ფარმაცევტული, სულ უფრო მეტ კითხვას ბადებს.  

მკვლევართა მუშაობის მეორე თავისებურება ყველაზე საინტერესოა. კვლევის ტექსტში (და ასევე თანამედროვე სამედიცინო დოკუმენტებში მოყვანილ ბიბლიოგრაფიაში) გამუდმებით კრთის მოსაზრება: ჩვენ უკვე დიდი ხანია თავადაც ვხვდებოდით, რომ თამბაქო შესანიშნავი წამალია. ამასთან ჩვენი მოსაზრება საკმაოდ ზუსტად ემთხვევა ამაზონიურ სიბრძნეს. ჩვენ ამის შესახებ ვლაპარაკობდით: ალცჰაიმერი, პარკინსონი, წყლულოვანი კოლიტები, ართრიტები, კიდევ ბევრი სხვა...

საუბარია დოკუმენტის ფინალურ ნაწილზე სახელწოდებით „დისკუსია“. ავტორები ამ ნაწილში წერენ, რომ ნიკოტონი თამბაქოს ერთადერთი ღირებული კომპონენტი არ არის... და ამ თემაზე უამრავი თანამედროვე კვლევის ბმულები მოჰყავთ.  

შემდეგ: შამანი ხატოვნად აღწერს კავშირს ნაწლავების სისტემასა და თავის ტვინის ფუნქციებს შორის თამბაქოს ნაყენის მიღებისას. ეს კავშირი თანამედროვე მედიცინის რამდენიმე ნაშრომშიცაა გამოვლენილი. კიდევ: ტაბაკერო ამბობს, რომ ფილტვებით (და არა პირით) მიღებული თამბაქო ბევრად ეფექტურია ― ამაგრებს მათ და ასევე კარგად ზემოქმედებს არტერიულ წნევასა და გულის მდგომარეობაზე.

ახსენებს თუ არა მკვლევართა გუნდი იმას, რაც ევალებოდა ეთქვა ― რომ მოწევა მავნებელია? დიახ, მოკლედ ახსენებს, მაგრამ ისე, რომ ყველაფერი ნათელია. დაახლოებით ასე: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განმარტავს, რომ თამბაქო, ყველა სხვებს შორის, ყველაზე საშინელი საფრთხეა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ...

მოდით, შევაჯამოთ ეს ისტორია. მთავარი მასში ისაა, რომ ბოლო წლებში მედიცინა სულაც არ გაურბოდა თამბაქოს სხვადასხვა სახით გამოყენების მარგებლობის თემას. კვლევები გრძელდება. ის, რომ ამაზონიის ტომებისგანაც შეიძლება რაღაცის სწავლა ― შესანიშნავია, მაგრამ ამაზონიური სიბრძნე სხვა მკვლევართა სიბრძნის პარალელურად მიაბიჯებს და ტაბაკეროსთან ექსპედიციის წყალობით მედიცინის ეს ორი ტოტი კიდევ უფრო მჭიდროდ შეერწყმება ერთმანეთს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

148
ვაქცინა „ეპივაკკორონა“

რას უნდა ველოდოთ „ეპივაკკორონისგან“: ყველაფერი COVID-19-ის პეპტიდური ვაქცინის შესახებ

41
(განახლებულია 13:44 23.01.2021)
„პივაკკორონას“ ასპროცენტიანი იმუნოლოგიური ეფექტურობა აქვს, ირწმუნებიან მისი შემქმნელები ნოვოსიბირსკის ცენტრ „ცექტორიდან“.

ტატიანა პიჩუგინა

ეს სინთეტიკური პრეპარატია, რომელიც SARS-CoV-2-ის ცილა-საცეცის პატარა ფრაგმენტებისგან შედგება. ახლა ვაქცინას სამი ათასზე მეტ მოხალისეზე ცდიან. ამავდროულად ის სამოქალაქო ბრუნვაშიც გავიდა. აღინიშნება, რომ მას ძალიან ცოტა გვერდითი ეფექტი აქვს, ამიტომ ვაქცინა უფროსი ასაკის ადამიანებისთვისაცაა გამოსადეგი.

რისგან შედგება „ეპივაკკორონა?“

ვაქცინა SARS-CoV-2-ის ცილა-საცეცის სამი მოკლე ფრაგმენტისგან შედგება, რომლებიც მზიდავ ცილაზეა დამიზნებული. ამ ფრაგმენტებს პეპტიდები ეწოდება, აქედან წარმოდგემა ვაქცინის სახელი - პეპტიდური.

რომელი პეპტიდები შედის ვაქცინაში?

„ვექტორის“ განცხადებით, ვაქცინური პეპტიდები შეიცავს В-უჯრედულ ეპიტოპებს, Т-ჰელპერული ეპიტოპების წყარო მზიდავი ცილაა.

ცილა-საცეცი ეხმარება ვირუსულ ნაწილაკს, მიემაგროს ადამიანის უჯრედს და შეაღწიოს მის შიგნით. მრავალრიცხოვანი კვლევებით დადასტურებულია, რომ ეს საცეცები ორგანიზმის უფრო მეტ იმუნურ პასიხს იწვევს. ბიოლოგების ტერმინოლოგიით, ცილა-საცეცი — ეს ანტიგენია.

ამ ცილის მოლეკულა ძალიან დიდია და მასში განსაკუთრებული უბნები — ეპიტოპებია. მათ იმუნური სისტემის უჯრედები ამოიცნობს და ინფექციასთან ბრძოლის მექანიზმს ააქტიურებს.

„არსებობს В და Т ეპიტოპები. მათან პირველს ანტიგენური დეტერმინანტები ჰქვია. ეს არის ანტიგენის მოლეკულის უბნები, რომლებიც ანტისხეულებს უკავშირდებიან. მაგრამ მანამდე ეს უბნები В ლიმფოციტების რეცეპტორებს უკავშირდებიან და მათი პლაზმურ ჯრედებად გადაქცევის პროცესს იწყებენ, რომლებსაც ანტისხეულების გამომუშავების უნარი აქვთ“, — ამბობს პროფესორი ეკატერინა კოლესანოვა.

როგორ მუშაობს ვაქცინა?

აცრის შედეგად მზიდავი ცილა სამივე პეპტიდს ადამიანის В ლიმფოციტს აწვდის, ააქტიურებენ მას და დამცავი ანტისხეულების — იმუნოგლობულინების გამომუშავება იწყება.

„ვექტორში“ ადასტურებენ, რომ აცრის შედეგად წარმოქმნილი ანტისხეულები სპეციფიკურია კორონავირუსის ცილა-საცეცის მიმართ. იმუნოზირებული მოხალისეებისგან აღებული სისხლის შრატი ვირუსის გამანეიტრალებელ აქტიურობას ავლენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ანტისხეულებს არა მარტო კორონავირუსის ამოცნობის, არამედ მისი განადგურების უნარიც აქვს.

შეიცავს თუ არა „ეპივაკკორონა“ კორონავირუსს ან რომელიმე სხვა ვირუსს?

არანაირი ვირუსი და მათი ნაწილები მასში არ არის. ამით განსხვავდება ის „სპუტნიკ V-სგან“, რომელშიც ადენოვირუსები შედის. „ეპივაკკორონაში“ არ არის რნმ, დნმ, არანაირი ცოცხალი კომპონენტი, კონსერვანტები და ანტიბიოტიკები. შემადგენლობა დეტალურად არის აღწერილი „როსპოტრებნადზორის“ საიტზე და ასევე ვაქცინის ინსტრუქციაში, რომელიც ხელმისაწვდომია ინტერნეტში.

როგორ იქმნება პეპტიდური ვაქცინა?

ვაქცინა ეპივაკკორონა
photo : press-service of Russian Federal Service for Surveillance on Consumer Rights Protection and Human Wellbeing (Rospotrebnadzor)

პეპტიდების ქიმიური სინთეზით — ცალკეული ამინომჟავური ნარჩენების ჯაჭვის თანმიმდევრული ზრდის პროცესით.
აინთეტიკურ პეპტიდებს აერთიანებენ მზიდავ ცილასთან. ეს საჭიროა მდგრადი მოლეკულების მისაღებადაც. რაც უფრო მოკლეს პეპტიდი, მით მალე ირღვევა ისინი.

როგორ კეთდება აცრა?

ვაქცინა სუსპენზიის სახით გამოდის და ინექციით შეჰყავთ მხრის კუნთში. პეპტიდური პრეპარატები არ იძლევა იმუნიტეტის სწრაფ და მძლავრ პასუხს, ამიტომ „ეპივაკკორონა“ ორჯერ შეჰყავთ თანაბარი დოზებით 21 დღიანი შუალედით.

გვერდითი ეფექტები

I-II ფაზაში მონაწილე მოხალისეები ამბობდნენ, რომ ჰქონდათ მცირე ტკივილი ნანემსარზე, რომელიც მალე ქრებოდა. სხვა უსიამოვნო შეგრძნებები არ აღუწერიათ.

ვაქცინა „ეპივაკკორონა“
photo: press-service of Russian Federal Service for Surveillance on Consumer Rights Protection and Human Wellbeing (Rospotrebnadzor)

„ეპივაკკორონას“ არაოფიციალურ Telegram-არხზე, რომელიც პოსტრეგისტრაციული გამოცდების (მესამე ფაზა) მონაწილეებმა შექმნეს, მინიმალური გვერდითი ეფექტების შესახებ საუბრობენ: დისკომფორტი, ნანემსრის შეწითლება ერთი დღე-ღამის განმავლობაში, ძლიერი ტკივილი მხარში. მაღალი ტემპერატურა და სხეულში მტვრევა არავის გამოვლენია, ან აცრასთან მკისი კავშირი არ დადასტურებულა.

როგორია „ეპივაკკორონას“ ეფექტურობა?

„არსებობს იმუნოლოგიური და პროფილაქტიკური ეფექტურობა. პირველი — ეს სპეციფიკური ანტისხეულების გამომუშავებაა. კლინიკური გამოცდების I და II ფაზებისას სპეციფიკური ანტისხეულები ყველა მოხალისეს გამოუმუშავდა. პროფილაქტიკური ეფექტურობა — ეს აცრილების დაავადებისგან დაცვაა. კვლევები პოსტრეგისტრაციული გამოცდების მსვლელობისას გრძელდება, მონაცემები თებერვალში გვექნება“, — აცხადებენ „როსპოტრებნადზორის“ პრესსამსახურში.

როგორ შეიძლება თავად შევამოწმოთ ვაქცინის მოქმედება?

უნდა გაიკეთოთ სისხლის ანალიზი კორონავირუსის S-ცილის მიმართ IgG-ის კლასის ანტისხეულებზე არა უადრეს 35-42 დღისა ვაქცინის პირველი დოზის შეყვანიდან. მაგრამ ყველა ტესტ-სისტემა ვერ ხედავს „ეპივაკკორონას“ მიერ გამომუშავებულ ანტისხეულებს.

„როპოტრებნადზორში“ აცხადებენ, რომ ამისთვის მხოლოდ ტესტ-სისტემა SARS-CoV-2-IgG-ვექტორია გამოსადეგი.

გარდა ამისა, ვაქცინის შემქმნელების თქმით, „ეპივაკკორონას“ მიერ გამომუშავებულ ანტისხეულებს კარგად „ხედავს“ ფირმა Biopharmaceuticals-ის მიერ წარმოებული რეკომბინირებული ცილა S1.

მესამე ფაზის მონაწილე მოხალისეების დაკვირვებით, რომლებმაც საკუთარი ნებით ჩააბარეს ტესტები, IgG-ანტისხეულები სამს აღმოაჩნდა. პირველი ვაქცინა მათ გასული წლის დეკემბერში მიიღეს.

კიდევ ვინ ქმნის პეპტიდურ ვაქცინებს კორონავირუსის წინააღმდეგ?

პეპტიდური ვაქცინები მთელ მსოფლიოში ექსპერიმენტულ სტადიაზეა. მათი შექმნა და შემოწმება დიდ შრომას მოითხოვს, ამიტომაც ჩამორჩებიან ისინი Mრნმ, ვექტორულ და ინაქტივირებულ ვაქცინებს.

ჯანმოს სიაში 19 იანვრისთვის, „ეპივაკკორონას“ გარდა, კიდევ ორი პეპტიდური ვაქცინა-კანდიდატი იყო. მათ ადამიანებზე ცდიან.
მულტიპეპტიდურ კოქტეილს pVAC-SARS-CoV-2-ს, რომელიც ტიუბინგენის (გერმანია) უნივერსიტეტში შეიქმნა, ახლა გამოცდების პირველ ფაზას გადის.

პრეპარატი UB-612, რომელიც ტაივანურმა კომპანია United Biomedical Inc., Asia-მ შექმნა ამერიკულ COVAXX-თან ერთად, გამოცდების II-III ფაზაზეა.

41
თემები:
რუსეთი დღეს
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

რას უნდა ველოდოთ ქართული სპორტისგან: 2021 სპორტული მოვლენებით აღსავსე წელი

196
(განახლებულია 17:39 22.01.2021)
გულშემატკივრები ტოკიოში ქართველი ოლიმპიელების გამოსვლას ელოდებიან. საინტერესო წელი იქნება ქართული რაგბისთვისაც. პარალელურად ფეხბურთელები განაწყენებული ქომაგის გულის მოგებას კიდევ ერთხელ შეეცდებიან.

მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო გადაიდო ან სულაც ჩაიშალა 2020 წელს დაგეგმილი უამრავი სპორტული ღონისძიება. გულშემატკივართათვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო გასულ წელს დაგეგმილი ოლიმპიური თამაშებისა და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის გადადება. კორონავირუსთან ვაქცინაციით დაწყებულ ბრძოლას მსოფლიო საზოგადოება იმედის თვალით შეჰყურებს, რაც ჩვენც იმედს გვაძლევს, რომ 2021 წელი სპორტული თვალსაზრისით ბევრად საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება.

იმედიანად არის განწყობილი ქართველი ქომაგიც, რადგან ქართულ სპორტს საინტერესო წელი ელოდება და ფედერაციები გარკვეულ სახეობებში მსოფლიო ტურნირებზე უმაღლესი სინჯის მედლების მოპოვებას გეგმავენ.

მიმდინარე წლის მთავარი მოვლენა, რა თქმა უნდა, ტოკიოს ოლიმპიური თამაშებია, რომელიც შარშან უნდა გამართულიყო. ოლიმპიადის ლიცენზიები ქართველი სპორტსმენების ნაწილს უკვე მოპოვებული აქვს, დანარჩენები კი ოლიმპიადამდე დაგეგმილ ტურნირებზე იბრძოლებენ ლიცენზიების მოსაპოვებლად. რთული წელი ექნებათ ქართველ ფეხბურთელებს, რომლებმაც ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალში განცდილი მარცხით გულშემატკივრებს გული დასწყვიტეს. საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის მუნდიალისთვის შესარჩევ ეტაპს გაივლის, სადაც უძლიერეს მეტოქეებთან მოუწევს გაჯიბრება. რაც შეეხება კალათბურთელთა ეროვნულ გუნდს, ისინი ევრობასკეტის ბოლო საკვალიფიკაციო ფანჯრის (ბაბლის) მასპინძლები იქნებიან. მოუთმენლად ველით UFC-ში ჩვენი მებრძოლების გამოსვლებსაც, მიუხედავად პანდემიისა, მათ 2020-ში უამრავი სიხარული გვაჩუქეს. ასევე წინ გველის ძიუდოში თბილისის გრანდ-სლემი და უამრავი სხვა სპორტული ღონისძიება.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება

იაპონიის დედაქალაქმა ზაფხულის 32-ე ოლიმპიურ თამაშებს, რომელშიც 200-ზე მეტი ქვეყნის 12,5 ათასზე მეტი სპორტსმენის გამოსვლას ელოდებიან, ერთი წლის დაგვიანებით - 2021 წლის ზაფხულში უნდა უმასპინძლოს.

ოლიმპიადის ხსენებაზე ქართველ გულშემატკივარს პირველი ალბათ ლაშა ტალახაძე გაახსენდება. ჩვენი გოლიათის მარცხს სხვა ქვეყნის სპორტის ქომაგები და წარმომადგენლებიც კი არ განიხილავენ და მით უფრო მის გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება ქართველ ქომაგს. ტალახაძის უსაზღვრო შესაძლებლობებიდან და არაამქვეყნიური ძალიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ერთი ოლიმპიური ოქროს იმედი ამ სახეობაში ნამდვილად უნდა ჰქონდეს. თუმცა ბოლო ხანს, ტალახაძის გარდა, არაერთმა ქართველმა ძალოსანმა მიაღწია წარმატებას საერთაშორისო ტურნირებზე და არ არის გამორიცხული, ფედერაციას კიდევ ჰქონდეს დაგეგმილი ოლიმპიური მედლები.

ტრადიციულად საქართველოს მედლების მოპოვების დიდი შანსი ექნება საჭიდაო სპორტის სახეობებში. საინტერესო იქნება ქართველი ძიუდოისტების ასპარეზობა, სადაც უამრავი ახალი სახე გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ წელი წარმატებით დაიწყეს ტატო გრიგალაშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა, რომლებმაც დოჰას მასტერსზე გამოსვლა ოქროს მედლებით დაასრულეს. არ უნდა დაგვავიწყდეს თავისუფალი სტილით ჭიდაობა, სადაც ყველაზე მეტად გენო პეტრიაშვილის იმედი გვაქვს.

რა თქმა უნდა, ცალკე უნდა აღინიშნოს მსოფლიო სპორტში ისეთი ფენომენალური მოვლენა, როგორიც ჩვენი მსროლელი ნინო სალუქვაძეა, რომელიც თავის მე-9 (!) ოლიმპიადაზე მიდის. წარმატებები ვუსურვოთ ნინოს და იმედი ვიქონიოთ, რომ მასთან ერთად ქართველი სპორტსმენები სპორტის სხვა სახეობებშიც მოუტანენ ქვეყანას ჯილდოებს.

დიდი იმედგაცრუების შემდეგ საფეხბურთო ნაკრები მუნდიალის შესარჩევისთვის ემზადება

კარგი იქნება, თუ კორონავირუსთან და მასთან დაკავშირებულ პრობლემებთან ერთად დავიწყებას მიეცემა 2020 წლის ქართული ფეხბურთის წარუმატებლობაც. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო მარცხის შემდეგ ბევრმა ადამიანმა კიდევ ერთხელ აიცრუა გული ქართულ ფეხბურთზე.

საქართველოს ეროვნული ნაკრები წელს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპში ჩაერთვება. მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ქართველ ფეხბურთელებს ნამდვილად რთული გზა აქვთ გასავლელი. ჩვენი ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან ერთად მოხვდა.

მუნდიალის შესარჩევზე საქართველო პირველ შეხვედრას 2021 წლის 25 მარტს სტუმრად გამართავს შვედეთის წინააღმდეგ, 11 ნოემბერს კი საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში კვლავ შვედებთან მოგვიწევს დაპირისპირება.

ნაკრების სხვა პრობლემებს ახლა ისიც დაემატა, რომ სლოვაკი სპეციალისტის ვლადიმერ ვაისის წასვლის შემდეგ ფედერაცია ისევ ნაკრების ახალი მწვრთნელის ძიებაშია.

არ უნდა დაგვავიწყდეს ქართული კლუბებიც. ევროსარბიელზე, მსგავსად წინა სეზონებისა, კვლავ ოთხი გუნდი იასპარეზებს. ეროვნული ლიგის ჩემპიონი თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს, ხოლო ბათუმის „დინამო“, გორის „დილა“ და „გაგრა“ (თასის გამარჯვებული) უეფას ახალ საკლუბო ტურნირზე – კონფერენს ლიგაზე გასვლას შეეცდებიან.

ქართველი მორაგბეებისთვის წელი რუსეთთან შეხვედრით იწყება

„ბორჯღალოსნები“ 2021 წლის პირველ შეხვვედრას რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან 6 თებერვალს გამართავენ. მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო თვალსაზრისით ჩვენი ნაკრებისთვის აღნიშნული შეხვედრა არაფერს წყვეტს, მაყურებელი ქართველ მორაგბეთა მატჩებს ყოველთვის სულმოუთქმელად ელოდება. „დათვებს“ ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე უნდა შევხვედროდით, თუმცა ამ შემთხვევაშიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეხვედრა გადაიდო.

შემდეგ კი ლევან მაისაშვილის შეგირდებს წინ რაგბი ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი ელით, რომელიც მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპიცაა. საუბარია ასევე ზაფხულში გასამართ ტესტ-მატჩებზე, რომლებიც "ბორჯღალოსნებმა" შესაძლოა არგენტინისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ გამართონ.

კალათბურთელები ევრობასკეტისთვის გახურდებიან

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები წელს ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის ბოლო ოთხ შეხვედრას, ე.წ. „ბაბლს“ უმასპინძლებს. 2021 წლის თებერვალში ჩვენი ნაკრები ჯერ სერბეთის დამარცხებას შეეცდება, შემდეგ კი ფინეთის ნაკრებს შეხვდება.

ილიას ზუროსის შეგირდებმა „ბაბლის“ პრინციპით ფინეთში გამართულ ნოემბრის ფანჯარაში წარმატებულად იასპარეზეს. ქართველმა კალათბურთელებმა მასპინძელ ფინეთთან გამარჯვების შემდეგ შვეიცარიაც დაამარცხეს და ჯგუფში ლიდერობა შეინარჩუნეს.

საქართველო ევრობასკეტი-2022-ის ერთ-ერთი მასპინძელია და ფინალურ ეტაპზე თამაში გარანტირებული აქვს. მიუხედავად ამისა, ქართველ კალათბურთელებს თავი არ დაუზოგავთ და შესარჩევი ეტაპის აქამდე გამართული ყველა მატჩი მოიგეს, თანაც უმეტესი მათგანი – სერიოზული საკადრო დანაკლისების პირობებში. მეორე მხრივ, ძირითადი შემადგენლობის დანაკლისმა გამოავლინა პერსპექტიული ახალგაზრდები, რომლებიც ნაკრებს მომავალში უდავოდ გამოადგებიან.

2021 წლის ზაფხულში საქართველო 20 წლამდე კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონსაც მიიღებს.

შერეულ ორთაბრძოლებში ქართველი სპორტსმენები თანდათან სახელს იხვეჭენ

ბოლო პერიოდში საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, შერეული ორთაბრძოლები პოპულარული გახდა. ჩვენი განსაკუთრებული ინტერესი UFC-სკენ არის მიმართული, სადაც ექვსი ქართველი სპორტსმენი გამოდის.

ლიანა ჯოჯუა, მერაბ დვალიშვილი, გიგა ჭიკაძე, რომან დოლიძე, ილია თოფურია და გურამ ქუთათელაძე – ეს იმ მებრძოლთა ჩამონათვალია, რომლებმაც გასულ წელს თავი ყველაზე მეტად დაგვამახსოვრეს, და არ არის გამორიცხული, რომ ქართველ მონაწილეთა რიცხვი მიმდინარე სეზონისთვის კიდევ გაიზარდოს.

აღნიშნული ექვსი მებრძოლისგან 2021 წელს ქართველი გულშემატკივარი მაქსიმალურ თავდადებასა და წარმატებებს ელოდება. UFC-ში ქართველთა მომავალი მეტოქეების ვინაობა წლის განმავლობაში ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

ასე რომ, წელს საინტერესო სპორტული 2021 გველოდება, წარმატებების იმედით დაველოდოთ წლის ბოლოს შეჯამებას.

 

196
საქალაქო ტრანსპორტი

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის წინააღმდეგ აქციები გაიმართება

0
(განახლებულია 10:17 24.01.2021)
ერთ-ერთი მათგანი, სოციალურ ქსელებში ღონისძიების ანონსის მიხედვით, დღეს 15:00 საათზე გაიმართება, მეორე უფრო მასშტაბური აქცია - ორშაბათს

თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. თბილისში უახლოეს დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტზე აკრძალვის გახანგრძლივების წინააღმდეგ რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში 28 ნოემბრიდან არ მუშაობს და მთავრობის გადაწყვეტილებით მუშაობას განაახლებს 1 მარტის შემდეგ, და არა 1 თებერვალს, როგორც ეს ადრე იგეგმებოდა.

ერთ-ერთი საპროტესტო აქცია კვირას მთავრობის კანცელარიასთან არის დაგეგმილი. ღონისძიების ანონსში Facebook-ი სოციალურ ქსელში თითქმის 1500-მა ადამიანმა განაცხადა, რომ აქციას დაესწრება, ხოლო კიდევ 10 ათასი დაინტერესებულია.

ღონისძიების ორგანიზატორია სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ჩოგოვაძე.

„ხმას არავინ იღებს და ამათი (მთავრობის - რედ.) საქციელი უკონტროლო გახდა“, - დაწერა მან ღონისძიების ანონსში.

კიდევ უფრო მასშტაბური აქცია კანცელარიასთან ორშაბათს გაიმართება. ის ორგანიზაცია „მწვანეების“ მიერ არის დაგეგმილი და ღონისძიებაზე მისვლას 4,3 ათასი აპირებს, ხოლო დაინტერესებულია 17,9 ათასი ადამიანი.

„რადგან კერძო ავტომობილებისა და ტაქსების მოძრაობა დაშვებულია, ამასთან მოლებისა და სავაჭრო ცენტრების გახსნა ნება დართული გახდა. ეს ყველაფერი იძულებულს ხდის ადამიანს, რომ გამოიყენოს კერძო ავტომობილი, რაც ზრდის ქალაქში ავტომობილების რაოდენობას, შედეგად კი ვიღებთ საცობებს, ხმაურსა და კიდევ უფრო მეტად დაბინძურებულ ქალაქს. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ყველას არ ჰყავს ავტომობილი და არ აქვს იმის შესაძლებლობა რომ ტაქსებით იაროს, რაც პირდაპირ უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს ამ ადამიანებს, რომლებიც, რეალურად, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობაა“, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

აღნიშნულ აქციას უერთდება პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და მისი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც კოვიდ-შეზღუდვებს მათი დაწესების დროიდან აპროტესტებს.

სოციალური ქსელების რეაქცია

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის გადავადებამ სოციალურ ქსელებში მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია. ბევრმა მომხდარს განუკითხაობა უწოდა, ზოგიერთს ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ტაქსის კომპანიებთან „შეკრულია“, სხვები კი წერენ, რომ „რა საჭიროა სავაჭრო ცენტრების გახსნა, როდესაც იქამდე მისვლა არ შეგვიძლია?“

რისთვის არის საჭირო შეზღუდვები

საქართველოში კოვიდ-სტატისტიკის მიხედვით, თბილისი ინფიცირებულთა რაოდენობით კვლავ ლიდერია.

ეპიდემიოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ტრანსპორტის გაჩერება მოსახლეობის მობილობას და ადამიანებს შორის კონტაქტებს ამცირებს, რაც ინფიცირების შანს ნაკლებს ხდის.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა ანალიზის მიხედვით, დღეისათვის კორონავირუსთან ყველაზე ეფექტური ბრძოლის მიხედვით, ასევე შემზღუდავი ზომების სიმკაცრით საქართველო მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნების პირველ ათეულში შედის.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 23 იანვრის მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ მიაღწია 252 972-ს, საიდანაც გამოჯანმრთელდა 240 629 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა – 3 038.

0